გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
050310018002774462
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002774462

№3/195-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - ე------------ვა

წარმომადგენელი: მა--------------ში

მოპასუხე: - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი: ნ---------------ძე

დავის საგანი: შრომის სტაჟის დადგენა;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ე------------ვა 1987-1995 წლებში უწყვეტად მუშაობდა მახარაძის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში მუშად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხე გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, არასწორად ჰყავს მითითებული, რადგან ცენტრი არ არის უფლებამოსილი დაადასტუროს ან უარყოს მუშაობის სტაჟი, შესაბამისად, ის არასათანადო მოპასუხეა.

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით საარქივო ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელე 1975 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა ფაბრიკაში, თუმცა მუშაობის სტაჟი შემდგომ წლებში არ დასტურდება.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-„სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტი;

- ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი;

-,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი’’;

- ,,შრომითი და სადაზღვეო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის №321/ნ ბრძანება;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შრომითი სტაჟის დადგენა უკავშირდება შრომის უფლებებს, რომლებიც აღიარებული და დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებით. „სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია: „ნებისმიერი პოლიტიკა უწინარეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნეს მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, აგრეთვე ხელი შეუწყოს მის სწრაფვას სოციალური პროგრესისაკენ". ამ პოლიტიკის მნიშნელოვანი გამოხატულებაა ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა. ადამიანის შრომითი უფლების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.

აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე ედავება მას უფლებაში, რომ თუ ასეთი დავა არ გადაწყდა მოსარჩელის უფლება შეიძლება დაირღვეს. ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე აღიარებითი სარჩელი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნასთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს დაენიშნოს პენსია.

 

6.2. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს არეგულირებს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს განსაზღვრავს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-2 მუხლის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მართებულად აღძრა სარჩელი სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, ვინაიდან აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას მომავალში პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლით მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებად უნდა იქნას გაზიარებული მოწმეების მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებები, ასევე საარქივო ცნობა, ბრძანებები მუშა-მოსამსახურეთა მოძრაობის შესახებ.

 

6.5. ,,შრომითი და სადაზღვეო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის №321/ნ ბრძანებიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სათანადო დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მუშაობის სტაჟი დადგინდეს ორი მოწმის ჩვენებით. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა.გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მოწმეები მუშაობდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ დაწესებულებაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ საქმეში არსებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტით, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილით, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 25-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 414-ე და 416-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ე------------ვას წარმომადგენლის მა--------------შის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგენილი იქნას რომ ე-------------ვა 1987 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა მახარაძის ძაფსაგრეხ ქარხანაში მუშად.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში;

 

მოსამართლე: გიორგი ზვიადაძე