გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2019
საქმის ნომერი
080210018002723976
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210018002723976

№2/697-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 ივნისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - ვ-–-----ერ ბ-------იშვილი;

წარმომადგენელი - მ---- დ------ნაძე;

მოპასუხე - ს-----ო ჭ----აძე;

წარმომადგენელი - ნ---- მ------იშვილი;

დავის საგანი - განქორწინება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოსარჩელე ვ-–-----ერ ბ-------იშვილი ითხოვს მეუღლესთან - ს-----ო ჭ----აძესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 2 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ს-----ო ჭ----აძესთან, რომელთან ერთადაც საცხოვრებლად წავიდა რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ს-----ო ჭ----აძემ დატოვა რუსეთი და წამოვიდა საქართველოში მშობლებთან, მათ შორის ყველა ურთიერთობა გაწყვეტილია. მოსარჩელეს სურს განქორწინდეს მოპასუხესთან, ის კი თავს არიდებს სამოქალაქო რეესტრში გამოცხადებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე ს-----ო ჭ----აძემ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი);

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 2 დეკემბრიდან მოსარჩელე ვ-–-----ერ ბ-------იშვილი და მოპასუხე ს-----ო ჭ----აძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას ყოველგვარი შესარიგებელი ვადის გარეშე, რადგანაც გამორიცხულია მათი ქორწინების შენარჩუნება, მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–-----ერ ბ-------იშვილსა და ს-----ო ჭ----აძის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122 -ე, 1127-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.

 

ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, დადგენილია, რომ მცდელობის მიუხედავად მხარეებმა შერიგება ვერ მოახერხეს, რის გამოც არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–-----ერ ბ-------იშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. შეწყდეს მოსარჩელე ვ-–-----ერ ბ-------იშვილსა (დაბ. 1966 წლის 24 ივლისი) და ს-----ო ჭ----აძეს (პ/ნ 6----------) შორის 2016 წლის 2 დეკემბრის №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

3. მოპასუხე ს-----ო ჭ----აძეს მოსარჩელე ვ-–-----ერ ბ-------იშვილის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე