გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/2370-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - რ--------------------ი
წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - სს „მ-----------------------–ი“
წარმომადგენელი - კ------------------------
ძირითადი სარჩელის დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს რ--------------------ს და სს „მ-----------------------–ს“ შორის 2017 წლის 28 ივლისის N0011991.0------ და 2017 წლის 12 სექტემბრის N0-------0------ ხელშეკრულებები;
1.2. სს „მ-----------------------–ს“, რ--------------------ის სასარგებლოდ, ზიანის 15 963 ლარის დაკისრება.
ძირითადი სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მხარეთა შორის 2017 წლის 28 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხად მიიღო 40 000 ლარი, 36 თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 27 %.
ამავე მხარეებს შორის მეორე საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 12 სექტემბერს. ამ ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ სესხად მიიღო 9 000 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი 30 %.
მოსარჩელემ გარკვეული პერიოდი კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას. მოგვიანებით კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ უზუსტობები იყო გადახდების გრაფიკში.
მოსარჩელის განმარტებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოპასუხე მიზანმიმართულად ცდილობს მიიღოს მისგან დამატებითი შემოსავლები უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით და კერძოდ, აუქციონის მეშვეობით მიითვისოს ერთადერთი საცხოვრისი -უზრუნველყოფის საგანი. ხელშეკრულებაში არსებული პუნქტები მოპასუხეს აძლევს საშუალებას, რომ გვერდი აუაროს სასამართლოს და სააღსრულებო ფურცლის აღების გარეშე მოახდინოს ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ეს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმების დროს არ იყო ცნობილი მოსარჩელისთვის, არც დეტალურად იყო გაცნობილი გადახდის გრაფიკს. მას მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ყოველთვიური გადახდის ოდენობა, არ განემარტა, რომ ამ გრაფიკით ძირი თანხის მცირე ნაწილი იფარებოდა და ძირითადი თანხა მიმართული იყო პროცენტზე, რომელიც ხელშეკრულებაში გაწერილ საპროცენტო განაკვეთზე მეტი იყო. ხელშეკრულება ათწლიანის ნაცვლად აღმოჩნდა სამწლიანი, რაც მიზანმიმართულად არის განხორციელებული და ამით კიდევ ერთი საფუძველი შეიქმნა მოპასუხემ დამატებითი შემოსავლის სწრაფად მისაღებად.
ორივე ხელშეკრულებაში ბოლო გადახდის გრაფაში გადასახადელად დაფიქსირებულია თითქმის იგივე ოდენობა, რაც ისესხა მოსარჩელემ, ასევე ამ ხელშეკრულებების თავსართში დაფიქსირებულია, რომ სესხის რესტრუქტურიზაციაზე გადასახდელი იქნება 1 %. ამ შემთხვევაშიც მიზანმიმართულად არის მსესხებელი მოტყუებული, ვინაიდან არ იყო შედგენილი კლებადი გრაფიკი.
საბოლოოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ის მოტყუებული აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ არასწორად იქნა შედგენილი გადახდის გრაფიკი და გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვის შემთხვევაში, მას მოუწევს მნიშვნელოვნად მეტი თანხის გადახდა.
1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.2.1. რ--------------------ს, 2017 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „მ-----------------------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 46 478.41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 38 900.90 ლარი, სარგებელი - 3 337.31 ლარი, პირგასამტეხლო 4 240.20 ლარი;
1.2.2. რ--------------------ს, 2017 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „მ-----------------------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 9 887.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 8 557.63 ლარი, სარგებელი - 671.36 ლარი, პირგასამტეხლო 658.94 ლარი.
შეგებებული სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზზე:
2017 წლის 28 ივლისს, მხარეებს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება NHEAD.0-------002, რომლის თანახმადაც რ--------------------ს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 50 000 ლარის ოდენობით.
საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „მ-----------------------------–-- მ-----------------------–ი“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მ----------------------------–--------------------------------------–-----–-----------------------------------------------------------------------------------
2017 წლის 28 ივლისის და 12 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებებით მოპასუხე რ--------------------ს სესხის სახით განესაზღვრა თანხა 40 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 27 %, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1 %-ის დარიცხვით.
2017 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო დადგენილი გრაფიკით შეესრულებინა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 8 სექტემბრიდან ყოველთვიურად, 36 თვის განმავლობაში კრედიტორისთვის უნდა გადაეხადა 968 ლარი, გარდა პირველი თვის შენატანისა გადახდა ხორციელდებოდა კლებადი გრაფიკით, რომლის მიხედვითაც იფარებოდა როგორც სარგებელი, ისე ძირი.
2017 წლის 12 სექტემბერს, სს მ-----------------------------–-- „მ-----------------------–სა“ და რ--------------------ს შორის, 2017 წლის 28 ივლისს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში, კვლავ დაიდო ახალი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ--------------------ს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 9 000 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარე ვალდებული იყო სესხის ხელშეკრულებითა და დადგენილი გრაფიკით შეესრულებინა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 11 ოქტომბრიდან ყოველთვიურად, 36 თვის განმავლობაში, კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა 249 ლარი, რომლითაც იფარებოდა როგორც ძირი, ისე სარგებელი.
მოპასუხე რ--------------------ის მიერ დაირღვა ორივე ზემოაღნიშნული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებები. დღევანდელი მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 46 478.41 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 38 900.90 ლარი, სარგებელი - 3 337.31 ლარი, პირგასამტეხლო 4 240.20 ლარი. მოპასუხის მიერ 2018 წლის 10 დეკემბრიდან დაირღვა ზემოაღნიშნული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულის შესახებ, მოსარჩელის მიერ არაერთხელ, ეცნობა მოპასუხეს, მაგრამ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული.
2017 წლის 28 ივლისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ „მსესხებელი“ დააგვიანებს და არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას ან/და დარიცხულ პროცენტს. პირგასამტეხლო დაერიცხება კრედიტის ძირითად თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვიდრე არ დასრულდება იძულებითი აღსრულება ან მსესხებლის მიერ, სხვაგვარად არ შესრულდება ვალდებულება, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს. ხოლო ამავე ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა, ვადაგადაცილების გამო საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის პირობების დადგომისას სარგებლის დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს არაუმეტეს 180 დღისა.
მოპასუხე რ--------------------ი 2018 წლის 10 დეკემბრიდან არ ასრულებს 2017 წლის 28 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და გააჩნია დავალიანება სესხის ძირი თანხა 38 900.90 ლარის ოდენობით, სარგებელი 3 337.31 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 4 240.20 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 46 478.41 ლარს. ხოლო 2017 წლის 12 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 9 887.93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 8 557.63 ლარი, სარგებელი 671.36 ლარი, პირგასამტეხლო 658.94 ლარი. მოცემულ სესხზე რ--------------------ის მიერ ვალდებულება დაირღვა 2019 წლის 11 იანვრიდან. მოპასუხის დავალიანება გამომდინარეობს შემდეგი დაანგარიშებით: 2017 წლის 12 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.4. და 5.6 პუნქტების თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო თუ მსესხებელი არ შეასრულებდა ვალდებულებას პირგასამტეხლოს და სარგებლის დარიცხვა შეიძლებოდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 180 დღისა. ხოლო განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის პირგასამტეხლოს დავალიანების დაანგარიშების დღეთა რაოდენობა, ნაცვლად 180 დღისა, მოსარჩელის მიერ შეწყვეტილ იქნა 77-ე დღეს. შესაბამისად, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა მოსარჩელის მიერ შეწვეტილ იქნა 2019 წლის 29 მარტს. აღნიშნული დღის მდგომარეობით, სესხის ძირი თანხა შეადგენს 8 557.63 ლარს, სარგებელი 671.36 ლარი, პირგასამტეხლო 658.94 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 28 ივლისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო რესურსის ან/და მისი ნაწილის დადგენილ ვადებში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, „იპოთეკარი“ უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს დაკმაყოფილება იპოთეკის საგნის პირდაპირ „იპოთეკარის“ საკუთრებაში გადასვლის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეალიზაციის გზით.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული იპოთეკის ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, ვალდებულებები შესრულებულად არ ჩაითვლება და „მსესხებელს“ დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში „იპოთეკარი“ უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა „მსესხებლის“ სხვა ქონებასა და აქტივებზე. იგივე ვრცელდება იმ ხარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ძირითად სარჩელთან მიმართებით
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ გაურკვეველია მოსარჩელის პირველი მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მიერ შეწყვეტილ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა წერილობით.
მხარეთა შორის გონივრული განსჯის შედეგად გაფორმებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მასში აღნიშნული თითოეული დათქმა შეთანხმებული, მოწონებული იქნა მათ მიერ და დადასტურებული იქნა ხელმოწერით, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ მისთვის სესხის ხელშეკრულება იყო ბუნდოვანი და ერთი წლის შემდგომ შეიტყო აღნიშნულის შესახებ მოკლებულია საფუძველს. ამასთან, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით და ის ნამდვილად არის ათწლიანი და მასთან დადებულია ვალდებულების შესრულების კლებადი გრაფიკი, რომელიც დასტურდება თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი გრაფიკით.
მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა დაანგარიშებული სარგებელი და გრაფიკით გადასახდელი თანხების ერთობლიობა, კერძოდ, ვინაიდან, სესხის ხელშეკრულება დადებული იყო 2017 წლის 28 ივლისს და თავად მოსარჩელის მოთხოვნით პირველი გადახდა გრაფიკით განისაზღვრა 2017 წლის 08 სექტემბერს, ხელშეკრულების დადებიდან პირველ შენატანის გადახდამდე გასულია 42 დღე, მოცემულ შემთხვევაში პირველი შენატანი 1242.74 ლარი შეადგენდა მხოლოდ სარგებელს, 40 000 * 27 %/365 (დღე)=29.59 ლარი * 42=1242.74 ლარს. ხოლო, რაც შეეხება გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურ გადასახდელ თანხას 968 ლარს ვინაიდან, მოსარჩელესთან დადებულია კლებადი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც იფარება როგორც პროცენტი ასევე ძირი თანხაც, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაანგარიშება მცდარია. 900 ლარი შეადგენს მხოლოდ სარგებელს, ხოლო 68 ლარით მცირდებოდა ძირი თანხის ოდენობა.
2.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წამოუდგენია. სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 28 ივლისს რ--------------------ს და სს „მ-----------------------–ს“ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი, კრედიტის ვალუტა - ქართული ლარი, კრედიტის მაქსიმალური ვადა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 47 %, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ძირი თანხის 0.1 %.
ხელშეკრულების მე-11 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, ხელშეკრულება შეწყდება ვადის გასვლისთანავე, თუ ვადის გასვლის მომენტისათვის მსესხებელს არ აქვს სრულად შესრულებული ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მაშინ მისოს უფლება აქვს მოითხოვოს დარჩენილი გაცემული კრედიტი მთლიანად დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, მსესხებლის მიერ სესის სრულად დაფარვის შემთხვევაში, თუ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა ან არსებობს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რეალური საფრთხე და ხელშეკრულების 9.1. პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მითითებული ვადის გადაცილების შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 25-29)
3.2.2. 2017 წლის 28 ივლისს რ--------------------ს და სს „მ-----------------------–ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 40 000 ლარით, კრედიტის ვალუტა - ქართული ლარი, კრედიტის ვადა 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი 27 %, სესხის რესტრუქტურიზაციის საკომისიო - ძირი თანხის 1 %, სესხის გაცემის საკომისიო - 800 ლარი, გასატანი თანხის ოდენობა - განისაზღვრება გრაფიკით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ძირი თანხის 0.1 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 34);
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 35-37);
- გრაფიკი (ს.ფ. 38-39)
3.2.3. 2017 წლის 28 ივლისს რ--------------------ს, მანანა ამირეჯიბს და სს „მ-----------------------–ს“ შორის, 2017 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა მანანა ამირეჯიბის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–-----------–------------------------------------------------------------------------ მესაკუთრის მიერ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი, კრედიტის მაქსიმალური ვადა 120 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 47 %, იპოთეკის თანხა 50 000 ქართული ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 116-117)
3.2.4. 2017 წლის 12 სექტემბერს რ--------------------ს და სს „მ-----------------------–ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 9 000 ლარით, კრედიტის ვადა 36 თვე, საპროცენტო განაკვეთი 30 %, სესხის რესტრუქტურიზაციის საკომისიო ძირი თანხის 1 %, სესხის გაცემის საკომისიო 180 ქართული ლარი, გასატანი თანხის ოდენობა განისაზღვრება გრაფიკით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ძირი თანხის 0.1 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 40);
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 41-43);
- გრაფიკი (ს.ფ. 44-45);
3.2.5. 2018 წლის 26 ოქტომბერს, 24 დეკემბერს, 2019 წლის 10 იანვარს, 16 იანვარს მოპასუხეებს შეტყობინება/გაფრთხილებით ეცნობათ, რომ დარღვეულია ხელშეკრულებებით განსაზღვრული გადახდის ვადები, ამასთან, მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში დაფაროს ზემაოღნიშნული დავალიანება, ასევე გადაიხადოს გადახდის დღისათვის დარიცხული პირგასამტეხლო და გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი თანხა. ამასთან, მსესხებელს განემარტა, რომ შესაბამის ვადაში, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასრულად შესრულების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეწყდება ვადამდე და მსესხებელი ვალდებული იქნება სრულად დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ოდენობა, დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად. ამავე დროს სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ოდენობის, შესაბამისი საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად ამოღების მიზნით, კრედიტორი თავისი შეხედულებისამებრ განახორციელებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და შემდგომი აღსრულების ღონისძიებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება/გაფრთხილებები (ს.ფ. 118-122)
3.2.6. 2019 წლის 23 იანვრის შეტყობინება/გაფრთხილებით მსესხებლებს - რუსუდან და მანანა ამირეჯიბებს ეცნობათ, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების, გადახდის ვადებისა და მიმდინარე დავალიანების დაფარვის შესახებ შეტყობინებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და სს „მ-----------------------------–-- მ-----------------------–მა“ მოითხოვა ვალდებულების სრულად შესრულება, რაც 23/01/2019 წლის მდგომარეობით გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენდა 51 442.74 ლარს. მსესხებელს წინამდებარე შეტყობინების მიღებიდან განესაზღვრა 14 დღის ვადა დავალიანების დაფარვისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება/გაფრთხილება (ს.ფ. 123)
3.2.7. რ--------------------ის დავალიანება სს „მ-----------------------–ი“-ს მიმართ შეადგენს 46 478.41 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 38 900.90 ლარი, სარგებელი - 3 337.31 ლარი, პირგასამტეხლო - 4 240.20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 25-29);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 34);
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 35-37);
- გრაფიკი (ს.ფ. 38-39); იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 40);
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 41-43); გრაფიკი (ს.ფ. 44-45);
- შეტყობინება/გაფრთხილებები (ს.ფ. 118-122);
- შეტყობინება/გაფრთხილება (ს.ფ. 123)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ძირითადი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე, 342-ე, 976-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 286-ე, 301-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
ძირითად სარჩელთან დაკავშირებით:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა აღნიშნული მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, არამედ მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოპასუხეს აწევს. (საქმე №ას-1382-2018, 25 იანვარი, 2019 წელი)
როგორც საკასაციო სასამართლო განმარტავს, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ 16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელე რ--------------------ის ძირითადი არგუმენტი მდგომარეობს მასში, რომ გადახდის გრაფიკს არასწორად შედგენილად მიიჩნევს. მოსარჩელის მითითება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის განაწილება მასზე დართულ გრაფიკზე ასახულია შეუსაბამოდ და პროცენტი ნაცვლად მისი კლებადი ხასიათისა წარმოადგენს ხშირ შემთხვევაში ზრდადს სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან, ამავე გრაფიკში მითითებულია, რომ მხარის მიერ შესატანი თანხის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 968 ლარს, ამასთან, ყოველთვიურად ხდება ძირი თანხის კლება, შესაბამისად, ის ფაქტი რომ პროცენტი სხვადასხვა სახის მაჩვენებლით აისახება გრაფიკში, არ შეიძლება გახდეს მისი ბათილობის საფუძველი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარე თავად ხელშეკრულების არცერთ პირობას სადაოდ არ ხდის და დავობს მხოლოდ მის დაანგარიშების ფორმულაზე. გრაფიკის დარღვევით შედგენის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება კი მას წარმოდგენილი არა აქვს.
თუმცა, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით რ--------------------ის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელოვანია იურიდიული ინტერესის საკითხის გარკვევა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
იურიდიული ინტერესის ნამდვილობის განსაზღვრისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებლობა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი უნდა იყოს რეალური და დამოკიდებული არ იყოს სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მით უმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულებების ბათილობის მიმართ მისი ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ გადახდის გრაფიკების არასწორად შედგენის გამო, საპროცენტო ნაწილში მიზანმიმართულად გაზრდილი თანხებია დაფიქსირებული და არ შეესაბამება ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საპროცენტო სარგებელს, რის გამოც ადგება ზიანი, რომელიც მოპასუხემ მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნოს.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა (49 000 ლარი) მიღებული, ხოლო ვალდებულების შესრულებისათვის მთლიანობაში გადახდილი აქვს 15 963 ლარი.
დადგენილია, რომ რ--------------------ს დარღვეული აქვს სესხის დაბრუნების ვალდებულება და ხელშეკრულება მოპასუხის მიერ შეწყვეტილია. მოსარჩელის დავალიანება სს „მ-----------------------–ი“-ს მიმართ შეადგენს 46 478.41 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 38 900.90 ლარი, სარგებელი - 3 337.31 ლარი, პირგასამტეხლო - 4 240.20 ლარი. მოსარჩელემ მოტყუების დასადასტურებლად მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ასეთი მოცემულობით ხელშეკრულებების ბათილობის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ იკვეთება.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა. გადაწყვეტილებაში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება, განიმარტა, რომ გადაწყვეტილებია აღსრულების უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე” საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდს, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) (ციტ: სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი, პ-15.4.3).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა და წარმოდგენილი ხელშეკრულებებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკისრება მოსარჩელეს, შესაბამისად, მას წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვა მოხდა უსაფუძვლოდ, შეცდომის საფუძველზე.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მასზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულის გამო საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების გზით მისი გათვლით ზედმეტად გადახდილი თანხების ძირ თანხაში ჩათვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ. ვინაიდან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სარჩელის იმ გარემოებებზე რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
6.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება შესრულებული არ არის, შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს ითხოვოს ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
6.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე რ--------------------ის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ძირითად სარჩელთან მიმართებით
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა ძირითადი სარჩელი. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. შეგებებულ სარჩელთან მიმართებით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1690 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარეს.
8. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზინაის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხევლელობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 188-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ--------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. სს „მ-----------------------------–-- მ-----------------------–ი“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. რ--------------------ს, სს „მ-----------------------------–-- მ-----------------------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 46 478.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 38 900.90 ლარი, სარგებელი 3 337.31 ლარი, პირგასამტეხლო - 4 240.20 ლარი;
5. რ--------------------ს, სს „მ-----------------------------–-- მ-----------------------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9 887.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 8 557.63 ლარი, სარგებელი - 671.36 ლარი, პირგასამტეხლო - 658.94 ლარი;
6. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–-----–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------უ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოვალის ქონება;
7. რ--------------------ს, სს „მ-----------------------------–-- მ-----------------------–ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1690 ლარის გადახდა;
8. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე