განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4915-18
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
5 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–-----------------, ხ-------------–---–-
სტაჟიორ-პროკურორი - ა-----–---–---–-, ი-----–---–-----–---–-, თ------------------, დ---------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ-------------–---–-
ბრალდებული - კ---------–---–-, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ო------------------------------–-----------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ--------–---–--------–-----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2018 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში, ც----------------------------------–- დროებით ქირით მცხოვრებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა კ---------–---–--, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ნ-----------------–---- კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, კერძოდ: სარკე, ჭაღი და „SIEMENS“ ფირმის მაცივარი, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. აღნიშნული ქმედებით ნ-----------------–---- მიადგა 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2018 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში, ც----------------------------------–- დროებით ქირით მცხოვრებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა კ---------–---–--, ზემოაღნიშნული ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნ-----------------–---- კუთვნილი „SIEMENS“ ფირმის მაცივარი. აღნიშნული ქმედებით ნ-----------------–---- მიადგა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-----------------–---- განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის ბოლოს, მის საკუთრებაში არსებული ბინა (მდებარე: ქ. თბილისი, ც---------------------------------), მიაქირავა კ---------–---–-, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ბინის ქირას გადაუხდიდა რამდენიმე დღეში, თუმცა კ---------–---–- არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას მოსთხოვა ბინის დატოვება. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, კ---------–---–-- იგი დაარწმუნა, რომ თანხას აუცილებლად გადაუხდიდა, დამატებით კი სთხოვა რამდენიმე დღე. პარალელურად, 2018 წლის 2 აგვისტოს, მხარეთა შორის ნოტარიულად გაფორმდა ხელშეკრულება ბინის ქირავნობის თაობაზე. ამის შემდეგ, მოუწია რაჭაში წასვლა. წასვლამდე მან არაერთხელ მოსთხოვა კ---------–---–- ქირის გადახდა, თუმცა უშედეგოდ. ეს უკანასკნელი ყოველ ჯერზე ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ თანხას აუცილებლად გადაუხდიდა, თუმცა დაპირებულ დროს კვლავ „საპატიო“ მიზეზს იგონებდა. მისი მხრიდან ბინის ქირის მოთხოვნას რაჭაში წასვლის და რაჭიდან ჩამოსვლის შემდეგაც ჰქონდა ადგილი, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის 2 სექტემბერს, იგი კარის დაზიანების შედეგად შევიდა თავის ბინაში, სადაც აღარ დახვდა მაცივარი, ჭაღი და სარკე. მოწმის განმარტებით, მაცივარი შეიძინა 1080 ლარად, ხოლო ჭაღი და სარკე 500-500 ლარად. მან მაშინვე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ამცნო მომხდარი ფაქტის დეტალები. მოწმემ დაადასტურა არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.
3.3. პირის ამოცნობის ოქმით (03.09.2018) დგინდება, რომ ნ-----------------–---- წარდგენილი პირებიდან ამოიცნო კ---------–---–-, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 2 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, იკისრა ვალდებულება გადაეხადა ქირავნობის ხელშეკრულების შედეგად გადაცემული ბინის (მდებარე: ქ. თბილისი, ც---------------------------------) საფასური. ნ-----------------–---- ამოსაცნობი პირი ამოიცნო სახის მოყვანილობით, სიმაღლით, სწორი ცხვირით, მოგრძო სახით და საერთო ვიზუალური აღწერილობით.
3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ--------–---- ჩვენებით დგინდება, რომ არის მოქმედი ნოტარიუსი. მისი სანოტარო ბიურო მდებარეობს ქ. თბილისში, ც------------------------–-. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, მასთან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მივიდნენ გამქირავებელი ნ-----------------–--- და დამქირავებელი კ--- (გვარი ზუსტად არ ახსოვს). მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ნ-----------------–---- საკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც იმავე მისამართზე არსებულ კორპუსში მდებარეობდა.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა კ---------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან ნ-----------------–----გან იქირავა ბინა უცხოელი ნაცნობებისთვის, თუმცა აღნიშნულმა პირებმა მას ბინის ქირა არ გადაუხადეს, შესაბამისად, თავად გახდა პასუხისმგებელი ბინის მეპატრონის წინაშე, რადგან ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად მასსა და ნ-----------------–---- შორის იყო გაფორმებული. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ბინიდან, ნ-----------------–---- თანხმობის გარეშე გაიტანა და 200 ლარად დაალომბარდა მეპატრონის კუთვნილი მაცივარი, თუმცა ჩვენების მიცემისას არაერთგზის აღნიშნა, რომ ხსენებული ნივთის მისაკუთრების მიზანი არ გააჩნდა და, რომ მის დაბრუნებას აპირებდა. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რა დროსაც მიუთითა ლომბარდი, სადაც ჩააბარა მაცივარი. ბრალდებულის განმარტებით, იმ ფაქტს, რომ იგი ნადვილად აპირებდა მაცივრის დაბრუნებას, ადასტურებს მის მიერ პროცენტის გადახდაც. მანვე განმარტა, რომ მისი მხრიდან სარკისა და ჭაღის მითვისებას ადგილი არ ჰქონია და რომ მას არ მისცემია საშუალება შეემოწმებინა და დარწმუნებულიყო სახლში სარკისა და ჭაღის არ არსებობაში.
3.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (03.09.2018) კ---------–---–-- მიუთითა იმ ლომბარდზე, სადაც ჩააბარა ნ-----------------–---- კუთვნილი მაცივარი.
3.7. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა, ამავე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტმა - თ----------------–---–--.
3.8. ამოღების ოქმით (03.09.2018) დგინდება, რომ ქ. თბილისში, პე----------------–- მდებარე ლომბარდიდან (ინდ. მეწარმე „----------------) ამოღებულ იქნა სალომბარდო №----, №---- ხელშეკრულებები და “SIEMENS” ფირმის მაცივარი.
3.9. გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად, ინდ. მეწარმე „----------------- სალომბარდო №---- და №---- ხელშეკრულებებზე გრაფაში „პირობებს გავეცანი რასაც ვადასტურებ ხელის მოწერით (კლიენტი)“ არსებული ხელმოწერები შესრულებულია კ---------–---–-ს მიერ.
3.10. ზემოაღნიშნული ექსპერიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ს-------------–-–---–--.
3.11. სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი “SIEMENS” ფირმის მაცივრის საბაზრო ღირებულება ფიზიკური და ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის 7 სექტემბრისა და დღეის მდგომარეობით შეადგენს 250 ლარს.
3.12. ზემოაღნიშნული ექსპერიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ე-–----–--–--–---–--.
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ლ-----------–---–--, რომელმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე.
3.14. მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა გამომძიებელმა ლ-------------–---–--.
3.15. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული: სალომბარდო №---- და №---- ხელშეკრულებები; გ-------------- გამოკითხვის ოქმი და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი “SIEMENS” ფირმის მაცივარი. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა.
მითვისება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის
3.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით, კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3.17. თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის 2----–-–----------------- წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით კ---------–---–-სთვის დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმის სახით აღსრულებულია.
3.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამავე განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით კ---------–---–-სთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 8 თვის და 11 დღის ვადით.
3.19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენში, კერძოდ, კ---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 8 თვის და 11 დღის ვადით. კ---------–---–- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 თებერვალს.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახა დასტურია იმისა, რომ კ---------–---–- სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა ნ-----------------–---- კუთვნილი ბინა (მდებარე: ქ. თბილისი, ც---------------------------------) და სარგებლობდა იქ განთავსებული ნივთებით. აღნიშნული ფაქტი დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, თუმცა, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო გარემოებას აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს, სასამართლო ამ ნაწილში აღარ მიმოიხილავს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა კ---------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვისა და მიზნის არსებობა, რომელიც აუცილებელია ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის. მიუხედავად ნ-----------------–---- კუთვნილი „SIEMENS“ ფირმის მაცივრის ლომბარდში ჩაბარებისა, კ---------–---–- ჩვენების მიცემისას არაერთგზის მიუთითებდა, რომ მას აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არ გააჩნდა და რომ მის დაბრუნებას აპირებდა.
4.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კ---------–---–-ს განზრახვაზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ნ-----------------–---- კუთვნილ „SIEMENS“ ფირმის მაცივარს, მეტყველებს ის ფაქტი, რომ მას აღნიშნული ნივთების საკუთარი სურვილისამებრ განკარგვამდე, ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს მესაკუთრისთვის. უფრო მეტიც, იგი ყოველი დარეკვისას ეუბნებოდა ნ-----------------–----, რომ გადაუხდიდა ბინის ქირას, თუმცა მიუხედავად მათი ხშირი სატელეფონო კავშირისა, მას არცერთხელ უთქვამს მესაკუთრისთვის მის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, რათა საქმის კურსში ყოფილიყო ეს უკანასკნელი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მან გამოძიებას მიუთითა ლომბარდი, სადაც ჩააბარა ნ-----------------–---- კუთვნილ „SIEMENS“ ფირმის მაცივარი, მისი ქმედებიდან ვერ გამორიცხავს იმგვარი ელემენტების არსებობას, როგორიცაა მისაკუთრების განზრახვა და მიზანი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---------–---–- შეგნებული ჰქონდა, რომ ითვისებდა ნ-----------------–---- კუთვნილ „SIEMENS“ ფირმის მაცივარს, რომელიც მას მინდობილი ჰქონდა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. სასამართლოს შეფასებით, იგი ასევე ითვალისწინებდა, რომ მისი ქმედებით ნ-----------------–---- მიადგებოდა ზიანი, თუმცა მას სურდა მოსალოდნელი შედეგი, რაც რეალურად დადგა კიდეც.
4.5. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ნ-----------------–---- კუთვნილ სარკესა და ჭაღზე, რომლის მითვისებასაც ედავება ბრალდების მხარე კ---------–---–-. ბრალდებულის განმარტებით, მისი მხრიდან სარკისა და ჭაღის მითვისებას ადგილი არ ჰქონია და რომ მას არ მისცემია საშუალება შეემოწმებინა სახლში სარკისა და ჭაღის დანაკლისის სინამდვილესთან შესაბამისობა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად მიუთითებდა კ---------–---–-ს მიერ ნ-----------------–---- კუთვნილი სარკისა და ჭაღის მითვისებაზე, წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული ფაქტი, თავის მხრივ, გამორიცხავს ნ-----------------–---- კუთვნილი სარკისა და ჭაღის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებიდან აღნიშნული გარემოების გაუზიარებლობა გავლენას ვერ მოახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე.
4.6. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, კ---------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნისა და ექსპერტ ე-–----–--–--–---–-- ჩვენების თანახმად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----------------–---- კუთვნილი “SIEMENS” ფირმის მაცივრის საბაზრო ღირებულება ფიზიკური და ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენდა 250 ლარს, რაც აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.
4.7. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე - მითვისება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.
4.8. სასამართლო 3.16.-3.19. პუნქტების შეფასების შედეგად (იმ პირობებში, როდესაც კ---------–---–- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 თებერვალს) მიიჩნევს, რომ კ---------–---–- დანაშაულის ჩადენის მომენტში, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენისთვის, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რის გამოც სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი, როგორც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ, მითვისების ჩადენა.
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ კ---------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს კ---------–---–- მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს კ---------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (კ---------–---–- მესაკუთრის ნებისგან მალულად დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ “SIEMENS” ფირმის მაცივარს); დანაშაულის მიზანს (მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთი); დამდგარ შედეგს (კ---------–---–-ს ქმედების შედეგად ნ-----------------–---- მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს ჩაედინა დანაშაული); აგრეთვე იმ გარემოებას, რომ კ---------–---–-- მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, რითაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
5.5. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს კ---------–---–-ს წარსულ ცხოვრებას (იგი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი). საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.6. სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ კ---------–---–- ძირითად სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლოს შეფასებით, კ---------–---–-სთვის დანიშნული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, რაც, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· ინდ. მეწარმე „----------------- ლომბარდიდან ამოღებული “SIEMENS” ფირმის მაცივარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს - ნ-----------------–----;
· ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
კ---------–---–- საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით.
კ---------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
კ---------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· ინდ. მეწარმე „----------------- ლომბარდიდან ამოღებული “SIEMENS” ფირმის მაცივარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულს - ნ-----------------–----;
· ორი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი