გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
050310018002764642
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002764642

N3/191-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.01.2019 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე: თ----------------–ვილი

წარმომადგენელი: ვ-–-----–-ძე

მოპასუხე: შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველო

წარმომადგენელი: გ----–------ძე

მესამე პირი: ბ-------------აძე

წარმომადგენელი: ა-------------აძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 2 ს-------რის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nემ 5-----;

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2018 წლის 2 ს-------ერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა თ----------------–ვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. საავტომობილო შემთხვევის მონაწილე მეორე ავტომანქანა იყო ბ-------------აძის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანა. საპატრულო პოლიცის თანამშრომლების მიერ თ----------------–ვილისთვის გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-მუხლის მეექვსე ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევაზე, მანევრირების წესის დარღვევის გამო.

 

3.2 მოსარჩელე ითხოვს ქვითრის ბათილობას, ვინაიდან მისი მანევრი გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით, კერძოდ საპირისპირო ზოლში სატვირთო ავტომანქანამ დაიწყო მოძრაობა, მის წინ გაჩერებული ჯიპის გვერდის ავლის მიზნით, გადმოვიდა თ----------------–ვილის გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან.

 

3.3 მოპასუხე მხარემ და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ბ-------------აძის მხრიდან დარღვევას, რამაც გამოიწვია მოსარჩელე თ----------------–ვილის ავტომანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა ადგილი არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, მე-2, 23-ე, მე-3, 23-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234 პრიმი მუხლის თანახმად ,,ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.'' საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.''

 

2018 წლის 13 ს-------რის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5005839618 დასკვნის მიხედვით მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,ლექსუსი"-ს მძღოლ თ----------------–ვილზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზა-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობებულია სატვირთო ავტომობილ ,,მანი"-ს მძღოლ, ბ-------------აძის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქარტველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისმოთხოვნათა უგულებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა საქმის ადგილზე განხილვისას პოლიციის თანამშრომლებისათვის არ იყო ცნობილი. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნა მიღებული ადგილზე განხილვისას. ამასთანავე ვინაიდან დასკვნას საფუძვლად დაედო ის მასალები, რაც მოპოვებული იქნა ადმინისტრაციული წარმოებისას, სასამართლო თვლის, რომ უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება და აქტის ბათილად ცნობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე თ----------------–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 2 ს-------რის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nემ 5-----;

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი ზვიადაძე