გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170310019002844010
საქმე № 3/8-19წ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წ. ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ქ------------–---
მოპასუხე - ბ---------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბ---------–-–---–- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1323 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ბ---------–-–---–- (პ/ნ 2----------) შორის 2----–-–--------------ს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. რომლის თანახმად, მყიდველს, პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა თ------–----------------- სოფელ ო------–ი მდებარე 47105 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------). ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური, რომელიც ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შეადგენს მხოლოდ საპრივატიზებო შემოსულობას - 942,1 ლარს, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ქონების საპრივატიზებო საფასური და წარუდგინოს გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრება 2.1. პუნქტში განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო ბ---------–-–---–- ეკისრება პირგასამტეხლო 1323 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის #-------, 2016 წლის 04 თებერვლის #4----- (ჩაბარების თარიღი 04.02.2016), 2017 წლის 22 თებერვლის #4----- და 2016 წლის 30 ივნისის #4------ წერილებით ბ----------–-–---–- გაეგზავნა გაფრთხილება, თუმცა პირგასამტეხლო დღემდე არ არის გადახდილი. ამასთან ბ---------–-–---–- არ ეკისრება საპრივატიზებო საფასურის გადახდა, რადგან ზემოხსენებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- მესაკუთრეს 2016 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოადგენს დ------------------ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება) შესრულება დაეკისრა ახალ მესაკუთრეს, რომელმაც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა 2017 წლის 8 თებერვალს. ბ---------–-–---–-ს მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა ერიცხება მის მიერ ხელშეკრულების შესრულების დარღვევიდან - 2012 წლის 8 დეკემბრიდან 2016 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, ახალი ხელშეკრულების დადებამდე, რაც შეადგენს 1323 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბ---------–-–---–-ა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან მოსარჩელის მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა არის ხანდაზმული.
შესაგებლის საფუძვლები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–--------------ს სსის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ბ---------–-–---–- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად ,,გამყიდველი გადასცემს, ხოლო ,,მყიდველი“ იღებს საკუთრებაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთს, მდებარე თ------–-------------–----–----------------–-----------, ფართი 47105 კვმ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 8-----------.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური, რომელიც ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შეადგენს მხოლოდ საპრივატიზებო შემოსულობას 942,1 ლარს, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ქონების საპრივატიზებო საფასური და წარუდგინოს გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით დადგენილი წესით.
ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება და დაფაროს რეგისტრაციის ხარჯი.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად ,,მყიდველს“ საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერის და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთან, მყიდველი ვალდებულია საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება.
ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, თუ ,,მყიდველი“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ,,მყიდველისათვის“ საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრებად.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
ხელშეკრულების 5.2. მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრება 2.1. პუნქტში განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულება. ს. ფ.13.
3.1.2. 2----–-–--------------- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრაციისათვის წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად თ------–----------------- სოფელ ო------–ი მდებარე 47105,00 კვმ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ 8----------- საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ----------–-–---–-- (პ/ნ 2----------) საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 13 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ს. ფ. 14-15.
3.1.3. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის #------- წერილით ბ---------–-–---–- ეცნობა, რომ მხარეთა შორის 0----------–--–- გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა-----–--------------–-–---–- საპრივატიზებო საფასურის 941,1 ლარის გადახდის სანაცვლოდ პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა თ------–-------------–----–------–-, სოფელ ო------–ი მდებარე 47105 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ, მის მიერ დღემდე გადასახდელია საპრივატიზებო საფასური (941,1 ლარი) ხელშეკრულების 5.2 მუხლის საფუძველზე ეკისრება პირგასამტეხლო, გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 17.12.2015 წლის მდგომარეობით დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს 1041.03 ლარს. აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა ზრდადია ყოველდღიურად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულებამდე. ეთხოვა წინამდებარე წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, უზრუნველეყო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. ამასთან ეცნობა, რომ ზემოხსენებული ვალდებულების წინამდებარე წერილით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხების გადახდევინება განხორციელდებოდა სასამართლოს წესით კანონის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის #------- წერილი, ფ. ს.17.
3.1.4. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 თებერვლის #4----- წერილით ბ---------–-–---–- ეცნობა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 დეკემბრის #------- წერილში, ფ/პირი ა-----–--------------–---–-ს სახელი მითითებულია შეცდომით ნაცვლად ფ/პირ ბ---------–-–---–-სა (პ/ნ 2----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 თებერვლის #4----- წერილი, ს.ფ. 19.
3.1.5. 2016 წლის 21 ივნისს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 4------- განცხადებით მიმართა ბ---------–-–---–-ა მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებულ 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს საფასურის გადახდა გადაუვადდეს წლის ბოლომდე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის #4------ წერილით, ბ----------–-–---–- 21.06.2016 #4------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერების პრინციპზე დაყრდნობით, საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებლად მიიჩნევს სააგენტოსა და ფ.პირ ბ---------–-–---–- შორის 0----------–--–- გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის მიერ გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისა (9942,1 ლარი) და ამავე ვალდებულების დარღვევისათვის, ხელშეკრულების 5.2 მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 01 დეკემბერი. ამასთან ეცნობა, რომ წინამდებარე წერილით მყიდველისათვის განსაზღვრული დამატებითი ვადა შეაჩერებს პირგასმტეხლოს დინებას. ეთხოვა წინამდებარე წერილით განსაზღვრული დამატებითი ვადის განმავლობაში უზრუნველეყო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ---------–-–---–-ს 21.06.2016 წერილი, ს.ფ. 29.
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის #4------ წერილი, ს.ფ. 23-24.
3.1.6. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის #4----- წერილით ეცნობა, რომ მხარეთა შორის 0----------–--–- გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა-----–--------------–-–---–- საპრივატიზებო საფასურის 941,1 ლარის გადახდის სანაცვლოდ პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა თ------–-------------–----–------–-, სოფელ ო------–ი მდებარე 47105 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი.
სააგენტოს 17.12.2015 წლის #------- და 30.06.2016 წლის #4------ წერილების გათვალისწინებით, მის მიერ დღემდე გადასახდელია საპრივატიზებო საფასურის (942,1 ლარი) შესაბამისად, ხელშეკრულების 5.2. მუხლის საფუძველზე ეკისრება პირგადსამტეხლო გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის 0,1%-ის (0,9421 ლარი) ოდენობით დარღვევის დღიდან (08.12.2012 წლიდან) 12.10.2016 წლამდე (სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ქონებაზე ახალი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციამდე), რამაც ჯამურად შეადგინა 1323 ლარი. ეთხოვა წინამდებარე წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უზრუნველეყო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. ამასთან ეცნობა, რომ ზემოხსენებული ვალდებულების წინამდებარე წერილით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხების გადახდევინება განხორციელდებოდა სასამართლოს წესით კანონის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის #4----- წერილი, ს.ფ. 21.
3.1.7. 2016 წლის 12 ოქრომბერს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად თ------–----------------- სოფელ ო------–ი მდებარე 47105,00 კვმ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 8----------- საკუთრების უფლებით აღირიცხა დ------------------- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 29 ოქტომბრის #A---------------- განკარგულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ს. ფ. 25-26.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახამად, სააგენტოს მიზნები სხვა მიზნებთან ერთად არის სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია ასევე სახელმწიფო ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით, სასყიდლით, აუქციონის ფორმით და სახელმწიფო ქონების მართვა განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ბ---------–-–---–- (პ/ნ 2----------) შორის 2----–-–--------------ს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. რომლის თანახმად, მყიდველს, პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა თ------–----------------- სოფელ ო------–ი მდებარე 47105 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-----------). ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზებო საფასური, რომელიც ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შეადგენდა მხოლოდ საპრივატიზებო შემოსულობას 942,1 ლარს, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს აზრით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქონების განკარგვის-საკუთრებაში გადაცემის მიზნით. შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ერონულ სააგენტოსა და ბ---------–-–---–- შორის 2----–-–--------------ს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ხანდაზმულია ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა პირგასამტელოს მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.
ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე. რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნისა ექვს წელს.
ამავე ნორმით გათვალისწინებულია გამონაკლისი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის, რომელიც ექვსი წლით განისაზღვრება და იგი გამოყენებადია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ არსებული შეხედულებით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვსწლიანი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უძრავი ნივთია, არ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელთა საფუძველს ამა თუ იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს. მაგალითად, უძრავი ნივთის იჯარის ან ქირავნობიდან გამომდინარე ქირის, იჯარის ან სხვა სახელშეკრულებო პირობების შესრულების მოთხოვნებზე ზოგადი ან ამ ურთიერთობისთვის გათვალისწინებული სპეციალური ხანდაზმულობის ვადები გამოიყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობა უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ საპრივატიზაციო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამდენად, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოპასუხის მხრიდან გარკვეული პერიოდით, კერძოდ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღით განისაზღვრა და მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის (30 დღის) გასვლის შემდეგ 2012 წლის 8 დეკემბრიდან. შესაბამისად წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის თარიღია 2015 წლის 8 დეკემბერი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბ---------–-–---–- პირველი გაფრთხილების წერილი გაუგზავნა 2015 წლის 17 დეკემბერს, მაშინ როდესაც უკვე გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129 -ე მუხლით გათვალისწინებული ექვს წლიანი ხანდაზმულოვის ვადა, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვა, არამედ დავის საგანია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება, რომელ მოთხოვნაზეც ვრცელდება ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ვალდებულების 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებული მომენტისათვის გასულია, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამდენად, იქიდან გამომდინარე რომ გასულია 2----–-–--------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებლობის გამო პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების მოთხოვნისათვის კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, არ არსებობს აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 251, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა