განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
010100119002837704
დავის ტიპი
187 2
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002837704

საქმე №1-105/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----------–---–ის

ადვოკატების _ თ--------------ის, მ------–--------ის

ბრალდებულის - ბ--------- ბ-–---–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171300818008 საქმე,ბრალდებულ ბ--------- მ------- ძე ბ-–---–---–ის მიმართ

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ზ--------------------–----------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ--------- ბ-–---–---–მა, ქ. ბათუმში, ა. პუშკინის ქუჩა N23-ის მიმდებარედ მოძრაობისას, იმავე მისამართზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის შესასვლელი კარის გვერდიდან გამოაძრო ლამინატის ნაჭერი, რის შემდეგაც გზა გააგრძელა ა. პუშკინის ქუჩა N24-ში მდებარე სავაჭრო ობიექტებისკენ, რომლის გვერდითაც მიბჯენით მდებარეობს მ--------- კ---------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, ის ავიდა ქუჩის მხრიდან სახლზე არსებულ კიბეზე მეორე სართულის სიმაღლეზე და თანნაქონი სანთებელას მეშვეობით, განზრახ წაუკიდა ცეცხლი მის ხელთ არსებულ ლამინატის ნაჭერს, რომელიც კარგად აალებისა და მასზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ, მიადგა სახლის კედელთან მიბჯენით არსებულ სავაჭრო ობიექტის კედლის იმ ნაწილს, სადაც მიკრული იყო ე.წ. "ონდოლინი", რის გამოც ცეცხლი კიდევ უფრო აალდა და ხანძარი ცეცხლმოკიდებული ე.წ. "ონდოლინიდან" გადაედო სავაჭრო ობიექტის სხვენს და მასში სასაწყობედ განთავსებულ ფართში დაწყობილ შპალერებს. აღნიშნულის გამო, ხანძარი გავრცელდა მთელიანად ობიექტზე და გადაედო როგორც მ--------- კ---------ის საცხოვრებელ სახლს, ასევე სხვა სავაჭრო ობიექტებს, რის შედეგადაც დაზიანდა და განადგურდა შემდეგი სავაჭრო ობიექტები და მასში განთავსებული საქონელი, კერძოდ: შპს „ა------ის“, შპს „ე-----------ს“, ინდ. მეწარმე „გ--–----------ის“, შპს „ნ---------ის“, შპს „ა---------ის“, ინდ. მეწარმე „ლ------------------ის“, შპს „ვ----ს“, შპს „მ-------ის“, შპს „ნ---------ის“, შპს „ბ--------ის“ სავაჭრო ობიექტები და მასში განთავსებული საქონელი, ასევე მ--------- კ---------ის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის გამო, თითოეულ მათგანს მიადგა სხვადასხვა ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ბ--------- ბ-–---–---–ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ბ--------- ბ-–---–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ბ--------- ბ-–---–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით :

 

4. საქმეში წარმოდგენილი N2101105 შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 30 აგვისტოს 02:03 სთ-ზე 112-ის სამსახურში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე არსებული ხანძრის თაობაზე. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით.

 

5. ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2019 წლის 15 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---- ა-------–--ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს ბათუმში, ალ. პუშკინის ქ. N24-ში მდებარე სავაჭრო ობიექტების და ამავე ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე ხანძარი გააჩინა ზ-------------------------------------ში რეგისტრირებულმა ბ--------- ბ-–---–---–მა, რომელიც 2018 წლის 29 აგვისტოს 23:00 საათიდან 2018 წლის 30 აგვისტოს 02:00 საათამდე დროის მონაკვეთში მოძრაობდა ბათუმში, პუშკინის და იმედაშვილის ქუჩების კვეთაში. პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ---- ა-------–--ის მიერ 2018 წლის 22 სექტემბერს შედგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, კვლავ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბ-–---–---–ი პუშკინის ქუჩაზე მოძრაობისას და ცეცხლის გაჩენისას სარგებლობდა და კვლავ სარგებლობს "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ნომერი - 5-----------. ტელეფონის იმეი კოდია - 3--------------.

 

6. საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა რ---- ა-------–--ემ დაადასტურა 2018 წლის 15 სექტემბერს და 22 სექტემბერს მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის მიღება, რომელიც მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

7. აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან სამი თვის შემდეგ, 21 დეკემბერს, საქმეზე მოწმის სახით პირველად დაიკითხა ბ--------- ბ-–---–---–ი. საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტური ინფორმაცია თუ როგორ მოხდა ბ-–---–---–ის დაბარება და გამოცხადება პოლიციის მესამე განყოფილებაში.

 

8. 2018 წლის 22 დეკემბერს ბ-–---–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობის ამსახველი ოქმის თანახმად, გამომძიებელმა იმ ეტაპზე მოწმის სტატუსის მქონე ბ-–---–---–ს წაუკითხა ჩვენება, რის შემდეგაც მისცა წინადადება "ჩვენებაში აღწერილი ფაქტების და მიმართულების დემონსტრირების მიზნით" ჩვენებაში მითითებულ ადგილებზე გასულიყვნენ, რის შემდეგაც გაემართნენ იმედაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი იმედაშვილის და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ბ-–---–---–მა მიუთითა სად მოუკიდა სანთებელით ცეცხლი მცირე ზომის ნაძვს, რომელი ბანკომატიდან აიღო თანხა, შემდეგ რა მიმართულებით წავიდა და ა.შ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაფიქსირდა მხოლოდ პუშკინის და მიმდებარე ქუჩაზე არსებული ადგილები, სადაც ბ-–---–---–ი გადაადგილდებოდა 2018 წლის 30 აგვისტოს ღამეს. საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა უშუალოდ შემთხვევის ადგილას, შესაბამისად, ბ-–---–---–ი ხანძრის ადგილას არ მიუყვანიათ და მას არ მიუთითებია ის კონკრეტული ადგილები, თუ საიდან, რა გზებით შევიდა ობიექტზე, კონკრეტულად რა მოქმედებები განახორციელა ხანძრის გასაჩენად, როგორ დატოვა შემთხვევის ადგილი და ა.შ.

 

9. საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა ნ------ ბ-----ემ, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედება არ მოიცავს შემთხვევის ადგილს (იხ. სხდომის ოქმი 14:03.19. -13:14 სთ), არ მიიჩნია მიზანშეწონილად ხანძრის ადგილზე მიეყვანათ ბ-–---–---–ი, ამიტომ მხოლოდ მიმდებარე ქუჩები მოიარეს მასთან ერთად, შესაბამისად, ექსპერიმენტის ოქმით დაფიქსირდა მხოლოდ ბ-–---–---–ის გადაადგილება პუშკინის ქუჩაზე.

 

10. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტმა ემზარ ჯაფარიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ბ-–---–---–ი თავისუფლად, ძალდაუტანებლად აჩვენებდა იმ ადგილებს, სადაც გადაადგილდებოდა 30 აგვისტოს ღამეს. მოწმის განმარტებით, ნახეს ნახევრად დამწვარი ბუჩქიც, რომელიც ბრალდებულის განმარტებით მან გადაწვა.

 

11. 2018 წლის 23 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბ--------- ბ-–---–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

12. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები პუშკინის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტებიდან. აღნიშნული ჩანაწერები, ბრალდების მხარის პოზიციით, საგამოძიებო ექპსერიმენტის ოქმთან ერთად ბ-–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია და მათში ასახულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, კერძოდ, ჩანს როგორ უკიდებს ბრალდებული ცეცხლს ჯერ ხეს, შემდეგ ბუჩქს, იღებს ლამინატის ნაჭერს და მიდის იმ ადგილისკენ, სადაც ხანძარი მოხდა.

 

13. სასამართლომ გამოიკვლია შპს "ჰ---–---------------–----------ს", შპს "თ----ს", შპს "ო------ს", შპს "ა-------- 19-ის", შპს "გ-----ს" და ბათუმის მერიის კუთვნილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ჩანაწერებში საერთოდ არ ჩანს ხანძრის არათუ ფაქტი, არამედ ის ობიექტებიც კი, სადაც ხანძარი მოხდა. ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია იდენტიფიცირება არის თუ არა ბრალდებული ბ-–---–---–ი ჩანაწერებში დაფიქსირებული პირი, ზოგ ჩანაწერში კი მხოლოდ ქუჩაში მანქანების გადაადგილება ჩანს და სხვა არაფერი.

 

14. შპს "ჰ---–---------------–----------ს" ვიდეო-კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერში, 30 აგვისტოს, 01:09 საათზე კადრში ჩანს ახალგაზრდა, რომელიც ვიზუალურად წააგავს ბ-–---–---–ს, ის ჩერდება დიდ მცენარესთან, რომელიც უფრო ხეს გავს, ვიდრე ბუჩქს და სანთებელით მცენარის ტანზე უკიდებს ცეცხლს. ცეცხლი სულ ოდნაც ინთება და იბჟუტება, ქვრება. ახალგაზრდა აგრძლებს გზას.

 

15. შპს "გ-----ს" კამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერში, რომელიც დათარიღებულია 20.09.2018-ით, 22:00 საათზე კადრში ჩანს შავმაისურიანი ახალგაზრდა, რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია, საუბრობს ტელეფონზე, მიდის ხესთან, ჩანს ერთი-ორი გაელვება, თუმცა არ ჩანს ცეცხლი, არც კვამლი, არც ცეცხლმოკიდებული ხე.

 

16. ამდენად, ჩანაწერებით ვერ დასტურდება ბრალდების მხარის ვერსია, რომ ბ-–---–---–მა სავაჭრო ობიექტების გადაწვამდე, გზად ცეცხლი წაუკიდა და დაწვა ხე, შემდეგ ბუჩქი, შესაბამისად, არ გაუჭირდებოდა უფრო დიდი მოცულობის ხანძრის გაჩენაც. აღნიშნული ვერსიის საპირისპიროდ ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ცეცხლი არ მოკიდებია და მით უფრო არ დამწვარა არც ხე, არც ბუჩქი. ამასთან ჩანაწერები აფიქსირებს სხვადასხვა დროს და რაც ყველაზე საყურადღებოა - დათარიღებულია სხვადასხვა თარიღებით.

 

17. დანარჩენი ობიექტებიდან ამოღებული ჩანაწერები აბსოლუტურად არაინფორმატიულია. შპს "თ----ს" კამერების მიერ დაფიქსირებულ ჩანაწერში ბუნდოვნად ჩანს ვიღაც მამაკაცის მიერ, სავარაუდოდ, მოგრძო ნივთის ხელში აღება. ბრალდების მხარის ვერსიით, კადრში ჩანს როგორ აიღო ლამინატის ნაჭერი ხელში ბ-–---–---–მა.

 

18. საქმეში წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, როგორებიცაა - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები Nს/ტ433 და 153/ს/ტ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა Nქ/594, დოკუმენტაცია ხანძრისგან განადგურებულ ქონებასთან და მის მესაკუთრეებთან დაკავშირებით - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება პუშკინის ქუჩა N24-ში მდებარე სავაჭრო ობიექტების და N26-ში მდებარე სახლის ხანძრისგან განადგურების ფაქტი, თუმცა ეს მტკიცებულებები არ იძლევიან ინფორმაციას ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირის თაობაზე.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

20. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

21. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

22. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებაც - მოწმე ალ---------- ჭ----–---–ის ჩვენება.

 

23. მოწმე ალ---------- ჭ----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ბათუმში, არის ტაქსის მძღოლი. ბ--------- ბ-–---–---–ი მისი ნათესავია, რომელიც ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს. ის ეკონომიურად საკმაოდ შეჭირვებული ოჯახიდანაა და ცდილობდა სამსახური ეშოვა და ოჯახს დახმარებოდა. მალე მზარეულად მოეწყო გონიოში მდებარე კაფე-ბარში, მუშაობდა და არასდროს არავის შეუმჩნევია ცუდ საქციელში. ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ პოლიცია ბ---------ს დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2018 წლის დეკემბრის თვეში პოლიციის განყოფილებაში ბ----ს მიყვანის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, მივიდა თავადაც იმავე განყოფილებაში, ესაუბრა გამომძიებელს, რომელმაც დაამშვიდა და უთხრა, რომ სერიოზული პრობლემები ბ----ს არ ჰქონდა, საუბარი იყო ბუჩქის გადაწვაზე და როგორც შეიტყო, ბ---- სწორედ ამის თაობაზე იკითხებოდა პოლიციაში. გამომძიებლისგან გაიგო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა ბ-–---–---–ის მონაწილეობით, შემდეგ კი მას სახლში გაუშვებდნენ. სთხოვა გამომძიებელს, რომ თვითონაც გაყვებოდა და დაესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას, მაგრამ აუხსნეს, რომ არ შეიძლებოდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა უკან გაყოლოდა მათ მანქანას და თავისი თვალით დაენახა რა მოქმედებები ჩატარდებოდა ბ-–---–---–ის მონაწილეობით. ასეც მოიქცა, რამდენიმე ათეული მეტრით უკან მისდევდა პოლიციელების ავტომანქანას, ხედავდა, რომ ისინი გარკვეულ ადგილებზე ჩერდებოდნენ, ბ---- მანქანიდან გადმოყავდათ, უღებდნენ სურათებს და ისევ მანქანაში სვამდნენ. დაბეჯითებით შეუძლია თქმა იმისა, რომ ბ---------ი არ მიუყვანიათ იმ ადგილას, სადაც ხანძარი გაჩნდა და სავაჭრო ობიექტები დაიწვა.

 

24. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

25. მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია და მხარეთა დავას, ისევე, როგორც სასამართლოს ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს, ღამის საათებში, პუშკინის ქუჩა N24-ში მდებარე სავაჭრო ობიექტებზე გაჩნდა ხანძარი, თუმცა ბრალდების მხარის ვერსიამ, რომ ხანძარი სწორედ ბ-–---–---–ის განზრახი, ბრალეული ქმედების გამო გაჩნდა, დადასტურება ვერ ჰპოვა ამავე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

26. როგორც ირკვევა, მომხდარ ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი მოწმეები და ბრალდების მხარე ბ-–---–---–ის ბრალეულობაზე მსჯელობისას ეყრდობა გამოძიების ეტაპზე მოწმედ დაკითხვისას ბ-–---–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებს და ვიდეო-კამერების ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას.

 

27. დაცვის მხარე საქმის განხილვის მთელი მიმდინარეობისას ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ბ--------- ბ-–---–---–ის დაკავება გამოძიების ორგანომ ორჯერ მოახდინა, პირველად 2018 წლის ოქტომბერში, რა დროსაც ის გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, შემდეგ გაუშვეს, დეკემბერში ისევ დააკავეს. ბუჩქის გადაწვის გამო საწყის ეტაპზე გაჟღერებული ბრალდება, სავაჭრო ობიექტების გადაწვის ბრალდებაში გადაიზარდა, რომელსაც ბრალდების წარდგენის დღიდანვე ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა.

 

28. სასამართლოს არ წარდგენია ბ-–---–---–ის ორჯერ დაკავების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად, მტკიცებულებითი საფუძველი არ არსებობს ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევისთვის, ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ ბ-–---–---–ის გამოკითხვა არ მომხდარა, სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე კი ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა მის მონაწილეობას მომხდარ დანაშაულში.

 

29. საქართველოს სსსკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამავე კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.

 

30. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის ჩვენება სასამართლოს გამოსაკვლევად არ წარდგენია, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა მოწმედ გამოკითხვის ოქმში ასახულ იმფორმაციას და მის მონაწილეობას მომხდარ დანაშაულში.

 

31. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის და ჩამტარებელი გამომძიებლის, ასევე დაცვის მხარის მოწმის ალ---------- ჭ----–---–ი ჩვენებების თანახმად, ის არ ჩატარებულა შემთხვევის ადგილას, ბ-–---–---–ი ხანძრის ადგილას არ მიუყვანიათ და მას არ მიუთითებია ის კონკრეტული ადგილები, თუ საიდან, რა გზებით შევიდა ობიექტზე, რა მოქმედებები განახორციელა ხანძრის გასაჩენად, როგორ დატოვა შემთხვევის ადგილი და ა.შ. ექსპერიმენტმა, რატომღაც, მოიცვა მხოლოდ მიმდებარე ქუჩები, სადაც ბ-–---–---–ი გადაადგილდებოდა 2018 წლის 30 აგვისტოს ღამეს. სასამართლო განხილვისას ბ-–---–---–მა მიუთითა, რომ ის ამ დროს ეძებდა პლასტიკური ბარათზე დარიცხული ხელფასის მოსახსნელად ბანკომატს, ხელფასი მოხსნა და სახლში წავიდა. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციით ბრალდებული, რომელსაც განუმარტეს, რომ ბუჩქზე ცეცხლის მოკიდებას ედავებოდნენ, მიუთითებდა გამომძიებლებს სწორედ ამ ადგილებზე - ბანკომატზე, ბუჩქზე და იმ სხვა ობიექტებზე, სადაც ჩაიარა აღნიშნულ ღამეს.

 

32. იმის გამო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნახანძრალ ადგილას არ მიუყვანიათ, მისი მითითებით დაათვალიერეს ბანკომატი, ბუჩქი და მხოლოდ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების მარშრუტი დააფიქსირეს, სასამართლოსთვის დამაჯერებლობას მოკლებული არაა ვერსია, რომ მოწმის სტატუსით დაკითხვის და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისას, არც იყო ბ-–---–---–ისთვის ცნობილი რომ არა ბუჩქის, არამედ მრავალათასიანი ქონების განადგურებაში შეედავებოდნენ ორიოდე დღის შემდეგ. გამომძიებელმა ბ-----ემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს დაკავების მიზეზის გაგებამ ძლიერად იმოქმედა ბრალდებულზე, გახდა ცუდად და დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

 

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ საქმეეზე #561აპ-15, №424აპ-16, განმარტა და მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგების გამოყენების საფუძვლიანობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ნაწილის გამოკლებით. სასამართლომ განმარტა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ბრალდებულისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული".

 

34. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ხანძრის ადგილს საგამოძიებო ექსპერიმენტი საერთოდ არ მოიცავდა, შესაბამისად, გამომძიებელმა ბრალდებულისგან მიიღო ინფორმაცია მხოლოდ იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც გადაადგილდებოდა ფეხით 2018 წლის 30 აგვისტოს ღამეს, იგივეს ადასტურებს ფოტოილუსტრაციაც. აღნიშნულის გამო კი ვერ გაივლება პარალელი უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის გადაწყვეტილებებთან საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით და არ იქმნება საკმარისი საფუძველი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევისთვის.

 

35. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეთა ჩვენებებს, დამაჯერებლობლობის, თანმიმდევრულობის შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან გაზიარების საფუძველი ცხადია სახეზეა, თუმცა საგულისხმოა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებისას ნანახი ბუჩქი, რომელზეც ბრალდებული მიუთითებდა, სანახევროდ იყო დამწვარი. ვიდეოკადრებში კი კარგად ჩანს, რომ ამ ბუჩქს ცეცხლი საერთოდ არ მოკიდებია და მცირე ნაპერწკალი ორიოდე წამში ჩაქვრა.

 

36. სასამართლომ სრულად გამოიკვლია შპს "ჰ---–---------------–----------ს", შპს "თ----ს", შპს "ო------ს", შპს "ა-------- 19-ის", შპს "გ-----ს" და ბათუმის მერიის კუთვნილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და როგორც უკვე აღნიშნა, ჩანაწერებში საერთოდ არ ჩანს ხანძრის არათუ ფაქტი, არამედ ის ობიექტებიც კი, სადაც ხანძარი მოხდა. საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია უშუალოდ ხანძრის ადგილის სიახლოვეს არსებობდა თუ არა ვიდეო-კამერები, რომ მათ მიერ დაფიქსირებული, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ჩანაწერებით მომხდარიყო დამნაშავის იდენტიფიცირება, მისი მოქმედებების ნახვა. გამოძიების ორგანოს მიერ გამოთხოვილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეულია პუშკინის ქუჩის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომელთა დიდი ნაწილი არაინფორმატიულია, ნაწილი აფიქსირებს 2018 წლის 20 სექტემბერს ამ ქუჩაზე ხალხის და მანქანების გადაადგილებას. რატომაა ჩანაწერების ნაწილი დათარიღებული არა 30. 08. 2018-ით, არამედ 20.09.2018-ით, მით უფრო, რომ სასამართლოს განჩინებით სწორედ 30 აგვისტოს ღამეს დაფიქსირებული ჩანაწერების გამოთხოვაზე ჰქონდა ნებართვა მიცემული გამოძიების ორგანოს, ბრალდების მხარეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს (იხ. სხდომის ელექტრონული ოქმი)

 

37. გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერებში არ ჩანს არც ცეცხლმოკიდებული ხე და ბუჩქი. შპს "ჰ---–---------------–----------ს" ვიდეო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერში 30 აგვისტოს, 01:09 საათზე კადრში ჩანს ახალგაზრდა, რომელიც ვიზუალურად წააგავს ბ-–---–---–ს, ის ჩერდება დიდ მცენარესთან და სანთებელით მცენარის ტანზე უკიდებს ცეცხლს. ცეცხლი სულ ოდნაც ინთება და წამებში იბჟუტება, ქვრება. ახალგაზრდა აგრძლებს გზას, ის არ ცდილობს ცეცხლის ხელახლა მოკიდებას, ან ოდნავ მოკიდებული ნაპერწკლის გაღვივებას. რაც შეეხება ჩანაწერების იმ ეპიზოდს, რომელშიც ბრალდების მხარის ვერსიით ჩანს ბ-–---–---–ის მიერ ხის დაწვის ფაქტი, ჩანაწერი თარიღდება 20.09.2018-ით, მასში დაფიქსირებული პირის იდენტიფიცირება კი შეუძლებელია და რაც მთავარია, არსად ჩანს არც ცეცხლი, არც მისგან გაჩენილი კვამლი და არც ცეცხლმოკიდებული ხე.

 

38. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ვერსია, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა ბ-–---–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი საეჭვო გარემოება, რომელიც ვერ დადასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებათა ერთობლიობით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

39. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

41. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

42. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

43. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

44. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

45. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ--------- ბ-–---–---–ის ბრალდების დადასტურება.

 

46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება :

 

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ--------- ბ-–---–---–ის წარდგენილ ბრალდებაბში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბ--------- ბ-–---–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

48. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელექტრო სადენები, ნამწვავები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მოწმე ელზა გურეშიძისგან ამოღებული „სამსუნგ გალაქსი ჯ7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში- უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, მობილური ტელეფონის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, სასამართლოს განჩინებით მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები შვიდ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ასევე ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბ--------- მ------- ძე ბ-–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ--------- ბ-–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ბ--------- ბ-–---–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელექტრო სადენები, ნამწვავები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; მოწმე ელზა გურეშიძისგან ამოღებული „სამსუნგ გალაქსი ჯ7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, მობილური ტელეფონის ამოღების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე, სასამართლოს განჩინებით მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები შვიდ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ასევე ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი