განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
010100117001970083
დავის ტიპი
260 3 ა
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100117001970083

საქმეN1-504/17წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივნისი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლე-------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - რე-----------ე

მამის სახელი - კო-----–ი

დაბადებული - 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი - 6----------

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება -ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი

ნასამართლობა - არ მქონე

მისამართი - ქ. ბათუმი, დ.თა-----------–-------

 

ადვოკატი - პა-----–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 1-----------

 

1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 რე-----------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ერთ ცალ თეთრი ფერის ტაბლეტს და ტაბლეტის ნატეხებს, საერთო წონით 0,7732 გრამი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს 0,0154 გრამ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 21 მაისს ქ. ბათუმი ლ. ას--------ა და ს. ზუ---–-–---–ის ქუჩების კვეთაში მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა;

 

2.1. 2017 წლის 21 მაისის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ დროებით მცხოვრები ქ. ბათუმი დ. თა-----------–-------------ში, 1--- წლის 06 მარტს დაბადებული, რე---- კო-----–ის ძე სი----ე ინახავს უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც უნდა გადასცეს სხვა პირს, იგი გადაადგილდება ქ. ბათუმში ზუ---–-–---–ისა და ლ. ას-------- ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. იხ. ს/ფ 3);

 

მოწმის სახით დაკითხვისას იო----------------მა დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე, განმარტა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 21 მაისს, დაახლოებით შუადღის საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია რე-----------ეს მიმართ, აღნიშნული ინფორმაციის გარკვეული პერიოდით დამუშავების შემდეგ, ხელმძღვანელ პირს მიმართა პატაკით, რომ რე-----------ე გადაადგილდებოდა ქ.ბათუმში, ლ. ას--------ა და ზუ---–-–---–ის ქუჩებს მიმდებარედ, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის გადაცემასაც აპირებდა უცნობი პიროვნებისათვის. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 22.11.2017წ;)

 

2.2 მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–--–---–-----ემ განაცხად, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ყავს მხოლოდ პატაკის ავტორი იო----------------ი, სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ შეუსრულებია. იო----------------ის გამოკითხვისა მიცემული ინფორმაცია სრულად ასახა ოქმში, შენიშვნა არ დაფიქსირებულა; ბრალდებულ რე-----------ეს იცნობს საქმიდან გამომდინარე, სხვა შეხება აღნიშნულ პიროვნებასთან არ ჰქონია. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.12.2017წ; 14:52სთ-14:57 სთ.) ;

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას რე------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 21 მაისს, სამუშაო დღე ჩვეულებრივ 10 საათზე დაიწყო (ზუსტად არ ახსოვს). სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს, დღის მეორე ნახევარში ხელმძღვანელობისგან დაევალა დასახმარებლად პოლიციის მე-6 განყოფილებაში მისვლა, დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, მივიდა პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში, შესასვლელში შეხვდა გამომძიებელ ბე----------------ეს, ვისგანაც გაიგო, რომ დაწყებული იყო გამოძიება მოქალაქე რე-----------ეს მიმართ, გაეცნო საქმის მასალებს, სადაც მითითებული იყო, რომ ის უკანონოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას; აღნიშნულის საფუძველზე პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლებთან დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ბე----------------ესა და უბნის ინსპექტორ კო-----------ესთან ერთად გავიდა ქ. ბათუმში ლ. ას--------ა და ზუ---–-–---–ის ქუჩების კვეთაში, სადაც შენიშნეს ფეხით მოსიარულე რე-----------ე, იგი იქნა შეჩერებული, საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, გააცვნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებული ჩხრეკის შესახებ და გადასცეს ინფორმაცია, რომ დაწყებულია გამოძიება მის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, აღნიშნულის შემდეგ რე-----------ემ წერილობითი თანხმობა განაცხადა პირად ჩხრეკაზე, მან ასევე თანხმობა განაცხადა საკუთარი სურვილით წარმოედგინა თანქონილი კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რის შემდეგაც რე-----------ემ ქურთუკის წინა მარცხენა გარეთა ჯიბეში პოლიეთილენის პარკი წარადგინა. აღნიშნული პარკის ექსპერტების მიერ გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ მასში იყო 1 ცალი თეთრი აბი და აბის ნატეხები, რომელიც შესაძლოა გახსნის მომენტში დაიშალა. რე-----------ეს განმარტებით აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება მან იპოვა 2017 წლის 21 მაისს ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული პარკი გახსნის შემდგომ დაილუქა, ხოლო რე-----------ე დაკავებული და გადაყვანილ იქნა პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში, როგორც ბრალდებული. აღნიშნულის გარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა მიღებული არ აქვს. საგამოძიებო მოქმედებაში პოლიციის ტაბნამშრომლბის გარდა მონაწილეობას იღებდა ორი ექსპერტ კრიმინალისტი, რომლებიც გამოძახებულები იყვნენ და მალევე მივიდნენ ადგილზე, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მათი მონაწილეობით; ბრალდებულთან სხვა პირი არ ყოფილა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.12.2017წ; 14:58 სთ-15:02 სთ.) ;

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას კო-----------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 21 მაისს, ჩვეულებრივ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; დაახლოებით შუადღის პერიოდში, პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე რე-----------ე ინახავდა ნარკოტიკული საშუალებას; განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აღნიშნულის შემდეგ მან ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რე------------ესთან და გამომძიებელთან ერთად, გავიდა ზუ---–-–---–ისა და ჭა------ის ქუჩების კვეთაში, შეამჩნიეს პიროვნება, რომელიც შეაჩერეს, წარუდგინეს თავი, გამომძიებელმა განუმარტა, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რაზეც აღნიშნულმა პიროვნებამ თანხმობა განაცხადა, ამ დროს მივიდნენ ექპერტებიც, დაიწყეს აღნიშნული პიროვნების ჩხრეკა; ჩხრეკის დროს ქურთუკის (ფერი არ ახსოვს) მარცხენა ზედა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელიც ადგილზე გაიხსნა და 1 ცალი თეთრი აბი და აბის ნატეხები იქნა ამოღებული, აღნიშნული ამოღება უშუალოდ ვის მიერ ჩატარდა ზუსტად არ ახსოვს. მოქალაქეს რე-----------ეს თქმით ეს იყო ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი, რომელიც იქვე ახლოს მდებარე ტაძრის ეზოში იპოვა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 02.12.2018წ, 12:12 სთ);

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ბე----------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის პოზიციაზე. 2017 წლის 21 მაისს, იმყოფებოდა სამსახურში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ რე-----------ე ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და გადაადგილდებოდა ბათუმში ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხელმძღვანელის დავალების შემდეგ აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, აცნობა პროკურორს, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად; გამომძიებელ რე------------ესთან და უმცროს ინსპექტორ კო-----------ესთან ერთად გავიდა ინფორმაციით მითითებულ ადგილზე, გზაში შეატყობინა კრიმინალისტიკურ სამსახურს, რომ შესაძლოა დასჭირდებოდა კრიმინალისტის დახმარება. ზუ---–-–---–ის ქუჩაზე გასვლის შემდეგ დანახეს, რომ რე-----------ე ფეხით გადაადგილდებოდა ზუ---–-–---–ის ქუჩით ჯა--------ს ქუჩის მიმართულებით მარტო, მის მიერ შეჩერებულ იქნა აღნიშნული პიროვნება, წარუდგინა თავი და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. რე-----------ემ დადგენილების გაცნობის შემდეგ წერილობითი თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რე-----------ეს მიეცა წინადადება, რომ თუ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ნებაყოფლობით წარმოედგინა, მან განაცხადა თანხმობა და მათ წარუდგინა შენაფუთი, ქურთუკის ზედა წინა მარცხენა ჯიბიდან, პირადი ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა. აღნიშნულზე შეადგინა ოქმი, დათვალიერებულ და დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ აღნიშნულ ოქმზე ხელი მოაწერეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, რე-----------ე ბრალდებულის სახით დაკავებული და გადაყვანილ იქნა პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 22.11.2017.წ 14:50სთ);

 

2.6. მოწმე ემ----------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 21 მაისს მონაწილეობდა მოქალაქე სი----ეს სისხლის სამართლის საქმეზე. თანამშრომელ არ---–-----–---თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე სადაც ხდებოდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა. აღნიშნულმა პიროვნებამ პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე, წარმოადგინა ნარკოტიკული საშუალება, მოხდა ფოტოგრაფირება, ნივთმტკიცების დალუქვა, რის შემდეგადაც გააფორმეს ოქმი. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ორი უბნის ინსპეტქორ-გამომძიებელი და ორი ექსპერტი, ბრალდებულს სხვა პირი არ ახლდა, იყო მარტო; (იხ ოქმი 20.10.2017წ,15:54სთ-15:59სთ)

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა არ---–-----–---მა განმარტა, რომ მუშაობს აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად, 2017 წლის 21 მაისს სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებელმა ბე----------------ემ მობილურით შეატყობინა, რომ უნდა მისულიყო ბათუში, ზუ---–-–---–ისა და ას-------- ქუჩებს კვეთაში. სადაც შეაჩერეს პიროვნება, რომელიც უნდა გაეჩხრიკათ. შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე გადაიღეს ფოტოსურათები, გამომძიებელმა აღნიშნული პიროვნებას განუმარტა თავისი უფლება-მოვალეობები, რომ უნდა გაეჩხრიკათ, რომელმაც წარმოადგინა შეფუთული, რაღაც ნივთი ზედა მარცხენა თუ მარჯვენა ჯიბიდან, რომელიც იქნა დასურათებული და დალუქული; საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას იქ იყო რამდენიმე პოლიციელი, მასთან ერთად კიდე ერთი ექსპერტი და ბრალდებული, ბრალდებულთან სხვა პირი არ ყოფილა; (იხ ოქმი 20.10.2017წ, 15:38სთ)

 

2.8. რე-----------ეს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მონაწილეობით 2017 წლის 21 მაისს, ქ. ბათუმში, ლ. ას--------ა და ს. ზუ---–-–---–ის ქუჩების კვეთაში, 17:22 საათიდან 17:47 საათამდე დროის შუალედში, ჩატარდა რე-----------ის პირადი ჩხრეკა. მას შემდეგ რაც რე-----------ეს განემარტა, რომ მის მიმართ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება ნ/საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე, რისთვისაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეს პირადი ჩხრეკა და მიეცა წინადადება თუ ინახავდა ნ/საშუალებას ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ნებაყოფლობით წარმოადგინოს, რა დროსაც რე-----------ემ განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობა, ასევე განაცხადა, რომ თანახმაა ნებაყოფლობით წარმოადგინოს მას ტანთ მოსილი ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში (სკოჩში) მოთავსებული ორი ცალი აბი, რომელიც მისი განმარტებით არის ,,სუბოქსინი“, რომელიც იმ დღეს იპოვა ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში. რე-----------ეს პირადი ჩხრეკის დროს, პირადად წარმოადგინა მის ტანთ მოსილი ქურთუკის წინა ზედა მარცხენა ჯიბიდან ერთი ცალი პატარა ზომის პოლიეთილენის შენაფუთი რომლის გახსნისა და დათვალიერებისას აღმოჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხები, აღნიშნული აბი და აბის ნატეხები მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნაკეცში, რის შემდგომ ეს პაკეტი მოთავსებულ იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქით FCD 678505. რე-----------ეს პირადი ჩხრეკის დროს სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა ( იხ. ს/ფ 10-14);

 

2.9. რე-----------ეს დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, საქალაქო სამმართველოს უმცროსი უბნის ინსპექტორის მონაწილეობით, 2017 წლის 21 მაისს 17:49 საათიდან 18:23 საათამდე დროის შუალედში ქ. ბათუმში, ლ. ას-------- და ს. ზუ---–-–---–ებს ქუჩების კვეთაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რე-----------ე ( იხ. ს/ფ 28-29);

 

2.10. ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 21.05.2017 წ დადგენილია, რომ სს N1----------- საქმეზე წარდგენილი, რე-----------ესგან ამოღებული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 0,7732 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს-0,0154 გრამის ოდენობით ( იხ. ს/ფ 49-53);

 

2.11. მოწმის სახით დაკითხვისას ბე----------------–ვილმა განაცხადა, რომ მუშაობს აჭარის არ კრიმინალისტიკურ სამსახურში მთავარ ექსპერტად. 2017 წლის 21 მაისს ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა და გასცა დასკვნა Nქ----, დადგენილების საფუძველზე, საქმის ვითარებას გაეცნო დადგენილებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო დალუქული პოლიეთილენის პაკეტი. ექსპერტის წინაშე დასმული იყო კითხვა: რე-----------ის ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალი თეთრი ფერის აბი და აბის ნატეხები შეიცავდა თუ არა ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას და დადებით შემთხვევაში რა რაოდენობით.

მის მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ფერის აბი და აბის ნატეხები საერთო წონით 0,7732 გრამი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას ბუპრენორს 0,0154 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალა დალუქულ იქნა ერთ პაკეტში N3----- პაკეტის დასურათების შემდეგ ჩააბარა კანცელარიას. (იხ ოქმი 20.10.2017წ) ;

 

2.12. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N9----- დასკვნით დადგენილია, რომ რე-----------ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგენდა ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი; ( იხ. ს/ფ 39);

 

2.13. მოწმის სახით დაკითხვისას რუ-----------–--–მა განაცხადა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, მთავარ ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 21 მაისს პოლიციის მიერ წარმოდგენილ რე-----------ე, რომელსაც ჩაუტარდა კლინიკური გამოკვლევა, ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური სტატუსებით აღნიშნული პიროვნება არ იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი (იხ ოქმი 20.10.2017წ; 15:14სთ)

 

2.14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის დადგენილებით დადგენილია, რომ რე-----------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. (იხ ს.ფ. 122-124);

 

2.17. ბრალდებულმა რე-----------ემ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ 2017 წლის 22 ივნისის თუ მაისის თვეში ზუსად არ ახსოვს, ჭა------ისა და ჯა--------ს ქუჩების კვეთაში, დაახლოებით შუადღის საათებში, სადაც მარტო არ ყოფილა, მასთან ერთად იყო კიდევ ერთი მისი ახლობელი, მისი გვარი არ ახსოვს, სახელი ო------ (ზუსტად არ ახსოვს), ისხდნენ ტაქსში, რა დროსაც მოულოდნელად სამმა თუ ოთხმა პიროვნება გააჩერეს და დააკავეს, მათი სახელები და დეტალები ზუსტად არ ახსოვს, დაკავების მიზეზად დაუსახელეს ,,წამალის“ თანქონა, მას იმ მომენტში ჯიბეში არ ჰქონია რაიმე, ხოლო აღმოჩენილი ნარკოტიკი შესაძლოა, რომ ჩაუდეს. შემდეგ წაიყვანეს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, ამის შემდეგ მასთან მყოფი მეორე პიროვნება აღარ უნახავს, ვერც დაუკავშირდა. მას არც დაკავების მომენტიდან და ამ დრომდე სამართალდამცველების მხრიდან რაიმე იძულება, შანტაჟი, ან მსგავსი რამ არ ყოფილა. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიდან, პრეტენზია ნაწილობრივ აქვს, იმიტომ, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება საიდან აღმოჩნდა მის ჯიბეში არ იცის. აღნიშნულ კითხვაზე კი სამართალდამცავებმა რა უპასუხეს არ ახსოვს, ამასთან დაკავშირებით არავისთვის არ მიუმართავს, თუ რატომ არ იცის, ფიქრობდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. თავს დამნაშავედ არ ცნობს. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 23.05.2019წ 17:15სთ) ;

 

2.18. დაცვის მხარის მტკიცებით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლებითაც დადასტურდებოდა ბრალდება ისეთი მაღალი სტანდარტით, როგორიცაა გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დაცვის მხარის განმარტებით ძირითადი მტკიცებულებები, რომლებზეც ბრალდების მხარე ამყარებს რე-----------ეს ბრალეულობას, წარმოადგენენ პოლიციის თანამშრომლები და მათი ჩვენებები, რომლებიც არათანმიმდევრულია და გამოკვლევისას ისინი სხვადასხვაგვარად აღწერდნენ როგორც შემთხვევის ადგილს, ისე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა რიცხვს; ბარლდებულთან ერთად იმყოფებოდა სხვა პირი, რომელიც საქმის მასალებით საერთოდ არ ჩანს და უგულებელყოფილია; მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას თან არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და გაურკვეველია ის როგორ აღმოჩნდა მასთან ქურთუკის ჯიბეში; თვლის, რომ სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად არ უნდა მიიჩნიოს, რომ საკმარისი მტკიცებულებებია რე-----------ეს ბრალეულობის დასადასტურებლად, ის უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს მოცემულ საქმეზე; ადვოკატის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევდა, რომ დადასტურდებოდა რაც სინამდვილით მოხდა და მან არ მისცა მას ნება მოეპოვებინა საპირისპიროს მამტკიცებელი რაიმე სახის მტკიცებულება; (სრულად იხ ოქმი)

 

2.19. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად აფასებს რა მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, თვლის, რომ რე-----------ეს მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და ის წარდგენილი ბრალდებით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ;

 

2.20. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

2.21. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ რე-----------ემ ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება;

 

კერძოდ, მოწმე იო----------------ის ჩვენებითა და პატაკით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 მაისს მიიღო ინფორმაცია, რომ რე-----------ე ინახავს უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც უნდა გადასცეს სხვა პირს, იგი გადაადგილდება ქ. ბათუმში ზუ---–-–---–ისა და ლ. ას-------- ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმეების რე------------ის, კო-----------ის, ბე----------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად გავიდნენ ინფორმაციით მითითებულ ადგილზე , სადაც რე-----------ე , რომელიც ამოიცვნეს მისი გარეგნული ნიშნებით, ვიზუალით, გადაადგილდებოდა ზუ---–-–---–ის ქუჩაზე; მათთან ერთად ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი და აბის ნატეხები; მათივე განმარტებით ის წარმოადგინა რე-----------ემ ნებაყოფლობით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა მისი სახეობა და ოდენობა;

 

კერძოდ, ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 21.05.2017 წ რე-----------ეს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 0,7732 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს-0,0154 გრამის ოდენობით

 

2.22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მთელ რიგ პოზიციებს, რომელიც მიმართულია პირის უდანაშუალობის მტკიცებისაკენ და სასამართლო აქვე მიმოიხილავს ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც მიაჩნია, რომ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, შესაბამისად არასანდო, კერძოდ:

 

ბრალდებული საქმის განხილვისას განმარტავს, რომ ის გადაადგილდებოდა მის მეგობართან (ახლობელთან) ერთად სახელი - ო------ , მაგრამ გვარს ვერ იხსენებს, მის შემდეგ მასთან კავშირი არ ჰქონია, არ იცის სად იმყოფება, მას არ შეუძლია ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მისი თანმხლები - ახლობელი, თუ მეგობარი პირის შესახებ; ასევე ბარლდებულის ჩვენებით მან არ იცის საიდან და რა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ალბათ „ჩაუდეს; თუმცა ვერ ასახელებს კონკრეტულად რომელიმე იქ მყოფი პოლიციელის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას, ასევე ადასტურებს, რომ შემთხვევის შემდეგ არცერთი პოლიციელის მხრიდან მასთან რაიმე სახის კავშირი არ განხორციელებულა, ძალადობის მუქარის, ან შანტაჟის სახით; (იხ ოქმი)

 

2.23. სასამართლო ასევე აფასებს პოლიციეის თანამშრომლების - კო-----------ის, ბე----------------ის, რე------------ის, ექსპერტ კრიმინალისტების - არ---–-----–---ის , ემ----------------ის, ექსპერტ ბე----------------–ვილის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა და ექსპერტის ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში. მოწმეებმა - პოლიციის თანამშრომლებმა - მიუთითეს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გასულებმა შენიშნეს რე-----------ე, ისინი დაცვის მხარის შეკითხვაზე მიუხედავად იმისა, რომ ასახელებენ ზუ---–-–---–ის, ას-------- და ჭა------ის ქუჩებს იმ ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად სადაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, - მიუთითებენ ერთი და იგივე ადგილზე, რადგან შემთხვევის ადგილზე ას-------- და ზუ---–-–---–ის ქუჩები კვეთს ერთმანეთს, ხოლო ეს ადგილი ახლოა ჭა------ის ქუჩასთან; ამდენად მათი ჩვენებები შემთხვევის ადგილის აღწერისას არ სცდება რეალურ ადგილს, მოწმეები მას აღნიშნავენ იმ სახით, რა სახითაც ახდენენ იმ ადგილმდებარეობის აღქმას;

 

ასევე მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად იქნა აღნიშნული, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ბე----------------ე, რე------------ე, კო-----------ე და ორი ექსპერტი, ასევე ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ბრალდებულთან სხვა პირი არ შეიუნიშნავთ;

 

2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია რე-----------ეს ბრალეულობა; გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს წარდგენილ ბრალს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. თუმცა სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ზოგადად ბრალდებულის ჩვენებას პოლიციელების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებებსა და გაამყარებდა დაცვის ვერსიას;

 

სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ რე-----------ეს დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.25. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.

 

ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი (buprenorphine), იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;

 

დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ----, დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’, ოდენობა იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის;

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ..... დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. როგორც ზემოთმითითებულია, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონია, მას ამ დროსთან ახლდა თავისი მეგობარი, რომლის ვინაობას ვერ იხსენებს და ასევე ვერ იხსენებს პოლიციელებს, რომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომაზე მიუთითებს;

 

ბრალდებული ინტერესების დამცველი ადვოკატი აღნიშნავს, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინიციატივით არ მიეცა შესაძლებლობა მოეკვლია და წარმოედგინა ბრალდების საპირისპირო მტკიცებულებები, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს და ზოგადად დაცვის მხარეს არ აქვს ვალდებულება ამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა, სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ბრალდებულის ჩვენებას, ის თანახმა გახდა გამოეყენებინა თავისი საპროცესო უფლება მოწმის სახით ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, თუმცა მისი განმარტება არასარწმუნო და არადამაჯერებელია, რე-----------ე არ მიუთითებს არცერთ კონკრეტულ ფაქტზე, გარემოებაზე, მტკიცებულებაზე, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია მსჯელობის შესაძლებლობას; მისი ჩვენების შეფასებას ვერ ახდენს მისი არადამაჯერებლობის გამო;

 

3.3. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია შემდეგი გარემოებები; რე-----------ეს შეჩერებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა მისი თანთმოსილი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება , რაც დადგენილი იქნა ქიმიური ექსპერტზიის დასკვნით, მას პირადი ჩხრეკის ჩატარებისას და ჩხრეკაზე წინადადების მიცემისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და თავად წარუდგინა შენახული ნარკოტიკული საშუალება;

 

3.4. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.

 

3.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება, ქმნის მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებით სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას, სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმე-პოლიციელების ჩვენებები, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულ თანხვედრაში.

კერძოდ, პოლიციელები აჩვენებენ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემთხვევის ადგილზე. შემთხევვის ადგილზე, (სადაც გადაადგილდებოდა ბრალდებული) გასულმა მოწმეებმა კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, თუ როგორ დაინახეს რე-----------ე, განუმარტეს რომ გამოძიება იყო დაწყებული , გააცვნეს დადგენილება ჩხრეკის წარმოების შესახებ და მან წერილობით განაცხადა თანხმობა;

 

3.6. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას არ გამოვლენილა. ამასთან, საქმის მასალებიდან ბრალდებულ რე-----------ეს მიმართ, მოწინააღმდეგე მხარის სუბიექტური დამოკიდებულება არ გამოკვეთილა. (აღნიშნულზე უკვე იმსჯელა სასამართლომ პუნქტი 2.23) საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ochelkov v. Russia, 11/04/2013, N17828/05, §90), თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, საქმე №96აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, §11).

 

სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ პოლიციელების ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, მათი არ გაზიარების თაობაზე, რომელიც გამყარებულია ისეთი არგუმენტებით, რომლებიც სასამართლოს მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია; ჩვენებები არ არის ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო; დაცვის მხარის ამ არგუმენტის შეფასებისას, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს დასაბუთების კრიტერიუმს. სასამართლო განმარტავს, მართალია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდების მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი საკითხი არ არის სათანადო არგუმენტებით ჯეროვნად დასაბუთებული, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს, მისეული ვერსიის საფუძვლიანობის შემოწმებას და შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

3.7. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.

 

3.8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, სპეკულაციას ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება მას შემდეგ, როდესაც ყურადღებით აწონის ყველა მტკიცებულებას. ამგვარი ეჭვი შესაძლოა გაჩნდეს მტკიცებულების არსებობის, ან არასაკმარისი მტკიცებულების, ან მტკიცებულების შინაარსის საფუძველზე.

 

3.9. სასამართლო კიდევ ერთხელ დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც რე-----------ე არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, ასევე - დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდები ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რე-----------ეს მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისად.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ რე-----------ეს ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენასთან, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სსიპ- პრობაციის ეროვნული სააგენტოს/ აჭარის პრობაციის ბიუროს 2017წ 22 მაისის და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვით 24.05.2017წ დადგენილია, რომ რე-----------ე მსჯავრდებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, საქ-ოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით რე-----------ეს საგამოცდო ვადა დაუსრულდა 2009 წლის 23 აგვისტოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ის მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ დაზ\ომდა განსაზღვრული ჰქონდა თ/აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე ჩათვლილი იყო პირობით 03 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით; ჯარიმის თანხა 4000 ლარი გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 15.11.2013წ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და წარმოება დასრულებულია

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის N13/11/03 განკარგულების საფუძველზე რე-----------ე გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა; (იხ მომართვა, მასალები, ნასამართლობის ცნობა; ს.ფ. 71-90, 95);

 

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, რე-----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

რე-----------ეს ბრალი წარდგენილი აქვს 2017 წლის 21 მაისს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის; ის ნასამართლობის არ მქონეა; ამ პერიოდიდან საქმის განხილვის დასრულებამდე ის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა, მისი რესოციალიზაცია უკვე ნაწილობრივ მომხდარია; შესაბამისად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით განსაზღვროს;

 

ამდენად, რე-----------ეს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - რე-----------ეს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 01 პაკეტში, რომელიც დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რე-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

რე-----------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამოერთვას სატნასპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

მსჯავრდებულ რე-----------ეს მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

 

მსჯავრდებულ რე-----------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ რე-----------ე დაკავებული იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ რე-----------ეს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - და-–-------ას (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,სა---------–--------ის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------, დასტურის №ა 0-----). ასევე ყადაღა მოეხსნას - და-–-------ას (პ/ნ 2----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე - მა-------–-ს რაიონი, სოფელი ბ---- (დაზუსტებული ფართობი 1355.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №4--0--3--3--) - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - რე-----------ეს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 01 პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე