გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36713-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------“
წარმომადგენელი არ-----------------
მოპასუხეები გო-------–-–---–-- მა-–------------–---–-
დავის საგანი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების გ---------–-–---–ისა და მა-–------------–---–-სათვის მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 2800 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2017 წლის 30 მაისს ბ------–------------–---ს მიმართულებით მოპასუხე მა-–------------–---–-ს საკუთრებაში არსებული „ოპელის“ ავტო-სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, თანამოპასუხე გ---------–-–---–მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება „ი-----–-- დაზღვეულ, შპს „მ-----------------------------–--------------------“-ის კუთვნილ ჰონდას მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე.
ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანების გამო, შპს „მ-----------------------------–---------------------“-ს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ დაექვემდებარა აღდგენას, ამასთან, განისაზღვრა დაზიანებამდე ღირებულება 3000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ნარჩენი ღირებულება 200 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, აუნაზღაურა დამზღვევს 7140 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ--–------------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან განმარტა, რომ 2017 წლის იანვარში, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რომლის ექსპლუატაციის შედეგად დადგა ზიანი, მიჰყიდა გ---------–-–---–ს, რომლისაგან ნასყიდობის საფასურის სახით მიიღო 1550 აშშ დოლარი. ავტომანქანა ფაქტობრივ მფლობელობაშიც გადასცა მყიდველს. აქედან გამომდინარე, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის.
გ---------–-–---–ს წერილობითი შესაგებელი სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. HONDA CR-V მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G------, დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი.
3.1.2. 2017 წლის 30 მაისს, ბ------–------------–---ს მიმართულებით მოძრაობის დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალების, „ოპელ ვექტრას“ სახელმწიფო ნომრით N--------, მართვისას გ---------–-–---–მა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა თავის სავალ ზოლში მოძრავ ავტომანქანას „HONDA CR-V მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით G------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
წერილი.
3.1.3. შპს „ა-------------------“ დასკვნიდან, ირკვევა, რომ ავტომანქანა HONDA CR-V-ის დათვალიერების შედეგად, მას აღენიშნება სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება. კერძოდ, ძარამ შეჯახების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც გამოიხატება მის გეომეტრიის რღვევაში. მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომანქანის მზიდი ძარა და სავალი ნაწილი. მწყობრივად არის გამოსული უსაფრთხოების სისტემა. ამის გარდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია და შეცვლას საჭიროებს შემდეგი მაკომპლექტებელი დეტალები: კაპოტი, წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა და მარჯვენა ფარი, წინა ეკრანი, წინა მოპირკეთება, წინა ბამპერი, ბამპერის შიდა ძელი, წყლის და კონდიციონერის რადიატორი, დიფუზორი, ვინტილიატორი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ძარის წინა მარცხენა ნაწილი, სახურავი, წინა მარცხენა სავალი ნაწილი.
დასკვნის მიხედვით, დეფექტურ აქტში მითითებული დეტალების მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოთჩამოთვლილი დაზიანებების გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული.
დასკვნის თანახმად, ასეთ მდგომარეობაში აღნიშნული ავტომანქანის თავისუფალი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 200 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე 3000 აშშ დოლარს.
სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებამ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის სრულად განადგურებით გამოწვეულ ზარალზე შეადგინა 7140 ლარი. (კურსი 2.5405).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს „ა-------------------“ დასკვნა.
3.1.4. სს „დ-------------------–-------------------------მ“ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი 7140 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- საგადასახადო დავალება N15850.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. OPEL-ის მარკის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციის შედეგადაც დაზიანდა ს-----------------------ში დაზღვეული ავტომანქანა, საგზაო შემთხვევის დროისათვის არ წარმოადგენდა მა-–------------–---–-ს საკუთრებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში კონკრეტული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ფაქტი, შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებაა, ვინც რეგისტრირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, მაგრამ ასეთი რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე - ავტომანქანაზე საკუთრების გადაცემისათვის. როგორც აღინიშნა, აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა, რომლის ექსპლუატაციის შედეგადაც ზიანი დადგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მა-–------------–---–-ს სახელზე იყო რეგისტრირებული, მოპასუხე სადავოდ ხდის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს და მიუთითებს, რომ 2017 წლის იანვარში აღნიშნული ავტომანქანა მიჰყიდა გ---------–-–---–ს, რომლისაგან ნასყიდობის საფასურის სახით მიიღო 1550 აშშ დოლარი. საგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანას მართავდა გო-------–-–---–-- რაც ადასტურებს მხარეთა განმარტებებს, მყიდველის მიერ მესაკუთრისათვის თანხის გადაცემის შემდეგ, 2017 წლის იანვრიდან გ---------–-–---–ისათვის მფლობელობაში ავტომანქანის გადაცემის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია რა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე,(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი) ასევე მოძრავი ნივთის შემძენის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ დგინდება, მოპასუხეებს შორის ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების დადება და შესაბამისად გ---------–-–---–ის საკუთრების უფლება ამ ავტომანქანაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე გ---------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7140 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 389-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს ს----------------------- (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, გ---------–-–---–ის მიერ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საგზაო წესების დარღვევის შედეგად, დაზღვეული შპს „მ-----------------------------–--------------------“-ის სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ ს-----------------------მ დამზღვევს აუნაზღაურა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი. აქედან გამომდინარე, ის წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.
ამდენად, შპს „მ-----------------------------–--------------------“-ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადავიდა მზღვეველზე - სს „დ-------------------–-------------------------ზე“.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
აღნიშნული ნორმა განამტკიცებს ნომინალიზმის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ვალდებული პირი კრედიტორს ფულს იმავე რაოდენობით უბრუნებს, რაც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. ფულის მსყიდველუნარიანობა მხედველობაში არ მიიღება.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია საკითხი ეხება ზიანის ანაზღაურებას, რა დროსაც ნომინალიზმის პრინციპის მოქმედება შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც ს-----------------------ს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მიზნით, გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოხდა ეროვნულ ვალუტაში - 7140 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრა 2800 აშშ დოლარით. სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული კურსით 2800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში შეადგენს 7476 ლარს. ამდენად, ზიანის ანაზღაურებიდან სარჩელის შეტანამდე მოხდა ვალუტის კურსის ცვლილება, გაიზარდა აშშ დოლარის მიმართება (კურსი) ეროვნულ ვალუტასთან. ნომინალიზმის პრინციპის მიხედვით, ფულადი ვალდებულების შესრულებისას გადამწყვეტია არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველუნარიანობა, არამედ თავად ნომინალი და ფულადი ნიშნის რაოდენობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----------------------ს ზიანის მიმყენებულმა ზიანი უნდა აუნაზღაურდეს სრულად 7140 ლარის ოდენობით, ნომინალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, ანაზღაურების მიზნით გადახდილი ფულის იმავე რაოდენობით ეროვნულ ვალუტაში, რაც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს, ფულის მსყიდველუნარიანობის მხედველობაში მიუღებლად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 95,50%, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე გ---------–-–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 214.2 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 77.35 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად. (შსს მომსახურების საფასურის სახით გაღებული ხარჯი 21 ლარიდან და ზიანის შეფასებისთვის გადახდილი 60 ლარიდან).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე გ---------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 7140 ლარის გადახდა;
1.2. სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მა-–------------–---–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს გ---------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 214.2 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
2.1. დაეკისროს გ---------–-–---–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად 77.35 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია