გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2019
საქმის ნომერი
080210018002295982
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210018002295982

№2/388-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

 

მოსარჩელე - მუ------ მდ-------ე;

წარმომადგენელი - კა------ ცი------ე;

 

მოპასუხე - შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”;

წარმომადგენელი - კ--- კუ---–-–---–ი;

 

დავის საგანი - საოჯახო საფლავზე პასპორტის გაცემა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”-ს დაევალოს, რომ მოსარჩელე მუ------ მდ-------ის სახელზე გასცეს მისი კუთვნილი საოჯახო საფლავის პასპორტი.

მოსარჩელის განმარტებით, მუ------ მდ-------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს თე-------–ის სოფელ ღვ------ში, 1978 წელს მას გარდაეცვალა მამა ი----ე მდ-------ე, ხოლო 1979 წელს გარდაიცვალა ბებია ლ---ა მდ-------ე, რომლებიც დასაფლავებული არიან ღვ------ში ძირითადი ოჯახის სასაფლაოზე, სადაც ასევე დასაფლავებულია მუ------ მდ-------ის დედა ეკ-------ნე მდ-------ე. მუ----- მდ-------ეს ბებიას ლ---ა მდ-------ეს ჰყავდა ძმა ბი----- უ-------–იძე, რომელიც ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში და ვინაიდან თავისი ოჯახი არ ჰყავდა, ძირითადად პატრონობდა და ლ---ა, ასევე დისშვილი ი----ე მდ-------ე. 1962 წელს გარდაიცვალა ბი----- უ-------–იძე, რომელიც დასაფლავებულია ქალაქ ქუთაისში, ს-------ის სასაფლაოზე. მის საფლავს პატრონობდნენ და უვლიდნენ და ლ---ა მდ-------ე და დისშვილი ი----ე მდ-------ე. 2017 წლის ივლისის თვეში მუ----- მდ-------ემ განცხადებით მიმართა შპს „ქა-------–----------–---ი 2011“-ს საფლავის პასპორტის მის სახელზე გაცემის მოთხოვნით, რაზეც იმავე წლის 14 ივლისს მიიღო უარი, იმ საფუძვლიდან გამომდინარე, რომ ვერ ხდებოდა საფლავში დაკრძალული პირის იდენტიფიცირება და მისი ნათესაური კავშირის დადგენა განმცხადებელთან, შესაბამისად საფლავის მფლობელის იდენტიფიცირება.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”-ს დაევალოს, მუ----- მდ-------ის სახელზე გასცეს საფლავის პასპორტი, ქ. ქუთაისში ს-------ის სასაფლაოზე მდებარე ბი----- უ-------–იძის საფლავზე, შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”-ის მენეჯერის მიერ შედგენილი საფლავის სქემატური ნახაზის მიხედვით (რეგისტრაციის N21-2).

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის გაცემა არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე საფლავის პასპორტი გაიცემა მხოლოდ საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს სათანადო დოკუმენტების არსებობას, რომლითაც დასტურდება რომ ამა თუ იმ კონკრეტული საფლავის მფლობელი არის ესა თუ ის პირი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვერც საარქივო მასალებით და ვერც მოსარჩელის მიერ შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011-ში’’ წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება, რომ მოსარჩელე ნამდვილად არის მითითებული საფლავის მფლობელი. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ საფლავის პასპორტის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ჭირისუფალს. წარმოდგენილი მასალებით კი ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის სადავო საფლავში დაკრძალულ პირთა ჭირისუფალი, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მუ------ მდ-------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს თე-------–ის სოფელ ღვ------ში, 1978 წელს მას გარდაეცვალა მამა ი----ე მდ-------ე, ხოლო 1979 წელს გარდაიცვალა ბებია ლ---ა მდ-------ე, რომლებიც დასაფლავებული არიან ღვ------ში ძირითადი ოჯახის სასაფლაოზე, სადაც ასევე დასაფლავებულია მუ------ მდ-------ის დედა ეკ-------ნე მდ-------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. 2017 წლის ივლისის თვეში მუ----- მდ-------ემ განცხადებით მიმართა შპს „ქა-------–----------–---ი 2011“-ს საფლავის პასპორტის მის სახელზე გაცემის მოთხოვნით, რაზეც იმავე წლის 14 ივლისს მიიღო უარი, იმ საფუძვლიდან გამომდინარე, რომ ვერ ხდებოდა საფლავში დაკრძალული პირის იდენტიფიცირება და მისი ნათესაური კავშირის დადგენა განმცხადებელთან, შესაბამისად საფლავის მფლობელის იდენტიფიცირება. თუმცა, მოგვიანებით შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011’’-ის მენეჯერმა შეადგინა საფლავის სქემატური ნახაზი, რომლითაც საფლავის იდენტიფიცირების პრობლემა მოიხსნა და დადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ საფლავში ნამდვილად დაკრძალულია ბი----- უ-------–იძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011’’-ის დირექტორის წერილი (ს.ფ. 11);

- სქემატური ნახაზი (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის სადავო საკითხია, ითვლება თუ არა მოსარჩელე მუ------ მდ-------ე გარდაცვლილი ბი----- უ-------–იძის ნათესავად და ხომ არ აქვს პრეტენზია საფლავის პასპორტის მიღებაზე სხვა მემკვიდრეებს. თე-------–ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, დადასტურდა, რომ 1979 წლის 08 იანვარს გარდაცვლილი ლ---ა მდ-------ე იყო მუ----- მდ-------ის ბებია, ხოლო 1962 წლის 15 მაისს გარდაცვლილი ბი----- უ-------–იძე იყო მუ----- მდ-------ის ბებიის ლ---ა მდ-------ის ძმა. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა თ--- კუ--–-–ვილის და ც----ა ვ-------აძის ჩვენებებით დადასტურდა, რომ ბი----- უ-------–იძეს არ ჰყოლია მეუღლე და შვილები, არც სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები. ასევე მოწმეებმა განმარტეს, რომ ბი----- უ-------–იძის საფლავს პატრონობდა ჯერ მისი და ლ---ა მდ-------ე, შემდეგ შვილი ი----ე მდ-------ე და შვილიშვილი მუ----- მდ-------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბი----- უ-------–იძის, ლ---ა მდ-------ის და ი----ე მდ-------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 12, 13, 14);

- მუ------ ნადირაძის დაბადების მოწმობა (ს.ფ.15) ;

- თე-------–ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17- 18);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეების თ--- კუ--–-–ვილისა და ც----ა ვ-------აძის ჩვენებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილება.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასების დროს, გამოყენებული უნდა იქნეს ,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული წესები.

 

აღნიშნული წესების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის გაცემა არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ. ამავე წესების მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს.

 

ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესების თანახმად, სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენს შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’’.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბი----- უ-------–იძის საფლავს დღემდე უვლის და პატრონობს მოსარჩელე მუ----- მდ-------ე და აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაემტკიცებინა, რომ ბი----- უ-------–იძის საფლავს დღემდე უვლის და პატრონობს, მის გარდა აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს. თავის მხრივ მოპასუხემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა და დაემტკიცებინა სარჩელის უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯს, მოსარჩელემ არ მოითხოვა მისი მოპასუხეზე დაკისრება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244ე, 247-250-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მუ----- მდ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”-ს დაევალოს, მუ----- მდ-------ის სახელზე გასცეს საფლავის პასპორტი, ქ. ქუთაისში ს-------ის სასაფლაოზე მდებარე ბი----- უ-------–იძის საფლავზე, შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011”-ის მენეჯერის მიერ შედგენილი საფლავის სქემატური ნახაზის მიხედვით (რეგისტრაციის N21-2).

3. შპს ,,ქა-------–----------–---ი 2011’’-ს მოსარჩელე მუ----- მდ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე