განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
010100117001972807
დავის ტიპი
210 1 , 185 3 ბ
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001972807

საქმე №1-508/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ დ-------------ის

ადვოკატის _ ზ-----------------ის

ბრალდებულის - ბ------- ი-–---ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092140916008 საქმე :

 

ბრალდებულ ბ------- ი-–---ის მიმართ

მამის სახელი: ჯ--------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ბ------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი;

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. ბ------- ი-–---ემ, 2012 წლის 8 ოქტომბერს, მეწარმე სუბიექტად დაარეგისტრირა შპს „B-----” (ს/ნ: 4--------). კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს წარმოადგენდა ბ------- ი-–---ე, ხოლო საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია.

 

ბ------- ი-–---ემ, შპს „B-----”-ს სახელით, 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აგვისტომდე პერიოდში ჯამში განახორციელა 1 401 131 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო, კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში.

 

ბ------- ი-–---ემ, შპს „B-----”-ს სახელით, იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 259 061 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 206 420 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 52 641 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

ბ------- ი-–---ემ, 2013 წლის 2 ოქტომბერს, მეწარმე სუბიექტად დაარეგისტრირა შპს „ბ---“. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს წარმოადგენდა ბ------- ი-–---ე, ხოლო საქმიანობის საგანს - ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში.

 

ბ------- ი-–---ემ, შპს „ბ---ს“-ს სახელით, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში განახორციელა 1 850 653 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა საქონლის რეალიზაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად, სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო, კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში.

 

ბ------- ი-–---ემ, შპს „ბ---ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 352 727 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 235 710 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას 117 016, 35 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

ბ------- ი-–---ემ, გეზ-ში გამოსაყენებლად დაამზადა და გამოიყენა 27/05/2014 წლის №4----- ყალბი საგადასახადო დავალება (გადახდის ქვითარი) იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს „ბ---მ“ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 6325 ლარი.

 

ბ------- ი-–---ემ, 2013 წლის 29 ოქტომბერს, მეწარმე სუბიექტად ასევე დაარეგიტრირა შპს „ზ-----“ (ს/ნ: 4--------). კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს წარმოადგენდა თავად ბ------- ი-–---ე, ხოლო კომპანიის საქმიანობის საგნად განისაზღვრა ხილის და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია.

 

ბ------- ი-–---ემ, ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, შპს „ზ-----ს“ სახელით, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში ჯამში განახორციელა 4 891 450 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რომლის რეალიზაცია მოახდინა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა, საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა მუხედავად, საქონლის რეალიზაცია სრულად არ ასახა საგადასახადო დოკუმენტაციაში. აღნიშნულის გამო, კომპანიას გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოექმნა ზედმეტობა (ჩასათვლელი თანხა) დამატებითი ღირებულების გადასახადში.

 

ბ------- ი-–---ემ, შპს „ზ-----ს“ სახელით იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული 924 058 ლარის საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში რეალურად გადაიხადა 439 862 ლარი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას - 484 195 ლარი არ გადაიხადა და მოტყუებით მოახდინა კომპანიის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ (ხელოვნურად) წარმოშობილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობით უზრუნველყოფა, რითაც ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

ბ------- ი-–---ემ, ამავე პერიოდში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამოასყენებლად დაამზადა და გამოიყენა 13/05/2014 წლის №------, 9/06/2014 წლის №------, 13/05/2014 წლის №------, 27/05/2014 წლის №------, 6/06/2014 წლის №------ ყალბი საგადასახადო დავალებები (გადახდის ქვითრები) იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს „ზ-----ს“ მიერ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა 22 225 ლარი.

 

ჯამში, ბ------- ი-–---ემ მოტყუებით, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი სქემით 653 852.35 ლარით ქონებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

გამოყენების მიზნით ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გამოყენება და ქონების მესაკუთრის (მფლობელის) დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით :

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული შპს "ზ-----ს", შპს "B-----"-ს, შპს "ბ----B---"-ს სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით, შპს "ზ-----" დაფუძნდა 2013 წლის 29 ოქტომბერს, შპს " ბ---ლი" - 2012 წლის 8 ოქტომბერს, შპს " ბ----ბ---" - 2013 წლის 2 ოქტომბერს. თითოეული კომპანიის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი არის ბ------- ი-–---ე.

 

3. მოწმე თ----- ც---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს გეზ "ბათუმის" მომსახურების სამმართველოში მებაჟე-ოფიცრად. მის მოვალეობას წარმოადგენს იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილია, რომ შპს "ზ-----", შპს "B-----" და შპს "ბ----B---" 2013-2014 წლებში თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. სამივე ამ შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი არის ბ------- ი-–---ე. 2014 წლის 25 მაისს ი-–---ის მინდობილი პირის ი-----–- დ-------ის მიერ წარდგენილ, საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე, შეადგინა განაცხადი, რომელსაც ხელი ელექტრონულად მოაწერა დ-------ემ, იმავე დღეს დაბეჭდა სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც შპს "ბ----ბ---ს" იმპორტირებულ საქონელზე გაუანგარიშდა 6325 ლარის გადასახადი. იმავე დღეს დ-------ემ წარადგინა აღნიშნული თანხის, ასევე მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, სამი ცალი, რომელიც ც---------ემ დაურთო სასაქონლო ოპერაციის ამსახველ დოკუმენტებს და დ-------ეს გადასცა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. გეზ "ბათუმიდან" გაყვანილ იქნა სატვირთო ავტომანქანა და მასზე არსებული საქონელი მოექცა იმპორტის რეჟიმში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შპს "ზ-----ს" და შპს "ბ----B---" სახელით იმპორტის საბაჟო ოპერაციებს ყოველთვის ახორციელებდნენ ბ------- ი-–---ე და ი-----–- დ-------ე, რაც შეეხება შპს "B-----"-ს, საბაჟო ოპერაციებს ყოველთვის თვითონ ი-–---ე ახორციელებდა.

 

4. მოწმე მ--- კ---–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს გეზ "ბათუმის" მომსახურების სამმართველოში მებაჟე-ოფიცრად. მის მოვალეობას წარმოადგენს იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილია, რომ შპს "ზ-----", შპს "B-----" და შპს "ბ----B---" 2013 -2014 წლებში თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. აღნიშნული კომპანიებს, რომელთა დამფუძნებელი და დირექტორი იყო ბ------- ი-–---ე, 2013-2014 წლებში ათეულობით საბაჟო ოპერაცია აქვთ განხორციელებული. 2014 წლის 9 მაისს მის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შედგენა მოხდა შპს "ზ-----ს" დირექტორის ბ------- ი-–---ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჯერ შეადგინა განაცხადი და საქონლის იდენტიფიკაციის სერტიფიკატი, რომლებსაც ელექტრონულად მოაწერა ხელი ი-–---ემ, შემდეგ დაბეჭდა სასაქონლო- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც იმპორტირებულ საქონელზე გაუანგარიშდა გადასახადი 5616 ლარი. ი-–---ემ იმავე დღეს წარუდგინა როგორც აღნიშნული დღგ-ს თანხის, ისე მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, რომელიც დაამოწმა თავისი ხელმოწერით. კ---–--–--ემ დაურთო ისინი სასაქონლო ოპერაციის ამსახველ დოკუმენტებს და ი-–---ეს გადასცა სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა გეზ "ბათუმიდან" გაიყვანა ავტომანქანა და მასზე არსებული საქონელი მოექცა იმპორტის რეჟიმში.

 

5. მოწმე ლ--–- გ----ძემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს გეზ "ბათუმის" მომსახურების სამმართველოს ოფიცრის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის იმპორტიორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილია, რომ შპს "ზ-----", შპს "B-----" და შპს "ბ----B---" 2013-2014 წლებში თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. ამ კომპანიების დამფუძნებელი და დირექტორი ბ------- ი-–---ე ხშირად მიდიოდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისთვის. საბაჟო გაფორმებებს ახორციელებდა ასევე მისი მინდობილი პირი ი-----–- დ-------ე. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვისას წარუდგინეს შვიდი საბაჟო დეკლარაცია, რომლებიც შეადგინა ი-–---ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მითითებული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას ი-–---ე და დ-------ე საბაჟო გადასახდელების გადახდას უზრუნველყოფდნენ კომპანიის პირად ბარათზე წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით.

 

6. მოწმე ი----- ქ------ემ, გეზ "ბათუმის" მებაჟე-ოფიცერმა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ შპს "ზ-----", შპს "B-----" და შპს "ბ----B---" 2013-2014 წლებში თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. ამ კომპანიების დამფუძნებელი და დირექტორი ბ------- ი-–---ე ხშირად მიდიოდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისთვის. საბაჟო გაფორმებებს ახორციელებდა ასევე მისი მინდობილი პირი ი-----–- დ-------ე. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვისას წარუდგინეს თერთმეტი საბაჟო დეკლარაცია, რომლებიც თავად შეადგინა ი-–---ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მითითებული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებისას ი-–---ე და დ-------ე საბაჟო გადასახდელების გადახდას უზრუნველყოფდნენ კომპანიის პირად ბარათზე წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით.

 

7. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს მოწმე მ--- გ--------ემ, მებაჟე-ოფიცერმა, რომელმაც დაადასტურა ბ------- ი-–---ის და მისი მინდობილი პირის ი-----–- დ-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე 6 ცალი საბაჟო დეკლარაციის შედგენის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ი-–---ე და დ-------ე საბაჟო გადასახდელების გადახდას უზრუნველყოფდნენ კომპანიის პირად ბარათზე წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით.

 

8. ანალოგიური გარემოებები დაადასტურეს მებაჟე-ოფიცრებმა - ე----------–-–---–მა და ს------- ს-----ემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მათ დაადასტურეს, რომ 2014 წლის მაის-ივნისში შპს "ზ-----ს" დირექტორის, ბ------- ი-–---ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეადგინეს საბაჟო დეკლარაციები ხილ-ბოსტნეულის იმპორტთან დაკავშირებით. დარიცხული გადასახადები გადაიხადა ი-–---ემ და წარადგინა გადახდის ქვითრები. შევსებული დეკლარაციები ჩაიბარა თავადვე.

 

9. მოწმეების ჩვენებებში მითითებული გარემოებები დასტურდება მათი მონაწილეობით ჩატარებული დოკუმენტების - სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციების და თანმხლების დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით.

 

10. მოწმე ჯ--- კ---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს გეზ "ბათუმის" სასაქონლო ოპერაციების განყოფილების უფროსად. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ შპს "ზ-----ს" დამფუძნებელი და დირექტორია ბ------- ი-–---ე. 2013 -2014 წლებში აღნიშნულ კომპანიას იმპორტირებული აქვს 4 891450 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული, საბაჟო გადასახდელების სახით განესაზღვრა 924 058 ლარი, საიდანაც 484 195 ლარი არ გადაუხდია. შპს "B-----"-ს, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ასევე ბ------- ი-–---ეა, 2012-2013 წლებში იმპორტირებული აქვს 1 401 131 ლარის ღორებულების ხილ-ბოსტნეული, საბაჟო გადასახდელების სახით განესაზღვრა 259 061 ლარი, საიდანაც არ გადაიხადა 52641 ლარი. შპს"ბ----B---"-ს, რომელიც ასევე ი-–---ის მიერ დაფუძნებულ კომპანიას წარმოადგენს, 2013-2014 წლებში იმპორტირებული აქვს 1 850 653 ლარის ღორებუების ხილ-ბოსტნეული, საბაჟო გადასახდელების სახით განესაზღვრა 353 727 ლარი, საიდანაც არ გადაიხადა 117 016, 35 ლარი. ზემოაღნიშნულ კომპანიებს, გადასახდელების გადახდის შედეგად გადამხდელის პირად ბარათზე წარმოექმნებოდათ ზედმეტობა დღგ-ს ნაწილში და თუკი დამალავდნენ იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის ფაქტს, დღგს გადასახადის დასაბეგრ ოპერაციებზე არ დაერიცხებოდათ გადასახადი. რეალიზაციის ჩვენების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო რეალიზაციის ოპერაციის დაბეგრვა დამატებითი ღირებულების გადასახადით, გადახდის ოდენობით კი შემცირდებოდა საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დროს საბაჟო გადასახდელების გადახდის შედეგად კომპანიების გადამხდელის ბარათზე არსებული ჩასათვლელი თანხის ოდენობა, რაც საქონლის რეალიზაციის ფაქტის დამალვის შედეგად არ მოხდებოდა და არც გადამხდელის ბარათზე არსებული ჩასათვლელი თანხის ოდენობა არ შემცირდებოდა რეალიზაციით წარმოშობილი გადახდის ოდენობით.

 

11. მოწმე ი-----–- დ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობების საფუძველზე ახდენდა სხვადასხვა დასახელების საქონლის განბაჟების პროცედურების წარმართვას. შპს "ზ-----ს" და შპს "B-----"-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე აღნიშნულ კომპანიებს წარმოადგენდა საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობისას. მითითებული კომპანიები ახორციელებდნენ ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, იმპორტირებულ საქონელს ხვდებოდა გეზ-ში და სათანადო დოკუმენტების წარდგენით ახდენდა მის განბაჟებას. კომპანიების მიერ 2013-2014 წლებში საქართველოში იმპორტირებულ იქნა მილიონობით ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული. იმპორტის რეჟიმში გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდას ყოველთვის ბ------- ი-–---ე ახდენდა. ის ინტერნეტ-ბანკინგის გამოყენებით ხაზინის ანგარიშზე რიცხავდა საბაჟო გადასახდელებს - იმპორტის გადასახადს, დღგ-ს, მომსახურების თანხას. გადახდის დამადასტურებელ საგადასახადო დავალებებს ზოგჯერ მას გადასცემდა, ზოგჯერ თავად წარადგენდა გეზში, ზოგჯერ მეილზე უგზავნიდა დ-------ეს, რომელიც ამობეჭდავდა და წარადგენდა მებაჟე - ოფიცერთან. შპს "ბ----B---"-ს მიერ იმპორტირებული საქონლის 2014 წლის 25 მაისის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია შედგენილია მისი, როგორც მინდობილი პირის მიერ გეზ "ბათუმში" წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 6 325 ლარის ოდენობით საბაჟო გადასახდელების ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები ი-–---ემ გაუგზავნა მეილზე, რომელიც წარუდგინა მებაჟე-ოფიცრებს. იგივე განმარტების გაკეთება შეუძლია 2014 წლის 14 მაისით დათარიღებულ საბაჟო დეკლარაციაზეც, რომელიც შპს "ზ-----ს" მიერ იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას გაიცა. დღგ-ს გადასახადი 5188 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება მეილზე გადაუგზავნა ბ------- ი-–---ემ, გადახდა ნაწარმოები იყო ამჯერადაც ინტერნეტ-ბანკინგით. საგადახდო დავალება დ-------ემ წარუდგინა მებაჟე-ოფიცერს, დაერთო სასაქონლო ოპერაციის ამსახველ დოკუმენტებს, გადაეცა სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია და საქონელი მოექცა იმპორტის რეჟიმში.

 

12. საქმეში წარმოდგენილია ი-----–- დ-------ის სახელზე შპს "ზ-----ს" და შპს "ბ----B---"-ს დირექტორის ბ------- ი-–---ის მიერ გაცემული მინდობილობები საბაჟო ოპერაციების განსახორციელებლად.

 

13. 2017 წლის 5 მაისით დათარიღებული დოკუმენტების დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ მოწმე ი-----–- დ-------ის მონაწილეობით დათვალიერდა შპს "ზ-----ს" მიერ იმპორტირებული საქონლის 2014 წლის 24 მაისის C----- სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია და შპს "ბ----ბ---ს" მიერ იმპორტირებული საქონლის 2014 წლის 25 მაისის NC------- 10060 სასაქონლო-საბაჟო დეკლარაცია. დათვალიერებისას მოწმე დ-------ემ დაადასტურა აღნიშნული საბაჟო დეკლარაციების გაფორმებათან დაკავშირებით ჩვენებაში მითითებული გარემოებები.

 

14. ბ------- ი-–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე სხვადასხვა ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ბ------- ი-–---ის საბანკო ანგარიშებზე ფულადი თანხის მოძრაობის, ფულადი გზავნილების ოპერაციების ამსახველი ამონაწერებით.

 

15. 2016 წლის 29 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა (oracli) და აღნიშნულ ბაზაში დაცული ინფორმაცია ბ------- ი-–---ის სამივე კომპანიის მხრიდან ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებთან დაკავშირებით.

 

16. მოსამართლის განჩინების საფუძველზე შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით - შპს "ზ-----ს" სახელით განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციებით, აღრიცხვის მოწმობებით, საბაჟო გადასახდელების ამსახველი დოკუმენტებით; შპს "B-----"-ს სახელით განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციებით, აღრიცხვის მოწმობებით, საბაჟო გადასახდელების ამსახველი დოკუმენტებით, შპს "ბ----B---"-ს სახელით განხორციელებული საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციებით, აღრიცხვის მოწმობებით, საბაჟო გადასახდელების ამსახველი დოკუმენტებით სრულად დასტურდება ბ------- ი-–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებების სისწორე.

 

17. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 16 ივნისს გამომძიებელ ჯ--- ს---------ის მიერ, ბრალდებულ ი-–---ის და მისი ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად დათვალიერდა ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ბაზა (oracli). დათვალიერებით გაირკვა, რომ შპს "ზ-----ს" 2013-2014 წლებში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს დღგ-ს გადახდის 14 პირველადი და 11 დაზუსტებული დეკლარაცია. შპს "B-----"-ს - 2012-2014 წლებში 13 პირველადი და 5 დაზუსტებული დეკლარაცია; შპს "ბ----B---"-ს 2013-2014 წლებში წარდგენილი აქვს - 14 პირველადინ და 11 დაზუსტებული დეკლარაცია. ი-–---ის განმარტებით, სამივე კომპანიის სახელით იმპორტირებულ ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას სრულად ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა რეალიზაციას სრულად არ ასახავდა საგადასახადო დოკუმენტაციაში და შემოსავლების სამსახურში დღგ-ს გადახდის დეკლარაციებს წარადგენდა ისე, რომ სრულად არ უჩვენებდა დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას, რის გამოც გადამხდელის პირად ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოეშობოდა ზედმეტობა დღგ-ში, რომელსაც იყენებდა საბაჟო გადასახდელების გადასახდელად. დათვალიერების ოქმში ასახული გარემოებების სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს მასში მონააწილე პირებმა, მათ შორის - ბრალდებულმა ი-–---ემ და მისმა ადვოკატმა ს---------ემ. დათვალიერებული დოკუმენტაცია დაერთო საქმეს.

 

18. დაზარალებულის წარმომადგენელმა, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ნანა ბერიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ შპს "ზ-----ს", შპს "B-----"-ს" და შპს "ბ----B---"-ს დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ბ------- ი-–---ე, რომელიც აღნიშნული კომპანიების სახელით ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს 2013-2014 წლებში. საქმიანობას ახორციელებდა დარღვევებით, სრულად არ აჩვენებდა რეალიზებული საქონლის რაოდენობას, ახდენდა კომპანიის პირად ბარათზე ხელოვნურად წარმოშობილი დღგ-ს ზედმეტობით უზრუნველყოფას, რის შედეგადაც საბაჟო გადასახდელებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა 653 852.35 ლარი, რითაც ქონებრივად დაზიანდა სახელმწიფო.

 

19. ბრალდებულმა ბ------- ი-–---ემ სასამართლოს განუმარტა, რომ სრულად ეთანხმება სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას და ადასტურებს, რომ დაამზადა და გამოიყენა 27/05/2014 წლის №4----- ყალბი გადახდის ქვითარი იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს „ბ---მ“ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 6325 ლარი. ასევე 13/05/2014 წლის №------, 9/06/2014 წლის №------, 13/05/2014 წლის №------, 27/05/2014 წლის №------, 6/06/2014 წლის №------ ყალბი გადახდის ქვითრები, რომ თითქოსდა შპს „ზ-----ს“ მიერ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა 22 225 ლარი. რაც შეეხება სსკ-ის 185-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, ი-–---ემ განმარტა, რომ სრულად ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს სამივე კომპანიის სახელით განხორციელებულ საქმიანობასა და ბიუჯეტში გადაუხდელ თანხებთან დაკავშირებით, მაგრამ მიუთითა, რომ აღნიშნული გამოიწვია იმპორტირებული საქონლის გაფუჭებამ, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა მისი რეალიზება, თუმცა გაფუჭებული საქონლის კანონით დადგენილი წესით აღრიცხვა, ისევე როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს ინფორმირება არ მოუხდენია.

 

20. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის გრაფიკული ექსპერტიზის Nგრ/101 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ 2014 წლის 5 მაისით დათარიღებული საგადასახადო დავალება N455697-ის ნაბეჭდ ტექსტზე ხელმძღვანელის გრაფაში შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის ბ------- ი-–---ეს.

 

21. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას.

 

22. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

23. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

24. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - არაპირდაპირი გადასახადია - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

 

25. ამავე კანონის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს, ხოლო 198-ე მუხლის თანახმად იმპორტირებულ საქონელზე იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

26. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისია - გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სხვაობაა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, ხოლო ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

 

27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

28. დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი შეადგენს 653 852.35 ლარს, რაც აღემატება კანონით დადგენილ 10 000 ლარს.

 

29. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაში ბ------- ი-–---ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს ამ მოთხოვნის გაზიარების და პოზიციის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას. ი-–---ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავად დაადასტურა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული გარემოებების სისწორე, თუმცა განმარტა, რომ იმპორტირებული საქონლის გაფუჭების გამო ვერ ხდებოდა რეალიზაცია და შესაბამისი გადასახადების გადახდა ბიუჯეტის ანგარიშზე. სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს ბრალდებულის აღნიშნული განმარტების გაზიარების ობიექტური საფუძველი, რადგან არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით. საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაცოდ შემოტანილი პროდუქციის გაფუჭების შესახებ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ პირს, უნდა მოხდეს გაფუჭებული პროდუქციის აღრიცხვა და ჩამოწერა. ი-–---ეს მსგავსი ზომებისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად მხოლოდ მისი ზეპირი განმარტება ვერ იქნება საკმარისი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარებისთვის.

 

30. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტი ვერ იქნება სახელმწიფო, რაც ასევე ქმნის ბრალდების ამ ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

 

31. დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკა იცნობს მსგავსი მოცემულობის პირობებში სსკ-ის 185-ე მუხლით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის არა ერთ შემთხვევას, მათ შორის არა მხოლოდ პირველი ინსტანციის, არამედ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებულს. მაგ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის N1/ბ-509-17 განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც იგივე ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ჩადენილი ქმედებისთვის ბ.ფ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის N 780აპ-18 განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი აღნიშნულ საქმეზე ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები, შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

32. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის წინაშე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციებით, დღგ-ს დეკლარაციებით, შპს "-----" სარეგისტრაციო დოკუმენტებით, საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ანგარიშებით, გრაფიკული ექსპეტიზის დასკვნით, თავად ბ------- ი-–---ის მიერ გაკეთებული განმარტებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ პერიოდში ბ------- ი-–---ე, მის მიერ დაფუძნებული სამი კომპანიის სახელით იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე სრულად არ ასახავდა საგადასახადო დოკუმენტაციაში, რის გამოც გადამხდელის პირად ბარათზე წარმოეშობოდა ზედმეტობა, სრულად არ იხდიდა გადასახადებს, ახდენდა უსაფუძვლოდ წარმოშობილი ზედმეტობით მათ ჩათვლას, რითაც ქონებრივად აზიანებდა სახელმწიფოს.

 

33. მანვე დაამზადა და გამოიყენა 27/05/2014 წლის №4----- ყალბი გადახდის ქვითარი იმის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა შპს „ბ---მ“ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 6325 ლარი. ასევე 13/05/2014 წლის №------, 9/06/2014 წლის №------, 13/05/2014 წლის №------, 27/05/2014 წლის №------, 6/06/2014 წლის №------ ყალბი გადახდის ქვითრები, რომ თითქოსდა შპს „ზ-----ს“ მიერ საბაჟო გადასახდელების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა 22 225 ლარი. ჯამში ი-–---ემ 653 852.35 ლარით, მოტყუებით, ქომებრივად დააზიანა სახელმწიფო.

 

34. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

35. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

36. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

37. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

38. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

39. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ------- ი-–---ის მიერ სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების დადასტურება.

 

40. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

43. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

44. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

45. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

46. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

48. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------- ი-–---ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გამოყენების მიზნით ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება და ქონების მესაკუთრის (მფლობელის) დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

49. ბ------- ი-–---ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

50. ბ------- ი-–---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

52. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

53. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

54. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

55. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

56. საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.

 

57. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ------- ი-–---ეს, რომელიც არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი - სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებოთ, რომ დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ფაქტობრივად აღიარა ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან - სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე (1/3 ნაწილი), სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა, დანაშაულთა ერთობლიობით უნდა მოხდეს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

58. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ------- ი-–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

59. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შპს „მაგთიკომიდან“, შპს „ჯეოსელიდან“, სს „თიბისი ბანკიდან“, სს „საქართველოს ბანკიდან“, სს „ლიბერთი ბანკიდან“ და სს „ტერა ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ბ------- ი-–---ის ხელმოწერის ნიმუში, ყალბი საგადასახადო დავალებები და შპს „ბ---ლის“, შპს „ბ---ს“ და შპს „ზ-----ს“ დამატებითი ღირებულების დეკლარაციები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ ამოღებული შპს „ბ---ლის“, შპს „ბ---ს“ და შპს „ზ-----ს“ საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციები თანდართული დოკუმენტებით და საქონლის იმპორტირებისას გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიცც ინახება საგამოძიებო სამსახურში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, ხოლო ბ------- ი-–---ის დაკავებისას ამოღებული ფულადი თანხა 300 აშშ დოლარი, 50 ლარი, 515 თურქული ლირა, ასევე სს „საქართველოს ბანკის“ და სს „თიბისი ბანკის“ მიერ ბ------- ი-–---ის სახელზე გაცემული ორი პლასტიკური ბარათი, რაც ინახება საგამოძიებო ორგანოში - დაუბრუნდეს ბ------- ი-–---ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 189-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბ------- ჯ--------ს ძე ი-–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ბ------- ი-–---ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებული ბ------- ი-–---ე დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 4 მაისიდან 2017 წლის 11 მაისამდე.

 

ბ------- ი-–---ე შესახლებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში

 

ბ------- ი-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას ჯ------- ი-–---ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების, მდებარე: ქ------------------------------------------------------------------------------------------- – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცებები - შპს „მაგთიკომიდან“, შპს „ჯეოსელიდან“, სს „თიბისი ბანკიდან“, სს „საქართველოს ბანკიდან“, სს „ლიბერთი ბანკიდან“ და სს „ტერა ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ბ------- ი-–---ის ხელმოწერის ნიმუში, ყალბი საგადასახადო დავალებები და შპს „ბ---ლის“, შპს „ბ---ს“ და შპს „ზ-----ს“ დამატებითი ღირებულების დეკლარაციები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასევე სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ ამოღებული შპს „ბ---ლის“, შპს „ბ---ს“ და შპს „ზ-----ს“ საბაჟო ოპერაციების ამსახველი საბაჟო დეკლარაციები თანდართული დოკუმენტებით და საქონლის იმპორტირებისას გაანგარიშებული საბაჟო გადასახდელების გადახდის ამსახველი დოკუმენტები, რაც ინახება საგამოძიებო სამსახურში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით, ხოლო ბ------- ი-–---ის დაკავებისას ამოღებული ფულადი თანხა 300 აშშ დოლარი, 50 ლარი, 515 თურქული ლირა, ასევე სს „საქართველოს ბანკის“ და სს „თიბისი ბანკის“ მიერ ბ------- ი-–---ის სახელზე გაცემული ორი პლასტიკური ბარათი, რაც ინახება საგამოძიებო ორგანოში - დაუბრუნდეს ბ------- ი-–---ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი