გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
080210019002852037
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/271-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი

მოსარჩელე - ნ----- ტ------ე;

წარმომადგენელი - ლ-- ო------ე;

მოპასუხე - ხ------- ღ------ე;

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს ხ------- ღ------ის უკანონო მფლობელობა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ხ------------------------ (ს.კ.0------------------) და ბინა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ----- ტ------ეს.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 24 დეკემბერს თ----- ხ---–--ემ აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ხ------------------------ (ს.კ.0------------------). თ----- ხ---–--ისაგან აღნიშნული ქონება შეიძინა ნ----- ტ------ემ. მოპასუხე ხ------- ღ------ეს კანონიერი საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული მითითებული ბინა, ნ----- ტ------ე კი იძულებულია იცხოვროს ნაქირავებ ფართში, ცუდ პირობებში.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ნ----- ტ------ეს საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს უკანონოდ, რაზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია. (იხ. შესაგებლები).

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო ასევე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხ------- ღ------ე სადავო ფართს არ ფლობს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ქუთაისი ხ------------------------ (ს.კ.0------------------), მესაკუთრეს, თ----- ხ---–--ესთან 2018 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ნ----- ტ------ე.

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-23);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ----- ტ------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქ. ქუთაისი ხ------------------------ (ს.კ.0------------------), ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ხ------- ღ------ე, აღნიშნული ქონება იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ხ------- ღ------ე არ ფლობს სადავო ბინას, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალების მიხედვით, სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელემ გააგზავნა მისამართზე ქ. ქუთაისი ხ------------------------, სადაც 2019 წლის 21 თებერვალს პირადად ჩაბარდა ხ------- ღ------ეს, 2019 წლის 25 თებერვალს მან სასამართლოში შემოიტანა შესაგებელი, სადაც თავის მისამართად მიუთითა კვლავ ქ. ქუთაისი ხ------------------------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს ევალებოდა იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ხ------- ღ------ე აღარ ფლობს სხვის საკუთრებას, რადგან ნ----- ტ------ეს ასეთი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისაგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უნდა ახორციელებდეს მფლობელობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ხ------------------------ (ს.კ.0------------------), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე ნ----- ტ------ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მფლობელობაშია მოსარჩელე ნ----- ტ------ის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერავითარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ საცხოვრებელი ბინის მართლზომიერად ფლობას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 120 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნ----- ტ------ის სარჩელი.

1.1. შეწყდეს ხ------- ღ------ის უკანონო მფლობელობა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი ხ------------------------ (ს.კ.0------------------) და ბინა ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ----- ტ------ეს.

2. ხ------- ღ------ეს ნ----- ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე