გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210018002322491
საქმე № 2/330-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ა----------–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მოპასუხე - ზ-------------ე
წარმომადგენელი - მ---------–-–--ლი
დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების 1/2 ნაწილის ღირებულების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო (დაზუსტებული) მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ-------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავტომანქანების ღირებულების ½ წილი 20 270 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე ზ-------------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით იგი მოპასუხესთან 2013 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2014 წელს უკვე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. ერთად ცხოვრება მათ დაიწყეს მოპასუხის კუთვნილ სარემონტო ბინაში მდებარე გ-----------------–--------, რომელსაც საკუთარი სახსრებით ჩაუტარა რემონტი, სახლში მიიტანა ავეჯი. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. მოპასუხესთან ქორწინებიდან 8 თვეში ერთად შეიძინეს ავტომანქანა ნისან სერენა, რომელიც გაფორმდა მოპასუხის სახელზე და ასევე 2017 წელს შეიძინეს მანქანა მაცივარი „ისუზუ ელფი“, რომლის ღირებულების ნაწილი - 2000 აშშ დოლარი და განბაჟების თანხა - 1500 აშშ დოლარი მოსარჩელის დედამ გადაიხადა. 2017 წლიდან ურთიერთობის დაძაბვის გამო მოსარჩელემ შეწყვიტა ურთიერთობა მოპასუხესთან და ითხოვს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ½ წილის ღირებულების შესაბამის ფულად კომპენსაციას, ვინაიდან მიუხედავად ქორწინების ფაქტის არარსებობისა მხარეებს სამოქალაქო კოდექსისი 1151-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი წარმოეშვათ 2013 წლიდან, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ოჯახური ცხოვრების არსებობა - არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიეწრთობების რეალურად არსებობის ფაქტზე (კროონ და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ) სასამართლომ 1994 წლის გადაწყვეტილებაში განმარტა ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობებით და შეიძლება მოიცავდეს სხვა, დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. ამდენად, ევროპული სასამართლოს სტანდარტით მხარეები ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებიან 2013 წლიდან და სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვათ მათ ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა მატერიალურ - სამართლებრივი უფლება-მოვალეობანი და ცხადია აქ იგულისხმება ერთად ცხოვრება ქორწინების რეგისტრაციის გარეშე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვდა ქორწინებაში შეძენილი ავტომანქანების გაყოფას და გ----–-------------–----- 45-ში მდებარე ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯის - 8 347 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვს ქორწინებაში შეძენილი ავტომანქანების ღირებულების ½ წილს 20 270 ლარის ოდენობით, ხოლო სარემონტო სამუშაოებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მან გაიხმო სარჩელი (იხ. სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი და 2018 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინება).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ავტომობილი ნისან სერენა შეიძინა 2013 წლის ბოლოს მაშინ როდესაც მხარეები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად მოსარჩელე დაუსაბუთებლად აცხადებს აღნიშნულ მანქანაზე პრეტენზიას. რაც შეეხება ავტომანქანა „ისუზუ ელფს“ იგი შეძენილია ქორწინების განმავლობაში, რაშიც გადახდილია 2800 აშშ დოლარი და მოპასუხე აცხადებს თანხმობას მოსარჩელეს აუნაზღაუროს 1400 აშშ დოლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები 2013 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2014 წლის 28 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ყავთ საერთო შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ქორწინების მოწმობა;
3.1.2. მოპასუხე ზ-------------ემ 2017 წლის 11 მაისს (მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში) შეიძინა ავტომანქანა „ISUZU-ELF TRUCK”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ზ-------------ეს 2013 წლის 26 დეკემბრიდან (ფაქტობრივი ქორწინების პერიოდში) საკუთრებაში ყავს ავტომანქანა NISSAN SERENA და წარმოადგენს ზ-------------ის ინდივიდუალურ საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმები);
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
3.2.2. მხარეთა შორის სადავოა ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 23.02.2018 ქ. №1/020 ექსპერტიზის დასკვნა.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.02.2019წ N000749119 ექსპერტიზის დასკვნა
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ავტომანქანებიდან „ISUZU“ ELF-ის ღირებულება 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 32 067.93 ლარს, ხოლო „NISSAN“ SERENA-ს ღირებულება (მუშა მდგომარეობით) - 8 475.40 ლარს.
მოპასუხე მხარე საერთო საკუთრებად მიიჩნევს რა, მხოლოდ „ISUZU“ ELF-ს, აპელირებს მხოლოდ მის ღირებულებაზე, რაც შეადგენს 7000 ლარს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულების დადგენის მიზნით მხარეებმა წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ:
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სადავო ქონების ღირებულების დადგენის მიზნით წარმოადგინა ა(ა)იპ დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო ქონებების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 40543.33 ლარს, აქედან ISUZU“ ELF-ის ღირებულებაა 32 067.93 ლარი, ხოლო „NISSAN“ SERENA-ს ღირებულება - 8 475.40 ლარი.
აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზი ბიუროს“ ექსპერტ გ-----------------ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც ავტომობილი „ISUZU“ ELF შეფასებულია 7000 ლარად.
მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის ექსპერტის დასკვნას მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარეებმა დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა სასამართლოსათვის.
ამასთან, სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტის დასკვნა, სავალდებულო არ არის და მისი შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტ გ-----------------ის მიერ გაცემულ დასკვნას, ვინაიდან, როგორც მან სასამართლო სხდომაზე განმარტა მანქანა „ISUZU“ ELF-ის შეფასებისას გაითვალისწინა მანქანის ადგილზე შეძენის ფასი, ტრანსპორტირების და მისი განბაჟების ღირებულება დღგ-ს დარიცხვით მის ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობასთან ერთად რა დროსაც დადგინდა, რომ მანქანა დაზიანებული იყო (იხ. 25.04 2019 წ. სხდომის ოქმი). რაც შეეხება გ-------------–----–---–ის და გურამ საცერაძის მიერ გაცემულ დასკვნას, გ-------------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავისი დასკვნის განმარტებისას აღნიშნა, რომ მაქანა - „ISUZU“ ELF-ის შეფასებისას გაითვალისწინა მისი განბაჟების ღირებულება აქციზის გადასახადის მიხედვით მის ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობასთან ერთად და ვინაიდან მანქანა იყო მარჯვენა საჭიანი, 2004 წლის გამოშვება, მას დაარიცხა აქციზის განაკვეთი და შესაბამისად შეაფასა 32067.93 ლარად. ამასთან, მანვე მიუთითა, რომ ეპსპერტიზის ჩატარებისას მის წინაშე დასმული იყო ზოგადი კითხვა 2004 წელს გამოშვებული „ISUZU“ ELF-ის ღირებულების დადგენის მიზნით და არა კონკრეტული მანქანის შეფასება სურდათ და მანაც შესაბამის საიტზე ინფორმაციის მოძიებით ზოგადი დასკვნა გასცა და არ შეუფასებია კონკრეტული ავტომანქანა (იხ. 03.06.2019წ და 17.06.2019 წ. სხდომის ოქმები).
აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ერთ ერთი ობიექტია - იმპორტი, ამავე კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით აქციზით დაბეგვრის ერთ ერთი ობიექტი - აქციზური საქონლის იმპორტი ამ ნორმების შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, ზოგადად იმპორტი იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს აქციზური საქონლის იმპორტი, რომელიც იბეგრება აქციზის გადასახადით, აქციზის გადასახდის განაკვეთი კი მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მულის პირველი ნაწილის თანდართულ ცხრილში, საიდანაც ირკვევა რომ აქციზით დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სადავო მანქანის („ISUZU“ ELF-ის) შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმი და არა აქციზით დაბეგვრის წესი, როგორც ეს ექსპერტმა გ-------------–----–---–მა გამოიყენა ავტომანქანის შეფასებისას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივი ექსპერტთა კავშირის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა ვერ შეფასდება მოსარჩელის მიერ მითიტებული სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად. რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ გ-----------------ის მიერ გაცემული დასკვნა არის უფრო კვალიფიცურად შესრულებული, შესაბამისად სასამართლოს იზიარებს სწორედ აღნიშნულ დასკვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა----------–---–ის დაზუსტებული სარჩელი ზ-------------ის მიმართ თანასაკუთრების წილიდან კომპენსაციის მიღების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
აქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 317-ე, 1106-ე, 1151-ე, 1158-ე, 1161ე, 1168-ე, მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლი, რომლის შესაბამისადაც საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნის პერიოდში შეძენილი ქონების (ორი ავტომანქანის) ½ წილზე და მიუთითებს, რომ მან არაკანონირად დაკარგა საკუთრების უფლება, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
საქმეზე დადგინდა დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ: 1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 28 ივნისიდან, ხოლო მანამდე დაახლოებით 2013 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, სარჩელის განხილვისას ისინი განქორწინებულები არიან, სადავო მანქანებიდან ერთი შეძნილია ფაქტობრივი ოჯახური ცხოვრების პერიოდში, ხოლო მეორე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. გარდა ამისა, მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
ამდენად, პირველ რიგში შესაფასებელია შეძენილია თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები ქორწინების განმავლობაში და მეორე - ვალდებულია თუ არა მოპასუხე დააკმაყოფილოს მოსარჩელის პრეტენზია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულების არსებობა არ დადგენილა, შესაბამისად მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საქორწინო ურთიერთობიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის მიერ ერთობლივი შრომითა და სახსრებით შექმნილი შემოსავალი და ცოლ-ქმრის ნება მიმართული ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
6.6. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო-სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობა მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, სადაც წილი თანაბარია.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას.
6.9. რაც შეეხება ქონებას, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილად ვერ მიიჩნევა, შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი წესებით, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „ნისან სერენა“ მოპასუხის მიერ შეძენილია 2013 წლის 26 დეკემბერს, ხოლო მხარეები კანონის შესაბამისად დაქორწინდნენ 2014 წლის 28 ივნისს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას „ნისან სერენაზე“ საერთო საკუთრების უფლების გავრცელების შესახებ, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ავტომანქანა „ნისან სერენას“ ღირებულებიდან ½ წილის მიღებაზე კანონიერ საფუძველსაა მოკლებული, ვინაიდან აღნიშნული ქონება შეძენილია ქორწინების რეგისტრაციამდე.
რაც შეეხება ავტომანქანა „ისუზუ ელფთან“ დაკავშირებულ მოთხოვნას, მეუღლეთა თანასაკუთრების კანონისმიერი რეჟიმი მეუღლეებს ანიჭებს თანასაკუთრების უფლებას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლის სახსრებითაა იგი შეძენილი. დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს.
ამდენად, ავტომანქანა „ისუზუ ელფზე“ მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების გავრცელებასსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და კანონის შესაბამისად წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ. აქედან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აქვს კანონიერი საფუძველი მოითხოვოს ავტომანქანა „ისუზუ ელფის“ ღირებულებიდან ½ წილის შესაბამისი კომპენსაცია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს 3500 ლარს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ექსპერტიზის დასკვნებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------–---–ის სარჩელი მოპასუხე ზ-------------ის მიმართ საერთო საკუთრებიდან მისი წილის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხისათვის 3500 ლარის დაკისრებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას - (Kroon v. the Netherlands ), § 30, 27 ოქტომბერი, 1994 წ., - და ამ გადაწყვეტილებით დანერგილი შეხედულებებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით საკუთარი მოთხოვნის საფუძვლის დასაბუთებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილების მოყანა განსახილველ შემთხვევასთან არალევანტურია, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით ოჯახური ცხოვრების კონტექსტში განხილულია არა პარტნიორებს შორის ურთიერთობა, არამედ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა მიუხედავად იმისა დაბადებული არიან ისინი ოფიციალურ ქორწინებასა თუ არაოფიციალურ ქორწინებაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით ოჯახური ცხოვრების არსებობასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ სწორედ მშობლებსა და შვილების ურთიერთობაზე განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ, ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრება შეიძლება იყოს მოთხოვნა ასეთი ურთიერთობისათვის, როგორც გამონაკლისი, სხვა ფაქტორებიც ასევე შეიძლება გამოდგეს იმის დასამტკიცებლად, რომ ურთიერთობას აქვს საკმარისი სტაბილურობა, შეიქმნას დე ფაქტო „ოჯახური კავშირები“.
გარდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა, როგორც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეზე X , Y და Z გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ( X . Y . and Z v. the United Kingdom ), § 36, 1997 წლის 22 აპრილი, „ოჯახური ცხოვრების“ ცნება: „არ შემოიფარგლება მხოლოდ ქორწინების საფუძველზე შექმნილი ოჯახებით და შეიძლება, მოიცვას სხვა დე ფაქტო ურთიერთობები. როდესაც წყდება, შეიძლება თუ არა, ურთიერთობა შეადგენდეს „ოჯახურ ცხოვრებას“, რიგი ფაქტორებისა შეიძლება იყოს ამასთან კავშირში, მათ შორის: ცხოვრობს თუ არა წყვილი ერთად, მათი ურთიერთობის ხანგრძლივობა და გამოავლინეს თუ არა მათ თავიანთი ვალდებულება ერთმანეთის მიმართ ბავშვების ერთად ყოლით ან რაიმე სხვა საშუალებით. ამასთან, გარდა იმისა, რომ მხარეების არ წარმოუდგენით მათი ქორწინების რეგისტრაციის რაიმე ხელშემშლელი გარემოება, რომ მათ შეეზღუდათ დაქორწინება, ეროვნული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში არ მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს 610.59 ლარი (მის მიერ გადახდილი 861 ლარიდან 04.12.2018 წ. განჩინებით დაუბრუნდა ბაჟის ნაწილი 250.41 ლარი სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის გამო). შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ზ-------------ემ სარჩელი ცნო დაკმაყოფილებულ ნაწილში, მოსარჩელეს ამ ნაწილში უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო დანარჩენი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯს, მის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვ ის გაწეული აქვს ხარჯი 160 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხეს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ხარჯების ანაზღაურება უნდა დაეკისროს 30 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით (საქმე №12/10-18) 2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე ზ-------------ის (პ/№ 59001013036) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს: ა) სახ. № SQ601SS, მოდელი - ISUZU ELF, გამოშვების წელი - 2004, მანქანის VIN/შასი NHR697000291, ფერი - თეთრი, ტექ. პას. № OV0929038, რეგისტრაციის თარიღი 2017-05-11; ბ) სახ. № DQQ956, მოდელი - NISSAN SERENA, გამ. წ. 2002, VIN/შასი TC24124841, ფერი 2/8, ტექ. პასპ. OV0457318, რეგისტრაციის თარიღი: 2013-12-26. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ავტომანქანა ISUZU ELF-ს ½ წილის კომპენსაციის ნაწილში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ავტომანქანა NISSAN SERENA-ს მიმართ უნდა გაუქმდეს დანარჩენ ნაწილში კი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----------–---–ის სარჩელი ზ-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ზ-------------ეს მოსარჩელე ა----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3500 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე ა----------–---–ს (პ/№59001037119) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 23 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახდო დავალება №0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 105.45 ლარი, დანარჩენი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე ზ-------------ეს მოსარჩელე ა----------–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს 30 ლარის გადახდა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება (საქმე №12/10-18) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით ზ-------------ისათვის მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის NISSAN SERENA-ს დაყადაღების შესახებ გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ხოლო ავტომანქანა ISUZU ELF-ის ნაწილში დარჩეს უცვლელი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი