გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-2/153-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ნ-----–--------–-–---–ი;
წარმომადგენელი: ა---------–-----–--–---–ი;
მოპასუხე - უ----–---------ე, პა--–----------–---–ი;
წარმომადგენელი - ე--------------–--ე;
დავის საგანი: უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის სანაცვლოდ მისი ღირებულების დაკისრება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე უ----–---------ესა და პა--–----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ნ-----–--------–-–---–ის სასარგებლოდ, ნათხოვარი 8000 ლიტრი ტევადობის ავზის ძირითადი ღირებულების 2400 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე უ----–---------ესა და პა--–----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ნ-----–--------–-–---–ის სასარგებლოდ, 2016 წლის 8 მარტის შემდგომი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის 2800 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის მეუღლემ, ი----------–--–-–---–მა უ----–---------ეს 1998 წლის ნოემბრის თვეში ათხოვა 8000 ლიტრი ტევადობის საკვები დანიშნულების მქონე ღვინის ავზი. თხოვების დროს ნივთის უკან დაბრუნების დრო არ განსაზღვრულა.
2016 წლის 15 მარტს ი----------–--–-–---–მა გადაწყვიტა ნივთის გაყიდვა, რის გამოც დაუკავშირდა უ----–---------ეს და მოსთხოვა ცისტერნის უკან დაბრუნება რაზეც უ----–---------ეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ი----------–--–-–---–მა ცისტერნის ტრანსპორტირებისათვის უზრუნველყო სათანადო ტექნიკის მიყვანა მის ადგილსამყოფელზე, მაგრამ მისი გადატანა იმ დროისათვის ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ცისტერნა მოქცეული იყო მყარი კედლების ფარგლებში და შენობას ესაჭიროებოდა რეკონსტრუქცია, შესაბამისად, ტვირთის ტრანსპორტირება გადაიდო გარკვეული ვადით. 2017 წლის 20 ოქტომბერს ი----------–--–-–---–ი გარდაიცვალა. მისი სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლემ ნ-----–--------–-–---–მა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ უ----–---------ემ მისი კუთვნილი ცისტერნა გადასცა პა--–----------–---–ს, რომელმაც შეუცვალა მას დანიშნულება და ამჟამად მოიხმარს საწვავის ჩასასხმელად. ნ-----–--------–-–---–მა მოსთხოვა უ----–---------ეს ნივთის უკან დაბრუნება, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ვინაიდან, ნივთს ამჟამად შეცვლილი აქვს დანიშნულება და მოსარჩელე მას ვეღარ გამოიყენებს ღვინის ჩასასხმელად, იგი ითხოვს, რომ მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად ავზის ღირებულების 2400 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით ცისტერნა ესაჭიროება მის ოჯახს რადგან გააგრძელოს საოჯახო ბიზნესი, რაც დაკავშირებული იყო ღვინის რეალიზაციასთან, შესაბამისად, იმის გამო, რომ მის კუთვნილ ნივთს ვერ მოიხმარს ადგება ზიანა ყოველდღიურად 75 ლარის ოდენობით ბოლო 36 თვის განმავლობაში, რაც შეადგენს 2800 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ უ----–---------ემ და ი----------–--–-–---–ისაგან დაახლოებით 1998 წელს მართლაც ითხოვა 8 ტონის ტევადობის ღვინის ავზი. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ი----------–--–-–---–ს ჰქონდა უ----–---------ის ვალი, კერძოდ 20 ტონა ცემენტისა და სხვა სამშენებლო მასალის ღირებულება, 2010 წელს ი----------–--–-–---–მა განუცხადა, რომ ვერ ასრულებდა მის მიმართ არსებულ ვალდებულებას და სანაცვლოდ დაუტოვებდა ნათხოვარ რეზერვუარს. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ი----------–--–-–---–ისგან წარსულში ნათხოვარი 8 ტონის ტევადობის რეზერვუარი უ----–---------ემ ნამდვილად გადასცა პა--–----------–---–ს, რომელიც მოიხმარს საწვავის რეზერვუარად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-----–--------–-–---–ი არის ი----------–--–-–---–ის მეუღლე. ი----------–--–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 20 ოქტომბერს. ნ-----–--------–-–---–ი ცნობილ იქნა ი----------–--–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო ი----------–--–-–---–ის კუთვნილი ქონება სრულად - აქტივები და პასივები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობა გაცემული 2018 წლის 02 ნოემბერს (იხ. ს.ფ.44-46 );
3.1.2. უ----–---------ემ ი----------–--–-–---–ისაგან 1998 წელს ითხოვა 8 ტონის ტევადობის ემალირებული ლითონის ავზი. ნივთის უკან დაბრუნების დროზე მხარეები არ შეთანხმებულან. უ----–---------ემ ავზი გადასცა პა--–----------–---–ს საწვავის რეზერვუარად გამოყენების მიზნით, შედეგად ნივთს შეეცვალა დანიშნულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ს.ფ.2-21; 59-69;78-85. );
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ინდივიდუალური აუდიტორის მიერ 2018 წლის 10 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, 8 ტონის ტევადობის ემალირებული ავზის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 10 დეკემბრის მდგომაეობით შეადგენს 2400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დამოუკიდებელი აუდიტორი დასკვნა 10.12.2018 წ. (იხ. ს.ფ.48 )
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე , 365-ე, 615-616-ე, 618-ე, 621-ე, 409-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-131-ე მუხლების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან, მოსარჩელის მეუღლემ მოპასუხე უ----–---------ეს 1998 წელში ათხოვა ღვინის ავზი. მას თავის სიცოცხლეში ავზის უკან დაბრუნება არ მოუთხოვია. შესაბამისად, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმის განხილვით დადგენილია, რომ უ----–---------ემ განუსაზღვრელი ვადით ითხოვა მოსარჩელის მეუღლისაგან ღვინის ავზი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 621-ე მუხლის თანახმად, თუთხოვების ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. შესაბამისად, ი----------–--–-–---–ს ჰქონდა უფლება ნებისმიერ დროს მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება, რის გამოც ასეთი მოთხოვნა შესაძლოა ვერასდროს გახდეს ხანდაზმული. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ მოსარჩელის განმარტებას, რომ მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო ავზის თხოვების შესახებ და მას შემდეგ, როგორც მემკვიდრეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, მაშინ, მითითებული დროიდან არ არის გასული სამი წელი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
მოცემულ კონრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე და მოპასუხე უ----–---------ე იმყოფებიან ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის. ხოლო, 616-ე მუხლის მიხედვით, გამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის.
ამავე კოდექსის 618-ე მუხლის თანახმად, მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე.
ამავე კოდექსის 621-ე მუხლის თანახმად, მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან.
ხოლო, 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე უ----–---------ეს შორის შედგა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა, რომლის თანახმადაც, უ----–---------ემ საკუთრებაში მიიღო ი----------–--–-–---–ისაგან 8 ტონის ტევადობის ავზი, ხოლო სანაცვლოდ უ----–---------ემ უარი თქვა მისთვის 20 ტონა ცემენტის ღირებულებისა და სხვა საშენი მასალების (ხელსაწყოების) ღირებულების მოთხოვნაზე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელემ სადავოდ გახადა, მოპასუხე მხარემ კი ვერ შეძლო რაიმე უტყუარი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, ისინი ადასტურებენ მხოლოდ უ----–---------ის მიერ ი----------–--–-–---–ისათვის დაახლოებით 20 ტონა ცემენტის გადაცემის ფაქტს დაახლოებით 1991 წელს. მათთვის უცნობია ამ ტვირთის სანაცვლოდ მოხდა თუ არა უ----–---------ესა და ი----------–--–-–---–ს შორის ანგარიშსწორება რაიმე ფორმით.
სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, მოპასუხე უ----–---------ის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას არანაირი ვალდებულება არ აკისრია ნ-----–--------–-–---–ის მიმართ ვინაიდან, მასსა და ი----------–--–-–---–ს შორის დიდი ხნის წინ შეწყდა ვალდებულებითი ურთიერთობა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით.
პირველ რიგში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ს რაიმე ვალდებულების შესრულება აკისრია უ----–---------ის მიმართ. ამასთან, თუ მოპასუხე მხარეს სურდა სასამართლოს ემსჯელა მოსარჩელის ვალდებულებებზე მოპასუხე უ----–---------ის მიმართ, მაშინ მას შეგებებული სარჩელი უნდა წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის შესაბამისად.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე უ----–---------ემ 1998 წელს ი----------–--–-–---–ისაგან ითხოვა 8 ტონის ტევადობის ღვინის ავზი. მხარეებმა ნივთის დაბრუნებისათვის ვადა არ გაითვალისწინეს. დადგენილია, რომ ი----------–--–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები) მიიღო მისმა მეუღლემ ნ-----–--------–-–---–მა, შესაბამისად, მასზე გადავიდა განათხოვრებული ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ განათხოვრებული ნივთი უ----–---------ემ (გაურკევეველი უფლებამოსილებით) სარგებლობაში გადასცა პა--–----------–---–ს საწვავის შესანახად, რის გამოც ნივთს შეეცვალა დანიშნულება, იგი ფაქტიურად გაუარგისდა პირვანდელი დანიშნულებით გამოსაყენებლად. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა უ----–---------ე ნათხოვარ ნივთს არ უბრუნებს მესაკუთრეს.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნივთს შეცვლილი აქვს მიზნობრიობა და ნაცვლად საკვები დანიშნულების ავზისა ახლა წარმოადგენს საწვავის შესანახ რეზერვუარს, შესაბამისად, სახეზეა ვითარება, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებალია და მოსარჩელეს უნდა მიეცეს ავზის ღირებულების ოდენობის ფულადი ანაზღაურება 2400 ლარის ოდენობით. რომელიც უნდა გადახდეს უ----–---------ეს, ვიანიდან, იგი იმყოფებოდა ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში ჯერ ი----------–--–-–---–თან, ხოლო შემდეგ ნ-----–--------–-–---–თან. შესაბამისად, მოპასუხეთათვის ავზის ღირებულების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მართალია მოპასუხე მხარემ სადავო გახადა ავზის ღირებულება, მაგრამ საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო ნივთი შეფასებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და სასამართლოს მის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უ----–---------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2400 ლარის გადახდა.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო მიუთითებს, რომ მის მიერ ასევე ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ღვინის ავზის ფლობით მოსარჩელეს ადგება ზიანი. მოსარჩელის მითითებით იგი ეწევა ღვინის რეალიზაციას, რაც არ დასტურდება მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით. გაურკვეველია რა გაანგარიშების შედეგად დაასკვნა მოსარჩელე მხარემ, რომ მისთვის მიყენებული ზიანი ყოველდღიურად შეადგენს 75 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე უ----–---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2400 ლარის ანაზრაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 156 ლარიდან 72 ლარი დაეკისროს უ----–---------ეს, ხოლო 84 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების შესახებ სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს შესაძლებელია დაეკისროს მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ ნ---------–--–-–---–მა გადაიხადა, ხოლო წარმომადგენელმა ა---------–-----–--–---–მა მიიღო საადვოკატო მომსახურების თანხა 500 ლარი. თანხა არ არის გადახდილი უშუალოდ მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, სასამართლო ვერ ჩათვლის, რომ თუ სალაროს შემოსავლის ორდერში დაფიქსირებული თანხა სწორედ განსახილველ საქმეში სამართლებრივი მომსახურების საფასურს წარმოადგენს, ნამდვილად გაიღო მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–მა. შესაბამისად, საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდა ვერ დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე უ----–---------ეს (პ/ნ3----------) მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2400 ლარის გადახდა.
სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარისათვის მოთხოვნის სოლიდარულად დაკისრებისა და ზიანის 2800 ლარის დაკისრების ნაწილში.
3. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 156 ლარიდან მოპასუხე უ----–---------ეს მოსარჩელე ნ-----–--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 72 ლარის გადახდა.
ხოლო, 84 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი