გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.06.2019
საქმის ნომერი
330210118002713914
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/8706-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - სს „თი---------ი’’

წარმომადგენელი - ნო---რ ზა-----ა

მოპასუხეები - ზუ---ბ სი-----–---–ი, ოთ---------ე, მე----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 162.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 500 ლარი, პროცენტი - 207.06 ლარი და პირგასამტეხლო - 455.10 ლარი;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1 500 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75 ლარს;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 07 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 791.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 696.97 ლარი, პროცენტი - 55.37 ლარი და პირგასამტეხლო - 38.78 ლარი;

1.4. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 07 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 696.97 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 20.90 ლარს;

 

1.5. დაეკისროს მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 470.50 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6 949.54 ლარი, პროცენტი - 329.31 ლარი და ჯარიმა - 191.65 ლარი;

 

1.6. დაეკისროთ მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 6 949.54 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 16.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 97.29 ლარს;

 

1.7. თავდების - ოთ---------ის თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვროს 13 000 ლარის ოდენობით;

 

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 19 ოქტომბერის და 2018 წლის 23 ოქტომბერის ზუ---ბ სი-----–---–სა და მე----------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები და გასხვისებულ უძრავ ქონებებზე მდებარე: თი-----ი, სოფელი სა--------ი, საკადასტრო კოდებით: 7-.0-.2-.0-- და 7-.0-.2-.0-- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდეს კვლავ მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ის საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თი---------ი’’ (შემდგომში მოსარჩელე) წარმოადგენს სს „ბა-------------–--ა’’-ს უფლებამონაცვლეს.

 

მოსარჩელესა და მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს შორის 2018 წლის 20 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე კრედიტი 1 500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 20 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ’’ ხელშეკრულებით, რომლის 16.8 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამავე ხელშეკრულების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ტარიფების მიხედვით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 20 თებერვალს მსესხებლის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ათვისება 1 500 ლარის ოდენობით, შემდგომ მოხდა სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნება. მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა და 2018 წლის 23 აგვისტოს და ამის შემდეგ მის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა გადახდა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება.

 

2018 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელს 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2 162.16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 500 ლარი, პროცენტი 207.06 ლარი, ხოლო ჯარიმა - 455.10 ლარი.

 

მოსარჩელეს და მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს შორის 2017 წლის 7 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 700 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ბანკის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 6 რიცხვი.

 

ხელშეკრულება დაირღვა და 2018 წლის 14 აგვისტოს შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა გადახდა. 2018 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 791.12 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 696.97 ლარი, პროცენტი - 55.37 ლარი და ჯარიმა - 38.78 ლარი.

 

მოსარჩელეს და მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს შორის 2017 წლის 24 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9 200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.8 %-ით, კრედიტის ვადა - 48 თვე, 2021 წლის 24 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 25 რიცხვში, ყოველთვიურად თვეში 265 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ოთ---------ეს შორის 2017 წლის 24 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ 2015 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე 13 000 ლარის ფარგლებში.

 

მოპასუხეების მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა და 2018 წლის 25 ივლისის და ამის შემდეგ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა მათ მიერ. ასევე მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს გადახდას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულეს თანხის გადახდის ვალდებულება.

 

2018 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 7 470.50 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 6 949.54 ლარი, პროცენტი 329.31 ლარი და ჯარიმა - 191.65 ლარი.

 

მსესხებლის მხრიდან 2018 წლის აგვისტომდე დავალიანების დაფარვა ხდებოდა, მაგრამ აგვისტოს შემდგომ მოპასუხის მხრიდან საერთოდ არ მომხდარა გადახდა არაერთი გაფრთხილებისა და მცდელობის, რაც მიუთითებს მისი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებაზე და რაზეც მოპასუხისათვის წინასწარვე იყო ცნობილი.

2018 წლის 19 ოქტომბერს და 2018 წლის 23 ოქტომბერს ზუ---ბ სი-----–---–სა და მის დედას - მე----------–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ზუ---ბ სი-----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: თი-----ი, სოფელი სა---------ი, საკადასტრო კოდებით: 7-.0-.2-.0-- და 7-.0-.2-.0-- საჯარო რეესტრში აღირიცხა მე----------–---–ის სახელზე.

აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებები მხარეთა ნამდვილ ნებას არ გამოხატავს და წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებებს. მსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისთვის ცნობილი იყო რომ ბანკი აპირებდა დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვას. სწორედ ამ ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით გაასხვისა მან ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები თავის ოჯახის წევრზე.

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მათ სარჩელთან მიმართებით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

მოპასუხე მე----------–---–მა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო, ამასთანავე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს არ განუხორციელებია შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. მოპასუხის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულებები არ არის მოჩვენებითი გარიგებები და მისი შინაარსი შეესაბამება ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილ ნებას. ამასთანავე, მოპასუხემ მიუთითა, რომ აღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენდა ოჯახის (კომლის) საკუთრებას და მსესხებლის სახელზე მისი რეგისტრაციის მიუხედავად იგი ყოველთვის მოიაზრებოდა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ. ქონების გადაფორმების აუცილებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იგი მუდმივად ახორციელებს მიწების დამუშავებას და ვინაიდან მისი შვილი მუდმივად ცხოვრობს თბილისში, მას ექმნებოდა წინააღმდეგობები ქონებების მართვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია მისი შვილის საბანკო დავალიანებების შესახებ.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელეს და მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1 500 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 20 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალსვე მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტის - 1 500 ლარის ათვისება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.22);

- ამონაწერი (ს.ფ.23);

- ხელშეკრულება (ს.ფ.24-40);

- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ.41-52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2018 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის 23 აგვისტოს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ.23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 2 162.16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 500 ლარი, პროცენტი 207.06 ლარი, ხოლო ჯარიმა - 455.10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 07 ნოემბერს მოსარჩელეს და მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 700 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით.

 

ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ბანკის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 6 რიცხვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.70-75);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2017 წლის 07 ნოემბერის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის 14 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ.76-80);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, მსესხებელს 2017 წლის 07 ნოემბერის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 791.12 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 696.97 ლარი, პროცენტი - 55.37 ლარი და ჯარიმა - 38.78 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2017 წლის 24 აპრილს მოსარჩელეს და მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 9 200 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.8 %-ით, კრედიტის ვადა - 48 თვე, 2021 წლის 24 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 25 რიცხვში, ყოველთვიურად თვეში 265 ლარის გადახდით.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 54-61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-

3.1.8. 2017 წლის 24 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელეს და ოთ---------ეს შორის 2017 წლის 24 აპრილს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 3.1-3.2 პუნქტების თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი მსესხებლის მიმართ ბანკის მოთხოვნები, გამომდინარე ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული/მომავალში დასადები ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დადებული შემადგენელი ხელშეკრულებიდან. თავდებობით ასევე სრულადაა უზრუნველყოფილი მსესხებლის ყველა არსებული და სამომავლო ვალდებულებების შესრულება, გამომდინარე ხელშეკრულებიდან, მათ შორის კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯების დაფარვის ვალდებულება.

 

ხელშეკრულების თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 13 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი, ხელშეკრულება (ს.ფ.62-65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2017 წლის 24 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის 25 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ.68-69);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. 2018 წლის 05 ნოემბრის მდგომარეობით, მსესხებელს 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 7 470.50 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 6 949.54 ლარი, პროცენტი 329.31 ლარი და ჯარიმა - 191.65 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.11. 2018 წლის 09 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---ბ სი-----–---–მა მოპასუხე მე----------–---–ს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თი-----ი, სოფელი სა---------ი, საკადასტრო კოდი: 7-.0-.2-.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 82-83);

- ხელშეკრულება (ს.ფ. 84-85);

- ამონაწერი (ს.ფ.86-87);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.12. 2018 წლის 2- ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---ბ სი-----–---–მა მე----------–---–ს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თი-----ი, სოფელი სა--------ი, საკადასტრო კოდი: 7-.0-.2-.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ.88-89 );

- ხელშეკრულება (ს.ფ.90-91);

- ამონაწერი (ს.ფ.92-94);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მსესხებელ ზუ---ბ სი-----–---–ს შორის 2018 წლის 20 თებერვალს დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 2017 წლის 07 ნოემბერს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლის 24 აპრილს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხე ოთ---------ის თავდებობით.

 

მხარეთა შორის არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, მსესხებლის, ისევე როგორც თავდების მიერ არ განხორციელებულა არსებითი შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისა და მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობის ნაწილში. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა, ისევე როგორც მასზე დარიცხული პროცენტი.

 

ვინაიდან უდავოა, მსესხებლის მიერ თითოეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის საკითხი, ასევე დადგენილია მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა, შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის -1 500 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 207.06 ლარის, ასევე 2017 წლის 07 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 696.97 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 55.37 ლარის და 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 6 949.54 ლარის და პროცენტის - 329.31 ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან, 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად ეკისრებათ, როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებით კი გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 20 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 455.10 ლარი, 2017 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 38.78 ლარი, ისევე როგორც 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 191.65 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი, იგი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მსესხებელს, ისევე როგორც 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებით თავდებს, იგი უნდა დაეკისროთ მოთხოვნილი ოდენობით.

 

6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალის ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით. 2017 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ხოლო 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.8%-ით.

კრედიტორმა წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე თითოეულ შემთხვევაში გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, ბანკის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოპასუხეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას მოჩვენებითობის საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთახმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

 

საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური პრინციპიდან გამომდინარე, გარიგების მოჩვენებითი ბუნების დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა. მართალია, ჩუქების ხელშეკრულებები დადებულია დედა-შვილს შორის, თუმცა აღნიშნული გარემოება, არ ქმნის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ 2018 წლის 17 სექტემბრის და 2018 წლის 19 სექტემბრის შეტყობინებებზე, რომლის თანახმადაც იგი აპელირებს, მსესხებლისათვის შესასრულებელი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. მოსარჩელის მიერ სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მოპასუხეთა შორის მოჩვენებითი გარიგებების დადება. სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების კუთხით მიუთითებს იმაზე, რომ წარმოდგენილი არ არის შესაბამისი შეტყობინების მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს გარიგებების მოჩვენებითად ცნობის საკმარის საფუძველს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გარიგებების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე ნორმის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 480.36 ლარი (ს.ფ.102), ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი აქვს - 100 ლარი (ს.ფ.103), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 50 ლარი (ს.ფ.102). სარჩელი არ დაკმაყოფილდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა - 467.35 ლარი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 13.01 ლარი. დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად კი, მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 138.17 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 329.18 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მხოლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, არსებობს 2018 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თი---------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 162.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 500 ლარი, პროცენტი - 207.06 ლარი და პირგასამტეხლო - 455.10 ლარი;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1 500 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75 ლარს;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 07 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 791.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 696.97 ლარი, პროცენტი - 55.37 ლარი და პირგასამტეხლო - 38.78 ლარი;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 07 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 696.97 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 20.90 ლარს;

 

1.5. დაეკისროთ მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 470.50 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6 949.54 ლარი, პროცენტი - 329.31 ლარი და ჯარიმა - 191.65 ლარი;

 

1.6. დაეკისროთ მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 05 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 6 949.54 ლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 16.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 97.29 ლარს;

 

1.7. თავდების - ოთ---------ის თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვროს 13 000 ლარის ოდენობით;

 

1.8. სს ,,თი---------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნები 2018 წლის 19 ოქტომბერს და 2018 წლის 23 ოქტომბერს ზუ---ბ სი-----–---–სა და მე----------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და გასხვისებულ უძრავ ქონებებზე მდებარე: თი-----ი, სოფელი სა---------ი, საკადასტრო კოდებით: 7-.0-.2-.0-- და 7-.0-.2-.0-- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვლავ მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სს ,,თი---------ი’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თი---------ი’’-ში 05.11.2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 480.36 ლარიდან - 13.01 ლარი (საგადახდო დავალება #2--;

 

4. დაეკისროს მოპასუხე ზუ---ბ სი-----–---–ს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 138.17 ლარის ანაზღაურება;

 

5. მოპასუხეებს ზუ---ბ სი-----–---–ს და ოთ---------ეს დაეკისროთ სოლიდარულად სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 329.18 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება;

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც:

1. აეკრძალა მოპასუხე მე----------–---–ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების, მდებარე: თი-----ი, სოფელი სა--------ი, ს/კ 7-.0-.2-.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

2. აეკრძალა მოპასუხე მე----------–---–ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების, მდებარე: თი-----ი, სოფელი სა--------ი, ს/კ 7-.0-.2-.0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია