გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/37654-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ინ------------
მოპასუხე შპს „თ---–-----------------–-“
წარმომადგენელი გე-–---------
დავის საგანი გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „თ---–-----------------–-სათვის“ მოსარჩელე ი------------ის სასარგებლოდ 3537 ლარის გადახდის დაკისრება.
2014 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელე ინ------------სა და შპს „თ---–-----------------–-“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის მიერ მიწოდებული სათარგმნი მასალის (იურიდიული, სამედიცინო, ეკონომიკური და სხვა) რუსული ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით ტექსტების თარგმნა.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა ნათარგმნი გვერდების მიხედვით, 1 გვერდი 5 ლარი -350 სიტყვა. (საშემოსავლოს გათვალისწინებით).
ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ ერთი ან მეორე მხარის მხრიდან მის შეწყვეტამდე.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის 4.3.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების ანაზღაურება მოხდება ეტაპობრივად, არაუმეტეს ყოველი მე-2 თვის დასაწყისში (სავარაუდოდ 11-13 რიცხვებში), წინა თვის შესრულებული მასალის გაანგარიშების გათვალისწინებით.
მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს დაავალა ორი კონკრეტული წიგნის თარგმნა, კერძოდ, „დ-–-----------------------–---–------------“- 406 გვერდი და „ს------------------------------–----------–---–------------“ -309 გვერდი.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, ნათარგმნი და რედაქტირებული მასალა ინ------------ს უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2015 წლის 22 დეკემბრისა.
მოსარჩელის განმარტებით, მან კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დათქმულ ვადაში ჩააბარა ნათარგმნი მასალა.
დამკვეთმა, არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაუხადა აღნიშნული წიგნების თარგმნის საფასური, 3537 ლარის ოდენობით.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.(ს.ფ.26-36). 2.1. მოსარჩელის მიერ შესრულებული თარგმანი იყო დაბალი ხარისხის, კერძოდ, სსიპ მ--–---–----–-----------------–---------------------------–--–-------ს ქართული ენიდან რუსულ ენაზე თარგმნის ინსპექტირების სპეციალისტის თ--------------–---–-ს 2015 წლის 28 დეკემბრის დასკვნის თანახმად, შესრულებული თარგმანების ხარისხის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი რამ: სატრენინგო მასალების წარმოდგენილ თარგმანებში უმეტესწილად თარგმანი შესრულებულია სხვადასხვა დონის, მომზადებისა და გამოცდილების, ენობრივი კულტურისა და წიგნიერების მქონე მთარგმნელთა მიერ, რაზეც ნათლად მეტყველებს ნათარგმნი მასალის შინაარსი, ორიგინალის ტექსტთან შესაბამისობა, გადათარგმნილი ტექსტების გადმოცემის სტილი, წარმოდგენილ მასალებში დაშვებული გრამატიკული და ლიტერატურულ-სტილისტიკური შეცდომები. დასკვნის შესაბამისად წარდგენილი თარგმანები დაიყო ორ ნაწილად: 1. საშუალო დონის თარგმანები; 2.დაბალი დონის თარგმანები.
შესაბამისად, დასკვნით დადგინდა, რომ ნათარგმნი მასალები არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1-ით იყო განსაზღვრული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ვალდებულება არაჯეროვნად არის შესრულებული, რის გამოც მოსარჩელეს არა აქვს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელე ინ------------სა და შპს „თ---–-----------------–-“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის მიერ მიწოდებული სათარგმნი მასალის (იურიდიული, სამედიცინო, ეკონომიკური და სხვა) რუსული ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით ტექსტების თარგმნა.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა ნათარგმნი გვერდების მიხედვით, 1 გვერდი 5 ლარი -350 სიტყვა. (საშემოსავლოს გათვალისწინებით).
ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ ერთი ან მეორე მხარის მხრიდან მის შეწყვეტამდე.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის 4.3.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების ანაზღაურება მოხდება ეტაპობრივად, არაუმეტეს ყოველი მე-2 თვის დასაწყისში (სავარაუდოდ 11-13 რიცხვებში), წინა თვის შესრულებული მასალის გაანგარიშების გათვალისწინებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 5).
ხელშეკრულება. (ს.ფ.18-19).
3.1.2. 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმების დაცვით თარგმნოს აღნიშნული დოკუმენტაცია.
ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის 5.4.2. ქვეპუნქტის მიხედვით, ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული და მისი შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან. ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ტერმინოლოგია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება. (ს.ფ.18).
3.1.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებმა დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს დაავალა ორი კონკრეტული წიგნის თარგმნა, კერძოდ, „დ-–-----------------------–---–------------“- 406 გვერდი და „ს------------------------------–----------–---–------------“ -309 გვერდი.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, ნათარგმნი და რედაქტირებული მასალა ინ------------ს უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2015 წლის 22 დეკემბრისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.(ს.ფ. 5).
ხელშეკრულება დანართი 1 (ს.ფ. 20).
3.1.4. ხელშეკრულების (N1 დანართი) მე-2 პუნქტის 2.3. ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (თარგმანის ხარისხის შეფასებას განსაზღვრავს სსიპ „მ--–---–----–-----------------–---------------------------–--–-------“) თარჯიმანს დაეკისრება მისთვის ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 5).
ხელშეკრულება. (ს.ფ. 20).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ ინ------------მ უხარისხოდ თარგმნა ერთი წიგნიდან 309 გვერდი და მეორე წიგნიდან 406 გვერდი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
ტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
მოპასუხემ შესაგებლით სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ შესრულებული თარგმანების ხარისხი. შესაგებელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სსიპ მ--–---–----–-----------------–---------------------------–--–-------ს ქართული ენიდან რუსულ ენაზე თარგმანის ინსპექტირების სპეციალისტის ანგარიში-დასკვნა, რომლის თანახმად, კვლევის საგანია, შპს „თ---–-----------------–-სათვის“ დავალებული არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისათვის შემუშავებული საგნობრივი ადაპტირებული ტრენინგ პროგრამის და მასთან დაკავშირებული სატრენინგო მასალის რუსული ნათარგმნი ვერსიების ტექსტის შინაარსობრივი, ენობრივი, საგნობრივი ტერმინოლოგიისა და სხვა სახის შემოწმება.
დასკვნის მიხედვით, სატრენინგო მასალების წარმოდგენილ თარგმანებში უმეტესწილად თარგმანი შესრულებულია სხვადასხვა დონის, მომზადებისა და გამოცდილების, ენობრივი კულტურისა და წიგნიერების მქონე მთარგმნელთა მიერ, რაზეც ნათლად მეტყველებს ნათარგმნი მასალის შინაარსი, ორიგინალის ტექსტთან შესაბამისობა, გადათარგმნილი ტექსტების გადმოცემის სტილი, წარმოდგენილ მასალებში დაშვებული გრამატიკული და ლიტერატურულ-სტილისტიკური შეცდომები. დასკვნის შესაბამისად წარდგენილი თარგმანები დაიყო ორ ნაწილად: 1. საშუალო დონის თარგმანები; 2.დაბალი დონის თარგმანები.
სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად დასკვნის შინაარსიდან დგინდება, რომ ამ შემთხვევაში, სპეციალისტის კვლევის საგანია არა მარტო ის ორი წიგნი, რომლიდანაც გარკვეული ნაწილის თარგმნაში მიიღო მონაწილეობა მოსარჩელემ, არამედ სხვა სახელმძღვანელოებიც.
ამ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანი იყო კონკრეტული წიგნებიდან ერთ შემთხვევაში -309 გვერდის თარგმნა, მეორე შემთხვევაში - 406 გვერდის თარგმნა. მისი შინაარსიდან არ დგინდება, წიგნებიდან რომელი გვერდები თარგმნა მოსარჩელემ. სპეციალისტის კვლევა ეხება წიგნების სრული ტექსტების თარგმანს, რომელიც დაყო ორ ნაწილად: საშუალო დონის და დაბალი დონის თარგმანი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით, არ დგინდება, მოსარჩელის მიერ შესრულებული თარგმანების უხარისხობა.
3.2.2. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს ზოგადი და, ამავდროულად, ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ემუხლი, რომლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენა, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობასა და ხანდაზმულობაზე მითითება, ეწინააღმდეგება პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპს.
ამდენად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასა და სასარჩელო ხანდაზმულობაზე მოპასუხემ მიუთითა საპროცესო წესების დარღვევით _ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტებისას, რის გამოც, არ არსებობს ამ შედავების მიღების წინაპირობა;
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებლით და სასამართლოს მთავარ სხდომაზეც, მოპასუხემ სადავოდ გახადა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ფაქტის შეცილების შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 316-ე, 629-ე, 427-ე, მე-400, 361-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხეს ი------------ის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, მოპასუხეს არ გადაუხდია შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ამდენად, მან ჯეროვნად არ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებიდან, გამომდინარე ვალდებულება და მას უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდის ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელის მოთხოვნის 3537 ლარის 3%- 106.11 ლარის ნახევარ 53.05 ლარს. მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი.
შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 53.05 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 46.95 ლარი. (100-53.05).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „თ---–-----------------–-“ მოსარჩელე ი------------ის სასარგებლოდ 3537 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „თ---–-----------------–-“ მოსარჩელე ი------------ის სასარგებლოდ 53.05 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
2.1.დაუბრუნდეს მოსარჩელე ინ------------ს 2018 წლის 31 დეკემბრის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 46.95 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია