გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
010210018002595788
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამე N010210018002595788

№2/3467-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

 

მოსარჩელე - შპს „სუპერ ავტო კრედიტი“

წარმომადგენელი- თეონა ჭუმბურიძე

 

მოპასუხეები - გიორგი დავითაძე, თორნიკე დავითაძე

წარმომადგენელი-ხა-----ა ბა----------ი

 

დავის საგანი - სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ნივთის რეალიზაცია.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს გიორგი დავითაძეს და თორნიკე დავითაძეს მოსარჩელის შპს „სუპერ ავტო კრედიტის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 2386.15 ლარის გადახდა.

 

1.2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 19 აპრილს, მოსარჩელესა და მოპასუხე გიორგი დავითაძეს შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გიორგი დავითაძემ შპს „სუპერ ავტო კრედიტისაგან“, ერთი წლის ვადით, მიიღო სესხი 3150 ლარის ოდენობით.

სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა SUBARU FORESTER, რომელიც სალომბარდე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მსესხებელმა საკუთრებაში გადაუფორმა მოსარჩელეს, ხოლო ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად, შპს „სუპერ ავტო კრედიტმა“ დროებით სარგებლობაში გადასცა მსესხებელს მართვის საკომისიოს გადახდის პირობით.

2018 წლის 19 აპრილს, მოსარჩელესა და მოპასუხე თორნიკე დავითაძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N1662, რომლის თანახმად, თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2018 წლის 17 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე.

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, მსესხებელმა არ გადაიხადა სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, რის გამოც კრედიტორმა მოახდინა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია 2478 ლარად.

2018 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით გიორგი დავითაძის დავალიანება განისაზღვრებოდა: სესხის ძირი თანხა-3150 ლარი, სესხის პროცენტი, 2018 წლის 19 მაისიდან 2018 წლის 14 აგვისტომდე 609 ლარი, სესხზე რიცხული პირგასამტეხლო 87 დღის, მართვის საკომისიო 63 ლარი, ავტომანქანის ნაწილების ღირებულება 220 ლარი. სულ, დავალიანება მითითებული პერიოდისათვის განისაზღვრა 4864.15 ლარით, რომელსაც გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხა 2478 ლარი და დარჩა 2386.15 ლარი.

მოსარჩელე ითხოვს უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი დავალიანების მოპასუხეებზე დაკისრებას და აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი ქონების რეალიზაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომლის თანახმად, სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. მათი განმარტებით, მოსარჩელემ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია მოახდინა შეუსაბამოდ დაბალ ფასად. მსგავსი მოდელების საბაზრო ფასზე მითითებით, მოპასუხეები თვლიან, რომ ავტომანქანა უნდა გაყიდულიყო გაცილებით ძვირად. მანქანის რეალიზაციის მომენტში არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულების იყო ავტომანქანა. არ მიუღიათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მანქანის მოსალოდნელი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იყო საკმარისი ვალდებულების დასაფარად. მოპასუხეების პოზიციით, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა ნაკლები ღირებულებით, რის გამოც არ ეთანხმებიან დარჩენილი დავალიანების ოდენობას. მოპასუხეები სარჩელს არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 19 აპრილს, მოსარჩელესა და მოპასუხე გიორგი დავითაძეს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N1662, რომლის საფუძველზე მსესხებელმა გამსესხებლისგან ერთი წლის ვადით აიღო სესხი 3150 ლარის ოდენობით.

სალომბარდე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტით, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 19 რიცხვში, გადაეხადა 157.5 ლარი და ყოველ მესამე თვეს მართვის საკომისიო - 63 ლარი, ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სესხის ოდენობის 0.30% - 9.45 ლარი.

ამავე ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, „კრედიტორს“ უფლება აქვს არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუკი „მსესხებლის“ მიერ სესხის სარგებლის თანხის ან სესხის თანხის გადახდის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ჯამში შეადგენს 5 კალენდარულ დღეს. კრედიტორი უფლებამოსილია გაასხვისოს უზრუნველყოფის საგანი იმ შემთხვევაში თუ მსესხებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების 7.3. მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებები. კერძოდ, ინფორმაცია გაცვლილად ჩაითვლება, თუკი მხარე გაუგზავნის მეორე მხარეს შეტყობინებას ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და ან ელექტრონულ ფოსტაზე. ფოსტის საშუალებით ინფორმაცია მიწოდებულად ჩაითვლება ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაშიც, თუ მას შეტყობინება გაეგზავნა 2-ჯერ მაინც, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის შემთხვევაშ, ადრესატის მხრიდან დასტურის მიღების გარეშე. მხარეები თანხმდებიან, რომ მოცემული მუხლის მიზნებისათვის კრედიტორის ელექტრონული მისამართია: SUPERAUTOCREDIT@yahoo.com , მოვალე მხარის ელექტრონული მისამართია HOTIKO89@mail.ru .

სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა SUBARU FORESTER, გამოშვების წელი 2004, ფერი-შავი, ა/მანქანის ძრავის მოცულობა-1994, ა/მანქანის სარეგისტრაციო ნომერი BV2764211, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N SG5074690.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N34.0321166.001 (ს.ფ. 18-19)

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „სუპერ ავტო კრედიტსა“და თორნიკე დავითაძეს შორის, 2018 წლის 14 აპრილს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1662, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 14 აპრილს გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია თავდების ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებიდან მოითხოვოს და მოახდინოს სესხის, სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს ამოღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)

3.1.3. გიორგი დავითაძემ არ შეასრულა სალომბარდე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება, რის გამოც გამსესხებლის მიერ განხორციელდა სესხის უზრუნველყოფის საგნის, ავტომანქანის რეალიზაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება N1662 (ს.ფ.26-27)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

3.2.2. მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს.

სალომბარდე ხელშეკრულების გაფორმების და სესხის მიღების დღიდან გიორგი დავითაძეს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი არ გადაუხდია. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით გიორგი დავითაძის დავალიანება შეადგენდა: სესხის ძირი თანხა-3150 ლარი, სესხის პროცენტი 2018 წლის 19 მაისიდან 2018 წლის 14 აგვისტომდე 609 ლარი, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროთ მოპასუხეებს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო 87 დღის მართვის საკომისიო 63 ლარი, ავტომანქანის ნაწილების ღირებულება 220 ლარი. სულ დავალიანება მითითებული პერიოდისათვის განისაზღვრა 4864.15 ლარით. მოპასუხეები სადავოდ ხდიან დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას, მართვის საკომისიოს 63 ლარისა და ავტომანქანების ნაწილების ღირებულების 220 ლარის დაკისრებას.

პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტს, მის შესაბამისობას დარღვევის სიმძიმესთან და მოცულობასთან და დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის მნიშვნელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

რაც შეეხება მართვის საკომისიოს 63 ლარის დაკისრებას, სასასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3. მუხლზე, რომლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ყოველ მესამე თვეს გადაიხადოს ა/მანქანის მართვის საკომისიო - 63 ლარი, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობაა და არ ცდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ავტონომიისა და სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განახორციელების პრინციპს.

მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ ავტომანქანის ნაწილების შეძენისათვის გადახდილი 220 ლარის მართლზომიერება. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ხარჯის გაწევას მხარე მიუთითებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაში და მის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნული ხარჯის გაწევის დადასტურება, რაც მას არ განუხორციელებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.3. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს.

მხარეებს შორის გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა ა/მანქანა SUBARU FORESTER, გამოშვების წელი 2004, ფერი-შავი, ა/მანქანის ძრავის მოცულობა-1994, ა/მანქანის სარეგისტრაციო ნომერი BV2764211, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N SG5074690.

დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გიორგი დავითაძეს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი არ გადაუხდია. დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით N1662, განხორციელდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია 2478 ლარად, რაზედაც გაცემული იქნა ცნობა დავალიანების შესახებ.

მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის უზრუნველყოფის საგნის სარეალიზაციო ღირებულებას. აქედან გამომდინარე - დარჩენილი დავალიანების ოდენობას. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი კატეგორიის ავტომანქანების ღირებულება გაცილებით მაღალია ვიდრე ის ფასი, რომლის სანაცვლოდ მოხდა ავტომობილის გასხვისება. კერძოდ, ისინი უთითებენ ელექტრონულ ვებ.პორტალზე myauto.ge (ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა), რომელზეც იგივე მარკის მანქანის ფასი აღემატება უზრუნველყოფის საგნის რეალიზების ფასს. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით, მოპასუხეები თვლიან, რომ უზრუნველყოფის საგანი გაიყიდა უფრო დაბალი კლასის ავტომანქანების ფასად.

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეთა ამ პოზიციას. სასამართლო უთითებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი , რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის საბაზრო ღირებულების მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხე მხარეს. მოპასუხე თავის შესაგებელში უთითებს, რომ ავტომანქანა გაიყიდა საბაზროზე დაბალ ფასად. ამდენად, სწორედ მოპასუხე მხრე იყო ვალდებული წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის უტყუარობას ანუ ავტომანქანის რეალური საბაზრო ღირებულების ოდენობას.

სასამართლოს მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად არასაკმარის მტკიცებულებად მიაჩნია, ვებ.პორტალ myauto.ge-დან ამოღებული ინფორმაცია და უთითებს, რომ მოცემული მტკიცებულებით შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ კონკრეტული ავტომობილის სარეალიზაციო ფასი და ვერ დადასტურდება ზოგადად, მსგავსი მარკის მანქანების საბაზრო ღირებულება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ განახორციელა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება სათანადო წესით, ვერ გააბათილა მოსარჩელე მხარის პოზიცია უზრუნველყოფის საგნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს რეალიზებული ავტომანქანის ღირებულება 2478 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა/მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-27)

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.27)

-ელექტრონული წერილები (ს.ფ.28-29)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, აღნიშნული ვალდებულება დაირღვა სალომბარდე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მოახდინა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხოლო 256-ე მუხლის პირველი ნაწილით კი გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს). სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

მოცემული სამართალურთიერთობის საფუძველია 2018 წლის 14 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხე გიორგი დავითაძეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა გამსესხებლისგან ერთი წლის ვადით აიღო სესხი 3150 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.3 პუნქტით სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 19 რიცხვში, გადაეხადა 157.5 ლარი.

დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო სალომბარდე გირავნობით. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა ა/მანქანა SUBARU FORESTER, გამოშვების წელი 2004, ფერი-შავი, ა/მანქანის ძრავის მოცულობა-1994, ა/მანქანის სარეგისტრაციო ნომერი BV2764211, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N SG5074690.

ასევე, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „სუპერ ავტო კრედიტსა“ და თორნიკე დავითაძეს შორის, 2018 წლის 14 აპრილს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1662, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 14 აპრილს გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე.

ამდენად, მოცემული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო, როგორც უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივი, ისე, ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალებებით.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. ხოლო 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მსესხებელს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი საერთოდ არ გადაუხდია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად „კრედიტორს“ უფლება აქვს არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტოს იმ შემთხვევაში თუკი „მსესხებლის“ მიერ სესხის სარგებლის თანხის ან სესხის თანხის გადახდის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ჯამში შეადგენს 5 კალენდარულ დღეს. . ამავე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია გაასხვისოს უზრუნველყოფის საგანი იმ შემთხვევაში თუ მსესხებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება 5 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებით მსესხებელს ეცნობა სასესხო ვალდებულების შესრულების თაობაზე და გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებაც განემარტა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ვალდებულების იმდაგვარი დარღვევა, რომლის სამართლებრივი შედეგები სწორედ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილითაა განსაზღვრული და ვალდებულების დარღვევის ხარისხიდან და ხასიათიდან გამომდინარე კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოვალის გაფრთხილების შემდეგ, შეეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და მოეხდინა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სალომბარდე გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების პირობები შეთანხმებულია მხარეთა შორის და მოსარჩელეს მათი კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. შეცილებულია მხოლოდ გირავნობის საგნის სარეალიზაციო ღირებულება, პირგასამტეხლოს ოდენობა, მართვის საკომისიო 63 ლარი და ავტომანქანის ნაწილების ღირებულება 220 ლარი.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები, ხოლო მე-4 მუხლით მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

 

სსკ-ის 283-ე მუხლი ითვალისწინებს მოგირავნის ვალდებულებას გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

 

მოპასუხეები უთითებენ, რომ გირავნობის საგანი არ გაიყიდა სამართლიან და გონივრული ფასად. ამასთან, მათ არ წარმოუდგენიათ აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მათ პოზიციას გაიზიარებდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა პოზიცია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. გირავნობის საგნის რეალიზაციისას არ დარღვეულა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას უნდა გამოაკლდეს გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა 2478ლარი.

 

6.5. როგორც აღინიშნა, შპს „სუპერ ავტო კრედიტსა“ და თორნიკე დავითაძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულების 1.1 მუხლით განისაზღვრა თორნიკე დავითაძის სოლიდარული ვალდებულება გამსესხებლის წინაშე, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეისრულებლობის შემთხვევაში. 4.1 მუხლით თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა სესხის ძირ თანხას, მასზე დარიცხულ სარგებელს და პირგასამტეხლოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თორნიკე დავითაძის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად (სუსგ N ას-1432-1351-2012 20.05.2013წ.)

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს (სუსგ N ას-1302-1222-2017 15.12.17წ.)

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ. თუმცა, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა თითქმის ორჯერ მეტია დარიცხულ სარგებელზე. სასამართლო განმარტავს, რომ 87 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა 607 ლარი, არ შეესაბამება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას, არაგონივრულია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დადგენილ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით. ჯამში მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ: სესხის ძირი თანხა -3150 ლარი, სარგებელი-609 ლარს და პირგასამტეხლო -100 ლარი, რასაც უნდა გამოკლეს ავტომანქანის რეალიზაციის თანხა 2478 ლარი.

6.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სალომბარდე ხელშეკრულების 4.3. მუხლი ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ მესამე თვეს ა/მანქანის მართვის საკომისიოს 63 ლარის გადახდას, რაც მხარეთა შორის შეთანხმებული პირობაა და არ ცდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ავტონომიისა და სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განახორციელების პრინციპს.

მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი დაკისრების მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.8. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას ავტომანქანის ნაწილების ღირებულების 220 ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებებით, აღნიშნული ხარჯის გაწევა არ დადასტურდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს

ჯამში მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლო უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხა -3150 ლარი, სარგებელი-609 ლარს, პირგასამტეხლო -100 ლარი და ავტომანქანის მართვის საკომისიო 63 ლარი, რასაც უნდა გამოკლეს ავტომანქანის რეალიზაციის თანხა 2478 ლარი, რაც სეადგენს 1444 ლარს.

6.9. მოსარჩელე მოითხოვს დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

დადგენილია, რომ ქონების რეალიზებით მიღებული თანხით მოგირავნის სრულად დაკმაყოფილება არ მომხდარა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 4.15 მუხლით და თავდებობის ხელშეკრულების 3.3 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დაფარვის წესზე იმ სემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღნისნული შეთანხმება ითვალისწინებს გამსესხებლის უფლებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა ამ ნაწილში კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 2386.15 ლარი. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1444 ლარის გადახდა. შესაბამისად, მათვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 30 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „სუპერ ავტო კრედიტის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს გიორგი დავითაძეს და თორნიკე დავითაძეს დაეკისროთ მოსარჩელის შპს „მაიაუტოკრედიტის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად 1444 ლარი;

3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონების რეალიზაცია.

4. მოპასუხეებს გიორგი დავითაძეს და თორნიკე დავითაძეს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ სარჩელია აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 30 ლარი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე