გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-586-19
(საქმე N190210019002939119)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: გ------- ხ----------–---–ი
მოპასუხე: ნ--- ბ-–--–---–ი
წარმომადგენელი: ბ--–- ბ-----ე, თ----- გ------ე
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის გვარის შეცვლა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მხარეთა არასრულწლოვან შვილს - ქ------- ბ-–--–---–ს (დაბ. 2015 წლის 18 მაისს) მიენიჭოს მოსარჩელის, ბიოლოგიური მამის გვარი - ხ----------–---–ი.
მოსარჩელე გ------- ხ----------–---–სა და მოპასუხე ნ--- ბ-–--–---–ს ჰყავთ საერთო შვილი 2015 წლის 18 მაისს დაბადებული ქ------- ბ-–--–---–ი. ქ------- ბ-–--–---–ის მიმართ მოსარჩელის მამობის ფაქტი დადგენილია კანონით გათვალისწინებული წესით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შვილს სასამართლო გადაწყვეტილებით ნახულობს და ალიმენტვალდებულიც სასამართლო გადაწყვეტილებით გახდა. მოსარჩელემ სსგს-ოს მიმართა შვილისთვის გვარის შეცვლის მოთხოვნით, მაგრამ რადგან მეორე მშობელი (ბავშვის დედა) არ არის თანახმა გვარის შეცვლაზე, სსგ-ოს მიერ მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ--- ბ-–--–---–ი არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ ბავშვი დაიბადა დედის გვარით და დღეის მდგომარეობით არ არსებობს ბავშვისათვის, რაიმე განსაკუთრებული ინტერესი, რაც გვარის შეცვლის აუცილებლობის წინაშე დააყენებს. ასევე უთითებს მშობლების თანასწორობაზე და განმარტავს, რომ დედას აქვს ისეთივე უფლება, ჰქონდეს მის შვილს მისი გვარი, როგორც მამას. მოპასუხის განმარტებით, სარჩელში არ არის მითითებული რა აუცილებლობის წინაშე დგას ბავშვისათვის გვარის შეცვლა. მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს მოპასუხეს, რომ რაიმეთი ისარგებლოს. ბავშვს ყავს მამა გრაფაში დაფიქსირებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ------- ხ----------–---–ს და ნ--- ბ-–--–---–ს ჰყავთ საერთო შვილი 2015 წლის 18 მაისს დაბადებული ქ------- ბ-–--–---–ი. ქ------- ბ-–--–---–ის მიმართ მოსარჩელის მამობის ფაქტი დადგენილია კანონით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მამობის დადგენის მოწმობა, ს.ფ. 16;
- ბავშვის დაბადების მოწმობა, ს.ფ. 15.
3.1.2. მოსარჩელის განმარტებით, ყველა უფლებას მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ მოიპოვებს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით. მოსარჩელე შვილს ნახულობს სასამართლო გადაწყვეტილებით, ალიმენტვალდებულიც სასამართლო გადაწყვეტილებით გახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 20-21.
- სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 18.
3.1.3. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა მოსარჩელის შვილის მიმართ მისი მამობა, მან სსგს-ოს მიმართა განცხადებით მათი შვილის ქ------- ბ-–--–---–ისთვის გვარის შეცვლის მოთხოვნით, მაგრამ რადგან მეორე მშობელი (ბავშვის დედა) არ არის თანახმა გვარის შეცვლაზე, სსგ-ოს მიერ მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს-ოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 22-23.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეს სურს მისმა შვილმა ატაროს მამის გვარი - ღ----------–---–ი. გ------- ხ----------–---–ს და ნ--- ბ-–--–---–ს საერთო შვილი 2015 წლის 18 მაისს დაბადებული ქ-------ი დაბადებიდან ატარებს დედის გვარს -" ბ-–--–---–ი". ბავშვი ამჟამად არის ოთხი წლის და ამ პერიოდის განმავლობაში მისი ყველა დოკუმენტაცია საბავშვო ბაღში, სამედიცინო და ა.შ. შედგენილია ამ გვარით, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თუ რატომ უნდა შეეცვალოს ბავშვს გვარი და მიენიჭოს მამის გვარი, რატომ იქნება ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მცირეწლოვნისთვის გვარის შეცვლა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის გვარის შეცვლის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
ხოლო ამავე კოდექსის 1196-ე მუხლი განსაზღვრავს გვარის გამოცვლის საკითხებს, კერძოდ:
1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.
2. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.
არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას.
"ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) (სუსგ №ას-967-916-2015, 2016 წლის 25 თებერვალი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეაფასოს მცირეწლოვანი ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭების შესაბამისობა მის საუკეთესო ინტერესებთან. სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელების შედეგად ხომ არ ადგება ზიანი მცირეწლოვნის ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში ქ------- ბ-–--–---–ისთვის მამის გვარის მინიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებაში მას რაიმე დამატებით სიკეთეს ვერ მისცემს, პირიქით, ბავშვი ოთხი წლის განმავლობაში დაბადებიდან ატარებს დედის გვარს , ამ გვარით იცნობენ მას და თავადაც აცნობიერებს, რომ გვარად არის ბ-–--–---–ი. დედას ისეთივე უფლება აქვს მის შვილს მიენიჭოს დედის გვარი, როგორც მამას, დაბადების მომენტში ქ-------ს მიენიჭა დედის გვარი, ბავშვი მუდმივად ცხოვრობს დედასთან, ამ ეტაპზე მისთვის გვარის შეცვლა მის საუკეთესო ინტერესს არ წარმოადგენს.
ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს ბავშვის უფლებაზე, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, თავად განსაზღვროს რომელ გვარს ატარებდეს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისთვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ. აღნიშნული უფლების კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის გარეშე რეალიზების წინაპირობას წარმოადგენს პირის მიერ სრუწლოვანების მიღწევა, რადგან სწორედ სრულწლოვანების მიღწევისთანავე პირი იძენს ქმედუნარიანობას ანუ უნარს, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად, მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის გვარის განსაზღვრა მისი მცირეწლოვნობიდან გამომდინარე დამოკიდებულია მშობელთა შეთანხმებაზე, ხოლო შეთანხმების არარსებობისას - სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სრულწლოვანების მიღწევისას უფლებამოსილი იქნება თავად გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს გ------- ხ----------–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ--- ბ-–--–---–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილისთვის გვარის შეცვლის თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი