გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3963-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - შო--- სი---------ე
წარმომადგენლები - მზ-- თო-----, შა-–-- ქუ------ე
მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმომადგენელი - ფი----- ჩხ---ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 7 მაისის №6------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე შო--- სი---------ისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე შო--- სი---------ისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და მისთვის ყოველთვიური ანაზღაურების, 850 ლარის ოდენობით დანიშვნის თაობაზე;
1.3. დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოსარჩელე შო--- სი---------ისათვის ემერიტუსის წოდებიდან გამომდინარე მიუღებელი გასამრჯელოს ანაზღაურება, მისი აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე ყოველთვიურად 850 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და ზ--ნის ანაზღაურების დავალების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე შო--- სი---------ე, 2006 წლის 1 სექტემბრიდან გათავისუფლდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან.
მოსარჩელე შო--- სი---------ემ, 2019 წლის 25 აპრილს, წარმომადგენლის მეშვეობით, განცხადებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ითხოვა მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 7 მაისის №6------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე შო--- სი---------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული აკადემიური და სასწავლო საშტატო ერთეულების გაუქმებისა და შესაბამისი პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს № 0-------- ბრძანება (ს.ფ. 192-194);
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 7 მაისის №6------------ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 219-220);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შო--- სი---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (2009 წლამდე მოქმედი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 7 მაისის №6------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე შო--- სი---------ისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისინ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ისეთი ქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე შო--- სი---------ის მოთხოვნა ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ამ წოდებიდან გამომდინარე, მიუღებელი გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მეცნიერების განვითარება, რომელიც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს, მეცნიერების კონკრეტული დარგის შემდგომი განვითარების და სტიმულირების მიზნით, დამსახურებული მეცნიერებისათვის განსაკუთრებული - ემერიტუსის წოდების მინიჭებას, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია, რაც ნიშნავს საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო დამოუკიდებლობისათვის სათანადო პირობების შექმნას, მათ შორის სამეცნიერო საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სარგებლობდეს მეცნიერული პროგრესის შედეგებით და პრაქტიკულად იყენებდეს მათ. ღონისძიებანი, რომლებიც უნდა მიიღონ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ამ უფლების სრული განხორციელებისათვის, შეიცავენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა მეცნიერებისა და კულტურის მიღწევათა დაცვის, განვითარებისა და გავრცელებისათვის. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ თავისუფლებას, რომელიც უთუოდ აუცილებელია მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
სასამართლო, დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სამეცნიერო თავისუფლების უფლება და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების და ლეგიტიმური მიზნის გარეშე, არ დაუშვას პირისათვის სამეცნიერო წოდების მინიჭების შეზღუდვა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის პროცესში კანონშეუსაბამო ჩარევა.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური წოდება არის წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. წესდებით შეიძლება განისაზღვროს ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მეცნიერებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიიდან გამომდინარე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილებას წარმოადგენს და მისი მინიჭების წესს და პირობებს, იგი თავისი წესდებით, ავტონომიურად განსაზღვრავს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების პირობები, განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი (დანართი №1), რომლის მე-21 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის არის 65 წლის ან მეტი ასაკის, უკავია უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა, ორჯერ მაინც იყო არჩეული უნივერსიტეტის პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე, აქვს თსუ-ში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისათვის, პირი შესაბამისი განაცხადის გაკეთების მომენტისათვის კუმულატიურად უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, მათ შორის ამ მომენტისათვის მას უნდა ეკავოს პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე შო--- სი---------ე, 2006 წლის 1 სექტემბრიდან გათავისუფლდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე შო--- სი---------ემ, 2019 წლის 25 აპრილს, წარმომადგენლის მეშვეობით, განცხადებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ითხოვა მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, ხოლო სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 7 მაისის №6------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე შო--- სი---------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, მოსარჩელე შო--- სი---------ეს ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებაზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ უარი ეთქვა ისეთ პირობებში, როდესაც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის მას, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ეკავა პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მოსარჩელე შო--- სი---------ის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭებოდა ემერიტუსის წოდება, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მითითებული ნორმა ამოქმედდებოდა 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან. შესაბამისად, ნორმა, რომელიც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 65 წელს მიღწეული ყველა პროფესორისათვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებას უპირობოდ ითვალისწინებდა, მოსარჩელე შო--- სი---------ის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე არ მოქმედებდა (არ იყო ძალაში შესული), რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მოცემულ მომენტში არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს - უფლებას პირს ამ ნორმის საფუძველზე მოეთხოვა ემერიტუსის აკადემიური წოდება.
სასამართლო მიუთითებს, 2009 წლამდე მოქმედ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
მითითებული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წელს ძალაში შესული ნორმის, 2006 წელს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალებისა და მიუღებელი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
დადგენილია, რომ მოსარჩელე შო--- სი---------ის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მას უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შო--- სი---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოსარჩელე შო--- სი---------ეს დაუბრუნდეს მის მიერ, 2019 წლის 4 ივნისს, №8020427393 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი