გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
080210017002013432
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2025-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე: თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ე;

წარმომადგენელი: ფ-------- ბ----–-ია;

მოპასუხე: ლ-----ა ლ-------------ძე;

მოპასუხე: ნ----- გ-----ე;

წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. გაუქმდეს 2017 წლის 18 მაისის N1-------- სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკის რეგისტრაცია მ------ კ--------ის (პ/ნ 6----------) ბინაზე, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ბ----ა N17, სართული 2, ბინა N28. ს.კ. 0------------------.

 

1.2. მ------ კ--------ის სასარგებლოდ ლ-----ა ლ-------------ძეს დაეკისროს 750 აშშ დოლარი, ხოლო ნ----- გ-----ეს - 1600 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თ---------- კ--------ემ სარჩელი შეიტანა ლ-----ა ლ-------------ძისა და ბ------- ჟ------ის მიმართ. თ---------- კ--------ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო მიიღო მ------ კ--------ემ, რომელიც ცნობილ იქნა თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლედ. აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ყოფილა ბ------- ჟ------იც, რომლის სამკვიდრო მიიღო ნ----- გ-----ემ. შესაბამისად შემოტანილი იქნა დაზუსტებული სარჩელი. თ---------- კ--------ეს აღებული ჰქონდა კრედიტი მისო ,,ჯ------------–ისგან“, რის გამოც იპოთეკით იყო დატვირთული მისი ბინა. ამ თანხის გასტუმრების მიზნით მან 2014 წლის 20 მარტს ისესხა 3500 აშშ დოლარი ლ-----ა ლ-------------ძისგან, ხოლო ბ------- ჟ------ისგან 7500 აშშ დოლარი, სულ 11000 აშშ დოლარი. ნასესხები თანხით თ---------- კ--------ემ გაისტუმრა მისო „ჯ------------–ის“ კრედიტი, რის გამოც იპოთეკა მოეხსნა ბინას, სამაგიეროდ ლ-----ა ლ-------------ძისა და ბ------- ჟ------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ---------- კ--------ის ბინა, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ----ას ქუჩა N17/28. თ---------- კ--------ემ თანხა ისესხა 3 თვით, 3,68% ყოველთვიური სარგებლით. მან სრულად გადაიხადა ნასესხები თანხა. მიუხედავად ამისა ლ-----ა ლ-------------ძემ და ბ------- ჟ------მა მაინც აიღეს სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე ითხოვს ვალდებულების შესრულების გამო გაუქმდეს სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკის რეგისტრაცია. ამასთან, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. ლ-----ა ლ-------------ძემ და ნ----- გ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული წერილით ირკვევა, რომ 2017 წლის აპრილის თვის დავალიანება შეადგენდა ძირ თანხას სრულად ორივე სესხზე 11 000 აშშ დოლარს და ერთი თვის პროცენტს. როგორც წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, მოსარჩელესთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში იხდიდა პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0.2%. ხელწერილით დადასტურებულია, რომ 2017 წლის აპრილის თვემდე გასწორებული აქვს დავალიანება (სარგებელი) და დარჩენილი აქვს ძირითადი თანხა და ერთი თვის სარგებელი. 2017 წლის 22 მაისის წერილის საფუძველზე თ---------- კ--------ეს ეცნობა, რომ მისი დავალიანებაა ლ-----ა ლ-------------ძისა და ბ------- ჟ------ის მიმართ შეადგენდა 11 000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1980 აშშ დოლარს და სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი 139.34 ლარს. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იპოთეკის რეგისტრაცია უქმდება ვალდებულების სრულად დაფარვის შემთხვევაში ან თუ კრედიტორი განაცხადებს თანხმობას იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებაზე. როგორც ცნობილია დღეის მდგომარეობით ვალდებულება არ არის შესრულებული და არ არსებობს იპოთეკის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. უსაფუძვლოა და ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს ზედმეტი თანხა აქვთ მიღებული. ყოველ შემთხვევაში აღნიშნულს მოსარჩელე ვერ ადასტურებს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ხელწერილთან დაკავშირებით განმარტა, რომ ლ-----ა ლ-------------ძისა და ბ------- ჟ------ის მიერ შედგენილი ხელწერილი გულისხმობს, რომ თ---------- კ--------ის მიერ გადახდილია 2 თვის პროცენტი და გადასახდელია 1 თვის პროცენტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ-----ა ლ-------------ძეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ-----ა ლ-------------ძემ გადასცა 3500 აშშ დოლარი.) სამი თვის ვადით, 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15);

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად თ---------- კ--------ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ----ას ქუჩა N17/28 საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16);

 

3.1.3. 2018 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა მოსარჩელე თ---------- კ--------ე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ------ კ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 109);

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 131-132);

 

3.1.4. 2017 წლის 04 ივნისს გარდაიცვალა ბ------- ჟ------ი და მისი სამკვიდრო მიიღო ნ----- გ-----ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 158-160);

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- კ--------ეს 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი აქვს ჯამში 14572,8 აშშ დოლარი (11000 აშშ დოლარი X 3.68% = 404.8 აშშ დოლარი; 404,8 აშშ დოლარი X 36 თვე =14572.8 აშშ დოლარი). აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს 3 თვის პროცენტი 1214.4 აშშ დოლარი და ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 2358.4 აშშ დოლარს. ლ-----ა ლ-------------ძისა და ბ------- ჟ------ის ხელწერილით 2017 წლის აპრილის მდგომარეობით მოსარჩელეს დაფარული აქვს ყველა თვის მიმდინარე პროცენტი სრულად, გადასახდელი აქვს ძირი 11000 აშშ დოლარი და ერთი თვის პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება;

- 2017 წლის ხელწერილი (ს.ფ. 18);

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ივნისის შემდეგ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა დასრულდა, მხარეთა მიერ წერილობით არ მომხდარა სესხის ხელშეკრულების გაგრძელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება;

- შესაგებელი;

 

3.2.3. 2017 წლის 18 მაისს ნოტარიუს ე----- გ------–---–ის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ლ-----ა ლ-------------ძის წინაშე შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 3500 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 630 აშშ დოლარს, ხოლო ბ------- ჟ------ის მიმართ შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 7500 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 1350 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.05.2017 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 20-21);

 

3.2.4. 2017 წლის 18 მაისის სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ნ---- მ----–--ემ დაიწყო აღსრულება NA----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- NA---------------- მიმართვა (ს.ფ. 34-35).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, კერძოდ, თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ-----ა ლ-------------ძეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ-----ა ლ-------------ძემ გადასცა 3500 აშშ დოლარი.) სამი თვის ვადით, 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე.

 

სესხის უზრუნველსაყოფად თ---------- კ--------ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ----ას ქუჩა N17/28 საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, სესხი გაიცა 3 თვის ვადით და სესხის 3.68%-იანი სარგებლის მოქმედების ვადაც გრძელდებოდა 3 თვით - 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, რადგან კრედიტორმა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპროცენტო სარგებლად და ის უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. სესხის ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით დადების გამო, მისი მოქმედების გაგრძელებისას დაცული უნდა ყოფილიყო ძირითადი ხელშეკრულების ფორმაც, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 თვეს წარმოადგენდა. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს ძირითადი ვალის დაფარვაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ------- ჟ------მა თ---------- კ--------ეს გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ-----ა ლ-------------ძემ გადასცა 3500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ან ვადაზე ადრე მოშლა.

 

როგორც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლების, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა განმარტებით და წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 2017 წლის აპრილის მდგომარეობით მოსარჩელეს დაფარული აქვს ყველა თვის მიმდინარე პროცენტი სრულად და დარჩენილი აქვს ძირი თანხა. მეორეს მხრივ მოპასუხეები (კრედიტორები) არ ეთანხმებიან მოსარჩელის პოზიციას და აცხადებენ, რომ თ---------- კ--------ეს გადახდილი აქვს მხოლოდ ორი თვის პროცენტი და დარჩენილი აქვს ძირი თანხა და ერთი თვის პროცენტი. ცხადია, რომ მხარეთა შორის არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით, მისი მოქმედების გაგრძელებისას დაცული უნდა ყოფილიყო ძირითადი ხელშეკრულების ფორმაც, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ-----ა ლ-------------ძეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ-----ა ლ-------------ძემ გადასცა 3500 აშშ დოლარი.) სამი თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 და მე-5 პუნქტების მიხედვით, სულ სესხი 11 000 აშშ დოლარი და სამი თვის სარგებლით (404.8 აშშ დოლარი × 3 (თვე) = 1214,4 აშშ დოლარი) შეადგენს 12 214.4 აშშ დოლარს. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ სარგებლის მოქმედება შეიძლება გაგრძელებულიყო სამი თვის განმავლობაში. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას ის არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დისპოზიციიდან. სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელიც პროცენტის გადახდის ვალდებულებას შეეხება. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე (საქმე №ას-1701-1685-2011, 22.10.2012) საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა ჩაითვალოს ძირითადი ვალის დაფარვაში საფუძვლიანია.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული გარემოებები და სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ვინაიდან მოსარჩეკლის მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სამოქალაქო კოდექსის 286–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, აუცილებელია არსებობდეს მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა. თუ არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობს არც მისი უზრუნველყოფის საშუალება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427–ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 292–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

 

ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრის, თ---------- კ--------ის მიერ სრულად არის შესრულებული კრედიტორების მიმართ. შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამოსილი მოითხოვონ მოვალისაგან ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იპოთეკის გამოყენების საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

 

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

 

2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- კ--------ეს 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი აქვს ჯამში 14572,8 აშშ დოლარი (11000 აშშ დოლარი X 3.68% = 404.8 აშშ დოლარი; 404,8 აშშ დოლარი X 36 თვე =14572.8 აშშ დოლარი). აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს 3 თვის პროცენტი 1214.4 აშშ დოლარი და ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 2358.4 აშშ დოლარს. შესაბამისად მოსარჩელე თ---------- კ--------ეს 2358.4 აშშ დოლარი აქვს ზედმეტად გადახდილი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს უკან. კერძოდ, ლ-----ა ლ-------------ძისგან ეკუთვნის 750,4 აშშ დოლარი და ბ------- ჟ------ისგან 1608 აშშ დოლარი, მაგრამ მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ლ-----ა ლ-------------ძისგან ითხოვს 750 აშშ დოლარს, ხოლო ნ----- გ-----ისგან 1600 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ლ-----ა ლ-------------ძისა და ბ------- ჟ------ის მიერ შედგენილი ხელწერილი გულისხმობს მხოლოდ ორი თვის პროცენტის გადახდას. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ხელწერილით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ თ---------- კ--------ის მიერ გადახდილია მხოლოდ 2 თვის პროცენტი. ამდენად, მოპასუხე მხარის პრეტენზია უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1048,6 ლარი. დაზუსტებული სარჩელის ფასი არის 13 350 აშშ დოლარი და მისი შესაბამისი ბაჟია 400.5 აშშ დოლარი ანუ 964,40 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 84.19 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ანუ ლ-----ა ლ-------------ძეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 307,2 ლარის გადახდა, ხოლო ნ----- გ-----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 657.38 ლარის გადახდა. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მოცემულ საქმეზე 2017 წლის 09 აგვიტოს განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა 2017 წლის 18 მაისის #1-------- სააღსრულებო ფურცლის და კერძო აღმასრულებელ ნ---- მ----–--ის წარმოებაში არსებული #A17084352 სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს 2017 წლის 18 მაისის N1-------- სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკის რეგისტრაცია მ------ კ--------ის (პ/ნ 6----------) ბინაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ----ას ქუჩა N17, ბინა N28 (ს/კ 0------------------).

3. მოპასუხე ლ-----ა ლ-------------ძეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 750 აშშ დოლარის გადახდა.

4. მოპასუხე ნ----- გ-----ეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1600 აშშ დოლარის გადახდა.

5. მ------ კ--------ეს დაუბრუნდეს თ---------- კ--------ეს მიერ 2017 წლის 23 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (795 ლარიდან) - 84,19 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TRESGE22, გადამხდელი ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი BAGAGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.

6. მოპასუხე ლ-----ა ლ-------------ძეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 307,2 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 25 ლარის გადახდა.

7. მოპასუხე ნ----- გ-----ეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 657,38 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 25 ლარის გადახდა.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა