გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
190210119002896632
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/405-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი ლოლა კალაძე, სოფიკო გუგუნავა

მოპასუხეები მ----–- გ-------ა, გ---–------ რ-----ა

წარმომადგენელი მარინე ჩიმაკაძე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ----–- გ-------ასა და გ---–------ რ-----ასათვის სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 1117.94 ლარის დაკისრება.

1.2. მ----–- გ-------ასა და გ---–------ რ-----ასათვის სოლიდარულად 2016 წლის 17 მარტიდან ძირ თანხაზე 1117.94 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 38%-ის გადახდის დაკისრება, რაც არის ყოველთვიურად 35,40 ლარი.

1.3. მ----–- გ-------ასა და გ---–------ რ-----ასათვის სოლიდარულად 2016 წლის 17 მარტიდან პირგასამტეხლოს დაკისრება დავალიანების 1117,94 ლარის 0,05%-ის ოდენობით ყოველდღიურად 0,55 ლარის ოდენობით ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

1.4. თავდების გ---–------ რ-----ას პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 3900 ლარი.

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 108-114. ტომი 1)

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 17 სექტემბერს სს ბ----------------სა (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) და მ----–- გ-------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N01-32465-000102, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 3 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 38%, ყოველთვიური შენატანი 180,34 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის და შეადგენს პირველი 10 დღის ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 3%-ს, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს.

 

2014 წლის 17 სექტემბერს სს „თ----------სა“ და გ---–------ რ-----ას შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა მსესხებლის მ----–- გ-------ას თანაბარწილად სესხის დაბრუნების ვალდებულება. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 3900 ლარი.

 

სესხი სრულად დაბრუნებული არ არის. 2015 წლის 30 აპრილის შემდეგ მსესხებელს კრედიტი აღარ დაუბრუნებია. დავალიანების ნაწილიs მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო მოთხოვნილი ძირითადი თანხა არის სარჩელის აღძვრამდე სამი წლის პერიოდში გადასახდელი თანხა. მოსარჩელის განმარტებით, მოითხოვს შემცირებულ პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 0,05%-ის დაკისრებას ვალდებულების სრულ შესრულებამდე. კრედიტის დაუბრუნებლობით ბანკმა განიცადა ზიანი, ვერ მიიღოს სარგებელი, რასაც თანხის გასესხებით მიიღებდა, რაც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი თანხის დავალიანების იმ წლიური პროცენტით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში არ ცნეს სარჩელი ხანდაზმულობის გამო.

 

მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის შემოტანამდე ბანკს მათთვის არ გაუგზავნია რაიმე სახის შეტყობინება დავალიანების შესახებ, რის გამოც თავდებისათვის დავალიანების შესახებ ცნობილი არ იყო. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან დავა შეეხება მოპასუხეების მიერ ნაკისრი ერთიანი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც სესხის დაბრუნების პირველივე დარღვევის შემდეგ 2015 წლის მაისიდან ბანკს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ხოლო სარჩელი აღძრა სამი წლის გასვლის შემდეგ.

(30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 17 სექტემბერს სს „ბ----------------სა“ (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) და მ----–- გ-------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N01-32465-000102, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 3 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 38%, ყოველთვიური შენატანი 180,34 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის და შეადგენს პირველი 10 დღის ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 3%-ს, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-31. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 87-91. ტომი 1)

 

3.1.2. 2014 წლის 17 სექტემბერს სს თ----------სა და გ---–------ რ-----ას შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა მსესხებლის მ----–- გ-------ას თანაბარწილად სესხის დაბრუნების ვალდებულება. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 3900 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის განაცხადის და ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 32-36. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 87-91. ტომი 1)

 

3.1.3. მსესხებლის მიერ კრედიტის დასაბრუნებლად 2014 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილამდე პერიოდში გადახდილი აქვს ძირითადი თანხა 233,49 ლარი, სარგებელი 404,43 ლარი, ჯარიმა 67,68 ლარი. სესხი სრულად დაბრუნებული არ არის, 2015 წლის 30 აპრილის შემდეგ მსესხებელს კრედიტი არ დაუბრუნებია. მოსარჩელემ წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის მოტივით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სარჩელის აღვრამდე წინა სამის წლის პერიოდში გადასახდელი ძირითადი თანხის 1117,94 ლარის დაკისრება, რაც არის 2016 წლის 17 მარტის მდგმარეობით გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 31. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 37-38. ტომი 1)

- (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 108-114. ტომი 1)

- მოსარჩელის განმარტებები (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების შესრულება ძირითადი თანხის გადახდა, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 902-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოსარჩელე მოითხოვს 2014 წლის 17 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, - ძირითადი თანხის, კრედიტის გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას.

 

მოპასუხეები სარჩელის საწინააღმდეგოდ ხანდაზმულობას მიუთითებენ. მათი განმარტებით, მოთხოვნა წარმოიშვა 2015 წლის მაისიდან, რადგან ბოლო შენატანი გადახდილია 2015 წლის 30 აპრილს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 15 მარტს. მოპასუხეები არ იზიარებენ მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ დავა შეეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ვალდებულება თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მასზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა სარჩელის შეტანით. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. კანონით დადგენილია სხვადასხვა ვადა კონკრეტული სამართალურთიერთობისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია ერთგვარი სპეციფიკა იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).

 

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების თავისებურების გამო მისი შესრულება პერიოდულად ხდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ვალდებულების არსი სწორედ კრედიტის პერიოდული გადახდებით დაბრუნებაში მდგომარეობს. საკრედიტო ვალდებულების პერიოდულად გადახდის მნიშვნელობის შესახებ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

 

ეს ნორმა ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დადგენილი პერიოდულობით კრედიტის დაბრუნება არის კრედიტორისათვის განმსაზღვრელი პირობა და მსესხებლის მთავარი ვალდებულებაა. კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნება გამსესხებლისათვის ზიანის მომტანი ქმედებაა, რადგან იგი ამით კარგავს გრაფიკით დადგენილ ვადაში დაგეგმილი სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ამ ნორმიდან გამომდინარე გაცემული კრედიტის თანხის დაბრუნების ვალდებულება დროში განგრძობადი ხასიათისაა. პერიოდული გადახდებით, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი ოდენობით გადახდით კრედიტის გამცემი იღებს სარგებელს კრედიტის გაცემისათვის, რაც განაპირობებს საკრედიტო ვალდებულების შინაარსს, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა.

 

საკრედიტო ურთიერთობაში ძირითად თანხასთან ერთად სარგებლის გადახდა მსესხებლის მთავარი ვალდებულებაა, რაც მან უპირობოდ უნდა შეასრულოს. ამასთან, კრედიტის პერიოდული გადახდებით დაბრუნება მსესხებლის ვალდებულებაა. დადგენილი პერიოდულობით კრედიტის დაბრუნება არის გამსესხებლისათვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რადგან იგი გრაფიკით დადგენილ ვადაში იღებს სარგებელს. აქედან გამომდინარე საკრედიტო ვალდებულება თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რადგან კრედიტორს უფლება აქვს მხოლოდ გრაფიკით დადგენილი პერიოდულობით მოითხოვოს კრედიტის დაბრუნება, შესაბამისად მოვალემ უნდა დაიცვას გრაფიკით დადგენილი გადახდის წესი. ვადამდე კრედიტის დაბრუნება ბანკისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა, რის გამოც საკრედიტო ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, იმის მიუხედავად, რომ მოვალე ერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის ხანდაზმულობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).

 

საკრედიტო ვალდებულების, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების საკითხზე, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებაში საქმეზე №ას-902-2018 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „42. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018). 43. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოვალეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა გადაეხადა 2013 წლის 18 დეკემბერს, რაც მას არ შეუსრულებია. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად“.

 

განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად თვის 17 რიცხვში. ბოლო გადახდა განხორციელებულია 2015 წლის 30 აპრილს. მოსარჩელე მოითხოვს 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრებას. გრაფიკის მიხედვით, გრაფიკით დადგენილ ვადაში და თანხით კრედიტის დაბრუნების შემთხვევაში 2016 წლის 17 მარტს ძირითადი თანხის ნაშთი ანუ ამ დროისათვის გადასახდელი თანხაა 1117,94 ლარი, რაც ამ დრომდე გადახდილი არ არის. სარჩელი აღძრულია 2019 წლის 15 მარტს, სადაო თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის ვადაში.

 

ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. მსესხებელმა დააბრუნა საკრედიტო ხელშეკრულების გათვალისწინებული თანხის ნაწილი. ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში სრულად შესრულებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. მსესხებელმა დააბრუნა მიღებული კრედიტის ნაწილი, ხოლო 2015 წლის 30 აპრილის შემდეგ კრედიტის დაბრუნების მიზნით შენატანი აღარ გადაუხდია. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რის გამოც მოვალეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

ბანკი მოითხოვს განცდილი ზიანის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, იმ სარგებლის დაკისრებას, რაც ვერ მიიღო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკის მოთხოვნა ვალდებულების სრულ შესრულებამდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, სარჩელი აღიძრა მას შემდეგ, რაც საკრედიტო ხელშეკრულების ვადა დასრულდა. საკრედიტო ხელშეკრულება დადებული იყო 2016 წლის 15 სექტემბრამდე ვადით, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 15 მარტს. ამდენად, ბანკს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება არ შეუწყვეტია. საკრედიტო ვალდებულების ნაწილი მოვალემ შეასრულა, მაგრამ ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამის გამო ბანკი განიცდის ქონებრივი დანაკარგს მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც მოთხოვნილია გადასახდელი ძირითადი თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის დარიცხვით 2016 წლის 17 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად შესრულებამდე ყოველთვიურად 35,40 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრება ვალდებულების სრულ შესრულებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-414-ე და 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი ვადა ამოიწურა 2016 წლის 15 სექტემბერს, სარჩელი აღძრულია 2019 წლის 15 მარტს, რის გამოც სახეზე არ არის ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. . გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებით ზიანის თანხის დარიცხვა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი, ვიდრე კრედიტორი არ მოითხოვს სააღსრულებო ფურცელს, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის სახით ბანკი აინაზღაურებს რეალურ დავალიანებაზე რამდენჯერმე მეტ თანხას.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).

 

კანონის ზემოთდასახელებული ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

ამ შემთხვევაში კრედიტი გაცემულია ფიზიკურ პირზე, კრედიტი სამომხმარებლო შინაარსისაა, სესხის ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, საკრედიტო ვალდებულების ნაწილი მოვალემ შეასრულა, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ზიანის გადამეტებული ოდენობით მოთხოვნაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 38%-ს პროპორციული თანხის ყოველთვიურად გადახდა 2016 წლის 17 მარტიდან ერთი წლის ფარგლებში. მოსარჩელე მოითხოვს თვეში 35,40 ლარი გადახდას (სესხის დავალიანების 1117,94 ლარის წლიური 38%), რაც 2016 წლის 17 მარტიდან 2017 წლის 17 მარტამდე 12 თვის პერიოდში არის 424,92 ლარი.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად 0,05%-ის დაკისრებას ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამართლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1117,94 ლარი. 2015 წლის 30 აპრილის შემდეგ სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია, ხოლო სარჩელი აღძრულია ვალდებულების დარღვევიდან 3 წლის შემდეგ. მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად 0,55 ლარის დაკისრებას 2016 წლის 17 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს არაგონივრულად მაღალი თანხით პირგასამტეხლოს დაკისრებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

 

გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება გულისხმობს დაკისრებული თანხის ზრდას, რაც შეწყდება სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დღეს. ამ გარემოების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შეწყვეტა კრედიტორის მოქმედებაზეა დამოუკიდებული. ვიდრე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის გაცემას არ მოითხოვს და მიღებულ სააღსრულებო ფურცელს არ წარადგენს გადახდევინების მიზნით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დარიცხვას 2016 წლის 17 მარტიდან, რის შემდეგ უკვე გასულია 3 წელიწადზე მეტი დრო (პირგასამტეხლო შეადგენს 602,25 ლარს), ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდეს გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გათვალისწინებით, რაც გამოიწვევს მეტისმეტად მაღალი თანხის დაკისრებას.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა და მოპასუხეებს დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის გადახდა, მოთხოვნილი პერიოდულობით პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულად მაღალი თანხის გადახდის ვალდებულებას გამოიწვევს, 420-ე მუხლის თანახმად კი დაუშვებელია არაგონივრულად მაღალი სანქციის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან მოსარჩელეს აუნაზღაურდება 1 წლის მიუღებელი შემოსავალი, მოპასუხეებს ძირითადი თანხის დავალიანების გათვალისწინებით უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 120 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ძირითადი თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით თავდებს შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალეს გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. მოპასუხეები თავდების პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ მათ ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა არ განესაზღვრათ და ბანკს არ უცნობებია მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ ბანკმა მოპასუხეებს წერილობით აცნობა, რომ მსესხებელი არ ასრულებდა კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას, თუმცა ეს ფაქტი მოპასუხეებისათვის ვალდებულების დაკისრებას სრულად არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. 2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

ამდენად, ამ ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულების დარღვევის შესახებ შეუტყობინებლობის სამართლებრივი შედეგის სახით კანონით გათვალისწინებულია თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დაკარგვა იმ ფარგლებში, რომლებშიც თავდებისათვის დარღვევის ან /და უზრუნველყოფილი ვალდებულების მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს. ამ დებულების საფუძველზე, სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის შემთხვევაში თავდები აღარ აგებს პასუხს ვადაგადაცილების გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოსათვის ან კრედიტორის მიერ განცდილი ზიანისათვის.

 

902-ე მუხლის ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. ასეთმა შეტყობინებამ შესაძლებელია ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი . 902-ე მუხლის კომენტარი).

 

902-ე მუხლის განმარტების საკითხზე სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე (იხ.უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განჩინება საქმეზე №ას-910-972-2014' 2001 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე N 3კ/815-01).

 

2015 წლის 4 მარტის განჩინებაში საკასიო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემდეგი მოტივაცია: “თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება, ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ჯეროვნად რომ შეესრულებინა. სწორედ ამ საფუძვლით არ დააკისრა ხ.შ.ს პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გზით თავდები ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდა“.

 

განსახილველ საქმეში არ დასტურდება, რომ კრედიტორმა შეატყობინა თავდებს ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დარიცხვა და ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის საფუძველზე, თავდები უნდა გათავისუფლდეს პირგასამტელოსა და პროცენტის გადახდის ვალდებულებისაგან და პირგასამტეხლოს და ზაინის ანაზღაურება მხოლოდ ძირითად მოვალეს უნდა დაეკისროს, ხოლო ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია.

 

მოპასუხეების მიერ სოლიდარულად გადასახდელია ძირითადი თანხა 1117,94 ლარი, ხოლო მსესხებელს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის 424,92 ლარის და პირგასამტეხლო 120 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე თავდაპირველად სარჩელით მოითხოვდა 9093,09 ლარის დაკისრებას, რაც შეამცირა და საბოლოო სასარჩელო მოთხოვნების სარჩელის ფასია 2994,59 ლარი. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 272,79 ლარი. საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რადგან სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, დავის საგნის ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, სსსკ 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება.

 

შესაბამისად, მხარეებს შორის სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განაწილდეს 50 ლარი, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 222,79 ლარი.

 

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ 1662,86 ლარის გადახდა, რაც არის სარჩელის ფასის 55%. სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 55% არის 27,5 ლარი, რომლის მოსარჩელისთვის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეებს დაეკისრათ 1662,86 ლარის გადახდა, რომლის 4% არის 66,51 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების მისაღებად გაწეული ხარჯის 363,72 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის 4%-ს, რის გამოც მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი 66,51 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალურად მოპასუხე გ---–------ რ-----ას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, რადგან ეს საპროცესო მოქმედება მხოლოდ მას შეეხება, ხოლო განცხადება სრულად დაკმაყოფილდა. ინდივიდუალურად გ---–------ რ-----ას უნდა დაეკისროს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის 2019 წლის 21 მარტს გადახდილი საფასურის 20 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2019 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

1.1. მ----–- გ-------ას და გ---–------ რ-----ას დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ 1117,94 ლარის სოლიდარულად გადახდა;

1.2. მ----–- გ-------ას და გ---–------ რ-----ას სოლიდარულად დაეკისროთ სს თ----------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად თვეში 35,40 ლარის გადახდა 2016 წლის 17 მარტიდან 1 წლის განმავლობაში, ჯამურად 424,92 ლარის ოდენობით.

1.3. მ----–- გ-------ას და გ---–------ რ-----ას სოლიდარულად დაეკისროთ სს თ----------ისათვის პირგასამტეხლოს 120 ლარის გადახდა.

 

1. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 182,77 ლარი. თანხა 2019 წლის 12 მარტს გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება N4);

 

2. მ----–- გ-------ას და გ---–------ რ-----ას დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 49,51 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 66,51 ლარის გადახდა;

 

3. გ---–------ რ-----ას დაეკისროს სს "თ----------ისათვის" სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი