გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/10038-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე - კა------ კვ-–---ი
წარმომადგენელი - გი-----ი ნა------–---–ი
მოპასუხე - ნ--- დე---------ი
წარმომადგენელი - ნა----–ა სი------ე
დავის საგანი - წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 19.03.2013 წელს გაფორმებული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #130257815), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ენგური 2---"-ის (ამჟამად შპს ,,ნიუ ქ----------–-ნ") წილის ნასყიდობის ხელშეკრულება ლე---------- დე---------სა და კა------ კვ-–---ს შორის, რის შედეგადაც აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული გარიგები საფუძველზე ლე---------- დე---------ის და მისი უფლებამონაცვლის ნ--- დე---------ის სახელზე აღრიცხული წილები (სულ 35.625%) დაუბრუნდეს კა------ კვ-–---ს.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 28.02.2019წ, სხდომის ოქმი, ტომი IV)
სარჩელის მიხედვით, კა------ კვ-–---ი წარმოადგენდა შპს „ენ------ 2---“-ის საწესდებო კაპიტალის და ხმის უფლების 50%-ის მფლობელს, ხოლო ამავე კომპანიის წილის 50%-ის მესაკუთრე იყო რ----- ჭკ-----ა. მოსარჩელე გახლდათ 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. მოსარჩელის წილს რეალურად მართავდა მ--- კვ-–---ი, რომელსაც წილის მართვის უფლებამოსილება გადაცემული ჰქონდა მინდობილობით.
მიუხედავად სადეპუტატო დროის ამოწურვისა, მოსარჩელე მაინც განიხილებოდა პოლიტიკური ზეწოლის ობიექტად, რაც დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, 2012 წლის 24 დეკემბერს ფინანსურმა პოლიციამ კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, რამაც შეაფერხა სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულის ფონზე და საზოგადოების პარტნიორების ერთობლივი აზრის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წილის დროებით სანდო პიროვნებისთვის გადაფორმების შესახებ. ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ნ--- ქ----------–-ნი“
საკითხის გადასაწყვეტად ჩატარდა პარტნიორთა საერთო კრება, რომელზეც მოსარჩელემ მოახდინა ლე---------- დე---------ის და ადილარ ჩართოლანის წარდგენა. აღნიშნულ პირებზე უნდა მომხდარიყო წილის დროებით გადაფორმება იურიდიული შედეგების გარეშე, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნისთანავე უკან უნდა დაბრუნებოდა. ლე---------- დე---------ი იყო მოსარჩელის ახლო მეგობარი და ამავე დროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-რეზიდენტი, სარგებლობდა დიდი ნდობით და ეჭვიც კი არ არსებობდა, რომ ბოროტად გამოიყენებდა მეგობრის ნდობას.
2013 წლის 19 მარტს მოსარჩელე, ლე---------- დე---------ი, ადილარ ჩართოლანი და რ----- ჭკ-----ა გამოცხადდნენ ნოტარიუსთან. რ----- ჭკ-----ამ თავისი წილის 2.5% დაუთმო ადილარ ჩართოლანს, ხოლო კა------ კვ-–---მა თავისი წილიდან 47.5% გადაუფორმა ლე---------- დე---------ს, 2.5% კი ადილარ ჩართოლანს. ასეთი გადანაწილება მოხდა იმიტომ, რომ არცერთი პარტნიორის ხელში არ ყოფილიყო წილების საკონტროლო პაკეტი.
ლე---------- დე---------ი, რომელიც იყო მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირი და ახლო მეგობარი, ყოველთვის მოქმედებდა კა------ კვ-–---ის დავალებით და პარტნიორთა კრებაზე ასრულებდა პირადად მის მითითებებს. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა საზოგადოების მართვაში და არ უზრუნია მის განვითარებაზე.
მას შემდეგ, როდესაც მოსარჩელემ მიიღო გადაწყვეტილება წილის უკან დაბრუნების თაობაზე ლე---------- დე---------მა განუცხადა უარი, უფრო მეტიც წერილობით მოითხოვდა მიეღო მისი კუთვნილი დივიდენდები, რაც არის დაუშვებელი და ზნეობრივ პრინციპებს მოკლებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--- დე---------მა (ლე---------- დე---------ის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულება ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგს წარმოადგენს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ განმარტებას, რასაც სადაოდ მიიჩნევს მოპასუხე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტებები არ შეიძლება საფუძვლად დედოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ლე---------- დე---------ი ასრულებდა პარტნიორულ ურთიერთობებს და იღებდა საზოგადოების კრებებში მონაწილეობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 7 თებერვალს დაფუძნდა შპს „ენ------ 2---“, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები 50-50% წილობრივი მონაწილეობით იყვნენ კა------ კვ-–---ი და რ----- ჭკ-----ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ენ------ 2---“ -ის წესდება (ტომი I, ს.ფ 16-22)
3.1.2. 2013 წლის 19 მარტს კა------ კვ-–---ს და ლე---------- დე---------ს შორის შედგა შპს „ენ------ 2---“-ის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წილის გამყიდველი კა------ კვ-–---ი ადილარ ჩართოლანის სასარგებლოდ ასხვისებს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი წილიდან (50%) 2.5%, ხოლო ლე---------- დე---------ის სასარგებლოდ 47.5%-ს.
წილის გამყიდველმა გასაყიდი წილი გაყიდა ნომინალურ ღირებულებად - ჯამში 150 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 28-30)
3.1.3. 2013 წლის 24 ივნისს ჩატარდა შპს „ენ------ 2---“-ის პარტნიორთა კრება, რომელზეც მიღებული იქნა წესდების ახალი რედაქცია.
შპს-ს სახელწოდებაში განხორციელდა ცვლილება და ეწოდა შპს „ნ--- ქ----------–-ნი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 24 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი (ტომი I, ს.ფ 23)
- წესდების ახალი რედაქცია (ტომი I, ს.ფ 24-27)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცილი) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ 46-48)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით უთითებს საქმეში წარმოდგენილ, მათ შორის შესაგებელზე თანდართულს მტკიცებულებებზე, რომლებიც მისი განმარტებით ადასტურებს სადაო გარიგების ნაკლს. ასევე იმ გარემოებას, რომ გარიგება არ გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
მოსარჩელის განმარტებით, საზოგადოების დირექტორის რ----- ჭკ-----ას და ადილარ ჩართოლანის წერილობითი ახსნა-განმარტებები, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 21 ივნისის მოხსენებითი ბარათში გადმოცემული ინფორმაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის წერილები და საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ სადაო ხელშეკრულების დადების შემდგომაც კი იგი ხელმძღვანელობდა საზოგადოების საქმიანობას. ლე---------- დე---------ი მისი დავალებით მართავდა კომპანიას. მოსარჩელის მტკიცებით გარიგება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და იგი გაფორმდა მოსარჩელის მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ხაზი გაუსვას მოსარჩელის მტკიცების ხარისობრივ ნაკლზე და ამავდროულად სადავო გარემოების დადასტურებისთვის აუცილებელ მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტზე, რაც გამოიხატება სასარჩელო განცხადებაში მითითებული უმთავრესი გარემოებების სათანადო ხასიათის მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაში.
ის გარემოება, რომ მოსარჩელე კა------ კვ-–---ი საქართველოს პარლამენტის წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ განიხილებოდა პოლიტიკური ზეწოლის ობიექტად და სადაო გარიგების შედგენა განპირობებული იყო ამავე მოტივით სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლის დეფინიციის შესაბამისად წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და დადასტურებული არაა.
სარჩელის მიხედვით, ლე---------- დე---------ი, იყო მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირი და ახლო მეგობარი, ყოველთვის მოქმედებდა მისი დავალებით და პარტნიორთა კრებაზე ასრულებდა პირადად კა------ კვ-–---ის მითითებებს. მას პირადად არასდროს მიუღია მონაწილეობა საზოგადოების მართვაში და არ უზრუნია მის განვითარებაზე. მოსარჩელის შეფასებით, ლე---------- დე---------ის ქმედება არის დაუშვებელი და ზნეობრივ პრინციპებს მოკლებული.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს დასახელებულ ფაქტებს.
საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების მხარეებს რეალურად სურდათ საზოგადოების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა. სადავო გარიგებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი და შპს „ნ--- ქ----------–-ნშის“ 47.5% წილის მესაკუთრედ აღირიცხა ლე---------- დე---------ი, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ცდილობდა საზოგადოების მართვაში მონაწილეობის მიღებას. კერძოდ, ლე---------- დე---------მა არაერთხელ მიმართა კომპანიის დირექტორს რ----- ჭკ-----ას და მოითხოვა ინფორმაცია კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ტომი I, ს.ფ 46-48)
- წესდების ახალი რედაქცია (ტომი I, ს.ფ 24-27)
- ლე---------- დე---------ის მიმართვები (ტომიI, ს.ფ 110-119)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა კა------ კვ-–---ის სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 319-ე, 327-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას.
იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებას მისთვის თანმდევი შედეგი მოჰყვეს, იგი უნდა იყოს ნამდვილი. პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. რიგ შემთხვევებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ფორმალური მოთხოვნების მხრივ, ამგვარი გარიგება შეესაბამება კანონს, თუმცა შინაარსობრივად ასახავს მხარეთა რეალური ნების საწინააღმდეგო მდგომარეობას. უფრო მეტიც, მხარეებმა წინასწარვე იციან, რომ ისინი შებოჭილები არ იქნებიან დადებული ხელშეკრულებით. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისთვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს არ სურდათ იმ შედეგების მიღწევა, რაც გარიგების მოცემული სახისთვისაა დამახასიათებელი.
გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
საყურადღებოა, რომ მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას გარიგების მოჩვენებითი ხასიათის შედეგად ბათილად ცნობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ასპექტებს:
რამდენად შეესაბამება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები ფაქტობრივად არსებულ ურთიერთობას.
საკვანძო საკითხის - გარიგების მოჩვენებითი ხასიათის, სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება. კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა;
გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ. შესაბამისად, მოჩვენებითია თუ არა გარიგება ვერ შეფასდება სუბიექტური კრიტერიუმით. რთულია ზღვარი გაივლოს მხარეთა შინაგან და გარეგან ნებას შორის, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს სურდათ თუ არა მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა.
სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 19 მარტს კა------ კვ-–---ს და ლე---------- დე---------ს შორის შედგა შპს „ენ------ 2---“-ის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. გარიგების მიხედვით წილის გამყიდველი კა------ კვ-–---ი, მყიდველების ადილარ ჩართოლანის სასარგებლოდ ასხვისებს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი წილიდან (50%) 2.5%, ხოლო ლე---------- დე---------ის სასარგებლოდ 47.5%-ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების დადებით მხარეებმა გამოხატეს სურვილი რათა გამყიდველს თავისუფალი ნების ფარგლებში გაესხვისებინა მისი წილი საზოგადოებაში, ხოლო მყიდველმა თანხის გადახდის სანაცლოდ საკუთრებაში მიიღო 47.5% წილი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ.
კა------ კვ-–---მა დაადასტურა რა თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მან იცოდა იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას ახლავს თან.
სასამართლო დასკვნით, მოსარჩელის მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის პროცესში დასახელებული და სათანადო წესით დადასტურებული ფაქტები არ შეიცავს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ანუ ნორმის შემადგენელ ელემენტებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გარიგების დადების დროისათვის კა------ კვ-–---ი და ლე---------- დე---------ი მოქმედებდნენ ერთობლივი განზრახვით და მათ მიერ გარიგების დადება მიზნად არ ისახავდა რეალური სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
სასამართლო დამატებით შენიშნავს, რომ სამოქალაქო გარიგებათა მიმართ მოქმედებს ნამდვილობის პრეზუმფცია, შესაბამისად, პირი, რომელიც უფლების ნაკლსა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობაზე აპელირებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია, მიუთითოს ისეთ ფაქტებზე და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ინდივიდუალური და/ან ერთობლივი შესწავლა მინიმუმ შეარყევს სადავო სამართალურთიერთობის მართლზიმიერების პრეზუმფციას.
სასამართლოს არ მიაჩნია დადგენილად, რომ სადავო გარიგება არ ასახავს რეალურ ვითარებას და გაფორმებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, საწინააღმდეგო მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს რწმენა უყალიბდება იმ მიმართებით, რომ სადავო გარიგება არ წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და გამოხატავს გარიგებაში მონაწილე მხარეთა ნამდვილ ნებას.
6.2. სადავო გარიგების ბათილობის ერთ ერთ საფუძვლად მოსარჩელე ასახელებს გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობას შესაბამისად მიაჩნია რომ გარიგება მართლსაწინააღმდეგოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შინაარსით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
სასამართლოს მოსაზრებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს. სასამართლო კვლავ მიაქცევს ყურადღებას სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სსკ-ის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. სასაამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია იმ დასკვნის გაზიარება, რომ ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის არსებული დისპროპორცია გარიგების მართლსაწინააღმდეგო ხასიათის დადასტურებისთვის უტყუარი და საკმარისი წინაპირობაა. ასეთი მოსაზრების გაზიარება ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურ განვითარებასა და სტაბილურობას, რადგანაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს, სათანადო წინაპირობების არარსებობის პირობებშიც კი, შეეძლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობის დადგენა. ამასთან ერთად, გარიგების ბათილად მისაჩნევად, აუცილებელია, რომ გამოვლინდეს მეორე წინაპირობაც კერძოდ, გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს შპს „როიალ აუდიტის“ აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით, მისი 50%-იანი კუთვნილი წილი შპს „ენ------ 2---“-ის საწესდებო კაპიტალში 2013 წლის 19 მარტის მდგომარეობით თანხობრივად შეადგენს 3 024 858 ლარს, საიდანაც ლე---------- დე---------ისთვის გადაცემული 47.5%-ის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 873 615.10 ლარს. სადავო გარიგების მიხედვით კი, წილის გამყიდველმა გასაყიდი წილი გაყიდა ნომინალურ ღირებულებად - ჯამში 150 ლარად, რაც ასევე არ არის გადახდილი.
მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ ამ ნაწილშიც მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ჯეროვნად რეალიზება და სასამართლოსათვის იმ ფაქტობრივი გარემოებების და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით, სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობა გახდებოდა.
ნასყიდობის საგნის ფასთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს: სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებს ანიჭებს უფლებას შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. ხელშეკრულებაში მითითებული ფასი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქონების რეალური საბაზრო ღირებულებისაგან, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს შეთანხმებას მხარეთა ნებიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასზედაც და სასამართლოს მოსაზრებით კა------ კვ-–---ის მიერ წილის გასხვისების ღირებულების კონკრეტული ნიშნული გარიგების მოჩვენებით ხასიათზე არ მეტყველებს. ამასთანავე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ლე---------- დე---------ს ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხდია.
სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად 2013 წლის 19 მარტს შედგენილი გარიგების მოჩვენებითი ხასიათი. სასამართლოს დასკვნით კა------ კვ-–---ს რელურად სურდა საზოგადოების წილის გასხვისება, ხოლო ლე---------- დე---------მა ასევე რეალურად შეიძინა იმ დროისათვის შპს „ენ------ 2---“-ის 47.5% წილი და სასარჩელო მოთხოვნა როგორც სადავო გარიგების ბათილად ცნობის ისე საზოგადოების გასხვისებული წილის დაბრუნების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლე---------- დე---------ს აეკრძალა (პ/ნ 6----------) შპს ,,ნ--- ქ----------–-ნში’’ (ს/კ 2--------) მისი კუთვნილი 47.5%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება;
ასევე უნდა გაუქმდეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლე---------- დე---------ს აეკრძალა შპს ,,ნ--- ქ----------–-ნის’’ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ცვლილება.
სარ-----ლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. კა------ კვ-–---ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლე---------- დე---------ს აეკრძალა (პ/ნ 6----------) შპს ,,ნ--- ქ----------–-ნში’’ (ს/კ 2--------) მისი კუთვნილი 47.5%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება; ასევე გაუქმდეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლე---------- დე---------ს აეკრძალა შპს ,,ნ--- ქ----------–-ნის’’ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ცვლილება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარ-----ლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე