გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
330210019002957948
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8752-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ------------ე

წარმომადგენელი - ს--–---------------ე

მოპასუხე - გ--------------ე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ------------ეს და გ--------------ეს შორის 2----–-–-----------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.2. მოპასუხე გ--------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა--------------ის (დაბადებული 2-----–-–-----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თ------------ე და მოპასუხე გ--------------ე დაქორწინდნენ 2----–-–-----------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი, ა--------------ე. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, შეუძლებელი გახდა ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელება. მხარეები 2017 წლის მაისის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი ა--------------ე ცხოვრობს დედასთან, თ------------ესთან მოსარჩელის მშობლების ბინაში. მცირეწლოვან ა--------------ეს ესაჭიროება განსაკუთრებული ზრუნვა, რისთვისაც საჭიროა მატერიალური, ასევე არამატერიალური რესურსი. მოსარჩელე დღემდე დამოუკიდებლად ზრუნავს არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაზე, რომელსაც ესაჭიროება რეგულარული მკურნალობა და ექიმის ზედამხედველობა. მოპასუხე თავს არიდებს შვილის აღზრდა-რჩენის მოვალეობის შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის თ------------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ------------ე და გ--------------ე დაქორწინდნენ 2----–-–-----------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–------------ შეეძინათ შვილი, ა--------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 20).

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 21).

 

3.1.2. მოსარჩელე თ------------ე და მოპასუხე გ--------------ე 2017 წლის მაისის თვიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში. თ------------ის მშობლები არიან პენსიონერები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 ივნისის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თ------------ის და გ--------------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 03 ივნისის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოსარჩელე თ------------ე დასაქმებულია შპს ,------–--------------------------------ში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 3 მაისის მდგომარეობით, თ------------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 362.5 ლარს, თებერვლის თვეში - 717.5 ლარს, მარტის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 750 ლარს, მაისის თვეში - 656.25 ლარს, ივნისის თვეში - 745 ლარს, ივლისის თვეში - 673.77 ლარს, აგვისტოს თვეში - 1043.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 781.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 475 ლარს, ნოემბრის თვეში - 825 ლარს, დეკემბრის თვეში - 1480 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 250 ლარს, თებერვლის თვეში - 687.5 ლარს, მარტის თვეში - 792.5 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2----–-–------------ მიმართვა, დანართი (ს.ფ. 67-68);

 

3.2.3. თ------------ემ 01.09.2016 წლის სესხის ხელშეკრულების და 28.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის სახით თანხა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ-------“-საგან. ამავე საკრედიტო დაწესებულებიდან 2015 წელს სესხი მიღებული ჰქონდა მოპასუხე გ--------------ესაც;

თ------------ეს 2019 წლის 08 აპრილის მდგომარეობით, სს ,,თ------------“ წინაშე ერიცხება დავალიანება 4276.16 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.09.2016 წლის 28.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23-27);

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 28-33);

- სს ,,თ------------“ მიერ 0--------- წელს გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 34);

 

3.2.4. არასრულწლოვან ა--------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მისი დიაგნოზია: სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. ბავშვს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და და ენდროკრინოლოგის მეთვალყურეობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ე------–“-ის მიერ 20.03.2019 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 22);

 

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 3 მაისის მდგომარეობით, გ--------------ეს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. ასევე, გ--------------ეს სახელზე არ ფიქსირდება რაიმე სახის ბრუნვა შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ,,თ-----------“, სს ,,პ-------------------“, სს ,,ვ-----------------------“, სს ,,ლ--------------“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2----–-–------------ მიმართვა, დანართი (ს.ფ. 67);

_სს ,,თ------------“, სს ,,პ-------------------ს“, სს ,,ვ-----------------------ს“, სს ,,ლ--------------ს“ მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 62-63, 69, 71, 73-79).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

თ------------ე და გ--------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2-----–-–---------------------. მათ ჰყავთ საერთო შვილი, 2----–-–----------- დაბადებული ა--------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

2017 წლის მაისის თვიდან, მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მოპასუხე მხარეს არ გამოუთქვამს პოზიცია ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე გ--------------ესთან ოჯახის შენარჩუნებისა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოიკვეთა მათ შორის ოჯახისა აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ თ------------ის და გ--------------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამდენად, თ------------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ--------------ის ქორწინების შეწყვეტის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე თ------------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------- დაბადებული ა--------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ა--------------ე ცხოვრობს დედასთან - თ------------ესთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. დადგენილია, რომ თ------------ე დასაქმებულია შპს ,------–--------------------------------ში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 3 მაისის მდგომარეობით, თ------------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 362.5 ლარს, თებერვლის თვეში - 717.5 ლარს, მარტის თვეში - 500 ლარს, აპრილის თვეში - 750 ლარს, მაისის თვეში - 656.25 ლარს, ივნისის თვეში - 745 ლარს, ივლისის თვეში - 673.77 ლარს, აგვისტოს თვეში - 1043.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 781.25 ლარს, ოქტომბრის თვეში - 475 ლარს, ნოემბრის თვეში - 825 ლარს, დეკემბრის თვეში - 1480 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 250 ლარს, თებერვლის თვეში - 687.5 ლარს, მარტის თვეში - 792.5 ლარს. საქმის მასალებით, არასრულწლოვან ა--------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მისი დიაგნოზია: სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. ბავშვს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და და ენდროკრინოლოგის მეთვალყურეობა, რაც დაკავშირებულია შესაბამის მატერიალურ სახსრებთან. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე ირიცხება გარკვეული საბანკო დავალიანება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------------ე და მოპასუხე გ--------------ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში ეხმარებიან ოჯახის წევრები. მოსარჩელის განმარტებით, გ--------------ე არ ზრუნავს ბავშვზე და არ იღებს მონაწილეობას მის რჩენა-აღზრდაში. მოცემულ საქმეზე, მოპასუხე მხარეს თავისი პოზიცია არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, გ--------------ეს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. ასევე, გ--------------ეს სახელზე არ ფიქსირდება რაიმე სახის ბრუნვა შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ,,თ-----------“, სს ,,პ-------------------“, სს ,,ვ-----------------------“, სს ,,ლ--------------“;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე ეწევა კერძო საქმიანობას, ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს და აქვს შემოსავალი, თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის კერძო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის გ--------------ის დასაქმების, მატერიალური შემოსავლის მიღებისა და ამ შემოსავლის ოდენობის თაობაზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. შვილის რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამავე მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ქორწინება თ------------ესა (დაბადებული 2----------–., პირადი N-----------) და გ--------------ეს (დაბადებული 2----------–-, პირადი N-----------) შორის, რეგისტრირებული 2----–-–-----------------ს, აქტის ჩანაწერი N------------.

 

3. მოპასუხე გ--------------ეს (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ა--------------ის (დაბადებული: 2----–-–-----------, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

4. მოპასუხე გ--------------ეს (პირადი N-----------) მოსარჩელე თ------------ის სასარგებლოდ გადახდეს 50 (ორმოცდაათი) ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

5. მოპასუხე გ--------------ეს (პირადი N-----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა