გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2856-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი 2019წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "ლ-------------ი"
წარმომადგენელი ნინო კაჭარავა
მოპასუხეები ს------- გ---–--–ი
წარმომადგენელი მარო გ---–--–ი
ს------- ბ-–---ე
წარმომადგენელი ლაშა პარასტაშვილი
ნ-----–-- თ-------ა
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს------- გ---–--–ის, ნ-----–-- თ-------ას და ს------- ბ-–---ისათვის სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 7594,87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 5250,19 ლარი, პროცენტი – 1844,68 ლარი, ხოლო ჯარიმა – 500 ლარი.
(7.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 7 თებერვალს სს ლ-------------სა და ს------- გ---–--–ს შორის დაიდო № 0002/2014/17879 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 9017 ლარი. კრედიტის ვადა 70 თვე. საპროცენტო განაკვეთი წლიური 18%; ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2014 წლის 7 თებერვალს ბანკსა და მოპასუხეებს ნ-----–-- თ-------ას და ს------- ბ-–---ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც მათ იკისრეს ს------- გ---–--–ის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობაა 14 582.19 ლარი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბანკო კრედიტის დაფარვა თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად თანხის გადახდით. მოპასუხეებმა არაჯეროვნად, ნაწილობრივ შეასრულეს სესხის დაბრუნების ვალდებულება. მათი დავალიანებაა 8844.87 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა 5250.19 ლარი, სარგებელი 1844.68 ლარი, პირგასამტეხლო დარიცხულია 3345.73 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა. კრედიტის დასაბრუნებლად სულ გადახდილია 7848,12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3766,81 ლარი, პროცენტი 3895,03 ლარი, პირგასამტეხლო 186,28 ლარი.
(7.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ-----–-- თ-------ას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სხდომაზე გამოცხადდა.
მოპასუხეებმა ს------- გ---–--–მა და ს------- ბ-–---ემ წერილობით შესაგებელში სარჩელი და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ დაუსაბუთებელია ბანკის მიერ დავალიანების გაანგარიშება. ბანკმა გადახდილი თანხებით არასწორად შეამცირა დავალიანება.
(7.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 7 თებერვალს სს ლ-------------სა და ს------- გ---–--–ს შორის დაიდო № 0002/2014/17879 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 9017 ლარი, კრედიტის ვადა 70 თვე, საპროცენტო განაკვეთი წლიური 18%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის (კრედიტის ძირითადი თანხა და/ან მასზე დარიცხული პროცენტი) 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბანკო კრედიტის დაფარვა თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-25. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 1-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 129-134. ტომი 1)
3.1.3. 2014 წლის 7 თებერვალს ერთის მხრივ სს „ლ-------------სა“ და მეორეს მხრივ ნ-----–-- თ-------ას და ს------- ბ-–---ეს შორის წერილობით დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც მათ იკისრეს ს------- გ---–--–ის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობაა 14 582.19 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თავდებობის ხელშეკრულებების და თავდებობის განაცხადები ასლები (ს.ფ. 26-31. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებმა ნაწილობრივ შეასრულეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. საერთო ჯამში გადახდილი აქვთ 7 848,12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3766,81 ლარი, პროცენტი 3895,03 ლარი, პირგასამტეხლო 186,28 ლარი. მსესხებლის ჯამური დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ შეადგენს: 7594,87 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 5250,19 ლარი, პროცენტი – 1844,68 ლარი, ხოლო ჯარიმა – 500 ლარი.
მოპასუხეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მათ კრედიტის ნაწილი დააბრუნეს, თუმცა ეჭვს გამოთქვამენ, რომ გადახდილი თანხით სწორად არ შემცირდა დავალიანება.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ნაერთი ამონაწერი ანგარიშიდან, სადაც ასახულია სადაო საკრედიტო ხელშეკრულების საბანკო ანგარიშზე განხორცილებული ტრანზაქციების ისტორია, რაც მოიცავს სესხის თანხის მიღებას, ანგარიშზე თანხის შეტანას და სესხის დაბრუნებას.
საბანკო ამონაწერში ასახულია 2014 წლის 8 თებერვლიდან 2018 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში ანგარიშზე განხოციელებული ტრანზაქციები – ხელფასის ჩარიცხვა, ბანკომატიდან თანხის გატანა, სესხის დაფარვის მიზნით თანხის შეტანა, ამონაწერში მითითებულია ინფორმაცია მსესხებლის, ასევე თავდებების ანგარიშიდან კრედიტის დასაფარად თანხის გადახდის შესახებ.
საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის დაბრუნების გრაფიკით მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 208.95 ლარი, რაც მოიცავს ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილს. გრაფიკი თანახმად გადასახდელია პროცენტი 5565.19 ლარი. გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო შენატანის გადახდის დროა 2019 წლის დეკემბერი.
ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერის თანახმად, გარკვეული სტაბილური პერიოდულობით სესხის დაბრუნების მიზნით გადახდები ფიქსირდება 2018 წლის 29 მარტამდე, ხოლო მომდევნო პერიოდში თანხა გადახდილია 2019 წლის 25 მარტს 40 ლარის ოდენობით, რაც ჩამოჭრილია თავდების ს------- ბ-–---ის ანგარიშიდან.
სს ლ-------------ის განმარტებით, სულ კრედიტის დასაბრუნებლად გადახდილია 7 848,12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3766,81 ლარი, პროცენტი 3895,03 ლარი, პირგასამტეხლო 186,28 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მიუთითოს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამ შემთხვევაში მოპასუხეები სარჩელს არ ეთანხმებიან იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ გადახდილი თახნით სწორად არ არის შემცირებული საკრედიტო დავალიანება. საქმეში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი, სადაც ასახული კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ კონკრეტული გარემოებები. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ კონკრეტულად რა თანხა აქვთ გადახდილი ან გადახდილი თანხით როგორ უნდა შემცირებულიყო კრედიტის ძირითადი თანხა და გადასახდელი სარგებელი.
ამდენად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ მის მიერ გადახდილი თანხით მცდარად არის შემცირებული საკრედიტო დავალიანება. მან ვერ მიუთითა გაანგარიშება, რომლის მიხედვით იგი უარყოფს მოსარჩელის მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- კრედიტის დაბრუნების გრაფიკი (ს.ფ. 24-25 . ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.144-171 . ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეებს არაჯეროვნად აქვს შესრულებული საკრედიტო ვალდებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 388-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის არსი განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2014 წლის 7 თებერვალს მოქმედი რედაქცია), თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 9017 ლარი. კრედიტის ვადაა 70 თვე. საპროცენტო განაკვეთი წლიური 18%; ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება #35/04 „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ" „ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს განმარტავს როგორც საპროცენტო განაკვეთს რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის მანძილზე ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების, გარდა საჯარო ინდექსის ცვლილების გარემოებისა, დადგომის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.
საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მყარი (ფიქსირებული) ან ცვალებადი (ინდექსირებული). როგორც სესხის, ისე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს შეთანხმებას მყარ ან ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე. ამ შემთვევაში ხელშეკრულებით სარგებელი გათვალისწინებულია მყარი საპროცენტო განაკვეთით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილის ერთობლივად გადახდა, რის გამოც მოვალის მიერ თანხის გადახდით ხდებოდა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილის გადახდა.
სადაო შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები. ეს ნორმა აწესრიგებს კრედიტორის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით მოქმედებების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხის დავალიანების გადასახდევინებლად მიმართვის პრინციპს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება სასამართლო ხარჯების დაფარვას, ხოლო შემდეგ გადახდევინება წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით - ძირითადი თანხა და ბოლოს პროცენტები. ამ შემთხვევაში დავა შეეხება ვალდებულების შესრულების ვადაში მოვალის მიერ გადახდილ თანხას, რაზეც ამ ნორმით დადგენილი წესი არ ვრცელდება.
მსესხებელმა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მან სრულად არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობების და კანონის შესაბამისად სწორად მიმართა გადახდილი თანხა კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის გადასახდელად, რის გამოც მოპასუხის დავალიანება შეადგენს სარჩელის მოთხოვნილ ძირითად თანხას და პროცენტს.
ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის და საკომისიოს თანხის გადახდა, საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ კრედიტი სრულად და დროულად გადახდილი არ არის, რის გამოც მოპასუხის უნდა დაეკისროს კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის ის დავალიანება, რასაც მოითხოვს მოსარჩელე.
საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას, რის გამოც მოპასუხეებს სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს 500 ლარის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამართლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 5250,19 ლარი, ხოლო სარგებელი 1844,68 ლარი, ჯამურად 7095,87 ლარი. 2018 წლის აპრილიდან სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია, სესხი გაიცა 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, რის გამოც ბანკი ამ პერიოდის ჩათვლით მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებით სარგებელს. ვალდებულების დარღვევის გამო ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვიტა, ხოლო დაგეგმილი შემოსავალი ვერ მიიღო და ამით განიცადა ზიანი. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 7095,87 ლარი. გადასახდელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების 10%-ზე ნაკლები თანხა, რაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთდროულად უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას, იგი სამართლიანი ფულადი სანქციაა და მის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ნ-----–-- თ-------ას და ს------- ბ-–---ესთან დადებული წერილობითი შეთანხმებებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ს------- გ---–--–ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-- თ-------ას სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, მისი მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს. საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რადგან დავის საგნის გათვალისწინებით მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს. განსახილველი სარჩელით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია სესხის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნას აქვს საერთო საფუძველი და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ნ-----–-- თ-------ას სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა 2019 წლის 2 აპრილს სსსკ 74-ე მუხლის დაცვით - დოკუმენტაცია ჩაიბარა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მისმა ძმამ. 2019 წლის 7 და 17 მაისის სხდომების შესახებ სასამართლო უწყება ასევე ოჯახის წევრმა რძალმა ნინო ყიფშიძემ ჩაიბარა, ხოლო მოპასუხეს სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი არ უცნობებია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის, გადაწყვეტილების აღსრულებსოი განწილვადების შესახებ შემდეგი საფუძვლების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხე ს------- გ---–--–ის წარმომადგენელი გადაწყვეტილების განწილვადების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მისი მარწმუნებელი საზღავრგარეთაა წასული, არ მუშაობს და მისი ვალდებულება ფაქტიურად მან, როგორც ოჯახის წევრმა უნდა შეასრულოს. მას კი ხელფასიდან ნაწილ-ნაწილ შეუძლია ვალის გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშუალებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. აღსრულების წესის დადგენის მიზანია არა მარტო მოვალისათვის შეღავათის დადგენა, არამედ აღსრულების ისეთი პირობის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, შექმნის პირობას გადაწყვეტილების რეალურად შესრულებისათვის. 251-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიზანია კრედიტორმა რეალურად დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა ისეთი გზით, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულება ისეთი საშუალებით, რაც მოვალის ინტერესებშიცაა.
251-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კრედიტორის ინტერესები, უნდა გაითვალისწინოს, რომ აღსრულების წესის ან აღსრულების საშუალების შერჩევით ზიანი არ უნდა მიადგეს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე დასაშვებია გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება 1 წლამდე ვადით, რისი საფუძველი არის მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების ან განწილვადების საფუძველია მხარესთან დაკავშირებული გარემოებები და არა მისი წარმომადგენლის მატერიალური მდგომარეობა ან სხვა გარემოებები. მართალია საკრედიტო ვალდებულების შესრულება მესამე პირსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, გადაწყვეტილების შესრულება კი უპირველესად მხარეებს ევალებათ. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულებაში შეღავათის დაწესება მხარეებთან დაკავშირებული გარემოებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მოპასუხის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ფინანსური გარემოებები შეიძლება საფუძვლად დაედოს აღსრულების განწილვადებას, თუკი ეს მდგომარეობა მხარის გადახდისუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდა არ შეუძლია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ასაბუთებს მოპასუხე ს------- გ---–--–ის იმგვარ მატერიალურ მდგომარეობას, რომ მას ერთიანად დაკისრებული თანხის გადახდა არ შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია განიწვადებით, პერიოდული გადახდით გადაწყვეტილების შესრულება. სსსკ 263-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებია აღსრულების განწილვადება 1 წლამდე ვადით, რის გამოც ამ ნორმით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის - 12 თვის განმავლობაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 632,90 ლარი.
გადაწყვეტილების აღსრულების განხილწვადება მოითხოვა ასევე ს------- ბ-–---ემ, თუმცა მას არ მიუთითებია სსსკ 263-ე მუხლით გათვალისწინებული რ კონკრეტული გარემოების საფუძველზე მოითხოვს აღსრულების განწილვადებას, არ მიუთითებია კონკრეტული გარემოებები მისი მატერიალური მდგომარეობის, შემოსავლების ან სხვა საპატიო გარემოების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა იყო 8 844,87 ლარის დაკისრება, რაც შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა 7594,87 ლარის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა 1250 ლარით, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 14,2%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟია 276,45 ლარის, საიდანაც გამოხმობის გამო უკვე დაუბრუნდა 11,05 ლარი. სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხაა 265,4 ლარი, რომლის 14,2% - 37,68 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მხარეებს შორის სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განაწილდეს 227,72 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ლიბერთი ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
ს------- გ---–--–ს, ს------- ბ-–---ეს და ნ-----–-- თ-------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს „ლიბერთი ბანკისათვის“ 7844.87 ლარის გადახდა,;
2. ს------- გ---–--–ს, ს------- ბ-–---ეს და ნ-----–-- თ-------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ლიბერთი ბანკისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 227,72 ლარის გადახდა
3. სს „ლ-------------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილია გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 37,68 ლარი ლარი. 2019 წლის 4 მარტს თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N5148512588).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი