გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017001709152
N2-136/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 მარტი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ალ--------------ვი, ვი-----------------ვი
ალ--------------ვის კანონიერი წარმომადგენლები - ვი---–---------------ვა, ვი-----------------ვი
წარმომადგენელი - ალ----------------ია
მოპასუხე - ირ---–------–------ძე, ლა----------–------ძე, ავ--------–-----–------ძე
წარმომადგენელი - პაატა ბოლქვაძე
დავის საგანი - დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა: (დაზუსტებული სასარჩელო განცხადება - 02/05/2017წ.)
1.1. მოპასუხეებს ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალ--------------ვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, გაწეული ხარჯების გადახდა 9192.28 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეებს ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალ--------------ვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება 16300 აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხეებს ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ვი-----------------ვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მიუღებელი შემოსავალი 14583 აშშ დოლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხეებს ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალ--------------ვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სარჩოს გადახდა 300 ლარის ოდენობით;
1.5. მოპასუხეებს ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალ--------------ვის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
2. მხარეთა პოზიცია:
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:
2016-–-–---------------ს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მოსარჩელე ალ--------------ვს თვალი დაუზიანა თანაკლასელმა, მოპასუხე ირ---–------–------ძემ. მიღებული დაზიანების გამო ალ--------------ვმა ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში. მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის მიზნით მოსარჩელემ და მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა მიმართეს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებს. მოსარჩელეს ოთხჯერ გაუკეთდა ოპერაცია, მათ შორის, ერთი ბათუმში, ხოლო სამი-თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპზონში. მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების მიერ გაღებული იქნა მნიშვნელოვანი ხარჯები.
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ალ--------------ვს მარჯვენა თვალში, მიყენებული დაზიანების გამო, აქვს 10 %-იანი მხედველობა და გაქცეული აქვს თვალი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას ესაჭიროება რქოვანას გადანერგვის ოპერაცია.
მიღებული დაზიანების გამო, არასრულწლოვანი განიცდის მორალურ ტრავმას, არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა რქოვანას გადანერგვის ოპერაცია, მისი მხედველობა დაზიანებულ თვალში მხოლოდ 30 %-მდე აღდგება. ამდენად, არსებობს საშიშროება, რომ ალ--------------ვს შრომისუნარიანობა ნაწილობრივ დაკარგული ექნება.
ალ--------------ვის მამა, ვი-----------------ვი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნაოსნობაში. იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტი და დაბრუნებულიყო. აღნიშნულის აუცილებლობა გამოწვეული იყო არა მხოლოდ შვილის დახმარების სურვილით, არამედ აუცილებლობით, ვინაიდან საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის ალ--------------ვს ჭირდებოდა ორივე მშობლის თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა მიუღებელი შემოსავალი, რომელიც გამოწვეული იქნა ვი-----------------ვის მიერ შრომითი კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტით.
მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის მიყენებაში ირაკლი სემიონოვის ბრალეულობა. მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ (იხ. სხდომის ოქმი:12/02/2019წ. 13:14 სთ), 4348.75 აშშ დოლარის ნაწილში, რაც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენს საავადმყოფოს, სასტუმროს და მანქანის დაზღვევის ხარჯებს.
მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარმოადგინეს სხვა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში. კერძოდ, არ ცნობენ სარჩელს რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო ხარჯის დაკისრების ნაწილში. წარმოდგენილ შესაგებელსა და ახსნა-განმარტებაში მხარე აღნიშნავს, რომ ოპერაციის აუცილებლობა არაა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ოპერაციული ჩარევა, ექსპერტის განმარტებით, უკავშირდება კონკრეტულ გარემოებას, რქოვანას შეხორცებას, ამდენად, გაურკვეველია როდის დადგება ეს მომენტი და დადგება თუ არა საერთოდ. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ ვი-----------------ვის მიერ ვადაზე ადრე კონტრაქტის შეწყვეტა არაა კავშირში ზიანთან და არ უნდა იქნეს განხილული როგორც მიუღებელი შემოსავალი. ასევე, არ ეთანხმება სარჩელს შრომისუუნარობის დაკარგვის გამო სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არასრულწლოვან ალ--------------ვს (დაბ.-----–-–----------------–ს), 2016-–-–---------------ს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, თანაკლასელმა, არასრულწლოვანმა ირ---–------–------ძემ საწერი კალმით დაზიანება მიაყენა მარჯვენა თვალში.
შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად (N23360, გაცემის თარიღი: 07/12/2016წ. მკურნალი ექიმი: სუ-–------------------ვი), პაციენტ ალ--------------ვს დაუდგინდა: SO5.3 თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალშიდა ქსოვილის გადმოვარდნის ან დაკარგვის გარეშე, თანმხლები დაავადება: H26.1 ტრავმული კატარაქტა. ჩაუტარდა ოპერაციები: CCSF რქოვანაზე ან სკლერაზე პერფორაციული ტრავმის დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს (ტ I, ს.ფ.52)
3.1.2. თურქეთის რესპუბლიკის კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობით (გაცემის თარიღი: 2---------წ.) ალ--------------ვს 13/12/2016წ. გაუკეთდა ექსტრაქცია და შემდეგ ინტრაოკულარული ლინზის ჩასმა, გაუკეთდა ვიქტრექტომია, გასუფთავდა მინისებული სხეული ჰემორაგიისაგან ინტრაოპერაციული ლაზერის საშუალებით. ამავე ცნობით 3-4 თვის შემდეგ დაინერგა რქოვანას ნაკერების ამოღება, ხოლო შემდგომ მოგვიანებით ეტაპზე უნდა მოხდეს რქოვანას შეფასება, შემდგომი ჩარევებისათვის.
შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად (გაცემის თარიღი: 0---------–. მკურნალი ექიმი: სუ-–------------------ვი) ალ--------------ვის დიაგნოზია: მარჯვენა თვალის კაკლის ტრამვის შემდგომი პერიოდი, ფსევდოფაკია, რქოვანის პოსტრამვული ნაწიბური Z96.1 H17.0. ამავე ცნობით პაციენტი მხედველობის გაუმჯობესებისათვის საჭიროებს ოპერაციას მარჯვენა თვალის რქოვანის გამჭოლი გადანერგვა.
თურქეთის რესპუბლიკის კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობით (გაცემის თარიღი: 25/01/2017წ) ალ--------------ვს აღენიშნება მხედველობა თვალში 0.2, რქოვანაზე აღენიშნება ნაკერები, გამოკვლევისას ბადურის ყვითელ ლაქაზე, ზედა არეში აღენიშნება პათოლოგია 2 მმ ფარგლებში.
თურქეთის რესპუბლიკის კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ქირურგიული ჩარევის ამონაწერით (გაცემის თარიღი:21/04/2017წ) ალ--------------ვს გაუკეთდა ვიტრექტომია. ამავე სამედიცინო დაწესებულების ცნობით (27/03/2017წ) ალ--------------ვის მხედველობის ხარისხი დაზიანებულ თვალში შეადგენს 0.15, ხოლო 2----–-–------------–ის ინფორმაციით დაზიანებული რქოვანას ზედაპირი არარეგულარულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა (ტ II, ს.ფ.21-25)
-ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს (ტ II, ს.ფ.19-20)
-კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიული ჩარევის ამონაწერი(ტ II, ს.ფ.26-30)
-კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თვალის სერვისის ცნობა (ტ II, ს.ფ.31-37)
-კარადენიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიული ჩარევის ამონაწერი და ცნობები(ტ II, ს.ფ.214-228)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ--------------ვის მკურნალობის, მათ შორის საავადმყოფოში მოთავსების, ოპერაციული ჩარევის, კონსულტაციის, ანალიზების და მედიკამენტების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 7690.13 აშშ დოლარი და 1318.5 ლარი.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკურნალობასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების კალკულაციაა: მედიკამენტები და სამედიცინო მასალები - 808.5 ლირა (231 აშშ დოლარი), საავადმყოფოს ხარჯი და სისხლის ანალიზების ხარჯი -20335 ლირა (5810 აშშ დოლარი), არასრულწლოვანი ალ--------------ვის თანმხლების პირების სასტუმროში განთავსების ხარჯი - 4673 ლირა (1335.14 აშშ დოლარი), ტაქსით გადაადგილების ხარჯი - 254 ლირა (72.57 აშშ დოლარი), საწვავისა და პარკირების ღირებულება - 625 ლირა (178.57 აშშ დოლარი), დაზღვევის თანხა -220 ლირა (62.85 აშშ დოლარი), ჯამში: 7690.13 აშშ დოლარი. საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯებია: შპს „ბათუმის კლინიკური საავადმყოფოს მომსახურება - 85 ლარი, დოკუმენტების თარგმანი - 928 ლარი, საწვავი- 255 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადება- 50.5 ლარი, ჯამში: 1318.5 ლარი. წარმოდგენილი ცნობით 1 აშშ დოლარის ღირებულება თურქულ ლირასთნ, ხარჯების გაწევის მომენტისათვის შეადგენდა 3.5-ს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ--------------ვის თანმხლები პირების მიერ გაწეული კვების ხარჯი ზიანის მიმყენებლის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული. ასეთი ხარჯის გაწევა დაკავშირებულია ადამიანის ყოველდღიურ ყოფასთან. კვებისათვის პირი ხარჯს სწევს მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და რა მიზნით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვი-----------------ვმა 2016 წლის 6 დეკემბერს შეწყვიტა შრომითი კონტრაქტი დამსაქმებელთან ნავთობმზიდ ტანკერ „E--”-ზე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ვი-----------------ვის პოზიციას შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის გამო მისაღები ხელფასის, როგორც ზიანის, მოპასუხე ირ---–------–------ძეზე დაკისრების შესახებ.
სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ვი-----------------ვს ობიექტურად ჰქონდა კონტრაქტის შეწყვეტისა და გემის დატოვების საფუძველი, შვილის მდგომარეობის გამო, თუმცა, მიზეზი რომელსაც უთითებს მოსარჩელე მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მშობლის თანხმობის გარეშე საზღვარზე არასრულწლოვანი ალ--------------ვის გადაყვანა ვერ მოხდებოდა. სასამართლოს აზრით, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით შესაძლებელი იყო ასეთი თანხმობის გაცემა დისტანციურად, მით უფრო რომ შრომითი კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი იყო თვენახევარი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ვი-----------------ვის მიერ კონტრაქტის გაწყვეტით მიუღებელი ხელფასი ვერ ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მედიკამენტები და სამედიცინო მასალები (ტ II ს.ფ.214-228)
-საავადმყოფოს ხარჯი და სისხლის ანალიზების ხარჯი (ტ II ს.ფ. 82-84, 88-90, 229-231)
-სასტუმროში განთავსების ხარჯი (ტ II ს.ფ.53-55, 77-81, 170-172, 232-234,235-237,238-240)
-ტაქსით გადაადგილების ხარჯი (ტ II ს.ფ. 91-104)
-საწვავისა და პარკირების ღირებულება (ტ II ს.ფ.91-94, 134, 164,241-242, 260-261)
-დაზღვევა (ტ II ს.ფ. 264-266)
-შპს „ბათუმის კლინიკური საავადმყოფოს მომსახურება (ტ II ს.ფ.133,135)
-საწვავი (ტ II ს.ფ. 267)
-ვალუტის გაცვლის ამონაწერი (ტ II ს.ფ.41-42)
-ამონაწერი (ტ II ს.ფ. 129-132)
-ხელშეკრულება მეზღვაურის დასაქმების შესახებ (ტ II ს.ფ. 114-122)
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ--------------ვს თვალის დაზიანების შედეგად ესაჭიროება რქოვანას ტრანსპლანტაცია.
შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად (გაცემის თარიღი: 0---------–. მკურნალი ექიმი: სუ-–------------------ვი) ალ--------------ვის დიაგნოზია: მარჯვენა თვალის კაკლის ტრამვის შემდგომი პერიოდი, ფსევდოფაკია, რქოვანის პოსტრამვული ნაწიბური Z96.1 H17.0. ამავე ცნობით პაციენტი მხედველობის გაუმჯობესებისათვის საჭიროებს ოპერაციას მარჯვენა თვალის რქოვანის გამჭოლი გადანერგვა.
მოწმე სუ-–------------------ვმა (მკურნალი ექიმი) განმარტა, რომ თავდაპირველად დღის წესრიგში იყო არა მხედველობის, არამედ თვალის შენარჩუნება. სამი დღის ვადაში გაკეთდა მეორე ოპერაცია, გაწეული კონსულტაციის შედეგად დადგინდა, რომ მხედველობის სიმახვილე დაზიანებულ თვალში 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობის არის 8-10%, შეინიშნება პოსტრამვული ნაწიბური რქოვანაზე, რომელიც ხელს უშლის მხედველობას, და მხედველობის გასაუმჯობესებლად საჭიროა რქოვანას გადანერგვა, რაც გამოიწვევს არა მხედველობის სრულ აღდგენას, არამედ გაუმჯობესებას. გუგა დაზიანებულია, ვერ სუნთქავს, დარჩა ნაწიბური. მხედველობის სიმახვილე ძალიან დაბალია, უნდა იყოს 100%, აქ არის 8-10%. შეიძლება რქოვანას გადანერგვის ოპერაციით გაიზარდოს 30-40%-მდე, რაც სამუშაო მხედველობაა. ამჟამად, არაა სამუშაო მხედველობა, თუ ასე დავტოვებთ ალ--------------ვი ელამი დარჩება. ვიზუალურად ემჩნევა კონტაქტისას რქოვანაზე თეთრი ნაწიბური, თვალი სამჯერ ნაოპერაციებია. ოპერაცია ჭირდება, რათა თვალი კიდევ უფრო არ გაიქცეს და არ ჩამოყალიბდეს სიელმე. თუმცა, ეს ოპერაცია მხოლოდ გააუმჯობესებს და საბოლოოდ არ აღადგენს მხედველობას. აღნიშნული ოპერაცია ბათუმში არ კეთდება, თბილისში კეთდება, თუმცა, ძალიან ძვირია და შესაძლებელია მოჰყვეს გართულებები. თურქეთის რესპუბლიკაში კეთდება მაღალ დონეზე. ოპერცია რაც უფრო ადრე გაკეთდება უკეთესია, თუმცა, სასწრაფო არაა.
თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის მედიპოლი მეგა ჰოსპიტალის მიერ გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ოპერაციის ღირებულება შეადგენს 16300 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმე სუ-–------------------ვის ჩვენება (29.06.2018წ.)
-შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს (ტ.II ს.ფ.19-20)
-თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის მედიპოლი მეგა ჰოსპიტალის ცნობა (ტ.II ს.ფ.175-178)
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ--------------ვის შრომისუნარიანობა მოცემული მომენტისათვის შემცირებულია 30%-ით.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, კითხვაზე რა სიმძიმისაა ალ--------------ვისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება და დაზიანების სიმძიმის და ხასიათიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ალ--------------ვს წაერთვა თუ არა შრომის უნარი ან თუ შეუმცირდა იგი, გაცემულია შემდეგი პასუხი: ალ--------------ვს 2016-–-–---------------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის ნაფლეთი ჭრილობა, თვალის კაკლის ტრავმა, მარჯვენა თვალის კაკლის ტრავმის შემდგომი პერიოდი, მიდრიაზი ფსევდოფაკია, რქოვანის პოსტტრავმული ნაწიბური, მარჯვენა თვალის მხედველობის სიმახვილე 0.08, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს საერთო შრომის უნარის 30%-ით დაკარგვის ნიშნით.
ექსპერტებმა ღუ--------------–---–მა განმარტა, რომ ექსპერტიზისათვის დამტკიცებული მეთოდიკა 8-10 %-იანი თვალის სიმახვილის შემთხვევაში შრომისუნარიანობის შემცირებას ითვალისწინებს 30%-ით და წარმოადგენს შრომისუნარიანობის მყარ დაკარგვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნა (ტ.I ს.ფ.317-322)
-ექსპერტ ღუ--------------–---–ის ჩვენება (18.10.2018წ.)
3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ--------------ვმა მიიღო მორალური ტრავმა მიყენებული დაზიანების შედეგად.
დადგენილია, რომ არასრულწლოვან ასაკში თანაკლასელის მიერ გასროლილი კალმის დაზიანების შედეგად მოსარჩელემ მარჯვენა თვალის არეში მიიღო იმდაგვარი დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის მოშლა. ვიზუალურად თვალის გუგა დეფორმირებულია, მას ემჩნევა ოპერაციის კვალი. დაზიანების შედეგად მოსარჩელეს დასჭირდა სამი ურთულესი ოპერაცია, არაერთი კონსულტაცია და სამედიცინო მანიპულაცია, რის გამოც, მისი ასაკიდან გამომდინარე, ჩამოშორდა სასწავლო პროცესს, თანატოლებთან ურთიერთობას, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რიტმს. დადგენილია, რომ რქოვანას ტრანსპლანტაცია მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მის მხედველობას და მხედველობა დაზიანებულ თვალში სრულფასოვნად არასდროს აღუდგება. კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით ალ--------------ვმა განიცადა მძიმე სტრესი. დადგენილია, რომ მას ესაჭიროება კიდევ ერთი სერიოზული ოპერაცია, რომ მისი მხედველობა გაუმჯობესდეს, რაც ასევე მღელვარებასთან და სულიერ განცდებთან არის დაკავშირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
-მოწმე სუ-–------------------ვის ჩვენება (29.06.2018წ.)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუცია, ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას.
დელიქტურ სამართალში გამოიყენება ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრინციპი, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის თავისი ბრალეულობის არარსებობას ვერ დაამტკიცებს. მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული პრინციპის გათვალისწინებით, დელიქტიდან გამომდინარე დავებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ზიანის არსებობის ფაქტის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ხოლო მოპასუხის პროცესუალური ვალდებულება მოიცავს მის ქმედებაში ბრალის არარსებობის დადასტურებას.
მოცემულ შემთხვევაში, ალ--------------ვის სარჩელის მატერიალური საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლიდან, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არც შესაგებლით და არც საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ირ---–------–------ძის კანონიერ წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ ზიანის მიყენებაში ირ---–------–------ძის ბრალი. სადავო არც ის გარემოება გამხდარა, ესმოდა თუ არა მას თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ზიანის განმაპირობებელი ქმედება მომდინარეობდა თუ არა ზიანის მიმყენებლის კონტროლის სფეროდან.
ამდენად, სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანი ვერ გახდება მოპასუხის ბრალეულობა ზიანის განმაპირობებელ გარემოებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ირ---–------–------ძის ბრალეულობა ალ--------------ვის სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში პრეზუმირებულია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით.
დადგენილია, რომ არასრულწლოვან ალ--------------ვს (დაბ.-----–-–----------------–ს), 2016-–-–---------------ს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში თანაკლასელმა, ასევე, არასრულწლოვანმა ირ---–------–------ძემ საწერი კალმით მძიმე დაზიანება მიაყენა მარჯვენა თვალში. მიყენებული ზიანის შედეგად ალ--------------ვს დაუდგინდა: SO5.3 თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალშიდა ქსოვილის გადმოვარდნის ან დაკარგვის გარეშე, თანმხლები დაავადება: H26.1 ტრავმული კატარაქტა. ჩაუტარდა ოპერაციები: CCSF რქოვანაზე ან სკლერაზე პერფორაციული ტრავმის დროს. ამრიგად, უდავოდ დადგენილია ზიანის არსებობა და მისი მიმყენებელი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას), შესაძლებელია გახდეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველი.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მითითებული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების სუბიექტს და მიუთითებს, რომ ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სპეციალურ სუბიექტს განსაზღვრავს 994-ე მუხლის მესამე ნაწილი - ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.
დადგენილია, რომ ირ---–------–------ძემ უნდა აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მისი ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა დაზარალებულს. ამასთან, მითითებული მუხლი განსაზღვრავს კანონიერი წარმომადგენლების ქონებრივ პასუხისმგებლობასაც 10 წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანისათვის, იმ შემთხვევაში თუ ამ პირს არ აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ კანონიერი წარმომადგენლებიც დაასახელა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებად, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მესამე ნაწილისა. მათ კვალიფიციური შედავება აღნიშნული მოთხოვნის გასაქარწყლებლად არ წარმოუდგენიათ, რითაც დადგინდებოდა ირ---–------–------ძის ქონებრივი მდგომარეობა, ან შემოსავალი ზიანის ასანაზღაურებლად. ამდენად, მოპასუხემ მხარემ განკარგა მისი პროცესუალური შესაძლებლობა გაექარწყლებინა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე დამატებითი პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ.
დადგენილია, რომ ალ--------------ვის მკურნალობის, მათ შორის ტრანსპორტირების, თანმხლების პირების სასტუმროში განთავსების, საავადმყოფოში მოთავსების, ოპერაციული ჩარევის, კონსულტაციის, ანალიზების და მედიკამენტების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 7690.13 აშშ დოლარი და 1318.5 ლარი, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხე ირ---–------–------ძეს და მის კანონიერ წარმომადგენლებს. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმ ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ არის გამოწვეული უშუალოდ ბრალეული ქმედების შედეგად. კერძოდ, ესაა კვების ხარჯი და ამ ხარჯთან დაკავშირებული დოკუმენტაციის თარგმნის ხარჯი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ხარჯი გაწეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო და არ წარმოადგენს ზიანს, რომელიც მიადგა მხარეს. კვებაზე გაწეული ხარჯი ადამიანის ყოველდღიური ხარჯია, მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება ის, მითუმეტეს, რომ თანმხლები პირების სასტუმროს ხარჯები სასამართლომ დააკმაყოფილა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
ზიანის ანაზღაურების არსი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომისუნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დადგენილია, რომ ალ--------------ვს შეეზღუდა შრომის უნარი, ანუ მისი შესაძლებლობა განახორციელოს საკუთარი უნარების რეალიზაცია სრულფასოვნად, შემცირდა. შემცირდა იმ საქმიანობის სფეროებიც, რომელშიც იგი შეძლებს დასაქმებას არასრულყოფილი მხედველობის პირობებში.
ალ--------------ვი თვალის დაზიანების მომენტისათვის იყო არასრულწლოვანი, იგი სწავლობდა სკოლაში. ამდენად, მას არ ჰქონდა საკუთარი შემოსავალი, ხელფასის ან სხვა ანაზღაურების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს დაკარგული შემოსავლის გადაანგარიშების გზით განესაზღვრა გადასახდელი სარჩოს ოდენობა. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ზიანის მიმყენებელი პირის ვალდებულებას აუნაზღაუროს მას სრულწლოვანების მომენტიდან, ანუ იმ მომენტიდან, როცა ალ--------------ვს აქვს უფლება იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი, სარჩო. სარჩოს გაანგარიშებისას სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ოდენობით (300 ლარი), რაც წარმოადგენს ამ ასაკის მქონე პირის საშუალო ხელფასს და შრომისუნარიანობის დაკარგვის პროცენტის პროპორციით (30%) და მიაჩნია, რომ ირ---–------–------ძეს ვი-----------------ვის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო 90 ლარის ოდენობით ვი-----------------ვის სრულწლოვანების დღიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე.
6.5. ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლით ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ნებისმიერი ზომებით, რომელიც საშუალებას აძლევს მას ისარგებლოს შესაძლებელი უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით, ამავე ქარტიის მე-13 მუხლით ყველას, ადეკვატური საშუალებების გარეშე აქვს სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.
დადგენილია, რომ ალ--------------ვს თვალის სიმახვილის აღსადგენად და მხედველობის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება რქოვანას ტრანსპლანტაცია. თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის მედიპოლი მეგა ჰოსპიტალის მიერ გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ოპერაციის ღირებულება შეადგენს 16300 აშშ დოლარს.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ დაზარალებულ პირს აქვს უფლება სამედიცინო მომსახურება მიიღოს იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საუკეთესოს მითითებულ დარგში. აღნიშნული მოიცავს დაზარალებულის უფლებას საკუთარი ჯანმრთელობა ნაკლები რისკის ქვეშ დააყენოს და გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტების რჩევები კლინიკის არჩევისას. სასამართლოს აზრით, საკითხი ეხება ადამიანის ორგანიზმის უკიდურესად ფაქიზ და ამავდროულად უმნიშვნელოვანეს ნაწილს - თვალს. მხედველობის გაუმჯობესება და სრულფასოვანი ცხოვრების აღდგენა შესაძლებელია. მითითებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფო აქტებით გარანტირებულია პირის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრს აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას პირის უფლება მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება კონკრეტულ სფეროში საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში, მით უფრო, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული იქნა მხოლოდ სხვა კლინიკაში აღნიშნული ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, წარმოდგენილი არ ყოფილა თურქული კლინიკის გონივრული და ადეკვატური ალტერნატივა. ამდენად, სასამართლოს აზრით სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.
სასამართლოს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ განიცადა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა სხეულის მსუბუქ დაზიანებაში, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რაც თავის მხრივ უკავშირდება განცდილ ტკივილს, სტრესს, ფსიქოლოგიურ სირთულეებს. ამიტომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს მორალური ზიანის დაკისრებასთან დაკავშირებით.
ფიზიკური ტანჯვა უკავშირდება სხეულის დაზიანებას და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას განცდილ ტკივილს, ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი. ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, დაზარალებულის ინდივიდუალურითავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროფესია), აგრეთვე სხვაგარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა (სუსგ.საქმე №ას-660-660-2018 20/07/18წ).
ფიზიკური ტრავმა ალ--------------ვმა მიიღო არასრულწლოვან ასაკში, თანაკლასელის მიერ გასროლილი კალმით, მარჯვენა თვალის არეში. მან დაკარგა მხედველობა 90%-ით. მორალურ ტრავმას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ ვიზუალურად თვალის გუგა დეფორმირებულია, მას ემჩნევა ოპერაციის კვალი. მოსარჩელეს დასჭირდა არაერთი ოპერაცია და სამედიცინო მანიპულაცია, რის გამოც, მისი ასაკიდან გამომდინარე, ჩამოშორდა სასწავლო პროცესს, თანატოლებთან ურთიერთობას, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რიტმს. სამედიცინო ჩარევები დღემდე გრძელდება. მოსარჩელე საჭიროებს კიდევ ერთ ურთულეს ოპერაციას, თუმცა, მის სულიერ მდგომარეობას ამძიმეს ის გარემოება, რომ მიუხედავად ამისა მხედველობა სრულფასოვნად არ აღუდგება. დადგენილია, რომ რქოვანას ტრანსპლანტაცია მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მის მხედველობას.
მოპასუხეს მორალური ზიანის მიყენების ფაქტი არ გაუქარწყლებია. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მორალური ზიანი ალ--------------ვს უნდა აუნაზღაურდეს. თუმცა, არ იზიარებს მის პოზიციას მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრების შესახებ.
მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პირის დარღვეული უფლებების ხასიათს, ამ დარღვევის ნეგატიურ როლს პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე და ა.შ. (სუსგ.საქმე №ას-660-660-2018 20/07/18წ). სასამართლოს აზრით მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტის არ გააჩნია და მისმა ოდენობამ უნდა უზრუნველყოს ის მიზანი, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურების შინაარსს განსაზღვრავს. ესაა სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 3000 ლარი იქნება მოცემული მიზნის შესაბამისი და სამართლიანი ანაზღაურება.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვი-----------------ვმა 2016 წლის 6 დეკემბერს შეწყვიტა შრომითი კონტრაქტი დამსაქმებელთან ნავთობმზიდ ტანკერ „E--”-ზე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ვი-----------------ვის პოზიციას შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის გამო მისაღები ხელფასის, როგორც ზიანის მოპასუხე ირ---–------–------ძეზე დაკისრების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვი-----------------ვის მიერ შრომითი კონტრაქტის შეწყვეტა ვერ განიხილება, როგორც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი, ვინაიდან, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა მინდობილობა შვილის საზღვარზე გასაყვანად გაეცა დისტანციურად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის მიმყენებელ პირს არ უნდა დაეკისროს იმაზე მეტი მატერიალური ტვირთი ვიდრე მისმა ქმედებამ გამოიწვია. მართალია, მორალური თვალსაზრისით სრულიად გამართლებულია შვილისათვის დახმარების გაწევის მიზნით, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა, თუმცა, ასეთი სახის ზიანი ბუნებრივია ვერ იქნებოდა ირ---–------–------ძის აღქმაში და ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვი-----------------ვის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1808.17 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალ--------------ვის და ვი-----------------ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალექსეი სემიონოვის სასარგებლოდ დაეკისროთ 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის გადახდა;
3. ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალექსეი სემიონოვის სასარგებლოდ დაეკისროთ თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო 16300 აშშ დოლარის გადახდა;
4. არ დაკმაყოფილდეს ვი-----------------ვის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის 14583 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ;
5. ირ---–------–------ძეს ვი-----------------ვის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩო 90 ლარის ოდენობით ვი-----------------ვის სრულწლოვანების დღიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე;
6. ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს ალექსეი სემიონოვის სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის ნაზღაურება 3000 ლარის ოდენობით;
7. ირ---–------–------ძეს, ლა----------–------ძეს და ავ--------–-----–------ძეს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1808.17 ლარის გადახდა;
8. ვი-----------------ვის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1191.83 ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირმა ტოგონიძე