გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
080210117002231559
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3985-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე: თ---------- კ-----–--ე;

წარმომადგენელი: ლია ო------ე;

მოპასუხე: მ---- ბ----ე;

წარმომადგენელი: მ------ მ-----–---–-;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე მ---- ბ----ეს მოსარჩელე თ---------- კ-----–--ის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 22 იანვარს მ---- ბ----ემ თ---------- კ-----–--ისგან ნოტარიალურად დამოწმებული სესხის ხელშეკრულებით ისესხა 5--0 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად მას სესხი უნდა დაებრუნებინა ერთი წლის განმავლობაში, 2015 წლის 22 იანვრამდე. მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა მოპასუხე სესხის თანხას არ აბრუნებს და ყოველნაირად ცდილობს დროის გაჭიანურებას, ეუბნება რომ მივიდეს 2 თვეში და სესხის თანხას დაუბრუნებს სრულად, თუმცა უშედეგოდ, ასე გრძელდება დღემდე, ბოლოს ტელეფონსაც არ პასუხობდა. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რადგან მას თანხა უნდა დაებრუნებინა ერთ წელიწადში და ის ფიქრობდა ამ თანხით ეწარმოებინა მცირე ბიზნესი, რადგან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და მიეღო შემოსავალი. აღნიშნულის გამო ითხოვს სესხის ძირ თანხას 5--0 აშშ დოლარს და მიყენებულ ზიანს - 1000 აშშ დოლარს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ---- ბ----ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 5--0 დოლარის ფარგლებში. მისი განმარტებით მ---- ბ----ემ ნამდვილად ისესხა 5--0 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე ერთი წლის ვადით. მისი განმარტებით არასდროს დამალულა, ტელეფონსაც სულ პასუხობდა და თავადაც კარგად იცოდა მიზეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა დროულად თანხის სრულად დაფარვა. იმ პერიოდში სარეალიზაციო საქონელი გაუფუჭდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (წყლის მილის დაზიანების გამო დაიტბორა ტანსაცმლის საწყობი), რაც დასტურდება წარმოდგენილი ფოტოებით. რაც შეეხება მოსარჩელის საუბარს ბიზნესთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, მას ყოველთვიურად მიჰქონდა თანხის ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე თვე შეუჩერა და 2017 წლის დეკემბრიდან ისევ გაუგრძელა თანხის გადახდა. მისი განმარტებით, სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, გადასახდელად დარჩენილი თანხის ნაწილში, რადგან 5--0 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს მის მიერ გადაცემული თანხები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 22 იანვარს თ---------- კ-----–--ესა და მ---- ბ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს ერთი წლის ვადით - არაუგვიანეს 2015 წლის 22 იანვრამდე გადასცა 5--0 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 22 იანვარის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-14);

 

3.1.2. მ---- ბ----ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, რ---------–ის გამზ. #6-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება 2014 წლის 22 იანვარის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის წინაშე შეადგენს 5--0 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 22 იანვარს თ---------- კ-----–--ესა და მ---- ბ----ეს შორის გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ ის აძლევდა თანხებს, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ საქმის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილი ვერ იქნა და მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობასაც ვერ ასაბუთებს მოპასუხე მხარე, ხოლო მოპასუხის მხოლოდ განმარტებას სასამართლოს სხდომაზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს მტკიცებულებად და სარჩელის საპირწონედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრულ წერილობით პასუხად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებელში მითითებული მოპასუხის პოზიცია ,,არ ვეთანხმები“, არ წარმოადგენს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელ გარემოებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარჩელზე მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა, მოპასუხეს არ წარუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება მოპასუხეს ასევე არ განუხორციელებია საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.

 

3.2.3. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან აკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ არ ეთანხმება ზიანის მოთხოვნას. სხვა მხრივ სადავოა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მ---- ბ----ეს მოსარჩელე თ---------- კ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5720.37 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს კონსტიტუცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გადასახდელი აქვს 6000 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა ის თავს არიდებს მის გადახდას, რითაც არღვევს მის უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს 6000 აშშ დოლარი, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა თანხა. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა თანხის სესხად გაცემის საშუალება. მოპასუხეს სურვილი ჰქონდა თანხის სესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის შედგა გარიგება. კერძოდ, მ---- ბ----ეზე სესხად გაიცა 5--0 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. მ---- ბ----ემ იკისრა ვალდებულება სესხად მიღებული თანხა დაფაროს იმ ვადაში, რა ვადაზეც შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მ---- ბ----ისგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მ---- ბ----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მ---- ბ----ე მიღებულ სესხს მოსარჩელეს დაუბრუნებდა ერთ წელში. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და არ გადაიხადა თანხა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა და ამ ვადის დადგომის, ასევე სარჩელის აღძვრისა და საქმის განხილვის მომენტამდეც სესხად მიღებული თანხის არც გადასახდელი ნაწილი და არც სხვა ოდენობა მოსარჩელეს არ გადაუხადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მ---- ბ----ეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ სესხის დაფარვის თანხა უნდა გადაეხადა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მან ვალდებულება არ შეასრულა და სესხი არ დაფარა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს 5--0 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხემ აღიარა, რომ მას მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 5--0 აშშ დოლარი.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით 1000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსკ-ის 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის ზიანს აყენებს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამგვარ მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის – ფულის შეგროვების და ანაბარზე განთავსების შედეგად, ამაზე მეტი ოდენობით ზიანის მიყენება კი დადასტურებულ უნდა იქნეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის დაუბრუნებელი ნაწილის - 5--0 აშშ დოლარის წლიური 3.39%-ის გადახდა 22.01.2015 წლიდან, ანუ იმ თარიღიდან, როდესაც მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება - არ დააბრუნა თანხა ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სასამართლომ განმარტა, რომ წლიური 3.39% წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე (https://www.nbg.gov.ge) მითითებულ უცხოურ ვალუტაში გახსნილი ანაბრის (დეპოზიტის) საშუალო წლიურ პროცენტს (ბონიტეტს) და 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდზე იხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების საშუალო მაჩვენებლით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (2018 წლის 05 აპრილი, ას-250-250-2018) განმარტა, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად მოვალე ვალდებულია ფაქტობრივ ზიანთან ერთად მიუღებელი შემოსავალიც აუნაზღაუროს დაზარალებულს. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

 

მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს და ის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე დამოკიდებული არ არის.

 

სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მ---- ბ----ეს თ---------- კ-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის - 720.37 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო 5--0 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში გადახდილი ბაჟიდან 378.99 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანარჩენი სახელმწიფო ბაჟის - 54.60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა, ხოლო ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 279.63 აშშ დოლარის ფარგლებში არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი 16.41 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მოცემულ საქმეზე 2018 წლის 0- იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ---- ბ----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, რ---------–ის გამზ. #6-ში (რომლის მახასიათებლებია: ზონა: ქუთაისი - 0-, სექტორი - ს-------- 0-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 22-, კოდი 0----- საკადასტრო კოდით 0-.0-.2-.22-.0-.5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1122.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი 0-.0-.01.380. შენობა ნაგებობები #1, #2 #3, საკუთრება შენობა #2 ფართი 205.56 კვ.მ.).

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------- კ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე მ---- ბ----ეს თ---------- კ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს - 5720,37 აშშ დოლარის გადახდა.

3. მოპასუხე მ---- ბ----ეს თ---------- კ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 54.60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე თ---------- კ-----–--ეს 2017 წლის 18 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 350 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3-------- (რეფერენსი 1---------).

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე თ---------- კ-----–--ეს 2017 წლის 25 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარიდან) - 28.99 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3-------- (რეფერენსი 1--------3).

6. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 16,41 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა