განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
190100119003000343
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-393-19

(№021280419002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ო------–----------ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------------------------–------------------------–ი,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით,საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 5 იანვარს, გ----------------------------–--------–--ში ო------–----------ემ უკანონოდ შეაღწია შპს „----–---- კუთვნილ ტერიტორიაზე და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რკინიგზის რელსის 4 ცალ ნაჭერს, სულ ღირებულს 83,25 ლარად. ო------–----------ის ქმედებით შპს „ე---–--- მიადგა 83, 25 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 28 აპრილს, გ----------------------------–---------------------–ში, დაახლოებით 19:30 საათზე პირადი საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, ლ------------–---–ს სახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ო------–----------ემ, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვება მხარეს ყბის არეში, რის შედეგადაც ლ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლოს დასკვნა, ო-------–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ლ------------–-–---–ის, ი-----–---–-----ის, ე-–---------–-------ის, ლ------------–---–ის, ნ-----–---------–---–ის, გ--–----–----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მიღება-ჩაბარების ჟურნალს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2----–-–-----------ს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო------–----------ის მიერ მეუღლისათვის ხელის დარტყმა ყბის არეში, გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დგინდება, რომ ო------–----------ე 2019 წლის 5 იანვარს მოქმედებდა ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედება არ იყო შესამჩნევი.

 

იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ვინაიდან ო------–----------ის განზრახვა მოიცავდა იმ ნივთის დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა ამ ნივთზე დასაუფლებლად, იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.

 

საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია საცავში უკანონო შეღწევით; ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია შპს „----–---- ტერიტორიაზე და ბრალდებულის შესვლის მიზანი იყო სხვისი ქონების დაუფლება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუქნტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ო------–----------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-------–----------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, არ არის ნასამართლევი, არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, ხოლო გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ო------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო--------–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ო------–----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

2. ო--------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

3. ო------–----------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლითონის ნაღვენთი გრუნტთან ერთად, ოთხი ცალი ლითონის ნაჭერი და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, რომლებიც ინახება გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე