გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210017001910740
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11550-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

 

მოსარჩელე: შპს „ბ---–---ი“

მოსარჩელის წარმომადგენლები: ა-- ს-------ა, შ----- ღ------ე

 

მოპასუხეები: ა---- ზ----ე, ლ---- ც-------–---–ი, ნ-------- ფ----–--–--ე, გ------ი კ------ე, ნ---- ვ---–----ე, შ--–-- ლ-–----ე

მოპასუხეების წარმომადგენელი: ლ--–- გ--–---ი

 

დავის საგანი: საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაეკისროთ მოპასუხეებს - ა---- ზ----ეს, ლ---- ც-------–---–ს, ნ-------- ფ----–--–--ეს, გ------ი კ------ეს, ნ---- ვ---–----ესა და შ--–-- ლ-–----ეს შპს „ბ---–---ის“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა იმავე გზით, რომლითაც მოხდა საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება, სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით:

 

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 სთ ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 სთ გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება.

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს;

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება, ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მთვლელისა და მტვირთავის ფუნქციებს;

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა.

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია.

Ø სინამდვილეს არ შეესაბამება - მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 05.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე შპს „ბ---–---ი“ ფლობს წიგნების მაღაზიათა ქსელს. მას შემდეგ, რაც კომპანიამ კონკრეტული დარღვევების გამო შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა 2 დასაქმებულთან, 09.02.2017 წელს სოციალურ ქსელ „f-------”-ის მეშვეობით გავრცელდა „ბ---–---ის“ 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომლის ერთობლივი ვიდეო და წერილობითი მიმართვა. მიმართვის მონაწილეები მოქმედებდნენ ერთობლივად, ხოლო მიმართვა არის ცილისმწამებლური და შეიცავს ცრუ ფაქტებს, რამაც შელახა კომპანიის საქმიანი რეპუტაცია.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო განცხადება (ვიდეო და წერილობითი მიმართვა) გაკეთებულია/შექმნილია/გავრცელებულია მოპასუხეების მიერ. მათ ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა სადავო განცხადების გაკეთებაში, რასაც ადასტურებს მათი მონაწილეობა ვიდეო მიმართვაში და მასში გაჟღერებული ტექსტი. ამასთან, მიმართვა ეხება უშუალოდ შპს „ბ---–---ს“, რომელიც შეიცავს მცდარ ფაქტებს. კომპანია აღნიშნავს, რომ განცხადების გავრცელება მოხდა არა პირადი კომუნიკაციის სახით, არამედ საჯარო გზით, სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

მხარე ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან მიმართვის მონაწილეები საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდნენ კომპანიასთან, მათ უშუალოდ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რის მიუხედავადაც, განზრახ გაავრცელეს მათთვის ცნობილი ინფორმაცია დამახინჯებული, ცრუ ფორმით. აღნიშნულს კი შედეგად მოჰყვა მომხმარებლის პროტესტი და მათი ნეგატიური შეფასებები, ასევე სოციალურ ქსელში დაბალი ქულების დაწერა, რასაც ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია და რამაც შედეგად მიიღო მართული სახე. შედეგად, დადგა ზიანი, რაც გამოიხატა შპს „ბ---–---ის“ საქმიანი რეპუტაციის შელახვაში.

 

სადავოდ გამხდარ განცხადებაში მოცემულ თითოეულ ფრაზასთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე და განსხვავებულად წარმოაჩენს მიმართვაში მოცემულ ფაქტებს. კერძოდ, სარჩელში მითითებულია, რომ ბ---–---ი გ--–----ის დასაქმებულებს აქვთ ნორმირებული სამუშაო რეჟიმი, ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი და თითოეული ცვლისთვის სავალდებულოა 8 საათი მუშაობა, რომელშიც ასევე შედის შესვენების დრო. 8 საათზე მეტ ხანს, მხოლოდ გაყიდვების სეზონური გააქტიურებისას შეიძლება დარჩნენ ნებაყოფლობით, რა დროსაც დასაქმებულებს მიეცემათ შესაბამისი დამატებითი ანაზღაურება, რაც დასტურდება ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ანაზღაურებაზე მეტი ჩარიცხვებით.

 

მოსარჩელე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კონსულტანტებს უწევდათ სხვადასხვა ფუნქციების შესრულება და განმარტავს, რომ ბ---–---ი გ--–----აში არის სხვადასხვა პოზიციები, მათ შორის მენეჯერი, უფროსი კონსულტანტი, კონსულტანტი, უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი, უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი, დამლაგებელი. კონსულტანტის მოვალეობაში შედის პროდუქციის მითვლა და მისი მოვლა-პატრონობა. მხარე ასევე მიუთითებს, რომ ბ---–---ი გ--–----აში გამოყოფილია ადგილი და დრო კვებისთვის, ისევე როგორც, მისი განმარტებით, მაღაზია აღჭურვილია კამერების სისტემით.

 

გათავისუფლებულ მოპასუხეებთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულია, რომ მათთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა მოხდა არა პროტესტის, არამედ კონკრეტული დარღვევების გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ბ---–---ის“ წარმომადგენლის მოსაზრებით, მოპასუხეთა განცხადებები შეიცავს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციებს, რამაც შელახა კომპანიის რეპუტაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეების - ა---- ზ----ის, ლ---- ც-------–---–ის, ნ-------- ფ----–--–--ის, გ------ი კ------ის, შ--–-- ლ-–----ისა და ნ---- ვ---–----ის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.

 

მისი განმარტებით, გავრცელებული ვიდეომიმართვა შეიცავს არა არსებითად მცდარ ფაქტებს, რომლებიც არის ცილისმწამებლური, არამედ განცხადება წარმოადგენს მოპასუხე პირების - დასაქმებულების გამოხატვას, დამსაქმებლის მიერ მათთვის შექმნილ შრომით პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შედგება მოპასუხეთა სუბიექტური მოსაზრების (აზრის) და სწორი, დადასტურებადი ფაქტებისგან, რაც მიმართვის მთელ ტექსტში ურთიერთგადაჯაჭვულია. მიმართვის გავრცელების მიზანს კი წარმოადგენდა არსებული შრომითი პირობების საჯარო კრიტიკა. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას და მის შეზღუდვას.

 

ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობას დაადასტურებდა და რისი მტკიცების ტვირთიც მას ეკისრება.

 

სადავო განცხადებაში მოყვანილ ფრაზებთან დაკავშირებითაც შესაგებელში მითითებულია კონკრეტულად ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოპასუხეები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ბ---–---ი გ--–----აში არ არის ნორმირებული სამუშაო რეჟიმი. სამუშაოს მოცულობის გამო მათ მუდმივად უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, რაც იმაშიც გამოიხატებოდა, რომ 6 დღიანი სამუშაო კვირის ნაცვლად უწევდათ კვირაში 7 დღე მუშაობა, შემდგომი დასვენების სანაცლოდ. მაგალითად, 2016 წლის დეკემბრის თვეში, თანამშრომლებმა მთელი თვის მანძილზე დასვენების გარეშე იმუშავეს. სამუშაო დროის დღიური ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იყო სამუშაოს მოცულობაზე, რაც სასკოლო და საახალწლო გაყიდვების პერიოდში განსაკუთრებით იზრდებოდა. ზეგანაკვეთური შრომა, მათი განმარტებით, არ უნაზღაურდებოდათ. ბონუსი, რომელიც ერიცხებოდათ ხელფასის ზემოთ, დამოკიდებული იყო შესრულების ხარისხზე და გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე, რომელშიც არ მოიაზრებოდა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათებისა და დღეების ანაზღაურება,მოპასუხეებმა შესაგებელშიც დაადასტურეს, რომ ფაქტობრივად არ აქვთ შესვენება, მხოლოდ რამდენიმე წუთით ცვლიან ერთმანეთს კვებისთვის და საწყობში ან გასახდელის ტერიტორიაზე იკვებებიან. უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებითაც მოპასუხე მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მაღაზიაში მართალია დამონტაჟებულია კამერები, მაგრამ ისინი ძირითადად განთავსებულია თავად კონსულტანტების კონტროლის მიზნით, რამდენადაც, სწორედ ამგვარ ადგილებშია განთავსებული, როგორიცაა სალარო და სხვა. მაღაზიაში პერიოდულად ტარდება აღწერა, რა დროსაც ხდება დანაკლისის დათვლა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მისი ოდენობა ნაწილდება სრულ კოლექტივზე თანაბრად, იმ მოქმედ თანამშრომლებზე, რომლებიც აღწერისას შემოწმებულ პერიოდში მუშაობენ მაღაზიაში.

 

შესაგებელში ყურადღებაა გამახვილებული ასევე გათავისუფლებულ თანამშრომლებზე. მითითებულია, რომ ბ---–---ი გ--–----აში დასაქმებულმა კონსულტანტებმა არასათანადო ბონუსის ჩარიცხვის შემდგომ გამოხატეს უკმაყოფილება, რის გამოც, კომპანიის მხრიდან იმავე დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება ორი თანამშრომლის - ლ---- ც-------–---–ისა და ა---- ზ----ის გათავისუფლების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ერთის მხრივ შპს „ბ---–---ს“ და მეორეს მხრივ ა---- ზ----ეს შორის 20.09.2016 წელს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დასაქმებული აყვანილ იქნა კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით მისი სამუშაო დრო განისაზღვრა 40 საათიანი სამუშაო კვირით. დათქმა ასევე ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში. დასაქმებულის დასვენების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

 

ხელშეკრულების 3.1 მუხლით კი შეთანხმებულ იქნა დასაქმებულის ანაზღაურება, რაც შეადგენდა თვეში ფიქსირებულ 312.50 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

შპს „ბ---–---ის“ დირექტორის 03.02.2017წ. N- ბრძანებით ა---- ზ----ესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 4 თებერვლიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების წერილობით დასაბუთებაში დამსაქმებელმა მიუთითა დასაქმებულის მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 29-34, ტ.1);

- ბრძანება (ს.ფ. 27, ტ.1);

- წერილი (ს.ფ. 263, ტ.1)

 

3.1.2. ერთის მხრივ შპს „ბ---–---ს“ და მეორეს მხრივ ლ---- ც-------–---–ს შორის 5.04.2015 წელს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დასაქმებული აყვანილ იქნა კონსულტანტის პოზიციაზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით მისი სამუშაო დრო განისაზღვრა 40 საათიანი სამუშაო კვირით. დათქმა ასევე ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში. დასაქმებულის დასვენების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

 

ხელშეკრულების 3.1 მუხლით კი შეთანხმებულ იქნა დასაქმებულის ანაზღაურება, რაც შეადგენდა თვეში ფიქსირებულ 312.50 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

შპს „ბ---–---ის“ დირექტორის 03.02.2017წ. N- ბრძანებით ლ---- ც-------–---–თან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 4 თებერვლიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების წერილობით დასაბუთებაში დამსაქმებელმა მიუთითა დასაქმებულის მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40, ტ.1);

- ბრძანება (ს.ფ. 28, ტ.1);

- წერილი (ს.ფ. 261, ტ.1)

 

3.1.3. ერთის მხრივ შპს „ბ---–---ს“ და მეორეს მხრივ გ------ი კ------ეს შორის 09.11.2016 წელს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დასაქმებული აყვანილ იქნა კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით მისი სამუშაო დრო განისაზღვრა 40 საათიანი სამუშაო კვირით. დათქმა ასევე ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში. დასაქმებულის დასვენების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

 

ხელშეკრულების 3.1 მუხლით კი შეთანხმებულ იქნა დასაქმებულის ანაზღაურება, რაც შეადგენდა თვეში ფიქსირებულ 312.50 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

შპს „ბ---–---ის“ დირექტორის 15.02.2017წ. N- ბრძანებით გ------ი კ------ესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 16 თებერვლიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების წერილობით დასაბუთებაში დამსაქმებელმა მიუთითა დასაქმებულის მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე და ასევე მის მიერ კომპანიის ავტორიტეტის შემლახავი, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 53-57, ტ.1);

- ბრძანება (ს.ფ. 264, ტ.1);

- წერილი (ს.ფ. 265-266, ტ.1)

 

3.1.4. ერთის მხრივ შპს „ბ---–---ს“ და მეორეს მხრივ შ--–-- ლ-–----ეს შორის 21.08.2016 წელს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დასაქმებული აყვანილ იქნა კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით მისი სამუშაო დრო განისაზღვრა 40 საათიანი სამუშაო კვირით. დათქმა ასევე ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში. დასაქმებულის დასვენების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

 

ხელშეკრულების 3.1 მუხლით კი შეთანხმებულ იქნა დასაქმებულის ანაზღაურება, რაც შეადგენდა თვეში ფიქსირებულ 312.50 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 41-46, ტ.1);

 

3.1.5. ერთის მხრივ შპს „ბ---–---ს“ და მეორეს მხრივ ნ---- ვ---–----ეს შორის 20.10.2016 წელს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დასაქმებული აყვანილ იქნა კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით მისი სამუშაო დრო განისაზღვრა 40 საათიანი სამუშაო კვირით. დათქმა ასევე ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში. დასაქმებულის დასვენების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

 

ხელშეკრულების 3.1 მუხლით კი შეთანხმებულ იქნა დასაქმებულის ანაზღაურება, რაც შეადგენდა თვეში ფიქსირებულ 312.50 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 47-52, ტ.1);

 

3.1.6. ერთის მხრივ შპს „ბ---–---ს“ და მეორეს მხრივ ნ-------- ფ----–--–--ეს შორის 02.01.2017 წელს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დასაქმებული აყვანილ იქნა რეზერვი კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით მისი სამუშაო დრო განისაზღვრა 40 საათიანი სამუშაო კვირით. დათქმა ასევე ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში. დასაქმებულის დასვენების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია კვირაში მინიმუმ ერთი დღე.

 

ხელშეკრულების 3.1 მუხლით კი შეთანხმებულ იქნა დასაქმებულის ანაზღაურება, რაც შეადგენდა თვეში ფიქსირებულ 312.50 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 58-62, ტ.1);

 

3.1.7. შპს „ბ---–---ში“ მოქმედებდა შრომის შინაგანაწესი, რომელიც მათ შორის განსაზღვრავდა მოცემულ დავაში სადავოდ გამხდარ საკითხებს, კერძოდ, ანაზღაურების სისტემასა და სამუშაო დროს.

 

შინაგანაწესის მე-6 მუხლით დადგენილია, რომ პერსონალის სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (6.1 პუნქტი), ხოლო საბონუსე თანხა - კომპანიის მიერ დადგენილი საბონუსე სისტემის მიხედვით (6.2 პუნქტი). შინაგანაწესის მე-7 მუხლი სამუშაო დროდ განსაზღვრავს 09:30-18:00 საათს, თუმცა აღნიშნულია, რომ ცალკეული თანამშრომლებისთვის (ფილიალის მიხედვით) შეიძლება დადგინდეს განსხვავებული სამუშაო დრო, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო კვირის ხანგრძლივობის მიხედვით (7.1 პუნქტი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, დასაქმებულს ეძლევა 30 წუთიანი შესვენება.

 

ბ---–---ი გ--–----ასთან დაკავშირებით, სადაც იყვნენ მოპასუხეები დასაქმებულები, ორივე მხარე ადასტურებდა, რომ არსებობდა ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი. თუმცა, სადავო გარემოებაა, რამდენად უწევდათ განსაზღვრული საათების ფარგლებში მათ შრომა და სარგებლობდნენ თუ არა კუთვნილი შესვენების დროით, რაზეც სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შინაგანაწესი (ს.ფ. 186-195, ტ.1);

 

3.1.8. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე, სასამართლო უდავო გარემოებად მიიჩნევს, რომ დასაქმებულებს ერიცხებოდათ თანხები ხელფასის და ბონუსის სახით. კომპანიის მხრიდან ჩარიცხვა სხვა დანიშნულებით არ ფიქსირდება ამონაწერებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელფასის ჩარიცხვები/საბანკო ამონაწერები (ს.ფ. 99-104, 196-240, ტ.1);

- საგადახდო დავალებები (იხ.05.04.19წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი, ტ.2)

 

3.1.9. უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ 2017 წლის 09 თებერვალს გავრცელდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინფორმაცია ვიდეო მიმართვის გზით, სოციალურ ქსელ „f-------”-ის მეშვეობით.

 

სადავო ტექსტი მოიცავს შემდეგს:

 

„ჩვენ, ბ---–---ი გ--–----ში დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.

1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 სთ ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 სთ გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.

2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების - 250 ლარი.

3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს;

4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება, ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მთვლელისა და მტვირთავების ფუნქციებს;

5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშაოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბონუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები.

6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.

მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გავრცელებული ტექსტი (ს.ფ. 63-64, ტ.1);

- CD-R დისკი (ს.ფ. 123, ტ.1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეების - ა---- ზ----ის, ლ---- ც-------–---–ის, ნ-------- ფ----–--–--ის, გ------ი კ------ის, შ--–-- ლ-–----ისა და ნ---- ვ---–----ის მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები: -

„გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 სთ ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 სთ გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება.“

 

„მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.“

 

„კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება, ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მთვლელისა და მტვირთავის ფუნქციებს.“

 

„არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.“

 

„მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა.“

 

„საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.“

 

„არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია.“

 

„მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ“ - სასამართლოს მხრიდან ფასდება, როგორც მოპასუხეთა მიერ გაკეთებული შეფასებითი მსჯელობა, მათი „აზრის“ გაჟღერება და არ უნდა იქნეს აღქმული როგორც „ფაქტის“, მით უფრო, მცდარი ფაქტის გავრცელებად, რაც გამოიწვევდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძო პირის ცილისწამებისთვის.

 

სასამართლო ამ ტიპის დავების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო მოპასუხეთა მიერ გაჟღერებული და სადავოდ გამხდარი განცხადებები კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ მისი ავტორი საუბრობდა მხოლოდ მის აზრსა და შეხედულებებზე.

 

ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი: ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას...

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები.

 

მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ გავრცელდა ცრუ და არასწორი ინფორმაცია, რაც ლახავს მის რეპუტაციას. მოპასუხე კი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რომ მის მიერ გავრცელდა ფაქტი, თანაც ცრუ ფაქტი, რამაც რაიმე სახის ზიანი მიაყენა მას.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობას და აფასებს მათ ცილისწამებად. სასამართლომ კი ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა, უნდა დაადგინოს, გავრცელებული განცხადებები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა „აზრის“, შეფასებითი მსჯელობის ნაწილს.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: „აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.

 

პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მიადგა მას ზიანი.

 

სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი ერთობლიობაში, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის თანახმად, მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე შპს „ბ---–---ის“ წარმომადგენელს, ვინაიდან, სწორედ ის არის შეზღუდვის ინიციატორი.

 

სასამართლოს პირველ რიგში სურს ყურადღება გაამახვილოს თავად განცხადებების შინაარსსა და მიზანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ ისინი აპროტესტებდნენ კომპანიაში არსებულ შრომის პირობებს და პროტესტი მიზნად ისახავდა მის გამოსწორებას. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, რომ ამ განცხადებების შედეგად შეელახა საქმიანი რეპუტაცია, რაც გამოიხატა მომხმარებელთა უკმაყოფილებასა და ნეგატიურ შეფასებებში და რის დამადასტურებლადაც მხარემ წარმოადგინა სოციალური ქსელიდან ამოღებული კომენტარები თემის ირგვლივ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასამართლომ ყურადღებით შეაფასოს თითოეული ფრაზა ცალ-ცალკე და ერთიანობაში, საერთო აზრის გამოსატანად, რათა ერთის მხრივ მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა დგას სასწორზე, მეორეს მხრივ კი მოპასუხეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამავდროულად, თუ შესაძლებელია რომელიმე ფრაზა სასამართლომ მიიჩნიოს ფაქტად, აქვე უნდა დადგინდეს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე სასამართლომ იმსჯელა უკვე.

 

„გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 სთ ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 სთ გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება“ - ამ ციტირებასთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავდა, რომ არის არსებითაც მცდარი ინფორმაციის შემცველი ფაქტი, რადგან, მოპასუხეთა სამუშაო რეჟიმი იყო ნორმირებული და ექცეოდა სახელშეკრულებო პირობებში. სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ ფრაზა, მისი შინაარსით, არის შეფასებითი კატეგორიის. შეფასებითია „მძიმე სამუშაო რეჟიმისა“ და „არანორმირებული სამუშაო რეჟიმის“ ცნება, ვინაიდან, ის წარმოადგენს პირის სუბიექტური დამოკიდებულების დაფიქსირებას სამუშაოს პირობებთან დაკავშირებით. ფრაზა - „არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია“ - იგივე პრინციპით, მოპასუხეთა სუბიექტური დამოკიდებულების გამოვლენაა, რადგან, ისინი მიიჩნევენ, რომ არასათანადო ანაზღაურება აქვთ დატვირთულობასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მოსაზრებით, საერთო ჯამშიც, გონივრული განსჯის შედეგად, ამ ფრაზებს ცალსახად უნდა მიენიჭოს „აზრის“ კატეგორია, მაინც საჭიროდ მიიჩნევს განიხილოს მასში გადმოცემული ფაქტი, რამაც შეუქმნა მოპასუხეებს მოსაზრება და რაც ეხება სამუშაოს დღიურ ხანგრძლივობას, შესვენების დროს და ანაზღაურებას. მოსარჩელე აპელირებს ხელშეკრულებაზე და განმარტავს, რომ სამუშაოს ხანგრძლივობაც და შესვენების დროც ექცევა ხელშეკრულებაში მოცემულ პირობაში. ანაზღაურების სახით კი, მოპასუხეებს ერიცხებოდათ ბონუსები. ამის საპირისპიროს განმარტავდა მოპასუხე მხარე და იგივე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა მ------ ა-–------–---–მაც, რომელიც ასევე ბ---–---ი გ--–----ას კონსულტანტი იყო. მოწმე განმარტავდა, რომ კონსულტანტებს ოფიციალური შესვენება არ ჰქონდათ, ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ და მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობდნენ კვებას. დასვენებას რაც შეეხება, ზოგადად ეკუთვნოდათ 1 დღე კვირაში და უნდა ემუშავათ ცვლაში, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 18:00 საათამდე ან 15:00 საათიდან 23:00 საათამდე, მაგრამ რეალობა სხვანაირი იყო. უწევდათ "გადათენებაც", წინასაახალწლო პერიოდში მთელი თვე დასვენების გარეშე იმუშავეს. ასეთი სამუშაო რეჟიმი იყო მისი მითითებით სასკოლე პერიოდშიც და ამ ყველაფრის ფონზე, ჰქონდათ დაბალი ანაზღაურება, რასაც კიდევ აკლდებოდა დანაკლისის გამო დაქვითული თანხები. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს მოსაზრებით, არის გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეთა მიერ გაკეთებული შეფასება, რომელიც ატარებს კრიტიკულ ხასიათს სამუშაო პირობების შესახებ. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ვერც ფაქტების სიცრუე დაადასტურა მოსარჩელემ, საქმეში წარმოდგენილია სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ტაბელი, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ ხშირად უწევდათ დასაქმებულებს 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის მიღმა მუშაობა.

 

„მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა“ - ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ეს ფრაზა წარმოადგენს მოპასუხეთა მოსაზრებას. ისინი „მძიმე და უსამართლო პირობებად“ აფასებენ შრომის პირობებს და მათი შეფასებითვე, დაბალია ბონუსები. ფაქტი კი, დეკემბრის თვეში რომ არანორმირებული გრაფიკი ჰქონდათ დასაქმებულებს, დგინდება საქმის მასალებითაც და არც საპირისპირო წარმოუდგენია მოსარჩელეს. „არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის“ - ნამდვილად არის შეფასებითი კატეგორიის გამონათქვამი და მაინც, ამის მიუხედავად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებას, ჩანაწერს, საიდანაც ჩანს ის „საკვები სივრცე“, რაც „გამოყოფილი ჰქონდათ“ დასაქმებულებს და რომელიც სასამართლოს მიერ ვერ იქნება აღქმული კვებისთვის გამიზნულ შესაფერის ადგილად. მოპასუხეთა გარდა, მოწმეც ადასტურებდა, რომ იკვებებოდნენ საწყობში.

 

„მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს“ - მოსარჩელე მართალია განმარტავდა, რომ დარიცხულ თანხებში, კერძოდ ბონუსებში, მოიაზრებოდა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც, მაგრამ აღნიშნული ვერ დადასტურდა მის მიერ. ჩარიცხვისას დანიშნულების გრაფაში ვერც ერთ საბანკო ამონაწერში ვერ შევხვდებით ამგვარ ჩანაწერს. შესაბამისად, რომც მიიჩნიოს ეს განცხადება სასამართლომ ფაქტად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ცრუ ფაქტის გავრცელებას ჰქონდა ადგილი.

 

„კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება, ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მთვლელისა და მტვირთავის ფუნქციებს“ - ამ ნაწილშიც, მოპასუხეები სადავოდ ხდიან და აპროტესტებენ მათ სამუშაო პირობებს. მოწმეც განმარტავდა, რომ უწევდა თაროების გადმოწმენდა და მოლარის ფუნქციების შესრულება. საპირისპიროდ, მოსარჩელის განმარტება, რომ კომპანიას ჰყავს დამლაგებელი, რომელიც ამას უზრუნველყოფს, არასათანადო შედავებად მიაჩნია სასამართლოს. ისევე როგორც, მითითება, რომ დამონტაჟებული აქვს კამერები და ჰყავს დაცვა, ვერ აბათილებს მოპასუხეთა მიერ ხსენებულ ინფორმაციას - „მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ“, რადგან აქ მოპასუხეები საუბრობენ იმ ფინანსურ დანაკლისზე, რაც მათ ეჭრებათ ბონუსებიდან ზარალის არსებობისას. შესაბამისად, ლოგიკურად უჩნდებათ პროტესტი, რომ მაღაზია იმგვარი აპარატურით არ არის აღჭურვილი, რაც დროულად შეძლებდა ქურდობის ფაქტის გამოვლენას, რაზეც შემდგომ უსაფრთხოების სამსახურს ექნებოდა რეაგირება და არ დადგებოდა მათი ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

„საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს“ - ასევე ექცევა ფაქტების მათეული შეფასების ცნებაში. მოპასუხეებმა აღიქვეს, რომ მათი შეფასებით, არასათანადო ოდენობის ბონუსების ჩარიცხვის გამო მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს მოჰყვა ის თანმდევი შედეგები, რაც განხორციელდა გარკვეული დასაქმებულების წინააღმდეგ. სასამართლოსაც, მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილოს, პირიქით, მოპასუხეები ხომ არ არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი მათი გამოხატვის გამო. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია განსხვავებული შეხედულების/მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე, სადაც სახალხო დამცველი მიუთითებს მოპასუხე გ------ი კ------ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების წერილობით დასაბუთებაში მოცემულ ჩანაწერზე - „მუქარის შემცველი, ავტორიტეტის შემლახავი, შეურაცხმყოფელი/არასათანადო ინფორმაცია გაავრცელა“ და განმარტავს, რომ აღნიშნული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს მის უარყოფით დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ. ამის მიუხედავად, მის მიერ საჯაროდ საუბარი შპს „ბ---–---ში“ არსებულ შრომით პირობებზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს და იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, დაცულად მიიჩნია განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით. რეკომენდაციაში შეფასებულია 2018 წლის 21 თებერვლის ინციდენტი (ბ---–---ი გ--–----აში დასაქმებულების არშეშვების ფაქტი) და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულების ნიშნით. ამდენად, საბოლოო ჯამში, მის მიმართ დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი.

 

სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მიდის დასკვნამდე, რომ კომპანიის ქმედებები მიმართული იყო მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ და ამის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილების წარმოდგენა მაგალითად ა---- ზ----ის ნაწილში, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, არ არის სათანადო მტკიცებულება, რადგან, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული დადგენილი წესით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელში წარმოდგენილ პოზიციას და მიუთითებს, რომ სადავო განცხადებები, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მიმართებაში უნდა შეფასდეს „აზრის“ და არა „ფაქტის“ გადმოცემად, მით უფრო, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი სადავო შემთხვევაშიც კი, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება. „აზრი“ კი, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. აქვე, კიდევ ერთხელ განმარტავს სასამართლო, რომ მოპასუხის თითოეული შეხედულება მართალია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება, რასთან დაკავშირებითაც გამოხატავენ პოზიციას, მაგრამ ვერც ამ ფაქტობრივი გარემოებების სიცრუე დაადასტურა მოსარჩელე შპს „ბ---–---მა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოწმის ჩვენება;

- სოციალურ ქსელ „f-------“-დან ამოღებული ე.წ. „პოსტები“/ე.წ. „სქრინშოტების სახით (ს.ფ. 66-98, ტ.1);

- გადაწყვეტილება (05.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი);

- მ------ ა-–------–---–ის ახსნა-განმარტება (05.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი);

- დასწრების აღრიცხვის ტაბელი (05.04.2019წ. და 06.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმებზე დანართი);

- სახალხო დამცველის რეკომენდაცია (05.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი);

- CD-R დისკი (06.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-13 და მე-17 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მთელ რიგ გადაწყვეტილებებში (მათ შორის HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია (“offend, shock or disturb”). აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“.

 

ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია მათ შორის სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

 

6.2. სარჩელის განხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უწინარესად სწორად უნდა განისაზღვროს თუ რა მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მოთხოვნა.

 

წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომელიც თავის მხრივ, მიუთითებს სპეციალური „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით პირადი უფლების დაცვის შესაძლებლობაზე.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში.

 

კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითაც მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლოს გზით პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვის განსახორციელებლად აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აზრი’ დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეფასდეს, სადავო განცხადება და მასში გადმოცემული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა, თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი ცნობის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებულია აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

 

ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

განსახილველ დავაში, სადავოდ გამხდარი განცხადების მთლიანობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეიცავს მისი ავტორების შეფასებით მსჯელობას და არა კონკრეტულ ფაქტებთან, მით უფრო, ცრუ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტი, განსხვავებით აზრისგან, რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. მასში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია. საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხის მხრიდან გავრცელდა ფაქტი და მით უფრო, მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ვერც ზიანის მომტანი იქნება მხარისათვის. სასამართლომ თითოეულ სადავოდ გამხდარ ფრაზებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება წინამდებარე გადაწყვეტილებაში და მათი გამოკვლევა შინაარსობრივად იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ მივიჩნიოთ მოსაზრების გავრცელებად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სარჩელს, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ბ---–---ის“ სარჩელი ა---- ზ----ის, ლ---- ც-------–---–ის, ნ-------- ფ----–--–--ის, გ------ი კ------ის, შ--–-- ლ-–----ისა და ნ---- ვ---–----ის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მოთხოვნით;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური