გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.06.2019
საქმის ნომერი
330210019002992757
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10472-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: სს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი: გ-----------------–---–ი

 

მოპასუხე: ს--–--------–------ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს--–--------–------ეს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 17.03.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარის, პროცენტის - 14 942 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 17 მარტს შპს „მ---------------------სა“ და ს--–--------–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №დ-–---------, რომლის საფუძველზე ამავე დღეს გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №დ-–--------- და გაიცა სესხი - 20 000 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი 66%; კრედიტის ვადა - 36 თვე; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 1-დან 5 დღემდე ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარის ოდენობით, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ს--–--------–------ის კუთვნილი ავტომობილი - მ-------------–-–---0, გამოშვების წელი 2010.

მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება ბოლოს მოხდა 2017 წლის 17 ივნისს, შესაბამისად სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 17 ივლისიდან. სწორედ აღნიშნული თარიღიდან ხდება სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვისა და ავტომანქანის მოგირავნეზე გადაცემის მიზნით, თუმცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 29.06.2018წ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 03.07.2018წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა, თუმცა ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა. პრობლემის სხვაგვარად მოგვარების მცდელობა არ ყოფილა მსესხებლის მხრიდან. სააღსრულებო წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა ხარჯი 150 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 19 407.07 ლარი, პროცენტი - 16 422.12 ლარი, თუმცა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და პროცენტის სახით ითხოვს - 14 942 ლარს და პირგასამტეხლო 2658 ლარი, თუმცა მოსარჩელის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში წარმოადგენს მხოლოდ 1000 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, მიუთითა, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოთხოვნილი საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 მარტს შპს ,,მ---------------------სა“ და ს--–--------–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №D----------. ხელშეკრულებით საკრედიტო ხაზის მაქსიმალურ მოცულობად განისაზღვრა - 25 000 ლარი.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საკრედიტო შეთანხმებით.

 

ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნტების თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო შემდეგი წესითა და ოდენობით:

 

- გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით;

 

- გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო 6 ლარის ოდენობით, რომელიც გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 17 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა №D---------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლითაც ს--–--------–------ეს თვეში 5.5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 20 000 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ს--–--------–------ის კუთვნილი ავტომობილი - მ-------------–------.

 

3.1.2. ს--–--------–------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მ---------------------ს“ შორის 17.03.2017წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას 2017 წლის 17 ივლისიდან აღარ განუხორციელებია გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

3.1.3. 2018 წლის 29 ივნისს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - მ-------------–------, გაიცა გირავნობის მოწმობა. შპს „მ---------------------ის“ მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.

 

3.1.4. 29.06.2018წ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 01 ივლისს შპს „მ---------------------სა“ და კერძო აღმასრულებელს - ნინო ნაცვლიშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მომსახურების საფასურად განისაზღვრა - 100 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „მ---------------------ის“ მიერ.

 

მოსარჩელის განმარტებით, დაგირავებული ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

3.1.5. 2018 წლის 12 სექტემბერს მსესხებელს - ს--–--------–------ეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება 17.03.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

3.1.6. შპს „მ---------------------მა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს „მ---------------------ს“.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „მ---------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 17.03.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაცემული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარი მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „მ---------------------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს შპს ,,მ---------------------სა“ (დღეის მდგომარეობით, შეცვლილი აქვს სამართლებრივი ფორმა და წარმოადგენს სს „მ---------------------ს“) და ს--–--------–------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №D----------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 17 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა №D---------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლითაც ს--–--------–------ეს თვეში 5.5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 20 000 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით; ხოლო, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ს--–--------–------ის კუთვნილი ავტომობილი - მ-------------–------.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა შპს „მ---------------------თან“ 17.03.2017წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას 2017 წლის 17 ივლისიდან აღარ განუხორციელებია გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

17.03.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნტებით განისაზღვრა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილებისათვის. კერძოდ, გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „მ---------------------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1000 ლარისა.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებითა და შესაბამისი შეთანხმებით, შეთანხმებულ იქნა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 5.5%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ა) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი; გ) ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 17 მარტს დადებული ხელშეკრულებითა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა - ყოველთვიურად სესხის თანხის 5.5% (წლიური 66%), ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე ბათილია. სასამართლოს მოსაზრებით, ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 66%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით (, საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა), 2017-2018 წლებში ეროვნულ ვალუტაში სესხზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა დაახლოებით 16%, რაც თვეში საშუალოდ დაახლოებით შეადგენს 1.45%-ს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია წლიური 14%. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთად უნდა განისაზღვროს ძირითადი თანხის წლიური 14%, რის გათვალისწინებითაც ს--–--------–------ეს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული საპროცენტო განაკვეთის, შესაბამისად - 3 169.8 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 1115 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამდენად, სს „მ---------------------ს“ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარის ნაწილში) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 582.21 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „მ---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 110.09 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1115 ლარი. თუმცა, სარჩელის აღძვრის დროისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 1104.88 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის ნაწილში (1 480.12 ლარი). შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 54.53 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „მ---------------------ის“ სარჩელი ს--–--------–------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების: სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარის, პროცენტის - 3169.8 ლარისა და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 110.09 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

4. სს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1115 ლარიდან - 636.74 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1538120543.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/10472-19

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

06 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: სს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი: გ-----------------–---–ი

 

მოპასუხე: ს--–--------–------ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „მ---------------------ის“ სარჩელი ს--–--------–------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების: სესხის ძირი თანხის - 19 407.07 ლარის, პროცენტის - 3169.8 ლარისა და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 110.09 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ს--–--------–------ეს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

4. სს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1115 ლარიდან - 636.74 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1538120543.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი