განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
020100119003024789
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 020100119003024789

საქმე N1/317-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

02 ივლისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ--- ჯ-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნ---- ბ---------- ძე მ----- (პ/ნ:5----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წალენჯიხა, ჯ-----, ს--------------------------.

 

ადვოკატი ჯ---- გ---–---

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

ნ---- ბ---------- ძე მ-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 09 მაისს, დილის საათებში, წალენჯიხაში, ჯ----–-, ს-------- ქ---, ბ-------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ---- მ-----მ მის ყოფილ მეუღლეს - თ------------------ გაშლილი მარჯვენა ხელი, ძლიერად დაარტყა სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც თ------------------ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

დაცვის მხარის პოზიცია

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვით, პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---- მ----- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება:

 

დაზარალებულ თ------------------ გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მ---------------------–-----–---------–------–---------–-–------–---–---–-- გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

სამართლებრივი შეფასება, ასევე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, თუმცა დაეთანხმა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, სრული მოცულობით. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას, იცნობს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: არსებითი განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარე უფლებამოსილია დააფიქსიროს პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე მიუხედავად იმისა, გახდის თუ არა ის სადავოდ რომელიმე მტკიცებულებას. მტკიცებულებების უდავოდ ცნობის საკითხი განიხილება წინასასამართლო სხდომაზე (და შესაძლებელია მას შემდეგაც), რა დროსაც მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტული მტკიცებულებების სადავად და უდავოდ ცნობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა ნიშნავს ამ მტკიცებულებების სისწორის დადასტურებას მათი არსებითი გამოკვლევის გარეშე. ამდენად, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები იმთავითვე მიიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებებად, რომელთა შინაარსის სისწორეც მხარეთა ეჭვს არ იწვევს.

 

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი აწესრიგებს მხარეთა მიერ მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოსათვის წარდგენის წესს და აძლევს მათ კანონის ფარგლებში მტკიცებულებების შერჩევის თავისუფლებას. ამდენად, თავად მხარე წყვეტს, რომელი მტკიცებულება წარადგინოს სასამართლოში, როგორც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი, თვითონვე წყვეტს, მოწინააღმდეგე მხარის რომელი მტკიცებულება არის მისი სასარგებლო და რომელი მტკიცებულება მიიჩნიოს უდავოდ. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ხელმძღვანელობს სსსკ-ის 73-ე და 220-ე მუხლებით. სსსკ-ის 73-ე მუხლში აღნიშნულია, თუ რა მიიღება გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად. კერძოდ, ასეთია ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სსსკ-ის 220-ე მუხლის მიხედვით კი მოსამართლე ამტკიცებს მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ფაქტები, ხოლო მათ დასადგენად ის ვალდებულია დაეყრდნოს მტკიცებულებებს. ამდენად, ფაქტი და მტკიცებულება სხვადასხვა ცნებებია. ფაქტი არის ის კონკრეტული გარემოება, რასაც ამტკიცებს მხარე, ხოლო მტკიცებულება არის კანონით გათვალისწინებული ის მასალა, მხარის მიერ შექმნილი ან მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ცნობებს, მონაცემებს სამტკიცებელი ფაქტის შესახებ. ამდენად, ფაქტი და მტკიცებულება ერთი და იგივე არ არის. ფაქტი დასტურდება ან უარიყოფა მტკიცებულებით. შესაბამისად, ფაქტებს შეიცავს მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ესა თუ ის ფაქტი გამოიყენება სხვა ფაქტის დადასტურების/უარყოფის კონტექსტში. სწორედ ასეთ შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული სსსკ-ის 73-ე მუხლი, რომელიც დასაწყისში თუმცა მიუთითებს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებებზე, თუმცა შემდგომში საუბრობს ფაქტებზე, რომლებიც პრეიუდიციული ძალით სარგებლობენ. ამდენად, სსსკ-ის 73-ე მუხლი არეგბულირებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების, როგორც გარკვეული გარემოების შესახებ ინფორმაციის შემცველი მონაცემების პრეიუდიციულ ხასიათზე. მისგან განსხვავებით სსსკ-ის 220-ე მუხლი მიუთითებს არა უდავო ფაქტების, არამედ უდავო მტკიცებულებების ჩამონათვალზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით. კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები. განსახილველ საქმეში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნ---- მ-----სათვის 10.05.2019 წელს წარდგენილი ბრალდება გამოიხატა იმაში, რომ 2019 წლის 09 მაისს, დილის საათებში, წალენჯიხაში, ჯ----–-, ს-------- ქ---, ბ-------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ---- მ-----მ მის ყოფილ მეუღლეს - თ------------------ გაშლილი მარჯვენა ხელი, ძლიერად დაარტყა სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც თ------------------ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით ყურადსაღებია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა ნიშნავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

მაშასადამე, ბრალდების მხარის პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილ პირზე იძალადა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოზე არ დაკითხულა ქმედების შემსწრე არც ერთი პირდაპირი მოწმე. ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, თუმცა, იმ პირობებში, როცა სასამართლო სხდომაზე, მისივე სურვილიდან გამომდინარე (საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით) არ დაკითხულა მისი ავტორი და არ გამოქვეყნებულა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მხოლოდ გამოკითხვის ოქმი, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მეორე მხრივ, ის ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნო მტკიცებულებად, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნულის გარდა, გამოკითხული პირები - მ--------------------–-----–-----------–------–-----, არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები და მიუთითებენ ზოგადად, ნ---- მ-----სა და თ------------------ შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები, თავიანთი არსით, არის ირიბი ჩვენებები. ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით კი მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, როგორც გამოქვეყნებული განცხადება, ასევე ირიბი მოწმის ჩვენება, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას. აღნიშნული მტკიცებულებების მხედველობაში მიღების გარეშე კი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სხვა რელევანტური მტკიცებულებები უშუალოდ ქმედების, მისი სუბიექტის ან შედეგის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას (ფსიქოლოგიური და ფიზიკური), შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და ან/და ტანჯვას, მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი, აუცილებელია ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნეს ამაზე მიმანიშნებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი, ანუ უტყუარი მტკიცებულებები. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს, მაგრამ აუცილებელია აღნიშნული დასტურდებოდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. სწორედ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი უზრუნველყოფს ობიექტურ განხილვის შედეგად დასაბუთებული განაჩენის მიღებას. ამ კუთხით, ასევე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის დებულება, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში ასრებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ნ---- მ-----ს დამნაშავედ ცნობის შესახებ, მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭება არ ნიშნავს სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებისას მათ განხილვაზე და შინაარსობრივ შესწავლაზე უარის თქმას, არამედ ისინი მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლევის გარეშეა მიღებული.

 

საქმეზე არსებული და პრეიუდიციულად მიჩნეული არცერთი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს ნ---- მ-----ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე. გამამტყუნებელი განაჩენი კი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ ვარაუდს ნ---- მ-----ს ბრალეულობის შესახებ, ნებისმიერი ვარაუდი კი წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უპირობო საფუძველს.

 

სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს პირის დამნაშავედ ცნობისათვის უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ნ---- მ-----ს ბრალეულობაში. ვინაიდან ასეთი მტკიცებულებების საქმეში არ მოიპოვება, ბრალდებული ნ---- მ----- უნდა გამართლდეს.

 

აღკვეთის ღონისძიების საკითხი:

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და ბრალდებულის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რის გამოც ბრალდებულს უნდა განემარტოს აღნიშნული უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ---- მ----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ნ---- მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ნ---- მ----- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან;

 

გამართლებულ ნ---- მ-----ს განემარტოს ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე