გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160310018002715178
№ 3/136-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე - გიო---------------–-ძე;
მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
წარმომადგენელი - შო--------------–--ლი, რო----------ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა;
1.1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 აგვისტოს N15 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა (რომლითაც უარი ეთქვა 2015 წლის დავალიანების გადახდის გათავისუფლების თაობაზე);
1.2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს გამოსცეს ცნობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისაღები მოსავლის სტიქიის შედეგად განადგურების შესახებ;
2. მოსარჩელის პოზიცია;
მოსარჩელის განმარტებით, მარნეულის რაიონის სოფელ თა---–--ში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 36,2 ჰა და 10 ჰა, რომლებიც ზაფხულის პერიოდში საერთოდ არ ირწყვებოდა სარწყავი არხების გაუმართაობის გამო, მოსავალი ნადგურდებოდა გვალვებისას, რის გამოც მან არაერთხელ აცნობა წერილობით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნულის თაობაზე, რომ შეექმნათ შესაბამისი კომისია და დადგენილიყო მოსავლის განადგურების მიზეზი და ზარალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მიწის ქონებრივი გადასახადისგან 5166,19 ლარისგან გათავისუფლებას.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გიო---------------–-ძის მიერ მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მარნეულის საკრებულოში შევიდა 2017 წლის აპრილის თვეში მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 აგვისტოს N15 სხდომის ოქმის ბათილად ცნობას (რომლითაც უარი ეთქვა 2015 წლის დავალიანების გადახდის გათავისუფლების თაობაზე) და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს გამოსცეს ცნობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისაღები მოსავლის სტიქიის შედეგად განადგურების შესახებ.
3. მოპასუხის პოზიცია;
მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები;
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე გიო---------------–-ძე მარნეულის რაიონის სოფელ თა---–--ს ტერიტორიაზე ფლობს 362000.00 კვ.მ და 100000.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთს. მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დათესილი ჰქონდა მარცვლეული კულტურა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა- განმარტებები;
4.1.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 31 მარტის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა ქონების გადასახადის განაკვეთები მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2011 წლის 31 მარტის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
4.1.3. დადგენილია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტომ 2017 წლის 3 ოქტომბრის მიმართვით გიო---------------–-ძეს მიაწოდა ინფორმაცია კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კა-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ამიტომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს" და თქვენს შორის 2017 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ Nფმ-1/833 ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან უახლოესი - ქ. მარნეულის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, აცნობს, რომ 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მერყეობდა - 21,3 0-დან 28,4 0-მდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსული ნალექების ჯამმა - 121,2 მმ შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონის სოფელ კა-----ის მიდამოებში მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 20 სექტემბრამდე დაფიქსირდა უძლიერესი გვალვა. ხოლო 01 ივნისიდან 30 სექტემბრამდე მთლიანი პერიოდი შეფასდა გვალვიან პერიოდად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 3 ოქტომბრის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართვა;
4.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განსახილველი სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გიო---------------–-ძეს უარი ეთქვა ცნობის გაცემაზე, რაც დაადასტურებდა მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტის განადგურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 25 მაისის მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განსახილველი სამუშაო ჯგუფის N1 ოქმი;
4.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N15 სხდომის ოქმით, გიო---------------–-ძეს უარი ეთქვა მიწის ქონებრივი გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 7 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N15 სხდომის ოქმი;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-ე, 23-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მე-5, 32-ე, 34-ე, 53-ე, მე-601, 96-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას ავალდებულებს ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა იძლევა შესაძლებლობას საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ შემოწმებული იქნეს მისი კანონიერება და მიზანშეწონილობა.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი შინაარსის ინდივიდუალური საკითხების განსახილველი სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გიო---------------–-ძეს უარი ეთქვა ცნობის გაცემაზე, რაც დაადასტურებდა მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტის განადგურებას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში როგორც გიო---------------–-ძის მიერ წარდგენილი, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2015 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში, მარნეულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა გვალვა. თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითის შესწავლისას არ შეაფასა აღნიშნული გარემოება და არ განმარტა თუ რატომ არ გაიზიარა მის მიერვე მოპოვებულ ცნობებში მითითებული გარემოებები, რას დაეყრდნო და რა საფუძვლით გამორიცხა სარწყავი არხების გაუმართაობა და გვალვის შედეგად მიყენებული ზიანი. ხოლო ის გარემოება, რომ მოქალაქეების განთავისუფლება მიწის გადასახადისაგან გამოიწვევს შეუქცევად პროცესს და უამრავი მოიჯარე მოითხოვს იგივეს, რაც ცუდად აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, ვერ გახდება უარის თქმის ფაქტობრივი და სამართალებრივი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე სასამართლო უფლებამოსილია, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,შ“ ქვეპუნქტის თანახმად, (2013 წლის 30 დეკემბრის ცვლილების თანახმად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით,) ქონების გადასახადისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 100 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32.4-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. გიო---------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 7 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N15 სხდომის ოქმი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გიო---------------–-ძის მიერ მიწის გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ წარდგენილ განცხადებებზე;
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოსარჩელე - გიო---------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. .№7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. №113).
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე