გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
330210019003001788
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10923-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - მ---- მ------–---–ი

მოპასუხე - მ----- ფ-----ე, თ----- ლ---–----ე, თ----- მ---------–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ----- მ---------–ს, თ----- ლ---–----ეს და მ----- ფ-----ეს მ---- მ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის - 35650 აშშ დოლარის, 15000 ევროს და 12500 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ---- მ------–---–სა და შპს ,,ს--------------------------------–--ს“ შორის 2015 წლის 17 ოქტომბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს ,,ს--------------------------------–--ს“ ასესხა 30 350 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი - წლიური 25%. ხელშეკრულება დაიდო 4 თვის ვადით. 2016 წლის 15 თებერვალს 4 თვის ვადით იგივე პირობებით მოსარჩელემ გააგრძელა სესხის ხელშეკრულება და ძირითად თანხას დაამატა 5 300 აშშ დოლარი. ჯამში თანხის მოცულობა გახდა 35 650 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ ასესხა შპს „ს--------------------------------–--ს“ 15000 ევრო 4 თვის ვადით, წლიური 25%-ის სარგებლის დარიცხვით. 2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ ასევე ასესხა შპს „ს--------------------------------–--ს“ 12500 ლარი 3 თვის ვადით წლიური 25% სარგებლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე N1/719-17 დამნაშავედ ცნო თ----- ლ---–----ე, მ----- ფ-----ე და თ----- მ---------–ი. აღნიშნული საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მ----- ფ-----ემ და თ----- მ---------–მა მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნეს, ხოლო მოპასუხე თ----- ლ---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

მ----- ფ-----ის განმარტებით, განაჩენით იგი დამნაშავედ ცნეს „ს--------------------------------–--ს“ გაკოტრების გამო. კ------ია გადახდისუნარიანია და მოსარჩელემ მას უნდა მიმართოს თანხის დასაბრუნებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ---- მ------–---–სა და შპს ,,ს--------------------------------–--ს“ შორის 2015 წლის 17 ოქტომბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სესხის სახით გადასცა თანხა 30 350 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი - წლიური 25%, ხელშეკრულება დაიდო 4 თვის ვადით. 2016 წლის 15 თებერვალს 4 თვის ვადით იგივე პირობებით მოსარჩელემ გააგრძელა სესხის ხელშეკრულება და ძირითად თანხას დაამატა 5 300 აშშ დოლარი, ჯამში - 35 650 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 17.10.2015 სესხის ხელშეკრულება;

- 15.02.2016 სესხის ხელშეკრულების გაგრძელება;

- 17.06.2016 სესხის ხელშეკრულების დანართი N1;

- 17.06.2016 სესხის ხელშეკრულების გაგრძელება.

 

3.1.2. 2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელესა და შპს „ს--------------------------------–--ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მ---- მ------–---–მა გადასცა მოპასუხეს 15000 ევრო 4 თვის ვადით, წლიური 25%-ის სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 17.06.2016 სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელემ ასევე ასესხა შპს „ს--------------------------------–--ს“ 12500 ლარი 3 თვის ვადით, წლიური 25% სარგებლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 17.06.2016 სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

მ----- ფ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

თ----- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მ---- მ------–---–ი ცნობილია დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.18წ განჩინება ;

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

 

3.1.3. 2015 წლის 17 ოქტომბრის და მისი 2016 წლის 15 თებერვლის გაგრძელების და 2016 წლის 17 ივნისის ორი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად მ---- მ------–---–ს მიადგა 35650 აშშ დოლარის, 15000 ევროს და 12500 ლარის ზიანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დელიქტიდან გამომდინარე სარჩელები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთ შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თ----- ლ---–----ემ საერთოდ არ წარმოადგინა შესაგებელი, ხოლო მოპასუხეებმა მ----- ფ-----ემ და თ----- მ---------–მა წარმოადგინეს შესაგებლები, სადაც მონიშნულია მხოლოდ „არ ვეთანხმები“ გრაფა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.

 

სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მ---- მ------–---–ისაგან 4 თვის ვადით ისესხა 35650 აშშ დოლარი, 15000 ევრო და 12500 ლარი, წლიური 25% სარგებლის დარიცხვით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ,,ს--------------------------------–--“ რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კ------იის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–----ე. შპს ,,ს--------------------------------–--ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–ის მეუღლე _ მ----- ფ-----ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხად აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ს--------------------------------–--ს“ დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ-----ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ-----ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ-----ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ,,ს--------------------------------–--მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მ----- ფ-----ის მტკიცებას, რომ მას კავშირი არ აქვს მოსარჩელესთან.

 

განაჩენში განმარტებულია, რომ მ----- ფ-----ემ ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად დაიყოლია თ----- ლ---–----ე ჩაედინა კ------იის კუთვნილი თანხების ხარჯვა მ----- ფ-----ის ინტერესების და მითითებების შესაბამისად და არა კ------იის ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მ----- ფ-----ის მოქმედება თ----- ლ---–----ის მეშვეობით არის დაკავშირებული დაზარალებულებთან და მათთვის ზიანის მიყენების ფაქტთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ არის განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით, რა დროსაც ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით, ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენის შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.

 

აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს მოპასუხე მ----- ფ-----ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულების განცხადებები, ეროვნული ბანკის წერილები, წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ექსპერტიზის დასკვნები და მიიჩნევს, რომ მათი მეშვეობით არ ქარწყლდება განაჩენის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოპასუხემ ასევე წარმოადგინა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში წარდგენილი საპაექრო სიტყვები, ახსნა-განმარტება და შესაგებელი. გაუგებარია, მათი მეშვეობით რის დამტკიცებას ცდილობს მხარე და სასამართლო ამ მასალას მხედველობაში არ იღებს.

 

საქმეში წარმოდგენილია საგაზეთო სტატიების ასლები. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულების ინტერვიუები არ არის მტკიცებულება, რომელიც განაჩენის საპირისპირო ფაქტობრივ გარემოებების დადგენას შეიძლება დაედოს საფუძვლად.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის 35650 აშშ დოლარის, 15000 ევროსა და 12500 ლარის ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამი ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მოსარჩელისგან ისესხა 35650 აშშ დოლარი, 15000 ევრო და 12500 ლარი წლიური 25%-იანი სარგებლით. სესხი გაცემული იყო 4 თვის ვადით. განაჩენით დადასტურებულია, რომ სესხად მიღებული თანხა დაზარალებულს არ დაბრუნებია, რადგანაც მოპასუხეები კ------იის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც დაზარალდა 2343 მოქალაქე, მათ შორის მოსარჩელე.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მ---- მ------–---–ს მიადგა 35650 აშშ დოლარის, 15000 ევროს და 12500 ლარის ოდენობით ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე, 326-ე, 408-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ეს მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ---- მამუკაშვილმა შპს „ს--------------------------------–--ს“ ასესხა 35650 აშშ დოლარი, 15000 ევრო და 12500 ლარი. კ------იის ერთადერთი პარტნიორი იყო თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორი - თ----- ლ---–----ე. სხვადასხვა პირების მიერ კ------იისათვის სესხად გადაცემული თანხები გაფლანგა თ----- ლ---–----ემ, მ----- ფ-----ის წაქეზებითა და თ----- მ---------–ის დახმარებით, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი (იხ. განაჩენი). რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე მოპასუხე, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის შესაბამისად, პასუხს აგებს მოსარჩელის წინაშე, კერძოდ, ზიანი უშუალოდ თ----- ლ---–----ემ მიაყენა, რაზეც ის მ----- ფ-----ემ დაიყოლია, ხოლო თ----- მ---------–ი იყო ხელშემწყობი.

 

6.2 სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის მიმყენებელმა პირმა ზიანი უნდა აანაზღაუროს სრულად. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების წარმოშობის გარეშე (იხ. სუსგ ას-54-54-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია და გულისხმობს მოსარჩელისაგან სესხად მიღებული, გაფლანგული თანხის მისთვის დაბრუნებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ---- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის გადახდა.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---- მ------–---–ის სარჩელი მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს მ---- მ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 35650 აშშ დოლარის, 15000 ევროს და 12500 ლარის გადახადა;

3. მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის გადახადა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია