გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210019002902431
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5593-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „კ------------------------ი“

წარმომადგენელი - ი--------------ე

 

მოპასუხე - მ--------------ა

 

დავის საგანი - მომსახურების თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ--------------ას შპს „კ------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 544.48 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს „კ------------------------ი“-ს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით მ--------------ა ჩაირიცხა კ------------------------ის მედია სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე. ჩარიცხვის წლის პირველ, 2016 წლის შემოდგომის სემესტრში, მ--------------ა დარეგისტრირდა ხუთ საგანზე. არჩეული სასწავლო დისციპლინების კრედიტების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 887.50 ლარი. მოპასუხე მხარემ, ამ თანხიდან გადაიხადა 800 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ერთიანად გადახდის შეუძლებლობის გამო, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის, 2016 წლის 4 ოქტომბერს, გაფორმდა შეთანხმება სწავლის საფასურის გადახდის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა დარჩენილი თანხის - 2087.5 ლარის გადახდის გრაფიკი.

გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადის დარღვევის გამო, სტუდენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა საურავი გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, ხოლო 21 დღიანი ვადაგადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.2 %-ის ოდენობით. აღნიშნული შეთანხმება სტუდენტმა დაარღვია და გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი ტრანში არ გადაიხადა.

სარჩელის მომზადებისთვის სტუდენტის დავალიანება უნივერსიტეტის წინაშე შეადგენს საერთო ჯამში 5 544.48 ლარს. მოპასუხეს სტუდენტის იმეილზე ყოველდღიურად მისდიოდა ავტომატური შეტყობინება გრაფიკის დარღვევისა და საურავების დარიცხვის შესახებ. ამჟამად მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს და შესაბამისად, ის ითვლება აკადემიურ შვებულებაში მყოფ სტუდენტად.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების 2 087.5 ლარის ნაწილში.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო სწავლის საფასურის და შესაბამისად გავლილი სემესტრის საფასურის გადახდაც. მოპასუხის განმარტებით, მისი შემოსავალი 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2019 წლის 13 მაისამდე შეადგენს 5 969.91 ლარს, რაც მიზერულია დღევანდელი საარსებო პირობებიდან გამომდინარე. ამასთან, კმაყოფაზე ყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლესთან განქორწინებულია და შვილებზე ზრუნვა უწევს დამოუკიდებლად, მისი მშობლების მცირეოდენი დახმარებით.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 2016 წლის 15 დეკემბერს. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უკვე შეჩერებული ქონდა სტუდენტის სტატუსი, სარჩელი კი წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 19 მარტს, რასაც მიიჩნევს განზრახ არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რომელიც მიმართულია პირგასამტეხლოს თანხის დაგროვებისკენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „კ------------------------ი“-ს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით, მ--------------ა ჩაირიცხა კ------------------------ის მედია სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 03 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ. 18)

3.1.2. პროგრამის ჩარიცხვის წლის პირველ 2016 წლის შემოდგომის სემესტრში, მ--------------ა დარეგისტრირდა ხუთ საგანზე, არჩეული სასწავლო დისციპლინების კრედიტების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 887.50 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარემ, ამ თანხიდან გადაიხადა 800 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 14 დეკემბრის სემესტრული ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. 2016 წლის 4 ოქტომბერს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის, გაფორმდა შეთანხმება სწავლის საფასურის გადახდის შესახებ და განისაზღვრა დარჩენილი თანხის - 2087.5 ლარის გადახდის გრაფიკი. შეთანხმების მიხედვით, სტუდენტს 2016.10.04-დან 2016 -11.01-მდე უნდა გადაეხადა 1000 ლარი, ხოლო 2016 წლის 12.15-მდე დარჩენილი 1087.50 ლარი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სტუდენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 %, ხოლო 21 დღეზე მეტხანს გადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0.2 %-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება სწავლის საფასურის გადახდის შესახებ (ს.ფ. 21)

3.1.3. მ--------------ამ ვალდებულება არ შეასრულა. შპს „კ------------------------ი“-ს 2017 წლის 18 მარტის ბრძანებით მ--------------ას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 18 მარტის ბრძანება (ს.ფ. 22)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „კ------------------------ი“-ს სარჩელი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად სწავლის საფასურის გადახდის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 630-ე, 417-ე, 420-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტმა იკისრა სტუდენტისათვის გაეწია მედიის სკოლაში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურება 2016-2017 აკადემიური შემოდგომის სემესტრში. სტუდენტმა კი იკისრა ამ მომსახურებისათვის საფასურის გადახდის ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში და წესით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის 2087.5 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმებით სტუდენტს 2016.10.04-დან 2016 -11.01-მდე უნდა გადაეხადა 1000 ლარი, ხოლო 2016 წლის 12.15-მდე დარჩენილი 1087.50 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 %, ხოლო 21 დღეზე მეტხანს გადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0.2 %-ის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა: შეთანხმების პირობების შესაბამისად, გადახდილი არ არის სწავლის საფასური, შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

მოსარჩელე, პირგასამტეხლოს სახით, მოითხოვს 3456.98 ლარის გადახდას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მითითებული ოდენობით პირგასატეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც ის უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 345 ლარით, რაც იქნება გონივრული და არ გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2087.5 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს სახაზინო ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 62.62 ლარის ოდენობით.

 

დარჩენილ ნაწილში კერძოდ, პირგასამტეხლოს 3 456.98 ლარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 345 ლარის ნაწილში, რაც შეადგენს მოთხოვნის 9.97 %-ს შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 10.33 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „კ------------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მ--------------ას, შპს „კ------------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2087.5 ლარის გადახდა;

 

3. მ--------------ას, შპს „კ------------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 345 ლარის გადახდა;

 

4. მ--------------ას, შპს „კ------------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით 10.33 ლარის გადახდა;

 

5. არ დაკმაყოფილდეს შპს „კ------------------------ი“-ს მოთხოვნა პირგასამტეხლოს 3 111.98 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

6. შპს „კ------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 19/03/2019 წელს სს „თიბისი ბანკი“-ს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 166.33 ლარიდან 62.62 ლარი;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე