გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
101210019002935174
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 101210019002935174

#2/84-2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

14. 06.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: შ----------------------ი“

წარმომადგენელი: ე------------------ე

 

მოპასუხე: ა-–------------ე

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - შ.პ.ს.,,ე-------------ი“-ს (ს/კ 4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ა-–------------ის (პ.№5----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩლე განმარტავს, რომ 2015 წლის 18 აპრილს შ----------------------“-სა და ა-–------------ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N1----- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ა-–------------ეზე გაიცა სესხი 300 ლარის ოდენობით 2015 წლის 06 მაისამდე, შემდეგი პირობებით: მსესხებელი ვალდებული იყო სესხი - 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი - 54 ლარი დაებრუნებია 18 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე ეკისრება 20 ლარის ჯარიმა და 7.5.

 

პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 1,5 პროცენტი, რამაც შეადგინა 526 ლარი;

 

მოსარჩელის მიერ შესაგებელში მითითებულია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2015 წელს მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. დღეის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 864 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხას 300 ლარი სარგებელი - 54 ლარი, პირგასამტეხლო- ნარჩენი ძირთადი თანხის დღიური 1,5 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე სულ 526 ლარი და ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი;

 

მოსარჩელე ითხოვს ა-–------------ეს შ.პ.ს.,,ე-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 864 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 300 ლარს, სარგებელი - 54 ლარს, პირგასამტეხლო 526 ლარს და 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა;

 

მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას;

 

მოსარჩელე ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას მის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 50 (ორმოცდაათი) ლარს და იურიდიული მომსახურების საფასურს 45 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ა-–------------ემ შემოიტანა შესაგებელი, რომლითაც განმარტა, რომ იგი სარჩელს არ ცნობს, რადგან მან მოსარჩელისაგან სესხის სახით აიღო თანხა 300 ლარის ოდენობით 2015 წლის 18 აპრილს და ამ ეტაპზე მოთხოვნა ხანდაზმულია. მოპასუხე მიუთითებს, რომ გასულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის შეტანის სამ წლიანი ვადა, რაც ათავისუფლებს მას ვალდებულების შესრულებისაგან;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს.,,ე-------------ი“ რეგისტრირებულია 2013 წლის 11 ივნისს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 4-------- მისი იურიდიული მისამართია ქ.თბილისი ვაკე საბურთალოს რაიონი ვაჟა ფშაველას გამზირი N41 სართ.6. მოპასუხე ა-–------------ე ცხოვრობს ჭიათურა, რუსთაველის ქუჩა N33-ში, ქ.N86 პ/ნ 5----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 25)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 18 აპრილს შ----------------------“-სა და ა-–------------ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N1----- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ა-–------------ეზე გაიცა სესხი 300 ლარის ოდენობით 2015 წლის 06 მაისამდე, შემდეგი პირობებით: მსესხებელი ვალდებული იყო სესხი - 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი - 54 ლარი დაებრუნებია 18 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე ეკისრება 20 ლარის ჯარიმა და 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 1,5 პროცენტი, რამაც შეადგინა 526 ლარი; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის ,,ვადასტურებ, რომ გავეცანი შ.პ.ს ,,ე-------------ის“ ხელშეკრულებას და ვეთანხმები“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.(აკეთებს ოფერტს).

 

იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება(ს.ფ.13-21)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებელი სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული

 

ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

 

მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შ----------------------ი“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი და გადარიცხვის ქვითარი(ს.ფ.31-34)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ გარდა მოპასუხე მხარე ადასტურებს სესხის მიღებას , თუმცა მიუთითებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. იგი მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული. იგი მიუთითებს, რომ მას 2015 წლის შემდგომ მოცემულ სესხზე არავითარი თანხა არ გადაუხდია. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ 2015 წლის 18 აპრილს მიიღო სესხი . უნდა დაებრუნებია სარგებელთან ერთად 2015 წლის 06 მაისამდე. დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2019 წლის 08 აპრილს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილით, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის პოზიციას და ეს სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც, განმარტებულია, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს არის მოპასუხის მიერ გადახდილი სეხზე 29 ლარი და 50 თეთრი. მტკიცებულება მოპასუხის მიერ თანხის ჩარიცხვის თაობაზე არ არსებობს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს ბანკიდან მისი ანგარიშის ამონაწერი , რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 10 აგვისტოს შემდგომ ანგარიშზე თანხების ბრუნვა არ განხორციელებულა. მოპასუხე ადასტურებს სესხზე თანხების ბოლო ჩარიცხვას 2015 წლის 30 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადარიცხვის ქვითარი(ს.ფ.32)

-ამონაწერი(ს.ფ.56)

-წერილი (ს.ფ.61)

-საქმის მასალები

- მხარეთა განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ შ----------------------ის“-ს სარჩელი ა-–------------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სარჩელი ხანდაზმულია. გასულია სარჩელის წარდგენის სამ წლიანი ვადა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–------------ემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 300 ლარი 2015 წლის 18 აპრილს. აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებია სარგებელთან ერთად 2015 წლის 06 მაისამდე. დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2019 წლის 08 აპრილს; მოპასუხის პოზიციით სარჩელი ხანდაზმულია და ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სესხთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადა სამი წელია;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130 -ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 06 მაისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144 -ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება N1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს. (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებას და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა საწინააღმდეგო გარემოებებზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ფაქტი 2017 წელში თანხების ჩარიცხვის თაობაზე მხოლოდ მოსარჩელის პოზიციაა და ამ გარემოების დასადასტურებლად სხვა მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად მხოლოდ ახსნა განმარტების საფუძველზე, რომელიც უარყოფილია მოპასუხის მიერ, სასამართლო ვერ ჩათვლის დადასტურებულად 2017 წელში მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფაქტს.

 

ამდენად ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 2015 წლის 30 ივნისს და დასრულდა 2018 წლის 30 ივნისს . სარჩელი შემოტანილია 2019 წლის 08 აპრილს, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული

 

გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ კმაყოფილდება მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შ----------------------ი“-ს (ს/კ 4--------) სარჩელი ა-–------------ის (პ.№5----------) მიმართ არ დაკმაყოფილდეს .

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. N3).

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი