გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
საქმე №3/190-19
19 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ბე----------–---–-
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენლები - მა-------------ე, მა---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბე----------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს
2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ბე----------–---–- ბრალდებულია/მსჯავრდებულია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.10.2016 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე, მეოთხე ნაწილებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლის ვადით თვისუფლების აღკვეთა.
ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი (პირადი საქმე).
- ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი (პირადი საქმე).
3.2. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 4 აპრილის N0------- განკარგულებით ბე----------–---–ს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
დადგენილია, რომ ბე----------–---–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 03 თებერვლიდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2020 წლის 4 მარტს. სასჯელის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 შესრულდა 2018 წლის 23 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-26);
- ბე----------–---–-ს პირადი საქმე.
3.3. ბე----------–---–ს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 7 ნოემბრის N2---- ბრძანებით სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების ა ღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის N1----- ბრძანებით სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისულების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-26);
- ბე----------–---–-ს პირადი საქმე.
3.4. დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 22 ნოემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა ბე----------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, პიროვნული მახასიათებლები, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლენილი ქცევა. ფაქტი, რომ წარსულში ნასამართლობის არმქონეა, თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. ამასთან, მხედველობაში მიიღო მონაცემები სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის სოციალურ აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანხმლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა ბე----------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-26);
- ბე----------–---–-ს პირადი საქმე.
3.5. დადგენილია, რომ ბე----------–---–- წარსულში ნასამართლობის არმქონეა. იგი კრიტიკულად აფასებს საკუთარ დანაშაულს. გამოძიებას დაეხმარა მისსავე საწინააღმდეგოდ მიმართული ნივთმტკიცებების მოძებნაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-26);
- ბე----------–---–-ს პირადი საქმე.
3.6 ბე----------–---–ს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური სახდელი, წახალისება გამოყენებული არ ყოფილა. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. იგი ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
დახასიათებაში მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებთან (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ) დაკავშირებით მითითებულია, რომ ბე----------–---–- იყო ფსიქოტროპული ნივთიერების მომხარებელი. ანტისოციალური რისკები პიროვნულ პროფილში არ აღენიშნება. გასაუბრებისას მსჯავრდებული გამოირჩეოდა კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, გამოიკვეთა მაღალი კულტურული სტანდარტი და პიროვნული პასუხისმგებლობის ტონი, რომელიც თანაბრად ეხებოდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ყველა სხვა გამოვლინებას. ბე----------–---–ს დამთავრებული აქვს შავი ზღვის უნივერსიტეტი (უცხო ენების ფაკულტეტი). იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინ------------------–------------------ად. ჰყავს დედა, მამა და ორი უმცროსი ძმა. მსჯავრდებულს აქვს კონსტრუქციულად მომართული შემეცნებითი უნარები და ინტერესები, აზროვნების სტილი, რაც მისი პიროვნული რესურსის ნაწილია; თვითშეფასების დონეზე დიფერენცირებულად აღნიშნა აღკვეთის დაწესებულების რეჟიმული ყოფის პოზიტივები - სოციალური წრის განახლება, კრიტიკული დამოკიდებულების შემუშავება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, რის საფუძველზეც ბუნებრივად განხორციელდა კორექცია- აღარ იკვებება ილუზიებით და რეალურად დაინახა მისი მხარდამჭერი ადამიანების თუმცა, უკვე დავიწყებული, მაგრამ რეალური საზღვრები. მოხდა ზოგადად ცხოვრების არსებული სტილის სტანდარტის შეცვლა, რაც მომავალში დროს და ენერგიას დაუზოგავს სწორი პრიორიტეტების დასახვით (სწავლის მოტივის გაძლიერება, მავნე ჩვევების მიტოვება და ზედაპირული კონტაქტების თავის არიდების გზით) განსაკუთრებულ როლს მის გეგმებსა და სამომავლო გათვლებში ასრულებს პერსპექტიული მეუღლე, რომელთანაც ოჯახის შექმნას გეგმავს. მისივე განცხადებით, გათავისუფლების შემდგომ აპირებს სწავლის გაგრძელებას და დასაქმებას. ფსიქოლოგის განმარტებით, ბე----------–---–- საზოგადოების სამოქალაქო რესურსის შემადგენელ ინდივიდუალურ მონაწილედ უნდა მოიაზრებოდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-26);
- ბე----------–---–-ს პირადი საქმე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბე----------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, პიროვნული მახასიათებლები, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლენილი ქცევა. ფაქტი, რომ წარსულში ნასამართლობის არმქონეა, თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. ამასთან, მხედველობაში მიიღო მონაცემები სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის სოციალურ აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე საბჭომ, ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანხმლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა ბე----------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“. აღნიშნული წესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელთა შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული
კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბე----------–---–- წარსულში ნასამართლობის არმქონეა, მის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი, წახალისება გამოყენებული არ ყოფილა. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. იგი ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვას მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დახასიათებასა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებზე (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ), რომლის თანახმად, ბე----------–---–ს ანტისოციალური რისკები პიროვნულ პროფილში არ აღენიშნება. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებული გასაუბრებისას გამოირჩეოდა კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, გამოიკვეთა მაღალი კულტურული სტანდარტი და პიროვნული პასუხისმგებლობის ტონი, რომელიც თანაბრად ეხებოდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ყველა სხვა გამოვლინებას. ბე----------–---–ს დამთავრებული აქვს შავი ზღვის უნივერსიტეტი (უცხო ენების ფაკულტეტი). იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინ------------------–------------------ად. ჰყავს დედა, მამა და ორი უმცროსი ძმა. მსჯავრდებულს აქვს კონსტრუქციულად მომართული შემეცნებითი უნარები და ინტერესები, აზროვნების სტილი, რაც მისი პიროვნული რესურსის ნაწილია; თვითშეფასების დონეზე დიფერენცირებულად აღნიშნა აღკვეთის დაწესებულების რეჟიმული ყოფის პოზიტივები- სოციალური წრის განახლება, კრიტიკული დამოკიდებულების შემუშავება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, რის საფუძველზეც ბუნებრივად განხორციელდა კორექცია- აღარ იკვებება ილუზიებით და რეალურად დაინახა მისი მხარდამჭერი ადამიანების თუმცა, უკვე დავიწყებული, მაგრამ რეალური საზღვრები. მოხდა ზოგადად ცხოვრების არსებული სტილის სტანდარტის შეცვლა, რაც მომავალში დროს და ენერგიას დაუზოგავს სწორი პრიორიტეტების დასახვით (სწავლის მოტივის გაძლიერება, მავნე ჩვევების მიტოვება და ზედაპირული კონტაქტებისთვის არიდების გზით) განსაკუთრებულ როლს მის გეგმებსა და სამომავლო გათვლებში ასრულებს პერსპექტიული მეუღლე, რომელთანაც ოჯახის შექმნას გეგმავს. მისივე განცხადებით, გათავისუფლების შემდგომ აპირებს სწავლის გაგრძელებას და დასაქმებას.
ყურადსაღებია ბე----------–---–-ს დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან. იგი კრიტიკულად აფასებს საკუთარ დანაშაულს, რაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოამჟღავნა (გამოძიებას მისსავე საწინააღმდეგოდ მიმართული ნივთმტკიცებების მოძებნაში დაეხმარა).
ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია, მის მიმართ მიღწეულია სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქმნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბე----------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უნდა დაეკისროს ბე----------–---–-ს სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-2, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბე----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 22 ნოემბრის N0--------- გადაწყვეტილება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, ბე----------–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური