გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1535-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - შპს „ს----------ი“
წარმომადგენლები - მ-----– შ-------ი, მ------ ნ--------ი
მოპასუხე - გ------- ი------–---–ი
წარმომადგენელი - ე-- ჯ----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ი------–---–ს შპს „ს----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2739,79 ლარის ანაზღაურება
სარჩელის საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული: შპს „ს----------ი“ არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც სავაჭრო აგენტების (დისტრიბუტორების) მეშვეობით ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებას. გ------- ი------–---–მა მოსარჩელესთან 2015 წლის 16 მარტს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას ევალებოდა პროდუქციის მესამე პირებზე გაყიდვა. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მის ვალდებულებას შეადგენდა მისი მიზეზით არსებული ფინანსური დანაკლისის ანაზღაურება. 2015 წლის დეკემბერში მოპასუხე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წავიდა სამსახურიდან. 2016 წლის თებერვალში აღმოჩნდა დავალიანება 2739,79 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი ისე განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი. მისი მითითებით, 2015 წლის ნოემბერში საწყობის უფროსთან დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მოსარჩელესთან სამართლებრივი ურთიერთობის პერიოდში მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულდა და დამსაქმებლისათვის მატერიალური ზიანი არ მიუყენებია. არც ერთ ზედნადებზე არ არის წარმოდგენილი მყიდველის ხელმოწერა, შესაბამისად, გაურკვეველია, საერთოდ დაიდო თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება ზედნადებში მითითებულ პირებს შორის.
სარჩელი ხანდაზმულია. 2015 წლის ნოემბერში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება შეწყდა, სარჩელი კი აღძრულია 2019 წელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 16 მარტს შპს „ს----------ს“ (მოსარჩელე) და გ------- ი------–---–ს (მოპასუხე) შორის დაიდო N0------------ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ------- ი------–---–ი დასაქმდა სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად სავაჭრო აგენტი არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის გაყიდვას მესამე პირებზე.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად სავაჭრო აგენტი ვალდებულია:
- მიაწოდოს მესამე პირს პროდუქცია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფასში;
- მესამე პირის მიერ კონსიგანციით მიყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის ერთი თვით დაგვიანების შემთხვევაში, თანხის მიღებამდე, სავაჭრო აგენტი ვალდებულია კომპანიას თავის შემოსავლიდან დაუფაროს გაყიდული პროდუქციის ღირებულება;
- აანაზღაუროს მისი მიზეზით არსებული ფინანსური დანაკლისი;
- პირადი მოხმარებისათვის არ გამოიყენოს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხა.
ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით - 2015 წლის 16 ივნისამდე, თუმცა მოპასუხე საქმიანობას აგრძელებდა ამ ვადის გასვლის შემდეგაც საკუთარი სურვილით სამსახურიდან წამოსვლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-20).
3.1.2. ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს გადაეცა ავტომანქანა „მერსედეს სპრინტერი“ და მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 106-107);
- მოძრავი ქონების მინდობის და მატერიალური პასუხისმგებლობის შეთანხმება (ს.ფ. 108).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ 2015 წლის დეკემბერში შეწყვიტა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება შეტყობინების გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ თვითნებურად მიატოვა სამსახური 2015 წლის დეკემბერში.
მოპასუხე კი მიუთითებდა, რომ 2015 წლის ნოემბერში დაწერა განცხადება და შეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მტკიცება გაზიარებული ვერ იქნება.
საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის სახელით მოპასუხე მესამე პირებს აწვდიდა სხვადასხვა პროდუქციას. ბოლო ზედნადები 2015 წლის 30 ნოემბერსაა გამოწერილი.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სავაჭრო აგენტი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დააბრუნოს მიღებული ავტომანქანა და მობილური ტელეფონი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც გადასცა კომპანიამ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ისე შეწყვიტა საქმიანობა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით არ დაუბრუნებია გადაცემული ქონება.
ნეგატიური მტკიცების ტვირთი არ ეკისრება და ვერც დაეკისრება რომელიმე მხარეს. შეუძლებელია, რაიმეს არარსებობის დამტკიცების ვალდებულება დაეკისროს ვინმეს. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, მტკიცებულება მოპასუხეს უნდა წარმოედგინა. მასვე უნდა დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ განცხადება დაწერა და ისე შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება.
მოპასუხე მიუთითებს, რომ საწყობის უფროსთან დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ ნ------- ო-------სთან ერთად. მოწმე ნ------- ო------- არ გამოცხადდა სასამართლოში.
ხელშეკრულებას ხელს აწერს ზ------ შ-------ი. სასამართლოს შეკითხვაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ სამსახურში ზ------ შ-------მა მიიღო.
საქმეზე მოწმედ დაკითხულმა კ---–---- მ-------მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს „ს----------ში“ საწყობის უფროსად. მოპასუხე 2015 წლის დეკემბერში წავიდა სამსახურიდან. განცხადება მისთვის არავის გადაუცია. გარკვეული პერიოდი, 2015 წლის დეკემბრიდან დირექტორის დავალებით დისტრიბუტორის სამსახურიდან წასვლისას ვალების გადაბარება მას ევალებოდა. ბუღალტერია აწვდიდა თუ ფიქსირდებოდა რაიმე ვალი, დისტრიბუტორი და თვითონ მიდიოდნენ კონკრეტულ მაღაზიაში, თუ მეწარმე ადასტურებდა ვალს, დგებოდა შედარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა თვითონ, მეწარმე და დისტრიბუტორი. გ------- ი------–---–ის შემთხვევაში, ბუღალტერიისგან მიწოდებული ვალების შესამოწმებლად მოპასუხის გარეშე დაიარეს მეწარმეები. ზოგმა განმარტა, რომ დისტრიბუტორისთვის გვაქვს მიცემული თანხაო და ვალი არ გვაქვსო, ზოგმა საერთოდ თქვენ ვინ ხართო და ა.შ. როცა თვითონ დისტრიბუტორი არ არის ადგილზე, მაღაზიები აღარ აღიარებენ ვალს. საბოლოოდ ვალები დადგინდა, ყველა მაღაზია შემოწმდა, 2016 წლის თებერვალში. გ------- ი------–---–თან სახლში იყვნენ თვითონ და მ-----– შ-------ი, მაგრამ სახლში არავინ დახვდათ. არანაირი კომუნიკაცია მასთან არ ჰქონია. ბოლო კომუნიკაცია დეკემბერში ჰქონდათ, როცა დადიოდა სამსახურში. 5000 ლარამდე თუ დაგროვდებოდა ვალი, მერე აწვდიდა ბუღალტერია ინფორაციას და ხდებოდა გადამოწმება. ნ------- ო-------მ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და წავიდა ი------–---–ზე ადრე.
ამ ჩვენების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მან ნოემბერში დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე საწყობის უფროსსთან, ვინაიდან კ---–---- მ--------ს განმარტებით, 2015 წლის დეკემბრიდან დაევალა დისტრიბუტორის სამსახურიდან წასვლისას ვალების გადაბარება, ამდენად, მოპასუხე ნოემბერში მასთან ვერ დაწერდა განცხადებას და რომც დაეწერა, იგი არაუფლებამოსილი პირი იყო მოსარჩელის სახელით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნება მიეღო.
3.2.2. გ------- ი------–---–მა კონსიგნაციის წესით მიჰყიდა მესამე პირებს 2739,79 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის საფასური მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ არის. მოთხოვნის უფლების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2016 წლის თებერვალში.
როგორც უკვე აღინიშნა სამოქალაქო საპროცესო სამართალი ემყარება მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ამყარებს.
მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე. როგორც წესი, მხარემ, რომელიც ითხოვს ვალდებულების შესრულებას უნდა დაადასტუროს ამ ვალდებულების არსებობა, ხოლო მეორე მხარემ უნდა დაადასტუროს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.
სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.
საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის სახელით მოპასუხე მესამე პირებს აწვდიდა სხვადასხვა პროდუქციას. ბოლო ზედნადები 2015 წლის 30 ნოემბერსაა გამოწერილი. ზედნადებების საფუძველზე მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან ანაზღაურებული არ არის 2739,79 ლარი (ს.ფ. 23-48).
მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ზედნადებები არ არის ხელმოწერილი და მათი მეშვეობით საქონლის მიწოდება არ დასტურდება.
სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ განსაზღვრა, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი). მოცემული შემთხვევა განსხვავდება მტკიცების სპეციალური სტანდარტის არსებობის აუცილებლობისაგან [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი], გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს. მაშასადამე, რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნული გამყიდველის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები. სადავო სამართალურთიერთობა მოიცავს საქონლის მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც საქონლის მესაკუთრე (გამყიდველი), ისე სასაქონლო ზედნადების გამომწერი (სავაჭრო წარმომადგენელი, დისტრიბუტორი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან პროდუქცია მიიღო, ვინაიდან ზედნადები იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ზედნადების გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას (ამავე საკითხზე იხ. სუსგ Nას-381-381-2018, Nას-599-558-2017).
რაც შეეხება მოპასუხის იმ მტკიცებას, რომ ზედნადებები ხელმოწერილი არ არის, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს ზედნადების რეკვიზიტებს.
ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.
აღნიშნული ნორმებიდან ნათლად ჩანს, რომ საგადასახადო მიზნებისათვის გამოიყენება როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული ზედნადები. ელექტრონულ ზედნადებს არ სჭირდება საქონლის მიმღების ხელმოწერა და ზედნადები, რომელშიც აღნიშნულია საქონლის მიღების დრო და ადგილი, თუ ის უარყოფილი (უკან დაბრუნებული) არ არის მყიდველის მიერ, დადასტურებულია და მყიდველის მიერ საქონლის მიღების მტკიცებულებას წარმოადგენს.
საქმეზე მოწმედ დაკითხულმა კ---–---- მ-------მა დეტალურად განმარტა, რა წესით ხორციელდებოდა დისტრიბუტორის მიერ დაგროვებული კონსიგნაციით გაცემული საქონლის ღირებულების დადგენა. მისი განმარტებით, ბუღალტერია აწვდიდა თუ ფიქსირდებოდა რაიმე ვალი, დისტრიბუტორი და თვითონ მიდიოდნენ კონკრეტულ მაღაზიაში, თუ მეწარმე ადასტურებდა ვალს, დგებოდა შედარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა თვითონ, მეწარმე და დისტრიბუტორი. გ------- ი------–---–ის შემთხვევაში, ბუღალტერიისგან მიწოდებული ვალების შესამოწმებლად მოპასუხის გარეშე დაიარეს მეწარმეები. ზოგმა განმარტა, რომ დისტრიბუტორისთვის გვაქვს მიცემული თანხაო და ვალი არ გვაქვსო, ზოგმა საერთოდ თქვენ ვინ ხართო და ა.შ. როცა თვითონ დისტრიბუტორი არ არის ადგილზე, მაღაზიები აღარ აღიარებენ ვალს. საბოლოოდ ვალები დადგინდა, ყველა მაღაზია შემოწმდა, 2016 წლის თებერვალში.
აღნიშნული ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ თუ სავაჭრო წარმომადგენელი (დისტრიბუტორი) მოსარჩელესთან ხელშეკრულებას წყვეტდა, ხდებოდა ინფორმაციის მოძიება მის მიერ კონსიგნაციით გაცემულ საქონელთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდებოდა საქონლის მყიდველთან მონაცემების გადამოწმება. თუ საქონლის მყიდველი დაადასტურებდა, რომ მას არ ჰქონდა ანაზღაურებული მიღებული საქონლის საფასური, დგებოდა შედარების აქტი, რის შემდეგაც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ექნებოდა საქონლის მყიდველის მიმართ, ხოლო თუ აქტი ვერ შედგებოდა, ან მყიდველი არ დაადასტურებდა დავალიანებას, ხელშეკრულების მე-2 მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას სავაჭრო წარმომადგენლისაგან ითხოვდა.
მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შედარების აქტები მისი სამსახურიდან წამოსვლისას არ ყოფილა შედგენილი.
საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ 2016 წლის დეკემბრამდე შეძლო მოთხოვნის ზუსტი მოცულობის დადგენა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხოლო 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემულ საქონელს მოსარჩელის მიერვე განსაზღვრული ფასით მიჰყიდდა მესამე პირებს, მათ შორის კონსიგნაციის წესით, ამასთან, მანვე იკისრა ვალდებულება, რომ მესამე პირის მიერ კონსიგნაციით მიყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის ერთი თვით დაგვიანების შემთხვევაში, თავისი შემოსავლიდან დაფარავდა გაყიდული პროდუქციის ღირებულებას და აანაზღაურებდა მისი მიზეზით არსებულ ფინანსურ დანაკლისს.
სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ 2015 წლის დეკემბერში მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეტყობინების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ, მოცემული დავის ფარგლებში, გ------- ი------–---–ს ხელშეკრულების შეწყვეტის ნება უნდა გამოევლინა უფლებამოსილი პირის წინაშე, რათა აღნიშნული ნება ადრესატამდე მისულად ყოფილიყო მიჩნეული. ამ დავის ფარგლებში უფლებამოსილი პირი იქნებოდა მოსარჩელის ის თანამშრომელი, რომელსაც სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე პირის დასაქმების უფლება აქვს. მოპასუხემ თავად დაადასტურა, რომ სამსახურში ზ------ შ-------მა მიიღო.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მოპასუხის მტკიცება, რომ მან ნოემბერში საწყობის უფროსთან დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ეს მაინც ვერ იქნებოდა უფლებამოსილი პირის წინაშე ნების გამოვლენად მიჩნეული, ვინაიდან თავად საწყობის უფროსის (კ---–---- მ--------ს) განმარტებით, მას სავაჭრო წარმომადგენლების მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტაზე კონტროლი 2015 წლის დეკემბრიდან დაევალა.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მესამე პირებს კონსიგნაციის წესით მიჰყიდა საქონელი, საიდანაც 2739,79 ლარი მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ არის.
მოწმის ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ თუ სავაჭრო წარმომადგენელი (დისტრიბუტორი) მოსარჩელესთან ხელშეკრულებას წყვეტდა, ხდებოდა ინფორმაციის მოძიება მის მიერ კონსიგნაციით გაცემულ საქონელთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდებოდა საქონლის მყიდველთან მონაცემების გადამოწმება. თუ საქონლის მყიდველი დაადასტურებდა, რომ მას არ ჰქონდა ანაზღაურებული მიღებული საქონლის საფასური, დგებოდა შედარების აქტი, რის შემდეგაც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ექნებოდა საქონლის მყიდველის მიმართ, ხოლო თუ აქტი ვერ შედგებოდა, ან მყიდველი არ დაადასტურებდა დავალიანებას, ხელშეკრულების მე-2 მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას სავაჭრო წარმომადგენლისაგან ითხოვდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ისე შეწყვიტა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რომ შედარების აქტები არ შემდგარა, ხოლო მესამე პირები დავალიანებას არ აღიარებენ, შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხისაგან მოითხოვოს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 130-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ Nას-547-515-2012).
მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო არის ის მომენტი, როცა პირმა სასამართლო წესით საკუთარი ინტერესების დაცვის აუცილებლობის შესახებ შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს არა მხოლოდ მისი უფლების თუ კანონით დაცული ინტერესის დარღვევის შესახებ, არამედ მოთხოვნის მოცულობაც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ზუსტი დავალიანება მოსარჩელემ განსაზღვრა 2016 წლის თებერვალში, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც ამ პერიოდიდან აითვლება. სარჩელი 2019 წლის 30 იანვარსაა წარმოდგენილი და ის ხანდაზმული არ არის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ვინაიდან სარჩელის ფასია 2739,79 ლარი და დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, სარჩელზე გადასახდელი მინიმალური სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს----------ის" სარჩელი გ------- ი------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. გ------- ი------–---–ს შპს ,,ს----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2739,79 ლარის ანაზღაურება;
3. გ------- ი------–---–ს შპს ,,ს----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის გადახდა;
4. შპს ,,ს----------ს" (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 14/01/2019 წელს გადახდილი (სს ,,ს----------–--------ის" საგადასახადო დავალება, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22, რეფერენსი 7477673716) სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია