გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
01021--18002278132
საქმე N2-312/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „ოზ---------–--------------------ი“
წარმომადგენელი - ირ---–-----------ძე
მოპასუხე - შპს „ს1--“
წარმომადგენელი-ვა---------------–--ნი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „ს1--“-ს დაეკისროს შპს „ოზ---------–--------------------ის“ სასარგებლოდ 34400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
2. მხარეთა პოზიცია
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოპასუხე შპს „ს1--“-ს გააჩნია დავალიანება შპს „ოზ---------–--------------------ის“ მიმართ 34400 აშშ დოლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია ქ. ბათ---–-, ლე---------------ში საქონლის მიწოდებით, რომლის ღირებულება მოპასუხეს არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოადგინა უფლების მომსპობი შესაგებელი. მოპასუხე ადასტურებს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და მითითებული ღირებულების საქონლის მიღების ფაქტს, თუმცა, განმარტავს, რომ ვალდებულება შეასრულა და მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს „ოზ---------–--------------------ი“ წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. 2017 წლის 21 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს ქ. ბათ---–- ლე---------------ში მიაწოდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, მთლიანი ღირებულებით 34400.2 აშშ დოლარი. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციით, გადაზიდვის ფაქტურებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საბაჟო დეკლარაცია ევრო1 #ეუ0085844 (ს.ფ. 24-26)
-გადაზიდვის ფაქტურები (ს.ფ. 14-23)
-სარჩელი
-შესაგებელი
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018წ.გვ.9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიაწოდა საქონელი. მოპასუხე არ უარყობს აღნიშნულ გარემოებას და ადასტურებს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. დავის საგანს წარმოადგენს ორმხრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის ხელშეკრულების გაფორმების დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა.
სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე შპს „ს1--:-ს მიწოდებული საქონლის ღირებულება 34400 აშშ დოლარი არ გადაუხდია.
სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, ვალდებულება მოსარჩელის მიმართ უკვე შესრულებულია. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მიმღებად (კრედიტორად) მითითებულია მუ------------ი, ხოლო მოვალედ სა-–-- ჰა–----–-------–უ და შპს „ათ-----------------------–--------------------–-----------------------ჯ“ დ შპს „ოღ----------------ა“. სასამართლო კვლევის საგანს არ წარმოადგენს თუ რა ვალდებულებაის შესასრულებლადაა გაცენული აღნიშნული დოკუმენტი, ვინაიდან, მასში კრედიტორად მითითებულია არა მოსარჩელე, არამედ სხვა პირები. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ დადასტურდება.
ასევე, ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დადასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვის დოკუმენტებით. პირველ რიგში, აღნიშნული საბანკო ამონაწერები არ არის დადასტურებული შესაბამისი ბანკის მიერ, რაც მათ უტყუარობას ეჭვის ქვეშ აყენებს. თუმცა, მათი სათანადო წესით დადასტურების შემთხვევაშიც, დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად, ვინაიდან, გადამხდელად ამ შემთხვევაშიც მითითებულია არა შპს „ს1--“, არამედ ფიზიკური პირი თუ--------–----ი, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რომ ეს პირი მოქმედებდა, როგორც შპს „ს1--“-ის რწმუნებით აღჭურვილი პირი, კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
როგორც აღინიშნა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოპასუხემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 111-112)
-საბანკო გადარიცხვები (ს.ფ. 99-110)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს შპს „ოზ---------–--------------------ი“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს შპს „ს1--“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 34400 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 34400 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამ ნორმიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის საგანზე, რომელსაც გამყიდველი გადასცემს მყიდველს და ფასზე, რომელსაც იხდის მყიდველი. სადავოობისას ნასყიდობის საგნის მიწოდების მტკიცების ტვირთი აკისრია გამყიდველის, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის მტკიცების ტვირთი-მყიდველს.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მუხლის განმარტების თანახმად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპი ავალდებულებს მოვალეს უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება შეასრულა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შპს „ს1--“-მა არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია თანხის დაკისრება. სარჩელის ფასია 34400 აშშ დოლარი (84548.32 ლარი გადახდის დროისათვის არსებული კურსით), ხოლო სახელმწიფო ბაჟი 2537 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2537 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ოზ---------–--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს შპს „ს1--“-ს შპს „ოზ---------–--------------------ის“ სასარგებლოდ 34400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
3. დაეკისროს შპს „ს1--“-ს შპს „ოზ---------–--------------------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბჟი 2537 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე