გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002271415
N2/243-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე – რა-------------ძე
წარმომადგენელი - რა--------ძე
მოპასუხე – ნა-----------–-ძე
წარმომადგენელი - ემ-----------ძე
არასრულწლოვანი რე--- დ------ძის წარმომადგენელი - გუ-–-------–-----იძე
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შეწყდეს რა-------------ძესა და ნა-----------–-ძეს შორის არსებული ქორწინება და გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------;
1.2. რა-------------ძეს განესაზღვროს შვილთან რე---------------თან ურთიერთობის წესი: პირველი ერთი თვე ყოველი კვირის პარასკევი 14სთ-დან 20 სთ-მდე, შაბათი 12სთ-დან 18 სთ-მდე და კვირა 12 სთ-დან 18 სთ-მდე. ერთი თვის შემდეგ ყოველი კვირის პარასკევის 14 სთ-დან მომდევნო კვირის ორშაბათის 11 სთ-მდე, ღამე სახლში წაყვანის უფლებით.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2014 წლის 18 სექტემბრიდან, ნა-----------–-ძე და რა-------------ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2015 წლის 14 ივლისს შეეძინათ შვილი რე--- დ------ძე, რომლის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულების გამო, ერთ წელზე მეტია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელეს სურს ქორწინების შეწყვეტა. მოპასუხე არ აძლევს უფლებას ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, რის გამოც რა-------------ძეს სურს განისაზღვროს შვილთან ურთიერთობის დღეები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხე წინააღმდეგია რე--- დ------ძე ღამისთევით დარჩეს მამასთან. მოპასუხე უთითებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განმარტავს, რომ რე--------------- სჭირდება სისტემატური მეთვალყურეობა, ვინაიდან, სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების გამო საჭიროებს სპეციალურ პირობებს, როგორც საცხოვრებელ ადგილას ისე, საბავშვო ბაღში და ქუჩაში. ბავშვს ხშირად აქვს ბრონქო სპაზმი, ალერგია და მუდმივად იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. მოპასუხე უთითებს, რომ ღამისთევით დარჩენა მამის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელია. დედის საცხოვრებელ ადგილას ბავშვი უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობით, ვინაიდან, მოპასუხის დედა არის ექთანი. სუსტი ჯანმრთელობის გამო რე--------------- ატარებენ საბავშვო ბაღში სახლთან ახლოს, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად იქნეს უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო დახმარება. ამდენად, ნა-----------–-ძე არაა წინააღმდეგი მოსარჩელეს განესაზღვროს შვილის ნახვის დღეები, თუმცა ეწინაარმდეგება ღამისთევით რე--- დ------ძის მამასთან დარჩენას.
მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
ნა-----------–-ძის ოჯახში ვიზიტის დროს, სოციალური მუშაკის დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები მზრუნველობას არ აკლებენ ბავშვს. რე--- დ------ძე აღრიცხვაზეა შპს ,,ბათ-------------–---–----აში“ დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვს ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა, ბავშვს აქვს ბრონქოსპაზმი, ალერგია და მუდმივად იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ასევე, ხშირად საჭიროებს კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევას მონიტორინგის მიზნით. ბავშვი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად არის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სარისკოა ღამით და ხანგრძლივი დროით დედისგან დამოუკიდებლად ბავშვის დატოვება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ნათია მიქავას რეკომენდაციაა, ხელი შეეწყოს მამასა და ბავშვს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი არ იმყოფება თავისუფალ კონტაქტში მამასთან, წარმომადგენელს არ მიაჩია მიზანშეწონილად სარჩელის დაკმაყოფილება ბავშვის ღამისთევით წაყვანის უფლებით. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი თვლის, რომ გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე შეექმნება, რადგან ბავშვი გაუცხოებულია მამასთან. ბავშვის დარჩენა მამის ოჯახში შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა გაღრმავდება და გარკვეული მიჯაჭვულობა გაჩნდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 18 სექტემბრიდან, რა-------------ძე და ნა-----------–-ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2015 წლის 14 ივლისს შეეძინათ შვილი რე--- დ------ძე, რომლის საცხოვრებელი ადგილი, მხარეთა შეთანხმებით, განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.14)
- დაბადების მოწმობა (ს.ფ 15)
- მხარეთ ახსნა-განმარტება
3.1.2. არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდიათ ერთმანეთის საცხოვრებელი პირობები, მატერიალური შესაძლებლობა, სოციალური და ფსიქოლოგიური გარემო. ზემოაღნიშნული ფაქტორები შესწავლილი იქნა საქმეში ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის მიერაც. წარმოდგენილი დასკვნით სააგენტო დადებითად აფასებს როგორ მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელ პირობებს და მატერიალურ შესაძლებლობებს, სურვილს უზრუნველყონ შვილი აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსებით, შეუქმნან მას სათანადო გარემო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 50-51)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების, მხარეთა, სპეციალისტთა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა. მოსარჩელის პოზიციით შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს არა მხოლოდ დღის, არამედ ღამის საათებიც. მოპასუხე არ უარყოფს მამის უფლებას ნახოს შვილი დღის განმავლობაში, თუმცა, ეწინააღმდეგება ღამისთევით დარჩენას და უთითებს რე--- დ------ძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც, მისივე განმარტებით, საჭიროებს სპეციალურ მეთვალყურეობას.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მცირეწლოვანი რე--- დ------ძის საპროცესო წარმომადგენლის, მიერ წარმოდგენილი პოზიციით სასამართლო დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.2. ნა-----------–-ძეს და რა-------------ძეს ერთობლივი თანაცხოვრება შეწყვეტილი აქვთ 2015 წლის ივლისიდან. ამავე პერიოდიდან რე--- დ------ძე ცხოვრობს დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პრაქტიკულად ჩვილობის პერიოდიდან მას ურთიერთობა აქვს ძირითადად მხოლოდ დედასთან და დედის მშობლებთან. მამას რე---------------თან არ აქვს სტაბილური და სისტემატური ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ამის მიზეზად მოპასუხის მხრიდან გარკვეულ წინააღმდეგობას ასახელებს, საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა არ არის წარმოდგენილი.
მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა სასამართლოს მიერ, 2018 წლის 29 ივნისს, მიღებული მიღებული დროებითი განკარგულებით, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ. სასამართლომ ვერ დაინახა ვერც ერთი მხარის მზადყოფნა და სურვილი მამასა და შვილს შორის ურთიერთობების გაღრმავების და ფსიქო-ემოციური კავშირის აღდგენისათვის. მოსარჩელე უთითებს მოპასუხის მხრიდან ხელოვნურ ბარიერზე, რომლითაც მოპასუხე ცდილობს ხელი შეუშალოს მოსარჩელეს ურთიერთობა დაამყაროს შვილთან. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ ავადმყოფობის სპეციფიკა (სპაზმური, ალერგიული შეტევები და სუნთქვითი პრობლემები) უფლებას არ აძლევს თავისუფლად მიანდოს მამას შვილი, ვინაიდან, არც თავად მოსარჩელე და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან ადაპტირებულები ასეთი პრობლემის მოგვარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რე--- დ------ძე ხშირად ავადმყოფობს მწვავე რესპირატორული დაავადებებით.
შპს „უნ-------------ის“- მ----–---–------------------------------–-----–--------–----- ჰოსპიტლის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დიაგნოზით რე--- დ------ძე სტაციონარში მოთავსდა 2017 წლის 3 თებერვალს და გაეწერა 4 თებერვალს. დაავადება დაეწყო მაღალი ტემპერატურით (t-40C-მდე). აღენიშნება საერთო სისუსტე, მოდუნება, ცხელება ხველა. მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტის დიაგნოზით რე--- დ------ძე იგივე სტაციონარში მკურნალობდა 2017 წლის 15 მარტს. ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნულია, რომ რე--------------- აღენიშნება „მყეფავი“ ხველა და სუნთქვის გაძნელება.
ქ. ბათუმი დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკური ცენტრის მიერ 2018 წლის 11 ივნისს გაცემულ ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მითითებულია, რომ რე--- დ------ძის დიაგნოზია ბრონქიტი ბრონქოსპაზმით. „ბავშვი არის ხშირად მოავადე, პერიოდულად აქვს შეტევითი ხასიათის ხველა ხმაურიანი სუნთქვა, რამდენჯერმე მკურნალობდა სტაციონარში R-22 ფილტვების პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, აუსკულტა, მოისმინება მშრალი ხიხინი.“ ავადმყოფობის მიმდინარეობა არის მწვავე. მისი მდგომარეობა საჭიროებს სპეციალური გარემოს შექმნას (არაა რეკომენდირებული ნესტიანი პირობები, ბუმბულის ბალიში) გამწვავების დროს ესაჭიროება ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა.
იგივე დიაგნოზით რე--- დ------ძე სტაციონარში მოთავსდა თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 21 ივლისს. შპს „უნ-------------ის“- მ----–---–------------------------------–-----–--------–----- ჰოსპიტლის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში აღნიშნულია, რომ რე--- დ------ძის დიაგნოზია სასუნთქი გზების ინფექცია. დაავადება დაეწყო ცხელებით, სურდოთი. აღენიშნება ხველა, სურდო, მოდუნება. 2018 წლის 25-26 ივლისს დიაგნოზით ბრონქიტი ბრონქოსპაზმით რე--- დ------ძე კვლავ მოთავსდა სტაციონარში. ანამნე---თ სურდო ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სრერუოზული გამონადენი, ექსპირაციული ხასიათის ქოშინი.
სასამართლო წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რე--- დ------ძე მუდმივად საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას და მისი საცხოვრებელი გარემოს ადგილმონაცვლეობა ღამით, მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 37-39, 142-144)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რა-------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შეწყდეს რა-------------ძესა და ნა-----------–-ძეს შორის 2014 წლის 18 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება. რა-------------ძეს თავის არასრულწლოვან შვილთან - 2015 წლის 15 ივლისს დაბადებულ რე---------------თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები იმგვარად, რომ რა-------------ძეს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილი რე--- დ------ძე ნახოს კვირაში 3 (სამი) დღე პარასკევი 15-დან 18 საათამდე და შაბათ-კვირას 12-დან 18 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარეს სურვილი აქვს შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება, ამდენად, მათი ოჯახური ცხოვრების აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ იკვეთება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-.1 მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისასა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრიოს წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202 ე- მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ზემოაღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკვშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
6.4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ინტერესი - მშობლის დაამყაროს თავისუფალი ურთიერთობა შვილთან, მათ შორის ღამე სახლში წაყვანით და ბავშვის ცხოვრობდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მისი სიცოხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ნებისმიერი რისკის გამორიცხვით.
ჩვეულებრივ პირობებში, როდესაც ორივე მშობელს შექმნილი აქვს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობები, დადებითად ხასიათდება მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და არ არსებობს ერთ-ერთ მშობელთან შვილის მიჯაჭვულობის დაუძლევლობის რისკი, სასამართლო მოწოდებული და ვალდებულია მაქსიმალურად თანაბრად უზრუნველყოს ორივე მშობლის უფლების დაცვა, რათა კომპენსირებული იქნეს მშობლების განქორწინებით ბავშვისათვის მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმა.
სასამართლო ვალდებულია განსაკუთრებით სიფრთხილით მიუდგეს საკითხს იმ შემთხვევაში, როცა ასეთი თანაბრობის საპირწონეა ბავშვის ასაკი, მისი მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ბავშვისთვის უმტკივნეულოდ და ყოველგვარი რისკის გამორიცხვით არის შესაძლებელი ამ დაბრკოლებების გადალახვა, ვინაიდან, ნებისმიერი მკვეთრი ჩარევა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია უარყოფითად აისახოს მის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე ან მის ჯანმრთელობაზე.
6.5. ბავშვის ასაკი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვისა და იმ მშობლის ურთიერთობის ხანგრძლივობასა და სისტემატურობას, ვისთანაც არ ცხოვრობს ბავშვი.
თითოეული მშობელი ვალდებულია ჩაერთოს შვილის აღზრდაში მისი დაბადებისთანავე. სწორედ, ასე მყარდება ემოციური კავშირი, რომელიც ბავშვის ზრდასთან ერთად აყალიბებს მის მიჯაჭვულობას, სიახლოვესა და ურთიერთობის სურვილს იმ მშობელთან, რომელთანაც არ ცხოვრობს. ასეთი ემოციური კავშირის დამყარება, თუ ის არ ჩაისახა მცირე ასაკიდანვე, ბავშვის ზრდასთან ერთად რთულდება. ამდენად, სასამართლოს მოვალეობაა ხელი შეუწყოს ამ პროცესის ჰარმონიულად განვითარებას, ბავშვის ფსიქიკისათვის ზედმეტი ტრავმის მიყენების გარეშე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, დააზუსტა სასარჩოლო მოთხოვნა და მოითხოვა შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა პირველი თვე ღამისთევის გარეშე, ხოლო შემდეგ ყოველი კვირის პარასკევის 14 სთ-დან ორშაბათს 11 სთ-მდე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ბავშვის ღამისთევით წაყვანასთან დაკავშირებით. რე--- დ------ძე დაბადებიდან იზრდება დედასთან. მას მყარი ფსიქო-ემოციური კავშირი მამასთან არ აქვს. მოსარჩელის მცდელობა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან არის სპონტანური, არასისტემატური და ფრაგმენტული. სასამართლოს არ მიაჩნია მოსარჩელის მტკიცება სარწმუნოდ, რომ მოპასუხე არ აძლევს საშუალებას მას ინახულოს შვილი და დაამყაროს მასთან ურთიერთობა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არაა. რე--- დ------ძე არის 4 წლის. მისი ფსიქიკისათვის რთული იქნება ზედიზედ სამი ღამით იმ გარემოში დარჩენა, რომელიც მისთვის უცხოა, ხოლო ერთი თვე შეუსაბამოდ მცირე დრო, რათა მოხდეს ადაპტირება, შეჩვევა და შეგუება ამ ახალ გარემოსთან.
6.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რე--- დ------ძე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც უკავშირდება რესპირატორულ დაავადებას. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, (სუნთქვის გაძნელება, ალერგიული შეტევები და ბრონქოსპაზმი) იგი საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. რე--------------- აღნიშნული პრობლემები აქვს დაბადებისთანავე, ამდენად, ნა-----------–-ძეს და მისი ოჯახის წევრებს გამომუშავებული აქვთ შესაბამისი უნარები და შეუძლიათ სწრაფი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი, თუნდაც, მინიმალური რისკი, რომელიც უკავშირდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისეთ პირობებში კი, როცა, რა-------------ძის ოჯახს არ აქვს არავითარი გამოცდილება რე--- დ------ძის დაავადების მართვის, კრიტიკულ სიტუაციაში მოქცევის, მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითება, რომ მამა შვილს არ ჩააგდებს საფრთხეში, სასამართლოს მისაღებ არგუმენტად არ მიაჩნია.
ასევე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინასწარ განსაზღვროს ის პერიოდი ან ვადა, რომლის შემდეგაც რა-------------ძეს ექნება შვილის ღამისთევით წაყვანის უფლება. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ რა-------------ძემ მყარი ემოციური კავშირი უნდა დაამყაროს შვილთან, მონაწილეობა მიიღოს მისი ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაში, გამოიმუშავოს სათანადო უნარ-ჩვევები კრიტიკული მდგომარეობის სამართავად, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის, ყოველგვარი რისკის გარეშე ჰქონდეს შვილთა ურთიერთობა და წაიყვანოს იგი ღამისთევით.
6.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ რე--- დ------ძის ასაკის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. რა-------------ძეს თავის არასრულწლოვან შვილთან - 2015 წლის 15 ივლისს დაბადებულ რე---------------თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები იმგვარად, რომ რა-------------ძეს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილი რე--- დ------ძე ნახოს კვირაში 3 (სამი) დღე პარასკევი 15-დან 18 საათამდე და შაბათ-კვირას 12-დან 18 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ნა-----------–-ძეს მოსარჩელე რა-------------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რა-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს რა-------------ძესა და ნა-----------–-ძეს შორის 2014 წლის 18 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N8----------) განქორწინებით;
3. რა-------------ძეს თავის არასრულწლოვან შვილთან - 2015 წლის 15 ივლისს დაბადებულ რე---------------თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები იმგვარად, რომ რა-------------ძეს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილი რე--- დ------ძე ნახოს კვირაში 3 (სამი) დღე პარასკევი 15-დან 18 საათამდე და შაბათ-კვირას 12-დან 18 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით.
4. დაეკისროს ნა-----------–-ძეს რა-------------ძის სასარგებლოდ 50 ლარი მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე