გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN820210018002743033 (2-732)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - ხ-----–----ე
წარმომადგენელი - ხ--------------–-ა
მოპასუხე - დ--------------------ე
წარმომადგენელი - კ------------------ე
მესამე პირი - სსიპ ს--–---–------------------------------------------------------–------------–--ა
წარმომადგენელი - გ---–-------–-------ე
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ხ-----–----ეს მიეცეს მისი არასრულწლოვანი შვილის მ----–-----ს ნახვის უფლება ყოველი თვის ბოლო პარასკევი დღის 18:00 საათიდან კვირა დღის 22:00 საათამდე სახლში წაყვანით. ამასთან ზამთარში ახალი წლის დღეებში 5 დღე-ღამით და მ----–-----ს დაბადების დღეზე 2 დღე-ღამის განმავლობაში სახლში წაყვანით იმყოფებოდეს მამასთან, მოსარჩელე ხ-----–----ესთან. აგრეთვე ბავშვის გადმოცემის პროცესი მოხდეს სოციალური სამსახურის თანამშრომლების თანდასწრებით, ვინაიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ ხდება არანაირი შეთანხმება ბავშვის ნახვასთან, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხ-----–----ე და დ--------------------ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს შორის წამოჭრილი უთანხმოების გამო შეწყდა ქორწინება და 2015 წლის მარტის თვიდან ისინი აღარ არიან ერთად და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი მ----–----ე, დაბადებული 2----–-–-----------ს. ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დ--------------------ემ არასრულწლოვანი შვილი წაიყვანა მის მამისეულ სახლში და არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას მოინახულოს ბავშვი და ურთიერთობა იქონიოს მასთან, წაიყვანოს საცხოვრებლად რამდენიმე დღით და დარჩეს მამასთან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - დ--------------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბავშვი არის ავად, საჭიროებს მუდმივ სპეციალურ ზედამხედველობას, რადგან ვარდება კრუნჩხვებში, მისი სახლიდან გაყვანა სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, დედა როდესაც ტოვებს 5-10 წუთით ტირის, ამიტომ მისი მამასთან წაყვანის შემთხვევაში შეიძლება მძიმე ემოციებში ჩავარდეს, დაემართოს კრუნჩხვები და რადგან აქვს ეპილეფსიური შეტევები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არამიზანშეწონილია მისი სახლიდან გაყვანა, ნებისმიერ დროს შეიძლება დაემართოს ეპილეფსიური შეტევა და ეს მისთვის საშიში იქნება, იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მას მუდმივად ესაჭიროება გვერდით სპეციალურად მცოდნე პირი დახმარებისთვის, ის ან სახლშია ან საავადმყოფოში, ღებულობს მუდმივად მედიკამენტებს და დედა მუდმივად მასთან იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი არიან არათუ ბავშვის წაყვანის, არამედ მისი ნახვისაც კი, შესაძლებელია უკიდურეს შემთხვევაში ნახვის დღეებად განისაზღვროს ოთხშაბათი და ხუთშაბათი 10 საათიდან 18 საათამდე, რადგან დ--------------------ე ცხოვრობს დედ-მამის სახლში, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი ძმები და რომ არ მოხდეს კონფლიქტი.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. სსიპ ს--–---–------------------------------------------------------–------------–--ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა ჰქონდეს შვილთან ურთიერთობა, მით უფრო თუ იგი გამოთქვამს მზაობას და იღებს ვალდებულებას, რომ იზრუნებს შვილზე იმ პერიოდში და მას არ მიადგება ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მდგომარეობა არის მძიმე და მისი ნების დაფიქსირება არაა შესაძლებელი. მათი სამსახურის მიერ შესწავლილია მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი და იქ არის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები და სოციალური გარემო და არაა არანაირი ხელისშემშლელი გარემოება, რომ ბავშვს რაიმე ზიანი მიადგეს. ბავშვის ინტერესია ორივე მშობელი იყოს ჩართული აღზრდა-განვითარებაში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
სსიპ ს--–---–---------------------------------------------------–---------------------–------------–--ის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ-----–----ე და დ--------------------ე 2011 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი მ----–----ე, დაბ. 2----–-–-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები,- მ----–-----ს დაბადების მოწმობა
3.1.2. ხ-----–----ე და დ--------------------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი მ----–----ე ცხოვრობს დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები,3.1.3. არასრულწლოვანი მ----–----ე არის მძიმედ ავად, დიაგნოზით: ლოკალიზებული (კეროვანი) სიმპტომატური ეპილეპსია და ეპილეპსიური სინდრომები, რთული პარციული გულყრებით G-40.0, სპასტიური ცერებრალური დამბლა G-80. მცირეწლოვანი მ----–----ე ვერ მეტყველებს, დამოუკიდებლად თვითონ ვერ გადაადგილდება. საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და მზრუნველობას დღეღამის განმავლობაში. ხშირად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, სხვადასხვა მედიკამენტებს. ბავშვი საჭიროებს სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულების, დღის ცენტრის მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას მოინახულოს ბავშვი და ურთიერთობა იქონიოს მასთან, წაიყვანოს მასთან საცხოვრებლად რამდენიმე დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ სარჩელი
- ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 09 ივლისის სოციალური მუშაკის #---- დასკვნის მიხედვით ხ-----–----ე ცხოვრობს მშობლებთან – ე----------–-----სთან და გ--------–-----სთან, მეუღლე – ე--------------–--ესთან და მეუღლის შვილთან ნ------------–--ესთან ერთად (მისამართზე: ქ. ბათუმი. ფ------------–--–----------------------). საცხოვრებელში უზრუნველყოფილია ბავშვისთვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო სოციალური გარემო.
2018 წლის 16 ივლისის სოციალური მუშაკის #--- დასკვნის მიხედვით დ--------------------ე ცხოვრობს მისამართზე ხ--–--------------------------------------------. მშობლების ოჯახში. სახლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის ტექნიკა, ავეჯი, ზამთარში გასათბობად იყენებენ შეშის ღუმელს. ბავშვს და დედას აქვთ საერთო ოთახი, მ----–----ე უზრუნველყოფილია ადეკვატური კვებით, ბავშვს აქვს სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფილია. მ----–----ე საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას დღე-ღამის განმავლობაში, ამიტომ ბავშვის დედა არ მუშაობს, დ--------------------ეს ბავშვის ყველა საჭიროებების უზრუნველსაყოფად დახმარებას უწევენ ძმები. ასევე ბავშვზე მზრუნველობას ახორციელებს ბებია - ე-------------ე. ბავშვი დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისაგან, არის უსაფრთხო გარემოში. მ--- საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და მზრუნველობას, ხშირად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, სხვადასხვა მედიკამენტებს. მ----–----ე ვერ გადაადგილდება. მასთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (ვერ მეტყველებს) ვერ მოხერხდა.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და წინააღმდეგია არათუ ბავშვის წაყვანის, არამედ მისი ნახვისაც კი, თუმცა გარკვეულწილად უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებლად მიიჩნევს ნახვის დღეებად განისაზღვროს ოთხშაბათი და ხუთშაბათი 10 საათიდან 18 საათამდე, რადგან დ--------------------ე ცხოვრობს დედ-მამის სახლში, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი ძმები და რომ არ მოხდეს კონფლიქტი.
საქმის განხილვისას ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მიზანშეწონილობა იმის შესახებ, რომ მ----–----ე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მამამ ხ-----–----ემ წაიყვანოს თავის სახლში ღამისთევით.
საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, სოციალური მუშაკის დასკვნებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ----–----ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დაბადებიდან მძიმედ დაავადებული ბავშვი, დიაგნოზით: ლოკალიზებული (კეროვანი) სიმპტომატური ეპილეპსია და ეპილეპსიური სინდრომები, რთული პარციული გულყრებით G-40.0, სპასტიური ცერებრალური დამბლა G-80. მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას დღე-ღამის განმავლობაში, ხშირად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, სხვადასხვა მედიკამენტებს და დღის ცენტრის მომსახურებას, ვერ გადაადგილდება დახმარებით ან/და დამხმარე საშუალებებითაც კი და ვერ მეტყველებს.
მესამე პირის სსიპ ს--–---–------------------------------------------------------–------------–--ის წარმომადგენელის განმარტებით მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა ქონდეს შვილთან ურთიერთობა, ბავშვის ინტერესია ორივე მშობელი იყოს ჩართული აღზრდა-განვითარებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელეს უნდა მიეცეს საშუალება შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა. ამ მიზნით მას უნდა დაუდგინდეს შვილების ნახვის დღეები;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდნენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.
6.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ ასევე ოლსონი (Nო.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, Nო. 18830/07, § 71).
6.3. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობლისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
6.4. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ მ----–----ეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში.
ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის მამასთან). თავის მხრივ მამაც უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამას მინიჭებული აქვს არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით.
6.6. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ კვირის დღეებში მამას ნება უნდა დაერთოს ინახულოს ბავშვი, რაც, ბუნებრივია, მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა და მან საკუთარი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვის ინტერესი, მისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი და უარყოფით გავლენა არ მოახდინოს მის ჯანმრთელობაზე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან მ----–----ესთან; ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ შეეცდება მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დედასთან ცხოვრება მ----–-----ს საუკეთესო ინტერესი იქნება.
6.7. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ----–----ე მძიმედ დაავადებულია.
იგი დაბადებულია 2----–-–-----------ს, ანუ საქმის განხილვის მომენტისათვის არის 7-–-–--. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი, დედაზე მიჩვევის, დედის გარეშე დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. ასევე ის გარემოება, რომ დ--------------------ე ცხოვრობს დედ-მამის სახლში, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი ძმები. ამიტომ ბავშვის ნახვის დღეები შეზღუდულად უნდა გადაწყდეს. ასევე არ არის სასურველი ამ ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად ის მამასთან დარჩეს პარასკევს საღამოს პერიოდიდან კვირის საღამომდე, ვინაიდან საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა; ამდენად ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მამასთან ურთიერთობა განისაზღვროს რამდენიმე საათით ოთხშაბათს და ხუთშაბათს;
ნახვის დღეების ამდაგვარი განსაზღვრა მაქსიმალურად შესაბამისია, როგორც მშობლის ისე შვილის უფლებების რეალიზებისათვის. ბუნებრივია ყოველდღიური ურთიერთობა უკეთესია, მაგრამ ცალკე მცხოვრები შვილისა და მშობლისათვის ყოველდღიური ურთიერთობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე შერჩეული უნდა იქნას ოპტიმალური დრო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ოპტიმალური დროა.
6.8. შესაბამისად შექმნილ მდგომარეობაში ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ ბავშვის ნახვა, წაყვანის უფლების გარეშე, კერძოდ, მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ყოველი კვირის ორი დღე, ოთხშაბათი და ხუთშაბათი, კერძოდ ოთხშაბათს და ხუთშაბათს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, მოპასუხის ოჯახში; დ--------------------ეს კი უნდა დაევალოს საშუალება მისცეს მამას - ხ-----–----ეს ურთიერთობა იქონიოს შვილთან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე წინასწარ გადახდილია 100 ლარი. ხ-----–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამასთან დავა არაქონებრივია და შეუძლებელია დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილის პროპორციის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილი შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 50%. აქედან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, დ--------------------ეს ხ-----–----ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 243-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369_ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხ-----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ხ-----–----ეს არასრულწლოვან შვილთან მ----–----ესთან (დაბადებული 2----–-–-----------ს, პ/ნ 6----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს კვირაში ორი დღე, ოთხშაბათი და ხუთშაბათი, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, დ--------------------ის ოჯახში;
3. დ--------------------ეს ხ-----–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი