გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
080310018002255385
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002255385

საქმე №3/42-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე, ნინო გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,------”

წარმომადგენელი - დირექტორი ხ----------–--ე

წარმომადგენელი - შ-----------–--ე, ზ------------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი - მ----------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

წარმომადგენელი - ა-–----------------------------------–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 30 იანვრის NGB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16455 ბრძანება.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება N4593/2/2017წ.

 

სარჩელის თანახმად, 2017 წლის 17 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით დათვალიერებული იქნა ავტომანქანა სახ.ბ------ (მძღოლი ფ/პ ზ------ ჯ--–--–--–---–ი, პ/ნ 6----------). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2017 წლის 30 იანვარს შპს ,,------ს’’ მიმართ შეადგინეს NCB714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის შინარსით ირკვევა, რომ ოქმი შედგა იმ მოტივით, რომ ხე-ტყის ტრანსპორტირებისას გამოწერილი არ იყო სასაქონლო ზედნადები. სანქციის სახით შპს ,,------ს’’ შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარი და ჩამოერთვა საქონელი.

 

შპს ,,------მ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა სამართალდარღვევის ოქმი.

 

აღნიშნული ბრძანება მხარემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს განსახილველად დაუბრუნდა შპს ,,------ს’’ საჩივარი, ამ გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანება;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა თავის მხრივ 2017 წლის 24 მაისს გამოსცა ბრძანება N13791, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,------ს’’ საჩივარი და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადო გამოკვლევით შეესწავლა შპს ,,------ს’’ და ხე-ტყის მესაკუთრე პირებს შორის ხე-ტყის მასალის შეძენის დამადასტურებელი 2017 წლის 17 იანვარს შედგენილი შესყიდვის აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლის არსებობისას, თუ არ დადასტურდებოდა სამართალდარღვევის ფაქტი, გაეუქმებინა 2017 წლის 30 იანვარს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული საქნცია.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და 2017 წლის 16 ივნისის N16455 ბრძანებით უცვლელად დატოვა 2017 წლის 30 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ბრძანება მხარემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლმაც 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანებით განუხილველი დატოვა შპს ,,------ს’’ საჩივარი. აღნიშნულის შემდეგ შპს ,,------მ’’ სადავო აქტები გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, რომლის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,------ს’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას შპს ,,------ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს (14:40სთ) ა------ ა-------ის სახელზე გაიცა N1000105670 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს (14:00) ი-----–--- ა-------ის სახელზე გაიცა N1000105669 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს (15:25) დ----- მ---------ის სახელზე გაიცა N1000105671 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (იხ. ს.ფ. 76-78);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს შპს ,,------ს’’ დირექტორმა ხ----------–--ემ ა------ ა-------ისგნ შეისყიდა კაკლის სამასალე მორი, რაოდენობა - 2,60მ2, ფასი 600; სულ ჯამში -1560.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს შპს ,,------ს’’ დირექტორმა ხ----------–--ემ ი-----–--- ა-------ისგან შეისყიდა კაკლის სამასალე მორი, რაოდენობა - 3,30მ2, ფასი - 750; სულ ჯამში - 2475.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს შპს ,,------ს’’ დირექტორმა ხ----------–--ემ დ----- მ---------ისგან შეისყიდა კაკლის სამასალე მორი, რაოდენობა - 4,40მ2, ფასი - 800; სულ ჯამში - 3520.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესყიდვის აქტები (იხ. ს.ფ. 14-16);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს 14:00 საათზე შეივსო N1000105669 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომლის თანახმად, ირკვევა შემდეგი:

ხე-ტყით მოსარგებლე - ა-------ე ი-----–---, ამბროლაური, ს. ბ-------–ი, 0----------.

 

ფირნიშის ნომერი 0000745926, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) - 3,000, მსხვილი (სმ) -67,000, წვრილი (სმ) -64,000, მორის მოცულობა - 1,130;

ფირნიშის ნომერი 0000745929, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) - 6,000, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) -44,000, მორის მოცულობა - 1,650;

ფირნიშის ნომერი 0000745931, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 4,850, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) -40,000, მორის მოცულობა - 0,720;

ფირნიშის ნომერი 0000745922, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 3,740, მსხვილი (სმ) -46,000; წვრილი (სმ) - 42,000, მორის მოცულობა - 0,600;

 

ფაილი აიტვირთა - 13:36. 20.01.2017.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს 14:40 საათზე შეივსო N1000105670 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომლის თანახმად, ირკვევა შემდეგი:

 

ხე-ტყით მოსარგებლე - ა------ ა-------ე, 0----------.

 

ფირნიშის ნომერი 0000745921, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 6,700, მსხვილი (სმ) -0,000, წვრილი (სმ) – 58,000, მორის მოცულობა - 2,160;

ფირნიშის ნომერი 0000745922, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 4,700, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 54,000, მორის მოცულობა - 1,270;

ფირნიშის ნომერი 0000745923, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 4,700, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 30,000, მორის მოცულობა - 0,400;

ფირნიშის ნომერი 0000745924, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 4,500, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 40,000, მორის მოცულობა - 0,660;

 

ფაილი აიტვრთა - 13:47. 20.01.2017.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს 15:25 საათზე შეივსო N1000105671 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომლის თანახმად, ირკვევა შემდეგი:

 

ხე-ტყით მოსარგებლე - დ----- მ---------ე, პ/ნ 0----------.

 

ფირნიშის ნომერი 0000745925, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 4,600, მსხვილი (სმ) -0,000, წვრილი (სმ) – 44,000, მორის მოცულობა - 0,820;

ფირნიშის ნომერი 0000745927, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 2,300, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 57,000, მორის მოცულობა - 1,690;

ფირნიშის ნომერი 0000745928, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 3,850, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 80,000, მორის მოცულობა - 2,290;

ფირნიშის ნომერი 0000745930, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 7,200, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 56,000, მორის მოცულობა - 2,180;

ფირნიშის ნომერი 0000745932, ჯიში - კაკალი, მორების სიგრძე (მ) – 4,900, მსხვილი (სმ) -0,000; წვრილი (სმ) - 60,000, მორის მოცულობა - 1,650;

 

ფაილი აიტვირთა - 13:42. 20.01.2017.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N1000105669 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 110);

- N1000105670 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 111);

- 0000745925 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 112);

 

3.1.4. 2017 წლის 17 იანვარს (საათი 15:31:59) ამოიწერა Nელ - 0283826359 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, გამყიდველი შპს ,,------’’, მყიდველი შპს ,,------’’, ოპერაციის შინაარსი: შიდა გადაზიდვა, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი- ამბროლაური რაიონი ბ-------–ი, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ბათუმი, სამების 12; სატრანსპორტო საშუალების ნომერი B------, მისამბელი R-----, მძღოლის პირადი ნომერი 6----------.

 

სასაქონლო ზედნადების ცხრილი: მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745922; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745923; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745924; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745925; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745928; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745930; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745929; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745921; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745931; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745932; მრგვალი ხე-ტყე (მორი), საქონლის კოდი - ხეტყე-1; საქონლის რაოდენობა 1,0000, ფირნიშის ცნობის ნომერი - 0000745933;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- Nელ - 0283826359 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (იხ. ს.ფ. 18-19);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით დათვალიერებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B------, რომელსაც მართავდა ფ/პ ზ------ ჯ--–--–--–---–ი (პ/ნ 6-----------). დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო შპს ,,------ს’’ კუთვნილი 10,21 მ3 ხე-მასალა (კაკლის ჯიშის მორი), რომელზეც არ იყო გამოწერილი შესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსის მიერ წერილობით ეცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს დაილუქა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B------ და შედგა დალუქვის აქტი.

 

დადგენილია, რომ შპს ,,------ს’’ კუთვნილი კაკლის ჯიშის 10 ერთეული მორი (დაფირნიშებულია შემდეგი ნომრებით: 1) 745921; 2) 745922; 3) 745923; 4) 745924; 6) 745925; 7) 745929; 8) 745930; 9) 745931; 10) 745932. მერქნული რესურსი მოთავსებული იყო ავტომანქანა ,,სკანიას“ ძარაზე სახელმწიფო ნომრით B------, რომელიც დაიცალა და დასაწყობდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო-დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე.

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 27 იანვრის №42494/01/17 დასკვნის თანახმად, ქ. სამტრედიაში, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო-დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი შპს ,,------ს’’ კუთვნილი 10 ცალი კაკლის ჯიშის მორების საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 10,21 კუბ.მ. საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეიძლება განისაზღვროს 5105 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო, ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 იანვრის მიმართვა (იხ. ს.ფ. 72).

- დალუქვის აქტი (75);

- 21/12/7041 წერილი, ქონების მიღების აქტი (იხ. ს.ფ. 70-71);

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 27 იანვრის N42494/01/17 დასკვნა (იხ. ს.ფ. 87-91);

 

3.1.6. 2017 წლის 30 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ,,------ს’’ მიმართ შედგა NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 5000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 92-93).

 

3.1.7. დადგენილია, რომ NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,------მ’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანება შპს ,,------მ’’ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, საჩივარი N14391/2/17 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება.

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურში დაბრუნებული შპს ,,------ს’’ საჩივარი.

 

2017 წლის 24 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N13791 ბრძანებით შპს ,,------ს’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყოს ადმინისტრაციული წარმოება და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისათვის, შეესწავლა შპს ,,------სა’’ და ხე-ტყის მესაკუთრე პირებს შორის ხე-მასალის შეძენის დამადასტურებელი 2017 წლის 17 იანვარს შედგენილი შესყიდვის აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობისას, თუ არ დადასტურდებოდა გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, გაეუქმებინა გადამხდელის მიმართ შედგენილი 2017 წლის 30 იანვრის NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13791 ბრძანება (იხ. ს.ფ. 23-24)

 

3.1.9. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 მაისის N13791 ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 24 მაისის N13812 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,------ს’’ საჩივართან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს გაიმართა სხდომა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩაბმული იქნენ შპს ,,------ს’’ დირექტორი ხვიჩა ა-------ე, რომელმაც განმარტა, რომ შპს ,,------ს’’ საქმიანობის სახეს წარმოადგენს კაკლის ხის ექსპორტი, ხოლო ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, იტალიასა და სხვადსხვა ქვეყნებში. აღნიშნული კაკლის ხის მასალის შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ადგილწარმოშობის დოკუმენტებითა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების შესაბამისად შემდგომ შესყიდვის აქტებით ყიდიან საქონელს შპს ,,------ზე’’. ხ----------–--ის განმარტებით, 2017 წლის 17 იანვარს დილის ხუთ საათზე იგი ჩავიდა რაჭაში, სოფელ ნ------–-----აში, სადაც ჩაიყვანა მძღოლი ხის მასალის გადმოსაზიდად, აღნიშნული ხის მასალა ი-----–--- ა-------ისგან, დ----- მ---------ისგან და ა------ ა-------ისგან შეისყიდა შპს ,,------ს’’ ხის მასალის გადაზომვის შემდგომ. შესყიდვის აქტები აღნიშნულ პირებს შორის გაფორმდა 2017 წლის 17 იანვარს და გადასცა შესაბამისი თანხა, ხოლო მათ გადასცეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ხ----------–--ეს. ხ----------–--ის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო ა------ ა-------ის ინდ. მეწარმედ რეგისტრაციის თაობაზე, ამასთან მისი განმარტებით მასსა და ა------ ა-------ეს შორის არ არსებობდა საქონლის შესყიდვაზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, არამედ არსებობდა მხოლოდ შესყიდვის აქტი. ხ----------–--ის განმარტებით იგი არ არის საქმის კურსში თუ დ----- მ---------ემ და ი-----–--- ა-------ემ მიჰყიდეს ა------ ა-------ეს რაიმე საქონელი. ხ----------–--ის განმარტებით, მან ი-----–--- ა-------ისგან 2475 ლარის საქონელი კონკრეტულად 3,3 მ3 ხის მასალა იყიდა განათავსა აღნიშნული საქონელი ავტომანქანაზე. მის მიერ დაქირავებულმა ავტომანქანამ საქონლის ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 17 იანვარს 15:31 წუთზე. 2017 წლის 17 იანვარს 12 საათამდე მას უკვე ჰქონდა აღნიშნული პიროვნებებისგან გადაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები და ასევე შესყიდვის აქტები. აღნიშნული წარმოშობის დოკუმენტები მან დაუტოვა მძღოლს და შემდგომ გაემართა ბათუმში. 2017 წლის 17 იანვარს როდესაც მოხდა ავტომანქანის შეჩერება ის იმყოფებოდა ბათუმში, ხოლო როდესაც შემოსავლების სამსახურში მივიდა და წარუდგინა შესყიდვის აქტები განუმარტეს, რომ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა გვიანი იყო.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს გაიმართა სხდომა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ი-----–--- ა-------ის წარმომადგენლის ლ---- ა-------ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ი-----–--- ა-------ე რეგისტრირებული არის ინდივიდუალურ მეწარმედ და სხვადასხვა სახის ტენდერებში ღებულობს მონაწილეობას. ლ---- ა-------ის განმარტებით ი-----–--- ა-------ეს რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურის რაიონის სოფელ ბ-------–ში აქვს კაკლის ხეივანი, რომლიდანაც ორი წლის წინ ორი ძირი კაკალი იქნა მოჭრილი და დასაწყობებული, რასაც ადასტურებს გამგეობიდან აღებული ადგილწარმოშობის დოკუმენტი. ლ---- ა-------ის განმარტებით იგი ი-----–--- ა-------ის სახელით დაუკავშირდა შპს ,,------“-ს დირექტორს ტელეფონით და შეთანხმდნენ კაკლის მორების ყიდვასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე. ლ---- ა-------ის განმარტებით 2017 წლის 17 იანვარს დაახლოებით დილის ცხრა საათზე შპს ,,------“-ს დირექტორი ხ----------–--ე ჩავიდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბ-------–ში და იყიდა ი-----–--- ა-------ისგან 3,3 მ.3 კაკლის ჯიშის მორი. ლ---- ა-------ის განმარტებით, 2017 წლის 17 იანვარს დაახლოებით დილის 10 საათზე ი-----–--- ა-------ემ ხ----------–--ეს გადასცა დოკუმენტები, შესყიდვის აქტი და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ. ამასთან, 2017 წლის 17 იანვარს ი-----–--- ა-------ემ ასევე მიჰყიდა ა------ ა-------ეს დაახლოებით 1მ.3 ხის მასალა, რაზეც გაფორმდა შესაბამისი შესყიდვის აქტი, რომელიც გადაეცა ა------ ა-------ეს.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ფ/პ დ----- მ---------ის (პ/ნ 0----------) მიერ განმარტებულ იქნა, რომ მას აქვს ვენახი და ახორციელებს მის მოვლასა და დამუშავებას. ამასთან, ახორციელებს მისი მოყვანილი ყურძნის, ლობიოს, ასევე მისი ამოყვანილი ყველის რეალიზაციას. ფ/პ დ----- მ---------ის განმარტებით იგი ცხოვრობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ბ-------–ში, სადაც ჰქონდა დაახლოებით 10 ძირი კაკალი. მისი განმარტებით აღნიშნული 10 ძირიდან მან მოჭრა ხუთი ძირი კაკალი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. დ----- მ---------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 17 იანვარს დაახლოებით 12 საათზე იგი სოფელში შემთხვევით შეხვდა შპს ,,------“-ს დირექტორს ხ----------–--ეს, რომელსაც სურდა კაკლის მორების შესყიდვა. დ----- მ---------ემ წაიყვანა ხ----------–--ე თავის მიწაზე, სადაც ჰქონდა განთავსებული ხის მასალა. დ----- მ---------ის განმარტებით მას მეტყევე 2017 წლის 17 იანვარს ჰყავდა მიყვანილი საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელმაც აუზომა ხის მასალის მოცულობა, მაგრამ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გადასცა მამამისს ზ------ მ---------ეს. დ----- მ---------ის განმარტებით ხ----------–--ე 2017 წლის 17 იანვარს დაახლოებით 2-ის ნახევარზე წავიდა მისი მიწიდან და წაიღო შპს ,,------“-ს მიერ შესყიდული ხის მასალა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გარეშე, ხოლო, შესყიდვის აქტი დ----- მ---------ემ გაატანა შპს ,,------“-ს დირექტორს ხ----------–--ეს. ფ/პ დ----- მ---------ის განმარტებით მან ა------ ა-------ეს 2017 წლის 17 იანვარს 4 საათზე ასევე მიყიდა დარჩენილი ხის მასალა 500 ლარად.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ი/მ ა------ ა-------ემ (პ/ნ 0----------) განმარტა, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, რადგან ადრე ჰქონდა ლიმონათის ქარხანა, ხოლო, დღეის მდგომარეობით აღნიშნული ქარხანა არის გაჩერებული. ასევე დასძინა, რომ იგი ამუშავებს მიწას და ყიდის მის მიერ მოყვანილ ყურძენს, ამოყვანილ ყველს და სხვადასხვა მის მიერ მოყვანილ პროდუქტს. ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელს მან მიმართა გამგეობას ადგილწარმოშობის დოკუმენტების გადასაცემად, რა დროსაც მას ჰქონდა დაახლოებით 10 ძირი კაკალი, აღნიშნული კაკლიდან 2016 წელს მოჭრა 4 ძირი კაკალი, რომელიც ეწყო მის კუთვნილ მიწაზე. ა------ ა-------ის განმარტებით 2017 წლის 17 იანვარს ამბროლაურის რაიონის სოფელ ბ-------–ში ჩავიდა ხ----------–--ე, რის შესახებაც გრიგოლი ა-------ემ (ნათესავმა) გააგებინა ა------ ა-------ეს. ა------ ა-------ის კუთვნილ ნაკვეთში ხ----------–--ე მივიდა 2017 წლის 17 იანვარს დილის რვა საათზე. ხის მასალის დათვალიერების შემდგომ ა------ ა-------ემ მიიყვანა თავის მიწაზე მეტყევე დაახლოებით ათის ნახევარზე რომელმაც ხის მასალის გაზომვის შემდგომ ა------ ა-------ეს გადასცა მას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. ა------ ა-------ის განმარტებით, მას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების შესაბამისად ჰქონდა 4 ცალი მორი, მოცულობით 4,49 მ3 ხის მასალა. აღნიშნულიდან 2,6 მ3 ხის მასალა იყიდა მხოლოდ ხ----------–--ემ შპს ,,------“-ს სახელით, მაგრამ რადგან ვერ მოხდა ზემოაღნიშნული მორების დაყოფა, ხ----------–--ემ მთლიანად წაიღო 4 ცალი მორი და აპირებდა მორების გადამუშავების შემდგომ ი/მ ა------ ა-------ის კუთვნილი ნაწილის უკან დაბრუნებას. ამასთან დასძინა, რომ მან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და შესყიდვის აქტები გადასცა ხ----------–--ეს. ხოლო, ხ----------–--ემ წამოსვლის შემდგომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები დაუტოვა მის მძღოლს. 2017 წლის 17 იანვარს 3 საათზე ა------ ა-------ემ შეიძინა ი/მ ი-----–--- ა-------ისგან და დ----- მ---------ისგან დანარჩენი ხის მასალა და გააფორმა მათთან შესყიდვის აქტები. ა------ ა-------ის განმარტებით მან თავისი შესყიდვის აქტები, რომელიც გააფორმა ი-----–--- ა-------ესთან და დ----- მ---------ესთან გაატანა შპს ,,------“-ს მძღოლს, რადგან ხ----------–--ემ თავისი შესყიდვის აქტები გაფორმებული შპს ,,------“-სთან წაიღო მანამდე, ხოლო, მძღოლი დარჩა შესყიდვის აქტების გარეშე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N16455 ბრძანებით უცვლელად დარჩა შპს ,,------ს’’ მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 30 იანვარს შედგენილი NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13812 ბრძანება (იხ. ს.ფ. 101)

- ოქმი N23 (იხ. ს.ფ. 105-106);

- ოქმი N25 (იხ. ს.ფ. 102-104)

- N16455 ბრძანება (იხ. ს.ფ 25-28);

 

3.1.10. დადგენილა, რომ შპს ,,------მ’’ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 მაისის N13791 ბრძანება და 2017 წლის 30 იანვრის NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანებით შპს ,,------ს’’ საჩივარი (2017 წლის 17 ივლისი) დატოვა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის N21082 ბრძანება (იხ. ს.ფ. 29);

 

3.1.11. დადგენილია, რომ შპს ,,------მ’’ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და 2017 წლის 16 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N16455 ბრძანების, 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანების და 2017 წლის 30 იანვრის NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,------ს’’ საჩივარი (459/2/2017) არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (იხ. ს.ფ. 30-31);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ . 32-37);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 17 იანვრის NGB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16455 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს უფროსმა წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და აცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვარს სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით დათვალიერებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B------, რომელსაც მართავდა ფ/პ ზ------ ჯ--–--–--–---–ი (პ/ნ 6-----------). დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო შპს ,,------ს’’ კუთვნილი 10,21 მ3 ხე-მასალა (კაკლის ჯიშის მორი), რომელზეც არ იყო გამოწერილი შესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 27 იანვრის №42494/01/17 დასკვნის თანახმად, ქ. სამტრედიაში, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო-დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი შპს ,,------ს’’ კუთვნილი 10 ცალი კაკლის ჯიშის მორების საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 10,21 მ3 საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება - 5105 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

2017 წლის 30 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ,,------ს’’ მიმართ შედგა NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა 5000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა და ამასთან, იგი უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

სასამართლო საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების განმარტებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქმედების სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის ითვალისწინებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახი ან გაუფრთხილებლობით); გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის, ამდენად, თუ არ არსებობს კანონით საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ. მე-12 მუხლი კი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ კომპანიის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთან მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს 626-596 (კ-07) საქმეზე განმარტა შემდეგი ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სწორედ საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა/არარსებობის საკითხი და შემდგომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ადგენს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენების სავალდებულობას. შესაბამისად ცხადია, რომ ზედნადები შევსებული უნდა იყოს კანონის დადგენილი წესით მასში არსებული ყველა რეკვიზიტის დაცვით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ 2017 წლის 30 იანვრის NGB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და გაასაჩივრა ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მითითებული სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 7 მარტის N6018 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით N14391/2/17 საჩივარზე მიიღო გადაწყვეტილება, შპს ,,------ს“ საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით 2017 წლის 24 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N13791 ბრძანებით შპს ,,------ს’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყოს ადმინისტრაციული წარმოება და საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისათვის, შეესწავლა შპს ,,------სა’’ და ხე-ტყის მესაკუთრე პირებს შორის ხე-მასალის შეძენის დამადასტურებელი 2017 წლის 17 იანვარს შედგენილი შესყიდვის აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობისას, თუ არ დადასტურდებოდა გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, გაეუქმებინა გადამხდელის მიმართ შედგენილი 2017 წლის 30 იანვრის NCB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 მაისის N13791 ბრძანების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 24 მაისის N13812 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,------ს’’ საჩივართან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარეებად ჩართული იქნენ: შპს ,,------“-ს დირექტორი ხ----------–--ე, ა------ ა-------ე, ი-----–--- ა-------ე (წარმომადგენელი ლ---- ა-------ე), დ----- მ---------ე.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონეა გარემოებები, მიღებული იქნა ახსნა-განმარტებები, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 16 მაისის N16455 ბრძანებით შპს ,,------ს“ მიმართ უცვლელად დარჩა სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს საგადასახადო ორგანოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, დადგენილია რომ ,,სკანიას“ ტიპის ავტომანქანაზე, სახელმწიფო ნომრით B------, რომელიც დატვირთული იყო 10 ერთეული კაკლის ჯიშის მორით, გააქტიურებული იყო ელ. ზედნადები N0283826359, რომლის თანახმად შპს ,,------’’ ახდენდა შიდა გადაზიდვას ამბროლაურის რაიონიდან ქ. ბათუმის სამების ქუჩის N12-ში. ზედნადების მე-20 გრაფაში გაწერილია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები შემდეგი ნომრებით: 1. 1000105670 (ა------ ა-------ე) 2. 1000105669 (ი-----–--- ა-------ე), 3. 1000105671 (დ----- მ---------ე). ვერ იქნა წარდგენილი შპს ,,------სა“ და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების მესაკუთრეებს შორის დამაკავშირებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა------ ა-------ე (პ/ნ 0----------) და ი-----–--- ა-------ე (პ/ნ 0----------) რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად. ხოლო, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემების შესაბამისად, არ ფიქსირდება ი/მ ი-----–--- ა-------ის (პ/ნ 0----------) და ი/მ ა------ ა-------ის (პ/ნ 0----------) მიერ შპს ,,------“- სთვის (ს/ნ 4--------) ხის მასალის მიწოდების ფაქტზე გამოწერილი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები.

 

ასევე, აღსანიშნავია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ი-----–--- ა-------ის, ხ----------–--ის, ა------ ა-------ის და დ----- მ---------ის მიერ მიცემული იქნა ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-განმარტებები.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებზე, რომელთა თანახმად, ი/მ ა------ ა-------ის (პ/ნ 0----------) სახელზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის N1000105670 დოკუმენტის შევსების დროს წარმოადგენს 2017 წლის 17 იანვარი 14:40 საათი, ი/მ ი-----–--- ა-------ის (პ/ნ 0----------) სახელზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის N1000105669 დოკუმენტის შევსების დროს წარმოადგენს 2017 წლის 17 იანვარი 14:00 საათი, ფ/პ დ----- მ---------ის (პ/ნ 0----------) სახელზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის N1000105671 დოკუმენტის შევსების დროს წარმოადგენს 2017 წლის 17 იანვარი 15:25 საათი, ხოლო Nელ - 0283826359 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, გამყიდველი შპს ,,------’’, მყიდველი შპს ,,------’’, ოპერაციის შინაარსი: შიდა გადაზიდვა, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი- ამბროლაური რაიონი ბ-------–ი, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ბათუმი, სამების 12; სატრანსპორტო საშუალების ნომერი B------, მისაბმელი R-----, მძღოლის პირადი ნომერი 6---------- ამოიწერა 2017 წლის 17 იანვარს (საათი 15:31:59).

 

ასევე აღსანიშნავია, 2017 წლის 17 იანვარს ამოწერილი Nელ - 0283826359 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ტრანსპორტირებული იქნა 11 ცალი მორი, მაშინ როდესაც 2017 წლის 17 იანვარს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ B------ სახელმწიფო ნომრის მოქონე ავტომანქანის გადამოწმებისა და დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო შპს ,,------ს’’ კუთვნილი 10,21 მ3 ხე-მასალა, კერძოდ, კაკლის ჯიშის 10 ცალი მორი, რომელიც 2017 წლის 17 იანვარსვე დაილუქა და შედგა დალუქვის აქტი. ამასთან, ი.მ ა------ ა-------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მას ხეტ-ტყის წარმოშობის დოკუმენტების შესაბამისად ჰქონდა 4.49მ3 ოთხი ცალი მორი, საიდანაც ხ----------–--ემ შეიძინა 2.6მ3 ხის მასალა. ამასთან იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა მითითებული (ოთხი) მორების დაყოფა, ხ----------–--ემ მთლიანად წაიღო 4 ცალი მორი და მისი გადამუშავების შემდგომ აპირებდა ი.მ ა------ ა-------ისათვის მისი კუთვნილი წილი მორების დაბრუნებას.

 

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ზედნადებში გამოწერილი იყო 11 ცალი მორი, ხოლო ტრანსპორტირებული იყო 10 ცალი მორი, საიდანაც ნაწილი - 2.43მ3 ოდენობით ხ----------–--ეს უნდა დაებრუნებინა ი.მ ა------ ა-------ისათვის. შესაბამისად, ზედნადებში მითითებული საქონლის ოდენობა და ფაქტობრივ ოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,------ს’’ მიერ ჩადენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კანონიერად იქნა მიღებული 2017 წლის 16 მაისის N16455 ბრძანება.

 

6.4. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების და წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2017 წლის 16 ივნისის N16455 ბრძანება, რომელიც შპს ,,------ს“ მიერ ასევე იქნა გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ამავე მუხლის ,,თ’’ პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

 

იქედან გამომდინარე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს უკვე მიღებული ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე გადაწყვეტილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანებით შპს ,,------ს’’ საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, რის შესაბამისადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაც ამ სამართლებრივი საფუძვლებით სრულიად კანონიერია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობის გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 30 იანვრის NGB 714608 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16455 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21082 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების (N4593/2/2017წ.) ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შეესაბამება მათი გამოცემისათვის დადგენილ შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 (ასორმოცდაათი) ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოპასუხე მხარეს არ დაეკისრება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა

 

1. შპს ,,------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი