გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/4524-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ლ-–- დ---–----
წარმომადგენელი - ი-----–- ყ-----–---–-
მოპასუხე - შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’
წარმომადგენელი - რუსუდან ცერცვაძე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 13 430 ლარის გადახდა;
1.2. შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 04 მარტამდე ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე სახელფასო დავალიანების - 13 430 ლარის 0.07%-ის - 8 442 ლარის გადახდა;
1.3. შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 04 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე სახელფასო დავალიანების - 13 430 ლარის 0.07%-ის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს (შემდგომში მოპასუხე) დირექტორის 2014 წლის 17 მარტის ბრძანებით, 2017 წლის 03 აპრილიდან მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის ფინანსურ დირექტორად და გაფორმებულიყო მათან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება. მხარეებს შორის 2014 წლის 01 აპრილს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. მოპასუხის მეირ 2016 წლის 13 ივნისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2016 წლის 01 ივნისისათვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება სახელფასო დავალიანება 3 500 ლარის ოდენობით.
მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 16 სექტემბრიდან, თუმცა 2016 წლის ივნისიდან ხელშეკრულების ჩათვით პერიოდზე, ანუ ფაქტობრივად ნამუშევარ პერიოდზე, სახელფასო დავალიანება დამსაქმებელს დასაქმებულისათის არ გადაუხდია არც შრომის კოდექსით დადგენილ 7 დღიან ვადაში და არც დღემდე. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გადაუხდელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 13 430 ლარს.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს დირექტორის წლის 2014 წლის 17 მარტის ბრძანებით N-0, 2014 წლის 03 აპრილიდან შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ლ-–- დ---–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.27);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2014 წლის 01 აპრილს მხარეებს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დასაქმებული პირის თანამდებობა, ხელფასი (და სხვა სახის ანაზღაურება) და დამატებითი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების დანართი N1-ით. ხელშეკრულების დანართი N1-ის პირველი მუხლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა ფინანსური დირექტორის თანამხდებობაზე.
დანართი N1-ის მე-3 მუხლის თანახმად, დასაქმებული პირის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურებით და პრემიით. დასაქმებული პირის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 5 000 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. დამსაქმებელი დასაქმებულ პირს ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდის ორ ნაწილად თვის 15 და 30 რიცხვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი N1 (ს.ფ.17-26);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 01 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 3 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.28);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. მხარეებს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია 2016 წლის 16 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ.29);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეს, მოსარჩელის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება - 13 430 ლარი.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: საქმეში წარმოდგენილია ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება 2016 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით განისაზღვრა 3500 ლარის ოდენობით.
არ არის სადავო, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია 2016 წლის 16 სექტემბრიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელესთან მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება კანონით დადგენილი წესით. ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს ანაზღაურება 2016 წლის 01 ივნისიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ ვერ განახორციელა მასზე, როგორც დამსაქმებელზე არსებული მტკიცების ტვირთის ჯეროვანი რეალიზება და ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არ არსებობის ფაქტი.
აამასთან, აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ კომპანიას მიაყენა ზიანი და მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლი საქმე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების დადების და მისგან წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელეთათვის ყოველთვიურად გასახდელი ხელფასის ოდენობა და გაცემის წესი. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან სარჩელის შემოტანამდე, ისევე როგორც სარჩელის წარმოდგენიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ემყარება სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ამასთან, ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას.
სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე Nას-291-291-2018) და მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლიდან გამომდინარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). ამასთან, სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არ შეასრულებს, ანუ, თუ გამოიკვეთება გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა (იხ. სუსგ-ები: Nას-285-271-2013; Nას-1502-1422-2017; Nას-1257-1177-2017; Nას- 682-636-2017; №ას-82-82-2018).
განსახილველ შემთხვევაში კი, როდესაც მოსარჩელეებთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და ისინი აღარ ასრულებდნენ შრომით მოვალეობებს, შესაბამისად, ისინი აღარ წარმოადგენენ შრომის ანაზღაურების (ანგარიშსწორების) მოცდენის სუბიექტს. მართალია, მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნას, თუმცა აღნიშნული არ განაპირობებს დამსაქმებლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის 31.3-ე მუხლის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოყენებას და მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 655 ლარი (ს.ფ.35), ისევე როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (ს.ფ. 36). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 402.9 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის - 874.88 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 13 430 ლარის გადახდა;
1.2. მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ლ-–- დ---–----ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–--- ბ----’’- ში 04.03.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 655 ლარი (საგადახდო დ----–--- N-);
3. მოსარჩელე ლ-–- დ---–----ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–--- ბ----’’- ში 04.03.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დ----–--- N-);
4. მოპასუხე შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 402.9 ლარის ანაზღაურება;
5. მოპასუხე შპს ,,ს------ კ-------- ფ------------–----’’-ს მოსარჩელე ლ-–- დ---–----- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 874.88 ლარის ოდენობით;
6. ძალაში დარჩეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია