გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/37050-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს ,,მი--------------------ი“
წარმომადგენელი - ნო-------------–--ე
მოპასუხე - ბე---------------ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბე---------------ს სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 3 398.94 ლარის, სარგებლის - 2 221.68 ლარისა და პირგასამტეხლოს - 750 ლარის გადახდა.
1.2. ბე---------------ს სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარისა და აღნიშნული გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 11 აგვისტოს შპს ,,მი--------------------სა“ და ბე---------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმებითაც მოსარჩელემ მოპასუხეს 5.3% სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 3511 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 221 ლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ფო-–------------–ფი.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 3 თვის გადასახადი გადახდილია სრულად და ჯეროვნად. რაც შეეხება მეოთხე თვის გადასახადს (11.12.2017წ.), ნაცვლად 221 ლარისა გადახდილი აქვს 185 ლარი, რითაც სრულად გაიქვითა დეკემბრის სარგებელი 181.06 ლარი და 3.94 ლარით შემცირდა ძირი თანხა. მე-5 თვის (11.01.2018წ.) და მომდევნო თვეების გადასახადი მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:
სესხი - 3398.94 ლარი;
სარგებელი - 2018 წლის 11 იანვრისა და ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვისათვის დარჩენილი ნაწილის 5.3%, რაც შეადგენს 180.14 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისათვის გასულია სრული 12 თვე (11.01.2018წ. და ყოველი მომდევნო თვე 11.12.2018წ.-ის ჩათვლით) და 10 კალენდარული დღე (11.12.2018წ.-დან), დარიცხული სარგებელი შეადგენს - 2221.68 ლარს (180.14*12 + 10 დღის სარგებელი 60 ლარი);
პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 11 დეკემბრიდან დღემდე გასულია 375 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 750 ლარს.
არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, თუმცა ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 12.12.2018წ. მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და მოეთხოვა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
ამას გარდა, ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონით დადგენილი წესით 08.09.2018წ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 11.09.2018წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა, თუმცა ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა. მოსარჩელის ვარაუდით, შესაძლოა გირავნობის საგანი აღარც არსებობდეს - იყოს დაშლილი ან განადგურებული. სააღსრულებო წარმოებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა შესაბამისი ხარჯი - 150 ლარის ოდენობით.
შპს „მი--------------------მა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს „მი--------------------ს“.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო მხოლოდ ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 აგვისტოს შპს ,,მი--------------------სა“ და ბე---------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №T----------. ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზის მაქსიმალურ მოცულობად განისაზღვრა - 4 400 ლარი.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საკრედიტო შეთანხმებით.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვარისა (სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-სა).
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება, რომლითაც ბე---------------ს თვეში 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 3511 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ბე---------------ის კუთვნილი ავტომობილი - ფო-–------------–ფ IV 2.0.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-11.08.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-25);
- საკრედიტო შეთანხმება (იხ. ს.ფ. 26-27);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ბე---------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მი--------------------ს“ შორის 11.08.2017წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან სრულად და ჯეროვნად გადაიხადა გრაფიკით განსაზღვრული სამი თვის გადასახდელი თანხა. რაც შეეხება მეოთხე თვის გადასახადს, ნაცვლად 221 ლარისა გადაიხადა 185 ლარი, ხოლო აღნიშნულის შემდგომ მსესხებელს აღარ განუხორციელებია გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 28);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 2018 წლის 07 მარტს მსესხებელს ბე---------------ს ელექტრონული ფორმით გაეგზავნა შეტყობინება შპს „მი--------------------ის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ან/და მოსარჩელისათვის გირავნობის საგნის, ავტომობილის - ფო-–------------–ფ IV 2.0., მფლობელობაში გადაცემის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება (იხ. ს.ფ. 30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. მოსარჩელის განმარტებით შპს „მი--------------------სა“ და ბე---------------ს შორის 11.08.2017წ. დადებული ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 25 დეკემბერს, სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.5. 2018 წლის 08 სექტემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - ფო-–------------–ფ IV 2.0., გაიცა გირავნობის მოწმობა №0-----. შპს „მი--------------------ის“ მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 30);
- საგადახდო დავალება (იხ. ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. 08.09.2018წ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 14 სექტემბერს შპს „მი--------------------სა“ და კერძო აღმასრულებელს - გი---------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მომსახურების საფასურად განისაზღვრა - 100 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „მი--------------------ის“ მიერ.
არსებული მდგომარეობით, დაგირავებული ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-14.09.2018წ. ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 37-39);
- საგადახდო დავალება (იხ. ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. 2018 წლის 12 დეკემბერს მსესხებელს ბე---------------ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, მისთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. ბე---------------ის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 41-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. 2018 წლის 21 დეკემბერს შპს „მი--------------------ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 11.08.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 11.08.2017წ. გაცემული საკრედიტო შეთანხმებიდან გამომდინარე, ბე---------------ს შპს „მი--------------------ის“ მიმართ, 2018 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ძირი თანხა: 3 398.94 ლარი;
დარიცხული სარგებელი: 2 221.68 ლარი;
პირგასამტეხლო: 750 ლარი;
სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 44);
3.1.9. შპს „მი--------------------მა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს „მი--------------------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 46-48, იხ. 16.05.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „მი--------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 11.08.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაცემული საკრედიტო შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3 398.94 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „მი--------------------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს შპს ,,მი--------------------სა“ (დღეის მდგომარეობით, შეცვლილი აქვს სამართლებრივი ფორმა და წარმოადგენს სს „მი--------------------ს“) და ბე---------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება, რომლითაც ბე---------------ს თვეში 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 3511 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეულ ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვარისა (სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-სა). სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ბე---------------ის კუთვნილი ავტომობილი - ფო-–------------–ფ IV 2.0.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მი--------------------ს“ შორის 11.08.2017წ. დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან სრულად და ჯეროვნად გადაიხადა გრაფიკით განსაზღვრული სამი თვის გადასახდელი თანხა. რაც შეეხება მეოთხე თვის გადასახადს, ნაცვლად 221 ლარისა გადაიხადა 185 ლარი, ხოლო აღნიშნულის შემდგომ მსესხებელს აღარ განუხორციელებია გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3 398.94 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წლის 11 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 5.3%-ის ოდენობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10.3. მუხლი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოთ აღნიშნული.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5.3%-ის ოდენობით. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხეც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად. მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 63.6%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის 2017 წლის 11 აგვისტოს დადებული საკრედიტო შეთანხმების დებულება (მე-3 პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. იხ. სუსგ. საქმე №663-629-2015, 28.07.2015წ.).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია წლიური 18%. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთად უნდა განისაზღვროს ძირითადი თანხის წლიური 18% (ყოველთვიური 1,5%), რის გათვალისწინებითაც ბე---------------ს სს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად - 101.71 ლარის გადახდა, მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი 4 თვის საპროცენტო საგებლის გათვალისწინებთ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
11.08.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 3.4. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში, თითოეულ ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვარისა (სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-სა). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „მი--------------------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 750 ლარისა.
6.6. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე, ასევე ითხოვს მოპასუხისათვის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის დაკისრებას.
დადგენილია, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 08 სექტემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - ფო-–------------–ფ IV 2.0., გაიცა გირავნობის მოწმობა. მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარის ოდენობით.
მხარეთა შორის 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მსესხებელს / დამგირავებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის, ჯამში - 150 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 196 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, სს „მი--------------------ს“, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხა - 3398.94 ლარი), უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 101.97 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „მი--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ბე---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 16.55 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „მი--------------------ის“ სარჩელი ბე---------------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ბე---------------ს მოსარჩელე სს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3800.65 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3398.94 ლარი, პროცენტი - 101.71 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი.
1.2. მოპასუხე ბე---------------ს მოსარჩელე სს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილის გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ბე---------------ს მოსარჩელე სს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 16.55 ლარის გადახდა.
3. სს „მი--------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 196 ლარიდან - 101.97 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1---------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე