გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210118002396231
საქმე №2/710-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - სს „მ--------------------ი“
წარმომადგენელი - ნ---------------–--ე
მოპასუხეები - ი-----–------–-–---–ი
ვ----–------------ე
წარმომადგენელი - ც------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს: ი-----–------–-–---–ს და ვ----–------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 14 204.09 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7 660.28 ლარი, სარგებელი - 4557.81 ლარი, პირგასამტეხლო - 1 986 ლარი.
მოსარჩელის პოზიცია:
2017 წლის 16 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ი-----–------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 7 741 ლარი 36 თვის ვადით, 5% ყოველთვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი დაეფარა ყველთვიურად და ნაწილ-ნაწილ და გადაეხადა 468 ლარი გრაფიკის შესაბამისად.
2017 წლის 16 მარტს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვ----–------------ემ კრედიტორის წინაშე იკისრა ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის ვალდებულება მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებით აღსრულებას. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 25 500 ლარით.
მსესხებლის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული ერთი თვის გადასახდელი (468 ლარი) სრულად. მსესხებელი და თავდებები არაერთხელ გააფრთხილეს ვალდებულების შეუსრულებლობის მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგენს 14 204.09 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 7 660.28 ლარი, სარგებელი - 4557.81 ლარი, პირგასამტეხლო (2017 წლის 16 მაისიდან სარცელის სასამართლოში შემოტანამდე 331 კალენდარული დღე) - 1 986 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ვ----–------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულება სარგებლის ნაწილში არის კაბალური და უნდა შემცირდეს როგორც სარგებლის ისე პირგასამტეხლოს ნაწილში.
მოპასუხე ი-----–------–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების ვ----–------------ის და ი-----–------–-–---–ის წარმომადგენელმა ც------–-----მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირითადი თანხის, 7 660.28 ლარის, სარგებლის, 2 278.90 ლარის, პირგასამტეხლოს, - 251.56 ლარის ნაწილში (იხ. სარჩელი და 06.05.2019წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 16 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ი-----–------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №DLE17004394, შემდეგი პირობებით:
სესხის თანხა - 7741 ლარი;
ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 36 თვე;
სარგებელი - ყოველთვიურად 5%; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 60%;
ყოველთვიური შენატანი - 468 ლარი;
პირგასამტეხლო - ერთიდან 6 დღემდე ვადაგადაცილების შემთხვევაში 12 ლარი, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 მარტის №DLE17004394 ხელშეკრულება;
- 16.06.2017წ. ხელშეკრულების მნიშვნელვანი პირობები;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;
- გრაფიკი.
3.1.2. 2017 წლის 16 მარტს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვ----–------------ემ კრედიტორის წინაშე იკისრა ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის ვალდებულება. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 25 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 16 მარტის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
3.1.3. მსესხებლის მხრიდან ვალდებულება არ არის შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის განმარტება;
- მოპასუხის განმარტება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ვალდებულება არ არის შესრულებული, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგენს 14 204.09 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 7 660,28 ლარი, სარგებელი - 4 557.81 ლარი, პირგასამტეხლო - 1986 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები.
3.2.2. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ აღიარა მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი სოლიდარული ვალდებულება კერძოდ, ძირითადი თანხის - 7 660.28 ლარის, სარგებლის - 2 278.905 ლარის, პირგასამტეხლოს - 251.56 ლარის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის აღიარება (06.05.2019 წ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „მ--------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე და 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სს „მ--------------------სა“ და ი-----–------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 16 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ი-----–------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ვ----–------------ესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით და რომელიც იყო სარგებლიანი და ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, ვალი არ დაუფარავს.
გარდა ამისა, მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე სადავო არ გამხდარა, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული. ამასთან, მოპასუხე მხარემ აღიარა ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება და ასევე როგორც სარგებლის, ისე პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდის ვალდებულება.
რაც შეეხება სარგებელს, მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული სარგებლის ოდენობა, რომელსაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს არაგონივრულად. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სარგებლის ოდენობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვილი სარგებლის საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ სარგებლის შეთანხმებული ოდენობა არის ყოველთვიური 5%, ე.ი. წლიური 60%. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ეს სარგებელი არ არის კლებადი და ყოველთვიურად მსესხებელს უნდა გადაეხადა მყარად 5% ისე, რომ ძირითად თანხას არაფერი აკლდებოდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“(იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა 5%-დან უნდა შემცირდეს 4%-მდე.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსისი 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
როგორც უკვე აღინიშნა, უდავოდაა დადგენილი ის ფაქტი, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია, თუმცა მის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „მ--------------------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა მოპასუხე მხარის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა სოლიდარული ვალდებულების ნაწილში უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 507 ლარამდე.
6.9. გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოცემულ შემთხვევაში სს „მისო ევრიკრედიტსა“ და ი-----–------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო თავდებებთან - ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია.
7. საპროცესის ხარჯები:
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 426.12 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 426.12 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 305.72 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 99 ლარის (სარჩელისა და უზრუნველყოფის ბაჟი) ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
გორის რაიონული სასამრთლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ი-----–------–-–---–ს (პ/ნ 5----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, რომლის რეკვიზიტებია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვ------ი. (საკადასტრო კოდი №6--4--0--3--) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „მ--------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ი-----–------–-–---–ს და ვ----–------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: ი-----–------–-–---–ს და ვ----–------------ეს მოსარჩელე სს „მ--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 813.53 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7 660.28 ლარი, სარგებელი - 3 646.25 ლარი, პირგასამტეხლო - 507 ლარი.
3. მოსარჩელე სს „მ--------------------ს“ (ს/კ: 4--------) მის მიერ 2018 წლის 12 აპრილს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №1523518040), სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 426.12 ლარიდან დაუბრუნდეს 305.72 ლარი, დანარჩენი 120.40 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხეებს: ი-----–------–-–---–ს და ვ----–------------ეს მოსარჩელე სს „მ--------------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე) სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 99 ლარის გადახდა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც ი-----–------–-–---–ს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, რომლის რეკვიზიტებია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვ------ი. (საკადასტრო კოდი №6--4--0--3--) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი