გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1261-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მაისი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "მ---------------------- +"
წარმომადგენელი თინათინ მურჯიკნელი
მოპასუხეები მ--–---- ქ--------ე
პ----- გ-----–--ე
დავის საგანი სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ--–---- ქ--------ის და პ----- გ-----–--ისათვის 589 აშშ დოლარის დაკისრება;
( 24.04.2019წ და 16.05.2019წ სხდომის ოქმები CD დისკები)
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 24 დეკემბერს შპს „მისო კრედიტსერვის +“-სსა და მ--–---- ქ--------ეს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება N3104949, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ლიზინგის მიმღებისაგან შეიძინა ავტომობილი P--------------R სახ ნომერი S--------. ლიზინგის საგანი იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს. ხელშეკრულების 1.7 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღები ლიზინგის საგანზე მოიპოვებდა საკუთრების უფლებას. ლიზინგის ხელშეკრულება დაიდო 9 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, ლიზინგის საგნის სარგებლობისათვის მ--–---- ქ--------ეს უნდა გადაეხადა ჯამში 1012.95 აშშ დოლარი.
ამავე ხელშეკრულებით შპს "მისო კრედიტსერვი+"სსა და პ----- გ-----–--ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად თანხის გადახდის ვალდებულება.
მოპასუხემ გრაფიკით გათვალისწინებული წესით თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მან გადაიხადა 363 აშშ დოლარი. ხოლო სარჩელი აღძვრის შემდეგ გადაიხადა 81 აშშ დოლარი და 50 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ლიზინგის საგანი. ექსპლოატაციისათვის უვარგისი მდგომარეობის გამო იგი გასხვისდა 81 აშშ დოლარად 2018 წლის 24 მაისს.
( 24.04.2019წ და 16.05.2019წ სხდომის ოქმები CD დისკები)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. პ----- გ-----–--ეს სარჩელის ჩაბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს, იგი ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
მოპასუხე მ--–---- ქ--------ემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან მიღებული ავტომობილით გარკვეული პერიოდით სარგებლობდა და იხდიდა საფასურს. შემდეგომ ავტომობილი გამოვიდა მწყობრიდან და ამის გამო მას ვეღარ იყენებდა. ამის შესახებ არაერთხელ შეატყობინა მოსარჩელე და მოსთხოვა ავტომობილის დაბრუნება, მაგრამ მათ ავტომობილი დროულად არ დაიბრუნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 24 დეკემბერს ერთის მხრივ შპს „მისო კრედიტსერვის +“-სსა და მეორეს მხრივ მ--–---- ქ--------ეს და პ----- გ-----–--ეს შორის დაიდო ლიზინგის და თავდებობის ერთობლივი ხელშეკრულება N3104949, რომლის საფუძველზე მოპასუხე მ--–---- ქ--------ემ ლიზინგის გამცემისაგან შპს „კრედიტ სერვის +“-საგან შეიძინა ავტომობილი P--------------R სახ ნომერი S--------. ლიზინგის საგანი იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს. ხელშეკრულების 1.7 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღები ლიზინგის საგანზე მოიპოვებდა საკუთრების უფლებას. ლიზინგის ხელშეკრულება დაიდო 9 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, ლიზინგის საგნის სარგებლობისათვის მ--–---- ქ--------ეს უნდა გადაეხადა ჯამში 1012.95 აშშ დოლარი, ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 112.55 აშშ დოლარი. ხელშეკრულები დადების მომენტში ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილია 400 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი საზღაური 400 აშშ დოლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად დადგენილი გრაფიკით.
ამავე ხელშეკრულებით შპს "მისო კრედიტსერვი+"სსა და პ----- გ-----–--ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად თანხის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების 4.5.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელი ხდება ლიზინგის გამცემის მიერ ზარალის ანაზღაურება ლიზინგის საგნის ხარჯზე, ლიზინგის მიმღები/თავდები პასუხს აგებს ლიზინგის გამცემი წინაშე მთელი თავისი ქონებით. თავდები ლიზინგის მიმღებთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მისოს წინაშე ხელშეკრულების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-17. ტომი 1)
3.1.2. მოპასუხებმა არ შეასრულეს ლიზინგის საფასურის დაბრუნების ვალდებულება. სარჩელის აღძვრამდე პერიოდში ლიზინგის მიმღებმა გადაიხადა 363 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ პერიოდში გადახდილია 81 აშშ დოლარი და 50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 2-6)
- მოსარჩელის განმარტება ( 24.04.2019წ და 16.05.2019წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ლიზინგის საფასური სრულად გადახდილი არ არის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 576-ე , 580 ?5, 580 ?3, 580 ?4 , 463–ე, 891-ე, 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 895-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ?? ???????? 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
2019 წლის 28 მარტის სხდომის თარიღი მოპასუხე პ----- გ-----–--ეს ეცნობა 2019 წლის 24 აპრილს სატელეფონო შეტყობინებით პირადად. მოპასუხე არცერთ სხდომაზე არ გამოცხადდა არც სხდომაზე გამოუცხაებლობის მიზეზე უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა სსსკ 74-ე მუხლის დადგენილი წესით, კორესპონდენცია ჩაიბარა შვილმა მ--–---- გ-----–--ემ 2017 წლის 10 აგვისტოს, თუმცა მოპასუხემ არც შესაგებელი წარმოადგინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული გარემოებები და სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, დამტკიცებულად ითვლება სარჩელის გარმოებები მხარეებს შორის ლიზინგის და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულების დადების შესახებ, ლიზინგის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.
მ--–---- ქ--------ე მონაწილეობდა მთავარ სხდომაზე, მან სასამართლოს მისცა ახსნა-განმარტებები, იგი სხდომის გადადების შემდეგ არ გამოცხადდა 16 მაისის სხდომაზე, რის გამოც მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ლიზინგის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. 2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივი საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა. ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან.
მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ლიზინგის საფასურის გადახდა სარგებლის დარიცხვით, ლიზინგის მიმღებს 9 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 112.55 აშშ დოლარი, რაც ჯეროვნად არ შეასრულა. საერთო ჯამში მან გადაიხადა 441 აშშ დოლარი.
მოპასუხის თანხის გაადაიხდელობის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ლიზინგით მიღებული ავტომობილი სარგებლობისათვის უვარგისი იყო, მისი სარგებლობა ვეღარ გააგრძელა და მოსარჩელეს შესთავაზა მისი დაბრუნება, რაც მოპასუხემ დროულად არ დაიბრუნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580 ?5 მუხლის მიხედვით, 1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. 2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.
სამოქალაქო კოდექსის 580 ?3 მუხლის მიხედვით, 1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, რომ ქონება იქნება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში და გამოდგება იმ სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამიზნულია ასეთი ქონება. 2. ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ქონების იმ აღწერილობასთან შესაბამისობით, რომელიც მან მიაწოდა ლიზინგის გამცემს ან მიმწოდებელს. ამავე კოდექსის 580 ?4 მუხლის მიხედვით, 1. ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, უნდა გამოიყენოს ის მიზნობრივად, იმ დანიშნულებით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ამ ქონებას იყენებენ, და უნდა შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. 2. თუ ლიზინგის ხელშეკრულება განსაზღვრავს ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებას ანდა მწარმოებელი ან მიმწოდებელი ადგენს ქონების მოხმარების წესებს, ლიზინგის მიმღების ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებასთან ან ქონების მოხმარების წესებთან შესაბამისობა ჩაითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის მიმღების ვალდებულების შესრულებად. 3. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში.
ამდენად, ლიზინგის ხელშეკრულებაში ლიზინგი გამცემის ვალდებულებაა ლიზინგის მიმიღებს გადასცეს ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ნივთი ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. თავის მხრივ ლიზინგის მიმღებს ევალება გადაცემული ნივთის მოვლა-პატრონობის ვალდებულება.
ლიზინგის ხელშეკრულებაში ლიზინგის მიმღების ვალდებულებაა გადაიხადოს ლიზინგის საფასური, რომლის გადახდის ვალდებულება მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა. მან ვერ დაასაბუთა, რომ მას ნაკლის მქონე ავტომობილი გადაეცა, რის შესახებ შეატყობინა მოსარჩელეს. ასეთი გარემოების მტკიცების ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება. ლიზინგის საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება და ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა მესამე პირის მიერ, და ნივთზე პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან.
მოპასუხემ ვერ დაასაბუთა იმ გარემოებების არსებობა, რაც მას როგორც ლიზინგის მიმღებს ხელშეკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს. მან ვერ დაასაბუთა, რომ გადაცემული ავტომობილი ექსპლოატაციისათვის უვარგისი მისი ნაკლის გამო იყო და მას მოსარჩელემ ნაკლიანი, სარგებლობისათვის უვარგისი ავტომობილი გადასცა. ამდენად, ლიზინგის საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრების გამომრიცხველი გარემოებები საქმეში არ გამოვლინდა, რის გამოც ლიზიგნის მიმღებს მ--–---- ქ--------ეს ეკისრება ლიზინგის საფასურის გადაუხდელი ნაწილის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- გ-----–--ეს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება ლიზინგის საფასურის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება, რადგან ხელშეკრულებით მან იკისრა ლიზინგის მიმღების თანაბარწილად თანხის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, სრულად არ დააბრუნა თანხა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში პ----- გ-----–--ესთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება პ----- გ-----–--ის მიმართ მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სხდომაზე არასაპატიო მიზეზით მოპასუხის გამოუცხადებლობის პირობებში, რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესით. ხოლო გადაწყვეტილება მ--–---- ქ--------ის მიმართ საჩივრდება სააპელაციო წესით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებას აღარ მოითხოვს, მოსარჩელის ეს განცხადება სამოქალაქო სამართალწარმოებსი დისპოზიციურობის პრინციპოიდან (სსს. მე-3 მუხლის) გამომდინარეობს, რადგან ამ პრინციპის საფუძველზე მხარე თავად განსაზღვრავს მისი სასარჩელო მოთხოვნების შინარსს, რაც მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს არ შეეხება და მოსარჩელეს უფლებას ანიჭებს უარი განაცხადოს სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაზე. ამ გარემოებების გამო მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი აღარ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 230-ე, 237-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს შპს 'მისო კრედიტსერვის +“-ის სარჩელი;
1.1 მ--–---- ქ--------ეს და პ----- გ-----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს მისო კრედიტსერვის +“-ისათვის 589 აშშ დოლარის გადახდა;
2. განემარტოს მოპასუხე პ----- გ-----–--ეს, რომ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე რომლითაც სარჩელი მის მიმართ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.
3. გადაწყვეტილება მ--–---- ქ--------ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი