გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
140210018002695345
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002695345

საქმე № 2/2070-18

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილმა

მოსარჩელე _ ნ-----------–---–ი

წარმომადგენელი – თ----------–-–--ე

მოპასუხე _ შპს „გ--------ი“

წარმომადგენლები - კ-----------–---–ი, ი-----–-------–--ე

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხელფასიდან დაკავებული თანხის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გორის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბერს სარჩელით მომართა ნ-----------–---–მა მოპასუხე შპს "გ--------ის" მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენასციის დაკისრების მოთხოვნით, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნა მოსარჩელემ შეცვალა კომპენსაციის დაკისრებით.

საქმის არსებითად განსახილველად მოსამზადებელ ეტაპზე, 2018 წლის 10 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ნ-----------–---–ის წარმომადგენელმა თ----------–-–--ემ შუამდგომლობით წარმოადგინა ნ-----------–---–თან 2018 წლის 09 დეკემბრს გაფორმებული №---- შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ. თ----------–-–--ემ ითხოვა ნ-----------–---–ის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის -1000 ლარის - მოპასუხე შპს "გ--------ისათვის" დაკისრება.

განსახილველ შემთხვევაში ნ-----------–---–სა და თ-----------–-–--ეს შორის დადებულია იურიდიული მომსახურების შესახებ 2018 წლის 09 დეკემბრის № 18/1 შეთანხმების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით იურიდიული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1000 ლარით, რაც შეთანხმების დადების დროისათვის ნ-----------–---–ის მიერ სრულად იყო გადახდილი. გარდა ამისა, მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელის წარმოდგენისას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილში.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ-----------–---–ის სარჩელი შპს „გ--------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი შპს „გ--------ის“ გენერალური დირექტორის №2018-08-01/6 გდ ბრძანება ნ-----------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შპს „გ--------ს“ ნ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 22 892.34 ლარის ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი შპს „გ--------ის“ გენერალური დირექტორის შემდეგი ბრძანებები: 1) 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანება №2018-09-03; 2) 2018 წლის 10 ივლისის ბრძანება №2018-07-10; 3) 2018 წლის 04 ივლისის ბრძანება №2018-07-04; 4) 2018 წლის 10 იანვრის ბრძანება №2018-01-10; 5) 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №2018-03-29; 6) 2017 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №2017-12-27; 7) 2018 წლის 30 აპრილის ბრძანება №2018-04-30, ასევე ზარალის ანაზღაურების მიზნით ნ-----------–---–ისათვის კუთვნილი ხელფასიდან თანხების მიუცემლობის შესახებ შპს „გ--------ის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისიის შემდეგი გადაწყვეტილებები: 1) 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება; 2) 2018 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება; 3) 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება; 4) 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება; 5) 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება; 6) 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება; 7) 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება; 8) 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება; 9) 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება; 10) 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და შპს „გ--------ს“ ნ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასიდან დაკავებული თანხების ანაზღაურება 9726.58 ლარის ოდენობით; მოსარჩელე ნ-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „გ--------ს“ სახელწიფო ბუჯეტის სასარებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჯის გადახდა 981.30 ლარის ოდენობით.

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის გადაწყვეტილი პროცესის ხარჯების - მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) და მის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის შესახებ.

2019 წლის 21 ივნისს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსარჩელე ნ-----------–---–ის წარმომადგენელმა თ----------–-–--ემ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის საკითხის გადაწყვეტისა და მის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

სამოტივაციო ნაწილი

სასამართლო გაეცნო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელის განცხადებას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ასევე საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ნ-----------–---–ი მოპასუხე შპს "გ--------ის" მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, კომპენასაციის დაკისრებას, იძულებით განაცდურისა და ხელფასიდან დაკავებული თანხის ანაზღაურებას.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

განსახილველ შემთხვევაში ნ-----------–---–ს წარმომადგენელთან იურიდიული მომსახურების შესახებ შეთანხმების მიხედვით წარმომადგენლისათვის გადახდილი აქვს 1000 (ათასი) ლარი და ასევე შპს "გ--------ის" მიმართ წარმოდგენილ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილში, რომელზეც, მოსარჩელის მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება დაბრუნებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სრულად არ არის მითითებული პროცესის ხარჯებზე. კერძოდ, არ არის ნამსჯელი მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხასა და მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი (სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილში), უნდა დაუბრუნდეს მას.

რაც შეეხება წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ წარმომადგენლის დახმარებისათვის გასწია ხარჯი - 1000 ლარი, მართალია სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაგრამ დავის საგნის ფასის, ასევე დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის გათავალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენელისათვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის, ანაზღაურება სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოპასუხე ნ-----------–---–ის წარმომადგენლის თ----------–-–--ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე, ნ-----------–---–ს (პ/ნ: 59001006230) დაუბრუნდეს თ----------–-–--ის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №0)

3. მოპასუხე შპს "გ--------ს" მოსარჩელე ნ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი