გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
140210018002746235
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210018002746235

საქმე № 2/2303-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი

მოსარჩელე - შპს „ნ-----------ი“

წარმომადგენელი - გ------- გ-–--ე

მოპასუხეები - შპს „ნ----------ი“

გ------ შ----------–---–ი

წარმომადგენელი - თ-- შ----------–---–ი

ა------ გ-----–---–ი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: შპს „ნ----------ს“ და გ------ შ----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 91 203.75 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს: შპს „ნ----------ს“ და გ------ შ----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 11 377.29 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

2018 წლის 26 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ცხოველისა და ფრინველის საკვებისა და საკვები დანამატების გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს მიაწოდა 424 583.75 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მან გადაიხადა 333 380 ლარი, ხოლო 91 203.75 ლარი დარჩა გადასახდელი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ანგარიშსწორების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გ------ შ----------–---–თან 2018 წლის 26 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150 000 ლარით. დავალიანების გადახდის მოთხოვნით მოპასუხეებთან გაგზავნილია გაფრთხილების წერილები, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე მხარე არ იხდის მის მიერ შეძენილი პროდუქციის ღირებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის მართლაც დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველს მყიდველისათვის პერიოდულად უნდა მიეწოდებინა ცხოველისა და ფრინველის საკვები და საკვები დანამატები, რომელიც უნდა ყოფილიყო ხარისხიანი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მიაწოდა პროდუქცია, მაგრამ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ანუ პროდუქცია იყო უხარისხო, კერძოდ, პროდუქციის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა მის შეფუთვაზე დატანილ მონაცემებს, ე.ი. საკვები პროდუქტის შემცველობა არ აკმაყოფილებდა ფრინველის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელ სტანდარტს, რამაც გამოიწვია მოპასუხის კუთვნილი ფრინველის ზრდის შეჩერება, შემდეგში დაცემა, რითაც მოპასუხეს მიადგა ზიანი. ფრინველის ზრდის შეჩერებისა და დაცემის შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს მოსარჩელე, რომელიც რეკომენდაციებს აძლევდა საკვების სახის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს რეკომენდაციებიც შედეგს არ იძლეოდა. ამდენად, მხარეებს შორის პროდუქციის მიწოდების მოკლე პერიოდში წარმოიშვა დავა მის ხარისხთან დაკავშირებით და როგორც მოპასუხე აღნიშნავს, მან არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით ერთობლივი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხის მიერ დამოუკიდებლად ჩატარდა მოწოდებული ფრინველის საკვები პროდუქტის ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და მისი გამოყენებით შეუძლებელი იყო მათ მიერვე დადგენილი ფრინველის ზრდის გრაფიკის შესაბამისად დასახული გეგმის მიღწევა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 26 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ცხოველისა და ფრინველის საკვების და საკვები დანამატების გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 26.06.2018 წ. ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

 

3.1.2. გ------ შ----------–---–თან 2018 წლის 26 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. მოსარჩელემ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს მიაწოდა 424 5 83.75 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლო ზედნადებები;

- მხარეთა ახსნა - განმარტება.

 

3.1.4. მოპასუხეს /მყიდველს/ მოსარჩელისათვის /გამყიდველისათვის/ გადახდილი აქვს მის მიერ შეძენილი პროდუქციის ღირებულების ნაწილი, 333 380 ლარი, ხოლო გადასახდელად დარჩელილია 91 203.75 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლო ზედნადებები;

- მხარეთა ახსნა - განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 26 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული ცხოველისა და ფრინველის საკვების და საკვები დანამატების ნასყიდობის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული იყო მყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის საქონლის ღირებულების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში მყიდველის ვალდებულება, მიმწოდებლისათვის გადაეხადა საურავი დავალიანების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 26.06.2018 წ. ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება.

 

3.2.2. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ შეძენილი პროდუქციის დარჩენილი ღირებულების, 91203.75 ლარის და ასევე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და მოწოდებული პროდუქციის ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის ახსნა - განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს „ნ-----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელე მხარე, შპს „ნ-----------ი“ მისი უფლებების დარღვევად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მან შპს „ნ----------ს“ ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა პროდუქცია, ხოლო მოპასუხემ თანხა გადაიხადა არასრულად, მოპასუხე კი მისი უფლების დარღვევად მიუთითებს, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნაკლიანი (უხარისხო), რის გამოც მას მიადგა ზიანი.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადასტურებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია. მოპასუხე მხარეს ასევე სადავო არ გაუხდია, რომ მან სრულად არ გადაიხადა მისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, მოპასუხის მხრიდან სადავოა მოსარჩელის მიერ მისთვის მოწოდებული პროდუქციის ხარისხი და შესაბამისად, უხარისხო პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება იმ საფუძვლით, რომ პროდუქციის უხარისხობის გამო მას თავად მიადგა ზიანი.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

6.9. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე აპელირებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებული პროდუქცია იყო უხარისხო, რამაც გამიწვია ფრინველის ზრდის შეფერხება, დაცემა და ამით მას მიადგა მატერიალური ზიანი, რის გამოც მას უხარისხო პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად, მას ხელშეკრულების პირობებიც არ დაურღვევია.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

6.11. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხე მხარეს შპს „ნ----------ს“ და გ------ შ----------–---–ს ეკისრებოდა ვალდებულება, წარმოედგინათ სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდნენ, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია უხარისხო იყო.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნიშანდობლივია ის გარემოება რომ უშუალოდ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა მოწმეთა ჩვენებები და ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გორის მინიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე შპს „ნ----------ის“ მიერ ლაბორატორიაში 2019 წლის 21 თებერვალს გადაგზავნილი ფრინველის გრანულირებული მცენარეული საკვების „ფინიშის“ შემოწმების შედეგები. კვლევის შედეგად საკვებში არ გამოვლენილა ფრინველისათვის საშიში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და სალმონელა. გარდა ამისა საკვებში აუცილებელი ნივთიერებებიდან მხოლოდ ცილების რაოდენობის უმნიშვნელო ნაკლებობა გამოვლინდა, თუმცა თავად მოპასუხის შუამდგომლიბით მოწმის სახით დაკუთხულმა ზაზა ჩუბინიშვილმა (ამჟამად შპს „ნ----------ის“ ვეტერინარი) აღნიშნა, რომ ეს გარემოება ფრინველის დაცემას არ გამოიწვევდა.

 

მითითებული მტკიცებულების გარდა მხარეთა შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითხნენ, როგორც შპს „ნ-----------ის“, ისე შპს „ნ----------ის“ თანამშრომლები, რომლეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა შპს „ნ----------ის“ მიერ მითითებული გარემოება ფრინველის დაცემის შესახებ, თუმცა მათი დაცემის ცალსახა და ერთმნიშვნელოვან მიზეზებზე მოწმეებმა ვერ მიუთითეს და შპს „ნ----------ის“ მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე გამახვილდა ყურადღება, რომ ფრინველის დაცემას, ასეთი ხარისხით, სხვა დროს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, დღეის მდგომარეობით მხოლოდ საკვები შეცვალეს, სხვა ყველაფერი უცვლელია და ფრინველის დაცემა აღარ ყოფილა. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეებს, მართალია მათაც დაადასტურეს შპს „ნ----------ში“ ფრინველის დაცემის ფაქტი, მაგრამ მოწმე თორნიკე ლაშქარაშვილმა, რომელიც შპს „ნ-----------ის“ ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელია და რომელიც რეკომენდაციებს აძლევდა შპს „ნ----------ს“ ფრინველის გამოზრდის პროცესში, მიუთითა, რომ შპს „ნ----------ში“ მისვლისას ხშირად ამჩნევდა ხარვეზებს ფრინველისათვის საკვების თუ წყალის მიცემისას ჰიგიენის დაცვის თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აქტებსა თუ წერილებს, ვერც აღნიშნული აქტები და წერილები მიიჩნევა იმ სტანდარტის მტკიცებულებებად, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ აღნიშნული წერილების შინაარსითაც ვერ დგინდება ფრინველის დახოცვის ცალსახა მიზეზი, როგორც წერილები, ისე აქტები შედგენილია თავად მოპასუხის მიერ.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უხარისხო საკვებმა გამოიწვია ფრინველის დაცემა, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან მიღებულ პროდუქციას, რომელსაც იგი იყენებდა ფრინველის საკვებად, გარდა იმისა, რომ ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში და შედეგად საკვებში არ გამოვლენილა ფრინველისათვის საშიში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და სალმონელა, მოწმე ზაზა ჩუბინიშვილმა, რომელიც ამჟამად დასაქმებულია მოპასუხე კომპანიაში ვეტერინარის თანამდებობაზე აღნიშნა, რომ მოპასუხის ფერმაში არსებულ ფრინველის რამდენიმე განყოფილებიდან მხოლოდ ერთ განყოფილებაში მოხდა ფრინველის დაცემა, მიუხედავად იმისა რომ ყველა განყოფილებას მოსარჩელისაგან მოწოდებული ერთი და იგივე საკვები ეძლეოდა ფრინველს ასაკის გათვალისწინებით. ამასთან, მოპასუხე მხარეს გარდა იმისა, რომ არ ჩაუტარებია დაცემული ფრინველის ლაბორატორიული კვლევა დაცემის მიზეზების დასადგენად, მას არ გააჩნია ჩანაწერები ფრინველის ზრდის პროცესის შესაფასებლად, შესამოწმებლად თუ პროცესის გასაკონტროლებლად, რაც წარმოდგენას შეუქმნიდა სასამართლოს ზოგადად ფრინველის ზრდის პროცესში მოპასუხის მიერ გატერებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ არ წარმოუდგენია მტკიცებულება ზოგადად დაცემული ფრინველის არსებობისა თუ მისი რაოდენობის შესახებ.

 

6.12. სასამართლო განმარტავს, რომ გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ. სწორედ ამ საკანონმდებლო დანაწესის მითითებული მოთხოვნიდან გამომდინარე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის, ასევე მოწმეთა ჩვენებები მიხედვით, მითითებული მტკიცებულების გაანალიზება და ურთიერთშეჯერება სასამართლოს არ უყალიბებს შინაგან რწმენას მოპასუხის პრეტენზიის საფუძვლიანობის დასადასტურებლად. მითითებული გარემოება კი ცხადყოფს, რომ მოპასუხე მხარემ, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი მის მიერ შეძენილი პროდუქციის უხარისხობის დასადასტურებლად, ვერ შეძლო წარმოედგინა იმ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომელზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, კვლევის შედეგად ვერ გამოვლინდა საკვები პროდუქტის უხარისხობა, კერძოდ, საკვებ პროდუქტში არ აღმოჩნდა ის ნივთიერება თუ ბაქტერია, რისი საკვებში არსებობაც დაუშვებელია და რასაც შეეძლო ფრინველის მასიური სიკვდილიანობა გამოეწვია. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ფაქტის დასადგენად, რომ მოსარჩელის მიერ მისთვის მიწოდებული პროდუქცია არის უხარისხო (ნაკლიანი) ვერ გამოდგება.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ნასყიდობის საგნის - მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი დაადასტურა, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხემ მის მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივად ნაკლიანი, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ნ----------ს“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა უნაკლო ნივთი, მან კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა სრულად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის შესახებ საფუძვლიანია.

 

6.13. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ანგარიშსწორების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირებაა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 2275 ლარამდე.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გ------ შ----------–---–თან 2018 წლის 26 ივნისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150 000 ლარით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდ აღნიშნული მუხლების შესაბამისად წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და შესაბამისად ვალდებულების შესრულებაც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3077.43 ლარი და ასევე გაწეული აქვს ხარჯი - 2700 ლარი - ადვოკატის მომსახურებისათვის, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3077.43 ლარიდან, 2804.36 ლარის და ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 2700 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. შპს „ნ-----------ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით (საქმე № 2/2203-18) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს „ნ----------ს“ (ს/კ: 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების), რომლის რეკვიზიტებია: გ-----------------------------–---ი (საკადასტრო კოდები: №6--4--1--2-- და №6--4--1--253) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „ნ-----------ის“ სარჩელი შპს „ნ----------ის“ და გ------ შ----------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: შპს „ნ----------ს“ და გ------ შ----------–---–ს მოსარჩელე შპს „ნ-----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 93 478.75 ლარის გადახდა, საიდანაც 91 203.75 ლარი არის ძირითადი თანხა, 2275 ლარი - პირგასამტეხლო.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3 077.43 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხეებს შპს „ნ----------ს“ და გ------ შ----------–---–ს მოსარჩელე შპს „ნ-----------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროთ 2804.36 ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.

 

5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი