გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4773-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე დ--------------
წარმომადგენელი გ---–--–------
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი თ------------
მესამე პირი - შპს „კ---------------------------–------------------“
წარმომადგენელი - რ-----------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7------------ გადაწყვეტილება დ--------------ს სახელზე გაცემული CHU №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ 2011 წელს დ--------------ს სახელზე გაცემული CHU №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე თაობაზე (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 211-231).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - შპს „კ---------------------------–------------------ს“ წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2003 წლის 03 აპრილს, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს „კ---------------------------–--------------------“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- (01-17-08/9--) ლიცენზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2003 წლის 03 აპრილის №0-------- (01-17-08/9--) ლიცენზია (ს.ფ. 23).
4.1.2. 2011 წლის 7 თებერვალს შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ დ--------------ს სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი CHU №0----- მასზედ, რომ შპს „კ---------------------------–------------------ს“ სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ--------------ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ 2011 წელს დ--------------ს სახელზე გაცემული CHU №0----- ბაკალავრის დიპლომი (ს.ფ. 72-73).
4.1.3. 2018 წლის 28 მაისს დ--------------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ--------------ს 2018 წლის 28 მაისის განცხადება (ს.ფ. 64-75).
4.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 ივნისის MES 4------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „კ---------------------------–-----------------მა“ (ს/კ 2--------) ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 ივნისის MES 4------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 83-84).
4.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7------------ გადაწყვეტილებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, დ--------------ს უარი ეთქვა CHU №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-88).
4.1.6. 2018 წლის 15 აგვისტოს მ--------------–---–--- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს წარუდგინა საარქივო დოკუმენტაცია დ----- (დ-----) ჭ-------- შპს „კ---------------------------–-----------------ში“ სწავლის პერიოდის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 აგვისტოს MES 4------------ კორესპონდენცია (ს.ფ. 89-97).
4.1.7. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს MES 6------------ წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ეცნობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზაში დ-------------- (პ/ნ 3----------) ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 აგვისტოს MES 6------------ წერილი (ს.ფ. 100).
4.1.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 29 აგვისტოს MES 8------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში დ--------------ს (პ/ნ 3----------) შესახებ მონაცემები არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 29 აგვისტოს MES 8------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 101-102).
4.1.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 3------------ გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2018 წლის 28 ივნისის MES 7------------ გადაწყვეტილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრმა მიიჩნია, რომ შპს „კ---------------------------–-----------------ში“ 2005-2009 წწ. (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის საფუძველზე) დ--------------ს სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის CHU №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 3------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 103-104).
4.1.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობის (MIA 6------------) თანახმად, დათო ჯ-------------------- 2016 წლის 7 აპრილიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2018 წლის 7 მარტიდან დაკავებული აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთის) რაიონული სამმართველოს ხ--–-- პოლიციის განყოფილების უ-----------------ი - გ----------–-- თანმდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 31 აგვისტოს MIA 6------------ ცნობა (ს.ფ. 23-).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ჭ-------- სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7------------ და 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
7.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ დ--------------ს სახელზე გაცემული CHU №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ვინაიდან საარქივო დოკუმენტაციის თანახმად, დ-------------- შპს „კ---------------------------–-----------------ში“ ჩაირიცხა 2005 წელს, არ არსებობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გვერდის ავლით სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემული უმაღლესი განათების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი და ამასთან, ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის (2005წელს მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წლის მდგომარეობით, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით და აბიტურიენტების გადანაწილება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე. შესაბამისად, 2005-2006 სასწავლო წლიდან სახელმწიფო ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებას და კვალიფიკაციას.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 7 თებერვალს შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ დ--------------ს სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი CHU №0----- მასზედ, რომ შპს „კ---------------------------–------------------ს“ სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ--------------ს მიენიჭა ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
დადგენილია ასევე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში და ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის დ--------------ს (პ/ნ 3----------) შესახებ მონაცემები არ იძებნება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მულზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 15 აგვისტოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოში შპს „კ---------------------------–------------------ს“ საარქივო დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის - მ--------------–---–იას მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე (ს.ფ. 89-97), რომლითაც ირკვევა, რომ დ------ (დ-----) ჭ------- შპს „კ---------------------------–------------------ს“ იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე 2005 წლის სექტემბერში (ბრძანება №3-, 30.09.2005წ.) ჩაირიცხა, ხოლო 2009 წლის 25 მაისის №112 ბრძანებით დაშვებულ იქნა სახელმწიფო გამოცდებზე. აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტაციის ასლის დედანთან სისწორე დამოწმებულია შპს „კ---------------------------–------------------ს“ რექტორის ხელმოწერით და უ--------------ს ბეჭდით. ამასთან, მ--------------–---–ია 2018 წლის 15 აგვისტოს წერილით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დ----- (დ-----) ჭ------- უნივერსიტეტში 2005 წელს ჩაირიცხა.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შპს „კ---------------------------–-----------------ში“ დ--------------ს ჩარიცხვის (№1- ბრძანება; 17.09.2004წ.) და კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებებს (ს.ფ. 190-200), სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული - მ--------------–---–იას (შპს „კ---------------------------–------------------ს“ რექტორი) განმარტებით (იხ. 23.04.2019წ. სასამართლოს სხდომის ოქმი), ზემოაღნიშნულ ბრძანებებში ასახული ინფორმაცია აღდგენილია მეხსიერების ელექტრონულ ბარათზე არსებული ინფორმაციით, არ წარმოადგენს დოკუმენტის დედანს. ამასთან, მესამე პირის მიერ მიერ ასევე წარმოდგენილია ამონაწერები მითითებული ბრძანებებიდან (ს.ფ. 181-187), თუმცა, ამონაწერებში ასახული მონაცემები არ არის თანხვედრაში ამავე ბრძანებებში დაფიქსირებულ მონაცემებთან, ხოლო თავის მხრივ აღნიშნული დოკუმენტები შეუსაბამობაშია 2005 წლის 30 სექტემბრის №3- ბრძანებასთან (ს.ფ. 91).
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს „კ---------------------------–-----------------ში“ დ--------------ს 2004 წელს ჩარიცხვის ფაქტი. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილია შპს „კ---------------------------–------------------ს“ 2005 წლის 30 სექტემბრის №3- ბრძანება დ------ ჭ-------- პირველ კურსზე ჩარიცხვის თაობაზე და ბრძანების ასლის დედანთან სისწორე ხელმოწერით და უ--------------ს ბეჭდით დადასტურებულია უ--------------ს მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------------- შპს „კ---------------------------–-----------------ში“ 2005 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩაირიცხა.
რაც შეეხება შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების საკითხს, დადგენილია, რომ 2003 წლის 03 აპრილს, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს „კ---------------------------–--------------------“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- (01-17-08/9--) ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „კ---------------------------–-----------------მა“ (ს/კ 2--------) ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში.
სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2005-2006 სასწავლო წლიდან ლიცენზიის საფუძველზე საგანმანათლებლო საქმიანობა არ წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ მისი აღიარების საკმარის საფუძველს, ხოლო დ-------------- შპს „კ---------------------------–-----------------ში“ 2005 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც დაწესებულება საგანმანათლებლო საქმიანობდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში ახოციელებდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმიანობის შედეგად დ--------------ს სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2011 წლის 7 თებერვალს შპს „კ---------------------------–------------------ს“ მიერ დ--------------ს სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის (CHU №0-----) ნამდვილობის დადასტურების საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ დ--------------ს ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან იგი შპს „კ---------------------------–-----------------ში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებები შეტანილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 ივნისის MES 7------------ და 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, დ--------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი,მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა დარასელია