განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
050100119003064185
დავის ტიპი
299 1
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

საქმე N 1-2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

09.07. 2019 წელი ქ. ო----------ი

 

ო----------ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა

 

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნ------------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

 

ბრალდებული: გ---------------ე

მამის სახელი: ვ-------ი

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: გაქარწყლებული

რეგისტრირებული: ო----------ი, ღ-–------ს ქ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299–ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.2. შპს ,,გ-------–--ის’’ დირექტორმა გ---------------ემ 2018 წლის 16 დეკემბერს ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ში, მდინარე ნატანების სანაპიროზე, ,,გ-------–--ის’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 1401,8 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, რითაც გარემოს მიაყენა 1601,8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.1. 2019 წლის 5 ივლისის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით გ---------------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, წარდგენილ ბრალდებაში გ---------------ემ თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა გ---------------ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---------------ის ბრალეულობას სახელდობრ, ლ-–-------ის, ლ-–---------ძის, ვ----–-------–---–ის, მ------------------ის, ქ------------------ძის გამოკითხვის ოქმები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დასავლეთ რეგიონული სამმართველოდან მიღებული წერილები და მასალები, (წიაღის მოპოვების ადგილის შესწავლა-დათვალიერების აქტი, აღებული GPS კორდინატები, ტოპოგრაფიული რუკები, ზიანის გაანგარიშების სქემა და ფოტოილუსტრაცია), ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან შპს ,,გ-------–--ის“ შესახებ, ზიანის ანაზღაურების ქვითარი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია გ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299–ე მუხლის პირველი ნაწილით - წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---------------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299–ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც გ---------------ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გ---------------ეს არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ---------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლობის არ მქონეა, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.

 

ამდენად, გ---------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის მე-პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული მსუბუქი სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. ექსკავატორი, სახელმწიფო ნომრით B-------, რომელიც ჩაბარებული აქვს შპს "გ-------–--ის" დირექტორს გ---------------ეს, უნდა დარჩეს მის მფლობელობაში, ხოლო "CD" დისკი, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

4.1. ექსკავატორი, სახელმწიფო ნომრით B-------, რომელიც ჩაბარებული აქვს შპს "გ-------–--ის" დირექტორს გ---------------ეს, დარჩეს მის მფლობელობაში.

 

4.2. "CD" დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა