გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1503100-9002926796
№ 3/17-19
gadawyvetileba
saqarTvelos saxeliT
28 მაისი, 2019 wელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან
მოსარჩელე: ა--- გ----------ნ;
წარმომადგენლები: ნ----------------ძე, ს---------------ნი;
მოპასუხე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლა;
წარმომადგენლები: ხ----------------ნ, შორენა აკოფაშვილი (დირექტორი);
მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”;
წარმომადგენელი: პ-–---------------–--ლი;
დავის საგანი: სწავლის ფაქტის აღიარება;
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებული იქნას ა--- გ----------ნის (დაბადებული: 1-.0-.1--- წ.) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლაში, 1983 -1994 წლებში სწავლის ფაქტი, კერძოდ კი ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის სრული საფეხურის დასრულების ფაქტი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 1983 წელს ა--- გ----------ნი შევიდა სასწავლებლად სსიპ ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლაში და 1994 წელს დაამთავრა ამავე სკოლის მე-11 კლასი, სადაც მის სახელზე გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი. ა--- გ----------ნმა გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ატესტატი და მისი დუბლიკატის მისაღებად მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც მას უპასუხეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ა--- გ----------ნის მიმართ ვერ ხერხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლის მიერ 2----–-–------------ს გაცემული ცნობის (M-----------------) მიხედვით, სკოლის დამთავრების შესახებ არანაირი დოკუმენტაცია არაა შენახული, შესაბამისად არ დასტურდება ა--- გ----------ნის მიერ 1994 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი.
თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ ცნო სარჩელი.
2.1. მესამე პირმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ: ა--- გ----------ნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე. ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მოქალაქე ა--- გ----------ნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2----–-–--------------------- წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქალაქ ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა--- გ----------ნი ჩაირიცხა ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ის საშუალო სკოლაში 1983 წელს, 1983 -1984 წლების დაკომპლექტების შესახებ აღნიშნული სკოლის დირექტორის ბრძანების შესაბამისად.
სკოლაში ჩარიცხვის ფაქტი ასევე დასტურდება სკოლის 1980 -1986 წლების ანბანური წიგნის ჩანაწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ის საშუალო სკოლის დირექტორის 20.08.1983წ. ბრძანება N3 (ს.ფ. 12-13);
- სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2----–-–------------ის #M---------------- წერილი (ს.ფ. 14);
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების (თანაკლასელების ვოსკეჰატ არაქელიანის და ვაჩიკ არაქელიანის, მასწავლებლების ისკუი ელიაზიანის, ნარგიზ ხანიკიანის) ჩვენებებით დადგენილია, რომ ა--- გ----------ნი 1983 -1994 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ის საშუალო სკოლა და ჩაბარებული აქვს გამოცდები.
თანაკლასელების ჩვენებით მთელმა კლასმა მიიღო ატესტატი.
ა--- გ----------ნის მიერ 1994 წელს აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის დამთავრების ფაქტი, ასევე დასტურდება 1993-1994 სასწავლო წლის მე-11 კლასის საბოლოო შეფასების უწყისებით (ორივე სემესტრის), სადაც მე-16 სტრიქონში მითითებულია ა--- ა-----ის ასული გ----------ნ, ძალიან კარგი ნიშნებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღნიშნული მოწმეების ჩვენებები (იხ. 28.05.2019წ. სხდომის ოქმი);
- აღნიშნული უწყისები (ს.ფ. 17, 20);
3.3. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმეების დაკითხვის და სკოლაში დაცული უწყისების და 20.08.1983წ. ბრძანების გამოკვლევის შემდეგ მოპასუხემ და მესამე პირმა ცნეს სარჩელი.
ამასთან დადგენლია, რომ იმ დროს სრული საშუალო (ზოგადი) განათლების საფეხურისათვის გათვალისწინებული იყო თერთმეტი კლასის სწავლება, შესაბამისად 1983 სასაწავლო წელს საშუალო სკოლაში ჩარიცხვა და 1994 წელს მე-11 კლასის დამთავრება თანაბარია ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის სრული საფეხურის დასრულებასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 28.05.2019წ. სხდომის ოქმი);
- მოწმეების ჩვენებები (იხ. 28.05.2019წ. სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-2 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას-განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლის და მესამე პირის წარმომადგენლებმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლო მთავარ სხდომაზე ცნეს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია - შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ ა--- გ----------ნის (დაბადებული: 1-.0-.1--- წ.) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საშუალო სკოლაში, 1983 -1994 წლებში სწავლის ფაქტი, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, ა--- გ----------ნის (დაბადებული: 1-.0-.1--- წ.) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლაში (ყოფილი საშუალო სკოლაში), 1983 -1994 წლებში სწავლის ფაქტი, კერძოდ, რომ იგი ჩაირიცხა აღნიშნულ სკოლაში 1983 წელს და 1994 წელს დაამთავრა ამავე სკოლის მე-11 კლასი.
ამასთან, შექმნილ ბიუროკრატიულ ვითარებაში - სკოლაში და არქივში (საინფორმაციო ბაზაში) არ არის შენახული სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოსარჩელემ მიიღო უარი შესაბამისი ორგანოებიდან - მოთხოვნილი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში აღიარებითი სარჩელის შეტანის გზით.
6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული სრული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-2 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი სწავლის ფაქტი ნიშნავს ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტს.
6.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; ასევე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი - 50 ლარი.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა--- გ----------ნის სარჩელი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ა--- გ----------ნის (დაბადებული: 1-.0-.1--- წ.,) მიერ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ----–-ის საჯარო სკოლაში, 1983 -1994 წლებში სწავლის ფაქტი, კერძოდ კი ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის სრული საფეხურის დასრულების ფაქტი;
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ.მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: არარატ ესოიან