გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210118002673642
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29716-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „ლ--------------“

წარმომადგენელი ლ--–----------

მოპასუხე მა----------------

წარმომადგენელი გუ---------------

ვლ------------------

გი----------------

მან-------------

დავის საგანი საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე

დავალიანების სოლიდარულად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ვლ------------------ს, გი----------------ს, მან-------------სა და მა----------------ს სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 24 270.44 ლარის (ძირითადი თანხა - 12 966.27, პროცენტი - 6981.17, ჯარიმა - 4323) გადახდა.

სს „ლ---------------“ და ვლ------------------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13 500 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2--- წლის 13 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები გი----------------ს, მან-------------სა და მა----------------სთან. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 25 000 ლარით.

 

მოპასუხეებმა 12.08.2016 წლიდან დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა.

 

ბანკმა წერილით მომართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ ნებაყოფლობით გადაეხადათ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა.

 

2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 24 270.44 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა - 12 966.27 ლარი, პროცენტი - 6981.17 ლარი და ჯარიმა - 4323 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეთაგან წერილობითი შესაგებელი სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ მა----------------მ, რომელმაც არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა, რომ ბანკში ნამდვილად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც არ წაუკითხავს, ხოლო ბანკის თანამშრომელმა აუხსნა, რომ ეს იყო ფორმალური დოკუმენტი და მის მიმართ მოთხოვნები არ დადგებოდა, კრედის გადახდაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ ვლ------------------ და მისი ოჯახის წევრები. 2.2. ბანკს არცერთხელ არ მიუმართავს მისთვის, არანაირი წერილობითი ინფორმაცია არ გააჩნია საკრედიტო ვალდებულების შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ლ---------------“ და ვლ------------------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13 500 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 24%, კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სს „ლ---------------” და ვლ------------------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მან-------------ს, მა----------------ს, გი----------------სა და სს “ლ--------------„ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულის შემთხვევაში 25 000 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესხებ;

- თავდებობის ხელშეკრულებები;

 

3.1.3. სს „ლ--------------ს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა იგი 12.08.2016 წლიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში. მოპასუხეების დავალიანება 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 24 270.44 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა - 12 966.27 ლარი, პროცენტი - 6981.17 ლარი და ჯარიმა - 4323 (შემცირებული) ლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „ლ---------------“ თავდებობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რამდენჯერმე აცნობა, თავდებს მა----------------ს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს.

 

მოპასუხე მა---------------- სადავოდ ხდის კრედიტორის მხრიდან მისთვის ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

სს „ლ---------------“ და თავდებს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების მე-10 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის კომუნიკაციის ფორმა და წესი. კერძოდ, ამ მუხლის 10.1. პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და ბანკთან არსებულ სხვა ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე პირადად, კურიერის (მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლე ტექსტური შეტყობინების) ინტერნეტ-ბანკის, მობილ-ბანკის ან/და ბანკის მიერ შემდგომში განისაზღვრული კომუნიკაციის საშუალებებით.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა მასთან არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დგინდება, რომ თავდებს, მის მიერ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე 5--------, პერიოდულად ეგზავნებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინება მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზე. მოპასუხემ სადავოდ გახადა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უარყო მოსარჩელისაგან ასეთი შეტყობინებების მიღების გარემოება. ამასთან, მას სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცალსახად დგინდება, სს „ლ--------------ს“ მიერ შესრულდა თავდებისათვის მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ--------------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 50-ე, 902-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „ლ---------------” და ვლ------------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულების დარღვევა სს „ლ--------------“ ანიჭებს უფლებას მოითხოვს დავალიანების ძირითადი თანხის 12 966.27 ლარის გადახდევინება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წლიური საპროცენტო სარგებელი 24 %. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კრედიტორი სს ”ლ--------------” უფლებამოსილია მოითხოვოს კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის 6 981.17 ლარის გადახდევინება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ლ---------------” და ვლ------------------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიაჩნია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს ათჯერ. შესაბამისად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 4 323 ლარის უნდა განისაზღვროს 432.3 ლარით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მ-----------------ს აპელირებას თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობაზე, მისი ბათილობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნების არანამდვილობაზე იმის გამო აპელირებს, რომ მას, ნების ფორმირების დროს, გამოვლენილი ნების შინაარსის გაცნობიერების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები ესმოდა.

 

სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს თავდების მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება იმ პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო.

 

მოცემულ შემთხვევაში, თავდების მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილება, ვინაიდან მას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ თავდები მართლაც არ გასცნობია თავდებობის ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი დოკუმენტის ხელმოწერა, მისი შინაარსის გაცნობისა და ნების გამომვლენზე ზემოქმედების გარეშე, გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

ზეამოღნიშნული მუხლის ნორმების მიზანია თავდების ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის კრედიტორის მხრიდან თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის შესახებ შეტყობინების წარდგენის ან თავდების მოთხოვნით კრედიტორის მიერ ძირითადი ვალდებულების მდგომარეობის შესახებ ცნობების მიწოდების ვალდებულებების დადგენით.

 

მიუხედავად იმისა, რომ თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, კრედიტორს მაინც ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება, საქმის კურსში ჩააყენოს თავდები თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის ფაქტის შესახებ. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შესახებ შეტყობინების გარეშე დაუშვებელია თავდებისათვის ნაკისრი ვალდებულების მოთხოვნა. ეს წესი ეხება არა მარტო სტანდარტულ, არამედ სოლიდარულ თავდებობასაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სამართლებრივი შედეგის სახით კანონი ითვალისწინებს თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დაკარგვას იმ ფარგლებში, რომლებშიც თავდებისათვის დარღვევის ან/და უზრუნველყოფილი ვალდებულების მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ლ---------------“ შეასრულა თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, მოპასუხე მ-----------------ს მიმართ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, არ დგება ამ თავდების სასარგებლოდ, სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი.

 

დადგენილია, რომ სს „ლ---------------” და მოპასუხეებს გი----------------ს, მან-------------სა და მა----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებებსაც.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 728.11 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 611.39 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟის ნაწილი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.10.2018 განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „ლ--------------ს“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „ლ--------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ვლ------------------ს, გი----------------ს, მან-------------სა და მა----------------ს მოსარჩელე სს „ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დავალიანების ძირითადი თანხის 12 966.27 ლარის, პროცენტის - 6 981.17 ლარისა და პირგასამტეხლოს - 432.3 ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ვლ------------------ს, გი----------------ს, მან-------------სა და მა----------------ს მოსარჩელე სს „ლ--------------ს” სასარგებლოდ 611.39 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია